გზა აფხაზეთიდან ამერიკამდე - გზაპრესი

გზა აფხაზეთიდან ამერიკამდე

ირმა შამათავა-შუბითიძე იმ სფეროშია ძალიან წარმატებული, სადაც ნაკლებად წარმოგვიდგენია სუსტი სქესის წარმომადგენლის განსაკუთრებული მიღწევები. ვფიქრობ, მკითხველი უნდა იცნობდეს ოკეანეს გადაღმა მცხოვრებ ქართველს, რომელიც მრავალმხრივაა სამაგალითო.

- სოხუმელი ვარ. მთელი ბავშვობა, სიყმაწვილე, სტუდენტობა - სოხუმთან მაკავშირებს. მიყვარს ყველაფერი, რაც აფხაზეთს მახსენებს. 1988 დავამთავრე სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა, ვსწავლობდი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ჩემი ფიზიკის მასწავლებლის, მანონი ჯოჯუას დამსახურებაცაა ჩემი არჩევანი...

21 წლის ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო. ერთ წელიწადში უნივერსიტეტს ვამთავრებდი და მქონდა უამრავი გეგმა. ეს ის პერიოდია, როცა გონებაში ალაგებ შენს მომავალს და ყველაფერი ლამაზი გეჩვენება, როცა ძალიან შეყვარებული ხარ. ვგეგმავდი ბევრ რამეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სოხუმიდან წასვლას. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ ქალაქს დავტოვებდი!

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა მოიტანა ხოცვა-ჟლეტა, ახლობლების დაკარგვა, მშობლიური ქალაქის, უბნის, სახლის მიტოვება, შემდეგში დევნილობა, მეგობრების მიმოფანტვა. სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები ომის დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეგვიფარა. იმის შიშით, რომ მე და ფრიდონს (ჩემს მეუღლეს) ერთმანეთი არ დაგვეკარგა, შევუღლდით 1993 წლის 20 ივლისს. დროებითი ზავის დროს ორივე სოხუმში დავბრუნდით. მერე იყო სვანეთის უღელტეხილის გადმოვლა მეუღლესთან ერთად, თბილისში გატარებული დევნილობის 5 წელი...

- საინტერესოა თქვენი ცხოვრების გზა საქართველოდან ამერიკამდე...

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფნისას იყო სხვადასხვა პროექტი უცხოეთთან, რასაც სათავეში ედგა ჩვენი თბილისელი პროფესორი რევაზ ზარიძე და ჩვენი სოხუმელი ხელმძღვანელი რომან ჯობავა. 1998 წელს ჩემი მეუღლე ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში პოსტ-დოქტორანტად მიიწვიეს ოჯახთან ერთად. 16 თვე ვიცხოვრეთ საბერძნეთში. მეც ვცდილობდი მემუშავა ჩემი მიმართულებით. საბერძნეთში მოვახერხე რამდენიმე სტატიის გამოქვეყნება. 2000 წელს მოწვევით მოვხვდით ამერიკაში, დართმუსის კოლეჯში, სადაც პროფესორი კვევინ ო"ნეილი დაინტერესდა ჩვენი საქმიანობით და აგვიყვანა სამსახურში ყოველგვარი პროტექციის გარეშე. 19 წელია, ვმუშაობ კოლეჯში ასოცირებულ მეცნიერთანამშრომლად, ვარ მეცნიერებათა დოქტორი. ერთი თვის წინ გავხდი ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემიის წევრი, რაც დიდი პატივია ჩემთვის. ეს დაუღალავი შრომისა და დახარჯული ენერგიის ერთგვარი შეფასებაა. ამერიკამ მომცა თვითრეალიზაციის ეს შანსი, რომელიც დარწმუნებული ვარ, სხვაგან არ მექნებოდა.

