კანადაში ნაპოვნი თავისუფლება და ადამიანური ურთიერთობები - გზაპრესი

კანადაში ნაპოვნი თავისუფლება და ადამიანური ურთიერთობები

ბატონი კოტე ლაშაური საქართველოდან კანადაში საცხოვრებლად 1994 წელს გაემგზავრა თავის დიდ ოჯახთან ერთად: დედა, და, დის ქმარი და მათი სამი მცირეწლოვანი შვილი. ისე გამოვიდა, რომ ამ გამგზავრებას ლაშაურების ოჯახის წლების განმავლობაში შეძენილი ქონება მთლიანად შეეწირა, ყველაფერი გაყიდეს. ახლა, წლების შემდეგ, ის ლაღად საუბრობს გავლილ გზაზე, შეძენილ გამოცდილებასა და ემიგრანტის ბედზე, რომელიც ვალდებულიც არის და იძულებულიც, თავს ძალა დაატანოს, გონება და ნებისყოფა დაძაბოს, სწორი ნაბიჯებით იაროს, მით უფრო მაშინ, როდესაც უკან მხოლოდ უპერსპექტივობა ელოდება.

- რა იყო ის მთავარი მიზეზი, რომელმაც კანადაში გადასახლება გადაგაწყვეტინათ?

- ჩვენი მთავარი მოტივაცია ჩემი დისშვილების მომავალი იყო. იმ პერიოდის საქართველოში ძალიან ცუდი პირობები გახლდათ ბავშვების გასაზრდელად - იმდენად საყოფაცხოვრებო პრობლემებს არ ვგულისხმობ, რამდენადაც მომავლის უიმედობას, კრიმინალს, დაძაბულობას, დასტრესილ გარემოს. ამიტომაც წავედით უსაფრთხო ქვეყანაში.

- კანადა რატომ აირჩიეთ? იქ ვინმე გყავდათ თუ კანადის საკონსულოს განცხადებას დაუჯერეთ, რომლის მიხედვითაც, თუ გაქვს პროფესია, რომელიც მოთხოვნადია მათ ქვეყანაში და იცი ენა, ეს ქვეყანა სიხარულით გიღებს კარს?

GzaPress- კანადა განვითარების უზარმაზარი პოტენციის მქონე და ამასთან, ემიგრანტების ქვეყანაა. გეოპოლიტიკურად მშვიდ რეგიონში მდებარეობს და რაც მთავარია, ეს ის სახელმწიფოა, სადაც თავისუფალმა ადამიანებმა ყველასთვის მისაღები თამაშის წესები დააწესეს და ამ თამაშის წესებს მკაცრად იცავენ. კანადელებს, ისევე როგორც ამერიკელებს, კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ რეალური თავისუფლება არსებობს მხოლოდ უმკაცრესი პოლიციური წესრიგის პირობებში. ალბათ ეს ბოლო ვითარება ერთ-ერთი უმთავრესია, რითიც ცივილიზებული და განვითარებული ქვეყნები განსხვავდებიან განვითარებადი და არათავისუფალი ქვეყნებისაგან, სადაც კანონი ყველასათვის ერთი არაა - ზოგს საერთოდ არ ან ვერ სჯიან, ზოგს კი პირიქით, კანონის გადაჭარბებით, ბრუტალურად უსწორდებიან. მახსოვს 1997 წელს, როცა ონტარიოს ტრანსპორტის მინისტრმა ელ პალადინიმ ძალიან მკაცრი კანონი მიიღო ნასვამი მძღოლების წინააღმდეგ, ამან მძაფრი პოლემიკა გამოიწვია საზოგადოებაში. შემდეგ კვირას კი მისი ვაჟი დააკავეს საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში და ის ახალი კანონით გათვალისწინებული სასჯელით სამაგალითოდ, მაქსიმალური სიმკაცრით დასაჯეს.

კანადაში ნაცნობი ნამდვილად არ გვყავდა, უფრო მეტიც, იმ პერიოდისთვის ტორონტოში ქართველის მოძებნაც საკმაოდ რთული იყო... მიკვირს, რატომ არ ირჩევენ კანადას საცხოვრებლად. ეს ქვეყანა საკმაოდ ხელმისაწვდომ კრიტერიუმებს უყენებს იმ ადამიანებს, რომელთაც აქ უნდათ ცხოვრება და მუშაობა. რატომ ურჩევნიათ არალეგალურად გაემგზავრონ სხვაგან და უამრავი ფული გადაიხადონ ამაში?

- თქვენ აკმაყოფილებდით მათ მოთხოვნებს?

