"ბევრს შევაყვარე თქვენი ქვეყანა..." - გზაპრესი

"ბევრს შევაყვარე თქვენი ქვეყანა..."

33 წლის ჩან ჰო რეგნერი ერთადერთი ვიეტნამელია, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. გერმანელ მეუღლესთან და 5 წლის ქალიშვილთან - მაიასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია თბილისშია და არც ისე მოკლე დროში საქართველოს ბევრი კუთხე შემოუვლია, შეჰყვარებია კიდეც და სხვებისთვისაც შეუყვარებია. ჩანი ერთ-ერთ გამოფენაზე გავიცანი. დაინტერესებული იყო ქართული ხალხური რეწვის დარგებითა და ხელნაკეთი ნივთებით. ყოველთვის ცდილობს ქართული კულტურა გააცნოს მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს და იმავდროულად, ქართველებს ვიეტნამურ კულტურასა და სამზარეულოს აცნობს.

- პროფესიით ეთნოლოგი ვარ, ჩრდილო ვიეტნამიდან, დედაქალაქიდან 120 კმ-ის მოშორებით ვცხოვრობდი. ვიდრე ამერიკა დაგვეხმარებოდა, ანუ დაახლოებით 30 წლის წინ ვიეტნამი უღარიბეს ქვეყნებს შორის იყო. ახლა მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა, ქვეყანა განვითარდა, ჩვენი მთავრობა განათლებაში დიდ ინვესტიციებს დებს და ნელ-ნელა წინ მივდივართ. ჰანოის უნივერსიტეტი დავამთავრე, უცხო ენების ინსტიტუტში ვმუშაობდი ასისტენტად, იმ პერიოდში ენების ცოდნა გავიღრმავე. ამასთანავე შევისწავლე კულინარიაც.

- ვიეტნამურ სამზარეულოზე გვითხარი რამე.

GzaPress- ვიეტნამურ კერძებში უმთავრესია, პროდუქტების გემო შენარჩუნდეს. ჩვენი მთავარი კერძი მზადდება ბრინჯისგან. მოგეხსენებათ, ვიეტნამი ბრინჯის ქვეყანაა და კერძების უმრავლესობა სწორედ ბრინჯისგან მზადდება, ზღვის პროდუქტებთან, ქათამთან და ხორცთან ერთად. მაგალითად, გვაქვს ბრინჯის მაკარონი, ხორცს ვახვევთ ბრინჯის ფენებში. თქვენთვის ხაჭაპური და ხინკალია ყველაზე გემრიელი, ჩვენთვის - ბრინჯის მაკარონი (იცინის). გარდა ამისა, ბრინჯის ფურცლები მხატვრობაშიც აქტიურად გამოიყენება. მასზე შესრულებული ნახატი არ ხუნდება, რადგან ბუნებრივ ნივთიერებებს ვიყენებთ ფერებისთვის - მწვანილის და ჭარხლის წვენს, კვერცხის გულს და ა.შ. მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში მასტერკლასები ჩავატარე და ბრინჯის ფურცლებზე ვახატვინე ბავშვებს. არ ვიცი ხატვა, მაგრამ ტექნიკას ვასწავლი. ასე ვცდილობ ვიეტნამური კულტურის წარმოჩენას და თან მინდა, თქვენი ქვეყნის კულტურაც გავაცნო სხვებს.

- ქართული სამზარეულო არ მოგეწონა?

