ვინ ართმევს ნაჩუქარ წიგნებს გიორგი კეკელიძეს - გზაპრესი

ვინ ართმევს ნაჩუქარ წიგნებს გიორგი კეკელიძეს

პოეტსა და პროზაიკოსს, ესეისტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს - გიორგი კეკელიძეს განსაკუთრებულად უყვარს "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი", ჰერმან მენვილის "მობი დიკი", უილიამ ფოლკნერის "აბესალომ, აბესალომ", ვაჟა-ფშაველას პოემები და შოთას "ვეფხისტყაოსანი". თვლის, რომ წიგნებთან ურთიერთობა ადამიანს სასიკეთოდ ცვლის და გვირჩევს, როგორ შევაყვაროთ მოზარდებს კითხვა.

- ვერ მოგატყუებთ, თამაში უფრო მიხაროდა, ვიდრე წიგნების კითხვა. მაშინ დიდი არჩევანი არც გვქონდა - ან "ომობანას" ვთამაშობდით, ან სათამაშო ჯარისკაცებით ვერთობოდით, ესეც მალე გვბეზრდებოდა. მოკლედ, არ იყო იმდენი საცდური, რამდენიც დღევანდელ დღეს აქვთ მოზარდებს. წიგნის კითხვა, გარდა შემეცნებისა, გართობის ნაწილიც იყო. შეიძლება ითქვას, როცა ჟიულ ვერნის, მაინ რიდის, რობერტ სტივენსონის, მარკ ტვენის, ასტრიდ ლინდგრენის, რეზო ინანიშვილისა თუ არჩილ სულაკაურის ნაწარმოებებს ვკითხულობდი, მაშინაც ვთამაშობდი ჩემს ფანტაზიებში. დაახლოებით მეხუთე კლასში უკვე აქტიური მკითხველი გავხდი. დიდ დროს ვუთმობდი კითხვას, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ჩემს ოჯახსა და რამდენიმე მასწავლებელს მიუძღვის. მივხვდი, კითხვა იყო ყველაფერი ერთად - თამაშიც, განცდებიც, რეალობაც, წარმოდგენებიც, ასევე კაცობრიობის არსებული გამოცდილებისა და დალექილი მეხსიერების გაცოცხლების მცდელობაც. იმავდროულად, ესთეტიკური სიამოვნების მიღებისა და ფანტაზიის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაც და წიგნი შევიყვარე.

- ცხოვრების, ადამიანების შეცნობის თვალსაზრისით?

- ამ მხრივაც ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელოა წიგნი. როგორც ეკლესიასტე ამბობს, ყველაფერი, რაც ახლა ხდება, აუცილებლად მომხდარა ოდესმე. ეს ოდესღაც მომხდარი ამბები კი ძალიან მიადვილებს მიმდინარე სიტუაციების გააზრებას, მათ შორის, ადამიანების დაკვირვებასაც.

- გიტირიათ წიგნის გამო?

- რა თქმა უნდა, თუმცა იმ ფილმების ყურებისას უფრო ხშირად მიტირია, რომელსაც აღუძრავს ემოცია არა მარტო სენტიმენტალური და ტრაგიკული ამბის გამო, არამედ მისი მხატვრული ღირებულებისა და კონკრეტული გადაწყვეტების გამო.

- რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

GzaPress- ჩემი შთაბეჭდილებები უკავშირდება იმ ლექსებს, რომლებსაც ბავშვობაში მიკითხავდნენ - ეს იყო მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის ლექსები და ასოციაციური თვალსაზრისით, ისინი არის პირდაპირი ნაწილი ჩემი ბავშვობისა. უოლტერ სკოტის ნაკლებად ცნობილი ბალადაა "ლოხინვარი", რომელიც თითქმის ზეპირად ვისწავლე, როდესაც მამიდაშვილები დიდი ემოციით კითხულობდნენ და დღემდე მძაფრად მახსოვს. რაც შეეხება პროზას, მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი" და "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" ძალიან მომწონდა.

- თავგადასავლები გყვარებიათ, თვითონაც ასეთი ონავარი იყავით?

- საკმაოდ ცელქი და რთული ბავშვი ვიყავი, წიგნებთან ურთიერთობამ კი სხვანაირი გამხადა.

- წიგნებს უფროსები გირჩევდნენ?