- თბილისში ჰიდროგეოლოგად ვმუშაობდი ერთ-ერთ კვლევით დაწესებულებაში, კანადამ ამ პროფესიის წყალობით მიმიღო. აქ ლეგალურად იმიგრაციისათვის საჭირო პროფესიების საკმაოდ გრძელი სიაა, რამდენიმე ასეული. აქ მივიღე მთავარი - მუშაობის უფლება და როგორც კი ოჯახმა ჭერს შევაფარეთ თავი, სამსახურის ძებნა დავიწყე.

- ანუ ქვეყანაში შეგიშვეს და შემდეგ თქვენი ბედით აღარავინ დაინტერესებულა?

- დიახ, ასეა. ითვლება, რომ თუ ავადმყოფი არ ხარ, შრომა გინდა, კანონებს იცავ და არ ზარმაცობ, შენს გზას აუცილებლად იპოვი. წინა საუკუნის 90-იანებში, კანადის ეკონომიკა არცთუ ისე სახარბიელო იყო და უმუშევრობის დონე მაღალი გახლდათ. პირადად ჩემთვის, ეს საკითხი განსაკუთრებით გამძაფრდა მაშინ, როცა მივხვდი, რომ ჩემი პროფესიით სამუშაო რეალურად არ ჩანდა და სხვა პროფესია არ გამაჩნდა, მაგრამ სანამ ამ დასკვნამდე მივედი, ნახევარი წელი ვგზავნიდი ჩემს რეზიუმეს მთელ კანადაში, თუმცა არავის გაუცია პასუხი. ბოლოს გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეაქტიურა და ერთ-ერთ კომპანიაში ინტერვიუზე დაუპატიჟებლად მივედი. მფლობელთან შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა. ამ საკმაოდ სიმპათიურმა ქალბატონმა გულისყურით მომისმინა, მაგრამ სამუშაო ვერ შემომთავაზა - კარგი სპეციალისტი და ადამიანი ჩანხართ, მაგრამ სამწუხაროდ, თქვენი სპეციალობა ახლა ფიზიკურად არ მჭირდებაო. იქვე ვკითხე: იმისთვის, რომ თქვენთვის საჭირო გავხდე, რა უნდა ვიცოდე-მეთქი? აღმოჩნდა, რომ მას სჭირდება ადამიანი, ვინც ამერიკული გეოლოგიური დეპარტამენტის ახალშექმნილ კომპიუტერულ პროგრამას აითვისებდა და გამოიყენებდა მის კომპანიაში.

შეხვედრიდან პირდაპირ ბიბლიოთეკას მივაშურე. იქ მითხრეს, რომ ის, რასაც მე ვეძებდი, ჯერ არც გაყიდვაში იყო და არც მათ ბიბლიოთეკაში ინახებოდა. სხვა გზა არ გახლდათ, პროგრამის შემდგენლებს უნდა დავკავშირებოდი. მოვძებნე კონტაქტი და ამ დეპარტამენტს მივმართე განცხადებით: ემიგრანტი ვარ, ჩემი კარიერა და ახალ ქვეყანაში ცხოვრების აწყობა თქვენზეა დამოკიდებული და უნდა დამეხმაროთ, რათა თქვენი ნაშრომი დროულად შევიძინო-მეთქი. ჩაიწერეს ჩემი მისამართი, ზრდილობიანად დამემშვიდობნენ და ოთხი დღის შემდეგ მათი გზავნილი მივიღე - აბსოლუტურად უანგაროდ, საკმაოდ ძვირად ღირებული, ჯერ კიდევ ოფიციალურად არგამოსული ნაშრომის სამივე ტომი გამომიგზავნეს.

- როგორ ფიქრობთ, თქვენმა გულახდილობამ მოხიბლა ეს ხალხი თუ ცოდნის შეძენის წყურვილმა?

- ალბათ, ორივემ. საერთოდ, წლების მერე უფრო დავრწმუნდი, თუ რამდენად აფასებენ ამერიკელები პირდაპირობას და გულწრფელობას და რა კარგად გრძნობენ სიცრუეს. აქ ადამიანები ერთმანეთს უსმენენ. სიტყვებს ფასი აქვს და ნათქვამი არასდროს იკარგება უკვალოდ... მერე უფრო საინტერესო რამ მოხდა: გადავშალე პირველი წიგნი და მივხვდი, რომ ამ პროგრამირების და ალგორითმების შესწავლას წლებს მოვანდომებდი. სიტუაციას ისიც მიმძიმებდა, რომ ლექსიკონი, რომელიც ამ სპეციფიკური დასახელებების განმარტებას მომცემდა, უბრალოდ არ არსებობდა, ისევე, როგორც პედაგოგი, რომელიც მის გარჩევაში დამეხმარებოდა - ეს ხელების ცეცებით, დიდი ძალისხმევის და წარმოუდგენელი შრომის ფასად დასაძლევი ცოდნა გახლდათ, რომლის დროც მე ფიზიკურად არ მქონდა, რადგან თბილისიდან წამოღებული ჩვენი ბიუჯეტი თანდათან ილეოდა...

