დროისგან გამოცდილი ადამიანი - გზაპრესი

დროისგან გამოცდილი ადამიანი

გასაგები მიზეზების გამო, გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდად ითვლება. ეს ის დროა, როცა საბჭოური სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის შეცვლა მოხდა გაურკვეველი სახელმწიფო მოწყობით. რეალობა იყო მძიმე: უპერსპექტივობა, ნგრევა, მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, საზოგადოებრივი ნიჰილიზმი და თვითგადარჩენაზე ორიენტირება.

ასეთ პირობებში ყველაზე რთული პროფესიული არჩევანის გაკეთება და კარიერულ მომავალზე ფიქრია. თუმცა, საბედნიეროდ, ბევრმა მაინც იბრძოლა, დროის გამოცდას გაუძლო და ქვეყანას გამოადგა!

ზაალ გურულმა უპერსპექტივობის პერიოდში გადაწყვიტა, პედაგოგი გამოსულიყო. სპორტის მასწავლებლობა კითხვის ნიშნებს სვამდა ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაში: შეძლებდა პედაგოგის მძიმე, საპასუხისმგებლო, დაბალანაზღაურებადი პოზიციით ადგილის დამკვიდრებას ცხოვრებაში? რეალობაა, რომ სპორტის გაკვეთილების უმეტესობას არასპეციალისტები ატარებენ, რაც გულისხმობს კიდეც საზოგადოების მხრიდან ზერელე დამოკიდებულებას ამ საგნისადმი, საბოლოოდ ცინიკურ დამოკიდებულებასაც კი! ამ დამოკიდებულებათა შეცვლა თავისთავად მოხდება, თუ თვალს გააყოლებთ ზაალის ცხოვრებას.

ზაალი სამი შვილიდან ნაბოლარა და თან ყველაზე ნებიერა იყო ოჯახში. აქტიური და ონავარი ბავშვი ვერ ეგუებოდა სტანდარტებს და განსაკუთრებულად დამოუკიდებელი ხასიათით გამოირჩეოდა და-ძმისგან. სითამამის გამო, პატარაობიდანვე ყურადღების ცენტრში ექცეოდა. საბავშვო ბაღში მასწავლებლებმა შეამჩნიეს მისი მსახიობური ნიჭი და გაბედული ბავშვი თითქმის ყველა წარმოდგენასა თუ კონცერტში წამყვან როლებს ირგებდა. სკოლაში სწავლის პერიოდში, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, პირდაპირ სახლში არასდროს ბრუნდებოდა, ამიტომ იყო, რომ დედა ხან საფეხბურთო მოედანზე ეძებდა, ხანაც კლასელების ოჯახებში, ზოგჯერ უბნის უფუნქციო ავტოფარეხებსა თუ მრავალსართულიანი კორპუსების სახურავებზე მოთამაშეს წააწყდებოდა ხოლმე. შინ დაბრუნებულს მრავალსაათიანი გაფრთხილება-დარიგება ესმოდა დედ-მამისგან, თუმცა კედელზე შეყრილი ცერცვის ეფექტი ჰქონდა შეგონებებს - შემდეგ კვირაში მაინც იგივე მეორდებოდა! თუმცა, ბავშვური გატაცებებისა და სიცელქის მიუხედავად, ზალიკო ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე იყო, მისი სითამამე არასდროს სცდებოდა ზრდილობის საზღვრებს. განსაკუთრებით კარგად თამაშობდა ფეხბურთს, ცეკვავდა და უკრავდა გამორჩეულად, მაგრამ 12 წლის ასაკიდან არჩევანი სპორტზე გააკეთა და ხელოვნებაზე უარი თქვა.

ზაალმა საფეხბურთო და საჯარო სკოლა ერთდროულად დაასრულა და სწავლა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში განაგრძო პედაგოგიურ ფაკულტეტზე, ფიზიკური აღზრდის სპეციალობით. პარალელურად თამაშსაც აგრძელებდა. პირველად იყო საჩხერის "ჩიხურა", შემდეგ კიდევ რამდენიმე გუნდი, საფეხბურთო კარიერა ხონის "იმერეთში" დაასრულა ტრავმის გამო.

აქტიური სპორტიდან წასვლის მერე ერთბაშად სერიოზული, საოცრად მშვიდი და თავშეკავებული გახდა. ისწავლა სასულიერო სემინარიაშიც, შემდეგ მედავითნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა ტაძარში, რასაც დღემდე ასრულებს უდიდესი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით. თავდაპირველად, სრულწლოვნობის მიღწევისას, ფინანსური დამოუკიდებლობისთვის ავეჯის საამქროშიც იმუშავა, მერე კი შეუდგა პროფესიულ საქმიანობას - მასწავლებლობას.