- თავიდან მირჩევდნენ, მაგრამ მერე ბიბლიოთეკას მივადექი და ვკითხულობდი განურჩევლად ყველაფერს. ისეთი წიგნებიც კი მაქვს წაკითხული, რომელთა ხარისხიც საკმაოდ საეჭვოა და რომლებიც მაშინ ჩემს ასაკს არ შეესაბამებოდა.

- რადგან ახსენეთ ასაკისთვის შეუფერებელი წიგნები, რას ურჩევდით მშობლებს, უნდა მოარიდონ ბავშვები ასეთ ნაწარმოებებს?

- პორნოგრაფიული ტიპის ტექსტების კითხვა მოზარდისთვის, რა თქმა უნდა, არასასურველია, თუმცა ადრე თუ გვიან, ყველანაირი ტექსტის წაკითხვა შეიძლება, რადგან ისინი სწორად ასახავენ ცხოვრებას. საწყის ეტაპზე კი უნდა მოვარიდოთ მსგავსი შინაარსის წიგნებს.

- რამ ან ვინ მოახდინა გავლენა თქვენი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- ალბათ, ეს არჩევანი - რომელი მწერალი, რა შინაარსის წიგნი წაიკითხო, უფრო ინტუიციურია, ვიდრე გონებისმიერი და ემოციასაც ემყარება. ცხადია, ჩემი პროფესია მკარნახობს და მავალდებულებს ყველა ჟანრის ნაწარმოების კითხვას, მაგრამ შინაგანი ემოციის ამბავია იმ ნაწარმოებების არჩევა, რომელთა კითხვაც სიამოვნებას მანიჭებს.

- წიგნის კითხვა შუა გზაზე მიგიტოვებიათ?

- კი, ასეც ხდება ხოლმე, მსოფლიო თვალსაზრისით საინტერესო რამდენიმე წიგნი ბოლომდე ვერ დავასრულე. ალბათ, ოდესმე მაინც მივუტრიალდები და წავიკითხავ.

- თქვენი "სამაგიდო წიგნი" რომელია? საერთოდ, თუ გიყვართ ერთი და იმავე ნაწარმოების ხელმეორედ წაკითხვა?

- ჩემი საქმიანობის წყალობით, ჩემს მაგიდაზე წიგნები ხშირად იცვლება. ასე რომ, არ მაქვს სამაგიდო წიგნი. სხვათა შორის, ბევრჯერ წამიკითხავს დიუმას ნაწარმოებები. იქ ყოველთვის შეიძლება რაღაც სიახლის პოვნა.

- ამჟამად რას კითხულობთ?

- ტონი მორისონის "ყველაზე ცისფერი თვალი". ძალიან მომწონს ავტორიც და წიგნიც.

- რომელი ლიტერატურული პერსონაჟის ცხოვრება გეჩვენებათ საინტერესოდ?

- ჯონ სტეინბეკის მოთხრობის გმირის. მოთხრობას ჰქვია "მარგალიტი" (ეს არის ცნობილი ნაწარმოები, რომელიც ადამიანის სიხარბისა და შურიანობის, ასევე სიღარიბის თემებს ეხება და გვიამბობს იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც ღარიბი კაცის წინაშე ჩნდება სიმდიდრისკენ მიმავალ გზაზე. - ავტ.). მთავარი პერსონაჟი საინტერესო ადამიანია, თითქოს ჩვეულებრივია და თან აქვს მიდრეკილება, გასცდეს ადამიანურ საზღვრებს.

- ელექტრონული წიგნების მომხმარებელი ხართ?

- არა მგონია, ეს დრამატული ამბავი იყოს, მე ბეჭდური წიგნების თაობა ვარ და ვამჯობინებ ვიკითხო წიგნში, თუმცა ვერ გავაპროტესტებ ადამიანების სხვა არჩევანს - იკითხონ და თუნდაც, ელექტრონულად, რა მოხდა?

- თქვენს სახლში ბიბლიოთეკა ალბათ ძალიან მრავალფეროვანია...

- სახლში ბიბლიოთეკა არ მაქვს. როდესაც წიგნებს მჩუქნიან, ჩემი ერთ-ერთი მოადგილე, ლევან თაქთაქიშვილი მართმევს და დებს ბიბლიოთეკის ფონდში. ეს აუცილებლად დაწერეთ, რომ წაიკითხოს (იცინის)...