შეხვედრებმა მიმახვედრა, რომ ჰიდროგეოლოგიაზე ფიქრისთვის თავი უნდა დამენებებინა და ის პროფესია შემესწავლა, რომელიც შრომის ბაზარზე მოთხოვნადიც იყო და შედარებით მოკლე დროში დაძლევასაც შევძლებდი. საერთოდ, სტერეოტიპების ტყვეობიდან გათავისუფლება ყოველთვის ამართლებს. განა არ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც დაუსრულებლად დაეძებენ სამსახურს იმ სფეროში, რომელშიც წლების წინ დიპლომი აიღეს? არადა, ცხოვრება ძალიან სწრაფად იცვლება და მასთან ერთად, პროფესიების ბაზარიც. ამდენი ფიზიკოსი, ექიმი, მათემატიკოსი, თუნდაც ჰიდროგეოლოგი ფიზიკურად არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამას ვუმეორებ ყველას, ვინც უმუშევრობას უჩივის. არ არის სამსახური? აირჩიე სხვა გზა - ისწავლე ხელობა ან აითვისე სხვა სპეციალობა, სადაც ეფექტურად გამოიყენებ შენს ცოდნას, ან სამუშაო ადგილი შენთვის თავად მოიგონე - თუნდაც მცირე, მაგრამ რეალური.

- მაგრამ ჩვენი ხალხი დაზაფრულია დაუსრულებელი უიმედობით, ვერ ახერხებენ ლავირებას, დიდი ხანი გაგვიგრძელდა მოლოდინის რეჟიმი. რაღაცამ ბიძგი უნდა მოგცეს, რომ ამ დასკვნამდე მიხვიდე. ეგებ თქვენი სიტყვები აღმოჩნდეს ვიღაცისთვის ბიძგი...

GzaPress- რა თქმა უნდა, ეს იოლი არ არის. როცა გადაწყვეტილება მივიღე და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კომპიუტერული ქსელების ინჟინრებისა და ადმინისტრირების შესწავლა დავიწყე კოლეჯში, მთელი ჩემი ენერგია მხოლოდ ამისკენ მივმართე. ეს თავდაუზოგავი, გულმოდგინე შრომა იყო.

- მაშინ რამდენი წლის იყავით და რამდენ ხანს ისწავლეთ?

- მაშინ ოცდათხუთმეტი წლის გახლდით, სწავლისთვის კი მთელი წელი დამჭირდა... საერთოდ, ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და გრძნობ, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა - მე ამისთვის სამი-ოთხი წელი დამჭირდა, თუმცა კანადაში ახლა ძალიან ბევრი ქართველია, რომელიც ჩამოსვლისთანავე მშენებლობაზე იწყებს მუშაობას და საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უფრო მალე ახერხებს, ვიდრე ეს მე შევძელი. ისინი კი, ვინც განსაკუთრებული დაუზარლობითა და მარიფათიანობით გამოირჩევიან, საკუთარ სამშენებლო კომპანიებსაც ქმნიან და დიდი შემოსავალიც აქვთ. მუშახელი და ხელობა ძალიან ფასობს კანადაშიც და ამერიკაშიც.

- ემიგრანტებს თუ უბღვერენ ძველი კანადელები?

- არა, არავინ გიბღვერს, ეს ქვეყანა ძალიან გახსნილია ამ მხრივ, თან ქართველები აქ გაცილებით უკეთ იქცევიან. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ევროპაში ბევრი ჩვენი თანამემამულე თავს ქურდობით გვჭრის, ეს კანადაში ძალიან იშვიათად ხდება. ალბათ იმიტომ, რომ აქ თუ იშრომობ, ანაზღაურებაც შესაბამისი გაქვს. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვამართლებ, მაგრამ როგორც ჩანს, ქურდობა უფრო ხშირად სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ადამიანების ნაბიჯებია.

- დედაზე, დასა და დისშვილებზეც გვიამბეთ - როგორ ცხოვრობენ?