ამერიკაში უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანაა. აქ არაფერია შეუძლებელი! რაც მთავარია, ამერიკაში ყველაზე ძვირად განათლება ფასობს. მე ამ ქვეყანაში გავეცი ის, რაც მივიღე საქართველოში - ჩემი ცოდნა. ამ 19 წლის მანძილზე მე ერთ-ერთ უდიდეს პრობლემაზე ვმუშაობდი, რაც დაკავშირებულია აუფეთქებელი ჭურვების დეტექტირებასა და იდენტიფიცირებასთან. ამ პრობლემის გადაწყვეტა უახლესი ტექნოლოგიების გარეშე მოითხოვდა 100-200 მილიარდამდე დოლარს. ჩვენი ცოდნისა და შრომის შედეგად ეს პრობლემა გადაწყდა და ხარჯები შემცირდა 10-დან 20 მილიარდამდე. რა მომცა ამერიკამ? უპირველესად, საკუთარი თავისა და განათლების რეალიზაციის საშუალება თანასწორი კონკურენციის პირობებში. მუშაობა და კონკურენციის გაწევა მიწევს ისეთ სკოლადამთავრებულებთან, როგორიცაა კალიფორნიისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტები, სტენფორდი, კემბრიჯი, კოლუმბია ბრაუნის უნივერსიტეტი. მიუხედავად ამისა, სრული თანასწორობის შეგრძნება მაქვს ქართული განათლების ფონზეც!.. აქ ნებისმიერი იდეის, ამბიციის, ცოდნის რეალიზაციაა შესაძლებელი. ამერიკა ლიდერების ქვეყანაა! თუმცა, საქართველო ჩემი სამშობლოა და ეს ერთი სიტყვა ყველაფერს იტევს.

GzaPress- საქართველო - როგორც სამშობლო...

- (მაწყვეტინებს) მიყვარს, მეამაყება, მტკივა, მაწუხებს, ვიძინებ და ვიღვიძებ საქართველოთი. განსაკუთრებული ვარ იმიტომ, რომ ქართველი ვარ! ამერიკელებს ბევრჯერ დაუსვამთ კითხვა ჩემი აქცენტის გამო, თუ საიდან ვარ წარმოშობით. მე კი ვპასუხობ, რომ ნამდვილი "ჯორჯიიდან", ანუ საქართველოდან ვარ. შემდეგ მეუბნებიან, - ლამაზი, უცნაური აქცენტი გაქვთ და შეინარჩუნეთო... ძალიან მინდა, შევინარჩუნო ყველაფერი ქართული თუნდაც აქ, ოკეანის გადმოღმა! სწორედ ასე ვზრდი ჩემს სამ შვილს ნამდვილ ქართველებად. 8 წლის გიორგიმ სკოლის მასწავლებელი აიძულა, ჯორჯი კი არა, გიორგი დაეძახა მისთვის. მან სახელის მართლწერაში შესწორება შეგვატანინა. GEOღGE კი არა, GIOღGI ვარო! მე და ჩემი მეუღლე ქართული ტრადიციებით ვზრდით შვილებს, პატივს ვცემთ ქართულ სუფრას, ჩვენს უნიკალურ ღვინოს...

- თბილისში ახლახან ჩატარდა კონფერენცია, რომლის მონაწილეც იყავით...

- ამერიკაში აქტიურად ვარ ჩართული სამეცნიერო სამუშაოებში. ჩემი თემატიკა სამხედრო ხასიათისაა. ვმუშაობ აუფეთქებელი ნაღმების აღმოჩენისა და განეიტრალების თეორიების შემუშავებაზე, ვქმნი პროგრამულ პაკეტებს, რის მიხედვითაც შეიქმნა რამდენიმე ინსტრუმენტი, რაც უკვე გამოიყენება. ამ ტიპის კონფერენციისთვის ყოველ მეორე წელს სისტემატურად ჩამოვდივარ ამერიკიდან და ვკითხულობ მოხსენებებს...

- რას გვეტყვით თქვენს ოჯახზე?

- ჩემი მეუღლე, ფრიდონ შუბითიძე ჩემი თანაკურსელია და ახლა დართმუსის კოლეჯის პროფესორია. ასწავლის საინჟინრო სკოლაში. ხელმძღვანელობს სამეცნიერო ჯგუფს. მე და ჩემი მეუღლე ვზრდით სამ შვილს: თორნიკე 24 წლისაა, სალომე - 18-ის, გიორგი - 8-ის. ქართული ტრადიციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი შვილები სწორედ ამ ტრადიციებზე იზრდებიან. ხშირად ვსტუმრობთ საქართველოს, სახლში ვსაუბრობთ ქართულად, ვაწყობთ ქართულ წვეულებებს. სისტემატურად ვამზადებ ქართულ კერძებს, მათ შორის ჩურჩხელასაც. ჩემს შვილებს განსაკუთრებით მოსწონთ ღვინის დაყენების ქართული ტრადიცია. უფროსი ვაჟი 4 თვე ცხოვრობდა კახეთში, სადაც ამერიკელი მეგობარიც ჩაიყვანა და თავისი ხელი დაკრიფა, დაწურა და დააყენა ღვინო ქვევრში. მას მოსწონს ისტორიული ადგილების დათვალიერება, განსაკუთრებით ვარძიის ხილვით აღფრთოვანდა.