- როგორ არა, ძალიან მომეწონა ხაჭაპური და სვანური კუბდარი, მწვადზე კი ვგიჟდები. ჩემს მეუღლეს ხინკალი უყვარს. როდესაც უფრო კარგად გავიცანი ქართული სამზარეულო, მივხვდი, თქვენც აქტიურად იყენებთ ხორცს. ვიფიქრე, აქაურებსაც დააინტერესებდათ ვიეტნამური სამზარეულო და ხშირად ვატარებ მასტერკლასს. ყველაზე ცოტა, 15 საათი უნდა ვიეტნამში გადაფრენას. რთულია ეს გზა, მაგრამ როდესაც წასვლა მიწევს, იქიდან ჩამომაქვს ინგრედიენტები, რაც საქართველოში არ იშოვება. ვიეტნამელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ნატურალურია თუ არა პროდუქტი. ამიტომაც დავდივარ ბაზარში. დიღომში, ქათმების ბაზრობაზე ვყიდულობ ქათმებს, ხორცს კი - სოლოლაკში.

- რა ტრადიციები გაქვთ ვიეტნამელებს?

- ჩვენი ოჯახური ტრადიციები ძალიან ჰგავს თქვენსას. ოჯახის კულტი გვაქვს, ოჯახის წევრები ერთმანეთზე ვზრუნავთ, მჭიდრო კავშირი გვაქვს ერთმანეთთან და ნათესავებთან. ბიძაშვილს იქ, როგორც დას და ძმას, ისე ვთვლით. საერთოდ, თბილი ხალხი ვართ. სხვათა შორის, საქართველოშიც დიდ სითბოს ვგრძნობ. როგორც თქვენთან, ჩვენთანაც დიდი ქორწილების გადახდა იციან. მე სოფელში მქონდა ქორწილი, დაახლოებით 500 კაცი გვყავდა მოწვეული - მეზობლები, მეგობრები, ნათესავები და 3 დღე გრძელდებოდა ქეიფი. ტრადიციულად, ყველა ვლოცულობთ ოჯახისთვის, ამისთვის გვაქვს ადგილი, სადაც ქორწილამდე ერთი დღით ადრე მივდივართ. ვლოცულობთ ცოცხლებისა და წასულებისთვისაც. აღმსარებლობით ბუდის მიმდევრები ვართ. თუ რომელიმე წყვილს დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა, მათ ამას არავინ უკრძალავს, მაგრამ უფრო ხშირად, ერთად ცხოვრობენ, დიდი ოჯახები აქვთ. ჩვენს სახლში ვცხოვრობდი მშობლებთან, ორ ბაბუასთან, ბებიასთან და და-ძმასთან ერთად, რომლებიც დაოჯახებულები არიან.

- გვიამბე, როგორ გაიცანი ოლივერი?

- ოლივერი ვიეტნამში გავიცანი, სადაც ვმუშაობდი, იმ ინსტიტუტში. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი და ორ წელიწადში დავქორწინდით. ის გერმანიის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი იყო და ჩინეთში გადავედით საცხოვრებლად. 4 წელი ვიყავით იქ.

- ოლივერი გერმანელია. ამის გამო ოჯახის წევრებმა პროტესტი ხომ არ გამოთქვეს?

- კი, ამის გამო მართლაც გვქონდა გარკვეული პრობლემები, ჩემი ოჯახის წევრები აღფრთოვანებულები არ იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის კარგად გაიცნეს, დამშვიდდნენ (იცინის).

- საქართველოში როგორ აღმოჩნდით?

- ოლივერს შესთავაზეს წასვლა სამ ქვეყანაში - საქართველოში, აფრიკაში ან ინდოეთში. ჩვენ საქართველო ვარჩიეთ და 2015 წლის დეკემბერში ჩამოვედით.

- არჩევანი საქართველოზე რატომ შეაჩერეთ, იცოდით რამე ჩვენი ქვეყნის შესახებ?