- მოზარდებს კითხვა და წიგნთან ურთიერთობა რომ შევაყვაროთ, ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ?

- შვილებს მაგალითი უნდა მისცენ მშობლებმა - ისინი თვითონ უნდა იყვნენ წიგნზე შეყვარებულები. ჩვენ ხომ ვიმეორებთ ჩვენთვის მისაბაძი ადამიანების ქცევას? და კიდევ, რა თქმა უნდა, სკოლისა და მასწავლებლის როლიც მნიშვნელოვანია.

- რის წაკითხვას ურჩევთ თინეიჯერებს?

- ალბათ, ო"ჰენრის მოთხრობების წაკითხვას ვურჩევდი. მერე თვითონაც მოსინჯავენ იმ სიღრმეებს, რასაც წიგნი იძლევა.

- ლექსების წერა სკოლის პერიოდშივე დაგიწყიათ. დასასრულს, თქვენთვის ყველაზე საყვარელი ლექსი წაგვიკითხეთ.

- დიდი სიამოვნებით, ამ ლექსს ჰქვია "წერილი ღმერთს და მამაჩემს".

"სალამი, ღმერთო. ორი წლის წინ კაცი მოვიდა,/ აცვია ჩემი გამოცვლილი თხელი შარვალი,/ თეთრი პერანგი. არ მოსულა კაცი შორიდან/ და დაღლის ვერვინ შენიშნავდა ამ კაცს ნაკვალევს./ როცა მოვიდა, შეიძლება ვერც დაინახეს,/ მორცხვი კაცია და სხვის მზერას ფიქრებს უმალავს,/ დედამ რომ ნაჭრით დაუფარა ნატანჯი სახე,/ იმ ჭრელ ცხვირსახოცს წაიკრავდა თვალზე უმალვე./ და ჩემი თხოვნის ასრულებას თუკი აპირებ/ ჩრდილს ნახავთ, უცხო სიმორცხვისგან ცხრაფერად მოხრილს;/ მანდვე იქნება, სამოთხეში, ტყის განაპირას/ თხილის ძირებში ამოწვერილ ბალახებს თოხნის./ სალამი, ღმერთო. მამაჩემი ახლა მანდ არის./ ადვილად იცნობ, შენ, რომელიც თვალს იტევ ულევს;/ როგორც გითხარი, ძირს უთოხნის თხილს ან მანდარინს/ და მინდა მისთვის სამი რამე რომ ამისრულო./ მამამ ოდესღაც დაანება თავი სიგარეტს,/ ფული ჭირდა და დაანება, ჩვევას უგანა,/ ჩამქონდა, ვითომ უარობდა და მერე გარეთ,/ ძველ საბძლის უკან ეწეოდა და ვინმეს განა,/ იმ საბძლის უკან საკუთარ თავს ემალებოდა./ და დაე, ჰქონდეს სიგარეტი - "პაპიროზს დალევს"/ ვერვინ შეამჩნევს, შეუძლია ჩაყლაპოს ლოდად,/ და ფილტვის ჭაში გამოკეტოს მომწარო კვამლი,/ მეორე თხოვნა: წელი ტკივა და ფეხიც ურევს/ ამ საშინელ თოხს მოარიდე და მრუდე ნამგალს,/ და ერთხელ მაინც გაასინჯე ისეთი პური,/ რომ საკუთარი ოფლის სუნი არ ახლდეს ნამკალს./ მესამე თხოვნა: ეთამაშოს ჭადრაკი ვინმეს,/ მას ხომ უნდოდა, რომ მსოფლიო დაეპყრო ამით/ და ერთხელ რობერტ ფიშერისთვის მოაგებინე,/ რომ მართლა სულად გადაექცეს ეგ სული-გვამი./ სალამი, ღმერთო, ეგ სამოთხე მამაჩემს ყოფნის/ მაგ სამი რამით შენ სამოთხეს სამოთხედ უქცევ,/ რომ ჩამომხრჩვალი ოცნებების საყელო თოკი/ ცაში აშვებულ ფრანის ძაფად დაუწნა უცებ./ სალამი, მამა, მე ღმერთს უკვე მივწერე შენზე,/ ღმერთი დიდია და სურვილებს ასრულებს ღმერთი..."

ნინო ჯავახიშვილი