- ჩემი დისშვილები გაიზარდნენ და დამოუკიდებელი ადამიანები გახდნენ, დაც და სიძეც მუშაობენ, დედა კი ყველაზე უკეთაა. გაზაფხულზე 90 წლის შესრულდება. თავს მხნედ გრძნობს და სოციალურადაც ძალიან აქტიურია. სამ თვეში ერთხელ სრულ სამედიცინო კვლევას უტარებენ, ყოველ დილით აუზზე დადის, საღამოობით პარკში სეირნობს. უამრავი მეგობარი ჰყავს, მათ შორის თავისზე ახალგაზრდებიც. ერთმანეთს დაბადების დღეებზე, ძეობებზე, ქორწილებში, ნათლობებში და სხვა დღესასწაულებზე ეპატიჟებიან. მართალია, მე და ჩემი და ახლა ამერიკაში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩემი 3 დისშვილი და ჩემი ორი ბიძაშვილი თავისი ოჯახებით მასთან ახლოს ცხოვრობენ, მეც ხშირად ვაკითხავ - ჩემი ამჟამინდელი სამსახური ამის საშუალებას მაძლევს.

- არ დაოჯახებულხართ?

- ვიყავი დაოჯახებული, მაგრამ ჩვენი თანაცხოვრება არ შედგა.

- ამერიკაში საცხოვრებლად რატომ გადახვედით?

- ეს ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ერთ ადგილას დგომა საინტერესოც არ არის, განვითარებისთვის ყოველთვის სჯობს სიახლეებზე იფიქრო. როცა ნიუ-ჯერსის ფარმაკოლოგიურ კომპანიაში გამოჩნდა ჩემთვის საინტერესო სამუშაო, ჩემი ათწლიანი კანადური ცხოვრების შემდეგ, ბევრი ფიქრის გარეშე გადმოვედი.

- და კიდევ ერთხელ გამოიცვალეთ პროფესია?

- შეიძლება ითქვას კიც და არაც. დაახლოებით იგივე მოხდა, რაც ზემოთ ვთქვი: შენს ცოდნას, გამოცდილებასა და უნარებს უსადაგებ რაღაც ახალს და შესაბამისად, იმ ახალს ადვილად ეუფლები. საერთოდ, ამერიკა-კანადაში მუდმივად გიწევს სწავლა - სამსახურში სულ რაღაც ახალს სწავლობ... ჯერ კლინიკური მონაცემათა მენეჯმენტი შევისწავლე, მერე ნაბიჯ-ნაბიჯ კლინიკური გამოკვლევების რეგულაციები, ახლა კი ექიმებს, საავადმყოფოებს და სხვადასხვა კომპანიას ვამოწმებ, თუ როგორ და რამდენად სწორად ატარებენ ფარმაკოლოგიურ გამოკვლევებს. ჩემი საქმიანობა ხშირ მოგზაურობას მოითხოვს, ძირითადად, ამერიკისა და კანადის ფარგლებში, თუმცა ხანდახან სხვა კონტინენტზეც მიწევს წასვლა. საინტერესოა, მაგრამ დამღლელიცაა... გარდა ამისა, ამერიკაში კიდევ უფრო კარგი დამოკიდებულებაა თანამშრომლებთან, ვიდრე კანადაში იყო. აქ უფროსის ნაცვლად, თანასწორი პარტნიორი (ხანდახან მეგობარიც კი) გყავს, რომელიც შენზე უფრო მცოდნე/გამოცდილია. არავინ გაძლევს შენიშვნას - ისინი მხოლოდ საკუთარ აზრს გამოთქვამენ ვარაუდის ფორმით - ასე ხომ არ აჯობებს? მოკრძალებით, ფრთხილად... იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმემ ხმას აუწიოს, ყოვლად გამორიცხულია. როდესაც თანამშრომლად აჰყავხართ, თავს ვალდებულად თვლიან, კომფორტული სამუშაო პირობები შეგიქმნან, რათა სრულად მოახდინო საკუთარი პოტენციალის რეალიზება. აქ არ გჭირდება ვინმესთვის რამის მტკიცება, რადგან ყველა ყველაფერს კარგად ხედავს... კანადასთან შედარებით, ამერიკაში მაღალი ხელფასებია და ნაკლები გადასახადები.

- საქართველოში ჩამოსვლას თუ ახერხებთ? არასდროს გიფიქრიათ, რომ შეცდით, როცა წახვედით?

- ბოლოს 2015 წელს ვიყავი თბილისში. ადრე უფრო ხშირად ჩამოვდიოდი, მაგრამ ბოლო წლებში ვეღარ ვახერხებ და ვწუხვარ, მაგრამ იმაზე არ ვფიქრობ, რომ მცდარი არჩევანი გავაკეთე. თუმცა, ასეთი ეჭვი, ისიც ძალიან ცოტა ხნით, წინა ხელისუფლების მოსვლის პერიოდში ბევრს გაგვიჩნდა. როცა ვხედავდი, როგორ ვითარდებოდა ქვეყანა, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი იყო, რომ ამაში მეც არ ვმონაწილეობდი, მაგრამ ამ ეჭვებისგან 2012 წლიდან გავთავისუფლდი, სამწუხაროდ.

დეა ცუცქირიძე