- ვინ უფრო მეტადაა თქვენში, მეცნიერი თუ დიასახლისი?

- უპირველესად, მე ვარ ქალი და ბედნიერი იმით, რომ განგებამ დედად მაქცია. ვარ ბედნიერი იმითაც, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. ვაკეთებ ჩემთვის საინტერესო საქმეს და ესეც ცხოვრებისეული გამოწვევაა. მეცნიერსა და დიასახლისს შორის, მეცნიერს უფრო დავარქმევდი ჩემს თავს... დიასახლისობაში კი ზოგჯერ დამხმარეც მყავს...

- ყველაზე რომანტიკული, ნოსტალგიური და სასიხარულო ფაქტი თქვენი ცხოვრებიდან.

- მთელი ჩემი ცხოვრება ზღვასთან და სანაპიროსთანაა დაკავშირებული. ყველაზე რომანტიკული ჩემთვის ზღვის სანაპირო და ერთი ჭიქა კარგი ქართული საფერავია. ნოსტალგია ისევ სოხუმია. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეს შემიძლია ვეწვიო, გარდა აფხაზეთისა და ეს უფრო მიმძაფრებს ამ ტკივილს. ზღვის გარეშე ვერ ვცოცხლობ! ყველაზე ახლობელი სოხუმის მერე ჩემთვის საბერძნეთი აღმოჩნდა, რადგან იმ ტკივილიანი წლების შემდეგ საბერძნეთმა ჩამიკრა გულში. სუსხიანი ზამთრის შემდეგ, საბერძნეთში ვატარებ ზაფხულს, როცა სანაპიროს ნოსტალგია მომაწვება... ყველაზე დიდი სიხარული ჩემი შვილების წარმატებაა. სასიხარულო კი ბევრი რამ ხდება ირგვლივ. უფროსი ვაჟი უნივერსიტეტს ამთავრებს. წელს პირველად გააკეთა სერიოზული მოხსენება საინჟინრო მიმართულებით, რამაც ძალიან გამახარა და ახლა აპირებს სამეცნიერო შრომის შედეგების წარმოჩენას მსოფლიოში საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის კედლებში. ჩემი ქალიშვილი სალომე წელს კოლეჯის სტუდენტი გახდა, გიორგი კი აქტიურადაა ჩართული ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში, რაც ძალიან მომწონს...

- არის რამე ისეთი, რის შეცვლასაც ისურვებდით?

- ვისურვებდი საქართველოში იყოს ისეთი განათლების სისტემა, რომელიც მაქსიმალურად შეინარჩუნებდა ქართულს, ტრადიციულს, ეროვნულს, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის იქნებოდა მორგებული და არა კოპირებული რომელიმე ქვეყნიდან. ამერიკაში სტანდარტული განათლება არ არსებობს. ყველა პროფესორსა და უნივერსიტეტს ინდივიდუალური ლექციის კურსი აქვს. პროფესორისა და უნივერსიტეტის წარმატება განისაზღვრება სტუდენტის წარმატებით და პროფესორის სამეცნიერო-საზოგადოებრივი აქტიურობით. ყველა დიდი პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფო მიმართავს ცნობილ პროფესორებს დახმარებისათვის. ყოველი დიდი პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობენ კონკრეტული კომპანიები, პროფესორები და სამეცნიერო ლაბორატორიები. პროფესორის ვალდებულებაა პრობლემის ძირფესვიანი შესწავლა, მიღებული შედეგების გამოქვეყნება და დასკვნების დადება ყოველგვარი კომერციული დაინტერესების გარეშე. მის სამეცნიერო საქმიანობაში აუცილებლად არის ჩართული სტუდენტი. ეს ურთიერთობა ხსნის ბარიერს სტუდენტსა და პროფესორს შორის, რაც დღემდე პრობლემატურია ქართულ განათლებაში. ურთიერთობისას სტუდენტი სწავლობს არა მარტო დასმული პრობლემის გადაჭრას, არამედ სწავლობს ჭეშმარიტი სამეცნიერო შედეგების საზოგადოებრივ მნიშვნელობასაც. ვისურვებდი, რომ ქართული პროფესურა იყოს საზოგადოებისთვის ჭეშმარიტების რეალური წყარო და მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი!

როლანდ ხოჯანაშვილი