- მე და ოლივერს წარმოდგენაც არ გვქონდა, სად მოვდიოდით. ინდოეთი არ მინდოდა, აფრიკა შორს იყო. ბაბუამ, რომელიც ადრე პოლიციელი გახლდათ და ბევრი ინფორმაცია ჰქონდა საბჭოთა კავშირის შესახებ, მითხრა, რომ საქართველო ვიეტნამელისთვის ნამდვილად კარგი ადგილი იქნებოდა და აქ წამოსვლა გვირჩია. ადრე ვიეტნამელი სტუდენტები სწავლობდნენ თბილისში, მაგრამ ახლა, ჩემდა სამწუხაროდ, აღარავინ არის, ერთადერთი ვიეტნამელი საქართველოში მე ვარ. თუმცა, მარტო არ მიგრძნია თავი, უამრავი ქართველი მეგობარი მყავს, დიდ სითბოსა და ყურადღებას ვგრძნობ მათგან. მეზობლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და თუ რამე შეუძლიათ, ყველაფერში მეხარებიან.

GzaPress- როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე?

- თავიდანვე ვიცოდი, რომ აქ ევროპული და აზიური კულტურის ნაზავი იყო. რაც უფრო კარგად გავიცანი აქაურობა, მივხვდი, თბილისი ევროპული ქალაქია, თუმცა, ურთიერთობები და შეხედულებები უფრო აზიურია... თითქმის ყველა კუთხეში ვიმოგზაურე, მაგრამ ყველაზე მეტად სვანეთი და თუშეთი მომეწონა. უშგული ჩემი საყვარელი ადგილია. გაოცებული დავრჩი მისი სილამაზით, კოშკებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ის, რაც თუშეთში ვნახე, სხვაგან არსად მინახავს. თუშეთის 7 სოფელი მოვიარეთ და შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება. როგორი საშიში გზაა, თუმცა იქაურობის სილამაზისთვის თვალის შევლება ღირს ამ გზის გავლად.

- რაც შეეხება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმთან შენს კავშირს, მეაბრეშუმეობით რატომ დაინტერესდი?

- პირველი ჩემი გამოფენა ეხებოდა ვიეტნამურ აბრეშუმს. აბრეშუმის ჭია იმ სოფელშიც მოჰყავდათ, სადაც მე გავიზარდე. ჩვენთვის ეს დარგი კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. აბრეშუმი ხელს უწყობს ვიეტნამის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ვიცოდი, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში მეაბრეშუმეობა კარგად იყო განვითარებული საქართველოშიც და ამიტომ დავინტერესდი ამ თემით. აბრეშუმის კაბა, რომელიც მუზეუმს ვაჩუქე, ყველაზე ცნობილ ვიეტნამელ დიზაინერს ეკუთვნის. ასევე, მუზეუმს ვაჩუქე 100 წლის წინანდელი საქსოვი მანქანა, რომელიც ვიეტნამიდან წამოვიღე სპეციალურად - მინდოდა მეჩვენებინა, როგორ იქსოვებოდა აბრეშუმის ქსოვილი ხელით. ამის შემდეგ გავხდი მუზეუმის მეგობართა ასოციაციის ხელმძღვანელი. ახლა დირექტორთან ერთად, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ვამზადებ საინტერესო პროექტს - "ახლოს და შორს", მათ ქსოვას შევასწავლით. როგორც ექიმები ამბობენ, ქსოვის პროცესი მათთვის სასარგებლოა. რასაც შექმნიან, ნაწილი მუზეუმში დარჩება ან შეიძლება სხვა ქვეყნებშიც გავგზავნოთ. სასარგებლო პროექტია და ამ ეტაპზე სპონსორებს ვეძებთ.

- როდესაც ფოტოებსა და ვიდეოებს ტვირთავ შენს გვერდზე, რას წერენ მნახველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან?

- სულ მინდა მეგობრებს ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანი, საინტერესო და ლამაზი ქვეყანაა საქართველო. ვცდილობ, ფოტოებისა და ვიდეოების მეშვეობით ჩემთან ერთად ვამოგზაურო ისინი საქართველოს ყველა კუთხეში. ვიეტნამელები აღტაცებულები არიან ამ ფოტოებით. მეც გახარებული ვარ - ბევრს შევაყვარე თქვენი ქვეყანა ისე, რომ აქ ნამყოფებიც კი არ არიან...

ნინო ჯავახიშვილი