GzaPress2007 წლიდან კიდევ ერთი ინტერესი, ფუტკარი გაჩნდა ზაალის ცხოვრებაში. თავდაპირველად მეგობრის საფუტკრე მეურნეობაში გაეცნო მეფუტკრეობის ანაბანას და მიიღო გადაწყვეტილება, ამ საქმისთვისაც მიეყო ხელი. ოთხი ფუტკრის ოჯახით დაიწყო. ძნელი იყო ქუთაისიდან თერჯოლაში სიარული, ფუტკრის მოვლა და გამრავლება, მაგრამ წარმატების ჯიუტად სჯეროდა... ვისაც ერთხელ უნახავს ფუტკრის ოჯახის ფუსფუსი, სადაც ყველას თავისი საქმე აქვს, ვერასდროს დაივიწყებს იმ წესრიგს, რაც ღვთისგან რჩეულ მწერს მიჰმადლებია. სკის საფრენთან დარაჯები დგანან, აკონტროლებენ, ქურდები არ შეიპარონ ოჯახში, არც "ხელცარიელი" ფუტკრის შემწყნარებელი არიან ეს დარაჯები, თუმცა, გზააბნეული, სხვა ოჯახის დატვირთული წევრი თუ მიადგათ კარზე, ტვირთს სიამოვნებით დააცლევინებენ ცვილის პაწაწინა უჯრედებში! ცალკე სიამოვნება საფუტკრის ჟანგბადით მდიდარი ჰაერია, რომელსაც ნექტრის სურნელი მოჰყვება, ეგებ და ვინმეს დედა ფუტკრის ამალა დააინტერესებს ან კიდევ კვერცხდება თუ ბარტყის მოვლის უმკაცრესად განსაზღვრული წესი... ყველაზე მეტი მაინც თაფლი და სანთელია: ერთი კაცისთვის, მეორე - ღმერთისთვის. ვიდრე მოიწევ თაფლს, მანამდე ყურადღების მოდუნების უფლება არ აქვს მეფუტკრეს: ადრე გაზაფხულზე შაქარ-თაფლის ცომი უნდა მიაწოდოს ოჯახს, მერე დაავადებათა პრევენციაც აუცილებელია. თუ დედა დაბერდა, გულისწყვეტით, მაგრამ მაინც უნდა მოაცილო ოჯახს, სხვანაირად საფუტკრე ვერ გადარჩება... არაფერს იმდენად მკაცრი ყურადღება არ ესაჭიროება სოფლად, როგორც ფუტკარს. მტერი ბევრი ჰყავს პაწაწინა მწერს, მაგრამ კარგი მეფუტკრე ღვთის ტოლი კაცია საფუტკრეში! ოთხი ოჯახიდან 70 ოჯახამდე გაამრავლა ზალიკომ ფუტკარი. თაფლის გაყიდვაც არ უჭირს, მიზეზი მარტივია: თაფლიც და სინდისიც წმინდა აქვს და ამიტომ, მაისის მსუბუქი თაფლი იქნება თუ ზაფხულის წაბლ-ცაცხვისა, ხელიდან სტაცებენ! ადვილი არ არის თაფლის მოწევა. თერჯოლაში აკაციის დაყვავილებისთანავე ზემო იმერეთის სოფლების გზას უნდა დაადგეს ზალიკო თავისი ფუტკრებით. ჯერ ჩარჩოები უნდა გადამოწმდეს სკაში, მერე დაიგმანოს და ფრთხილად, ფეხმძიმე ქალზე უფრო ფრთხილად უნდა გადაიყვანოს კეცივით აყუდებულ სოფლის ფერდობზე. მკითხველთა შორის ეგებ ვინმემ იცოდეს რკვია - სოფელი ყვირილას ხეობაში. ისეთი გზა ჩადის ამ სოფელში, ზოგჯერ კატა ლუკმას რომ ვერ გაიტანს ბოლომდე, მაგრამ ზალიკოს კატაზე მეტი სიფრთხილე და მოხერხება აქვს, სკებს ფრთხილად გადმოტვირთავს მანქანიდან, მერე საფრენებს დაუხსნის და ფუტკარიც ეტანება ცაცხვიანებსა და წაბლნარებს! მიუვალობის გამო, სატოფელას ღელეში წაბლიც ხელუხლებელია, ცაცხვიც და სადაც კაცის ხელნაჯახიანობას საქმე ვერ გაუფუჭებია, იქ ზალიკოს ფუტკრები ორკესტრირებულად წუწნიან ნექტარს...

ზალიკო ფიქრობს, რომ ოდესმე თაფლის სასაქონლო არაყიც გამოხადოს, ნაკლებად მათრობელა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ბაზარზე იშვიათად შეხვდებით ამ სასმელს, რადგან კილოგრამზე მეტი თაფლი ესაჭიროება ლიტრ არაყს, ცალკე ტექნოლოგიაა დასაცავი, მაგრამ გვერდით დედ-მამა, დაუღალავი ძმა და მეუღლე როცა გყავს, ყველაფერს შეძლებ ადამიანი!

მეფუტკრეს ცალკე სიცოცხლე აქვს ფუტკრისთვის, მასწავლებელს - მოსწავლისთვის. ასეთებისთვის ვალდებულებაც ბევრია ამქვეყნად, მით უფრო, სამი პატარა შვილი თუ ჰყავს გასაზრდელი. ვალდებულებების კი ზალიკოს არ ეშინია, რადგან დრომ უკვე ბევრჯერ გამოცადა და ყველა გამოცდას თავი წარმატებით გაართვა...

როლანდ ხოჯანაშვილი