"მენატრება საქართველო, ჩვენი თბილი ხალხი..." - გზაპრესი

"მენატრება საქართველო, ჩვენი თბილი ხალხი..."

ნიუ-იორკში, ჰემპსტიდში მდებარე Hofstra-ს საუნივერსიტეტო ქალაქში ქართველ გოგონას სტუდენტისთვის ყველაზე მაღალი თანამდებობა მისცეს - მეგან ყურაშვილი საუნივერსიტეტო ქალაქში მთავარი მენეჯერი იყო. ტერიტორიაზე შესვლა საშვებით ხდებოდა, მეგანი კი აკონტროლებდა დისციპლინას საუნივერსიტეტო ქალაქში და საკუთარი კაბინეტიც ჰქონდა. მაშინ მეგანმა გვიამბო: "ყველაზე დიდი წარმატება, რასაც უნივერსიტეტში მივაღწიე, ჩემი სამსახურია. პროგრამის სტუდენტ-კოორდინატორი ვარ. ეს პოზიცია ყველაზე მაღალია, სადაც სტუდენტს შეუძლია მუშაობა..." დღეს მეგანი კიდევ უფრო წარმატებულია. გოგონამ გულახდილად გვიამბო, თუ როგორ იქმნებოდა მისი შთამბეჭდავი კარიერა...

- საქართველოში ქართულ-ამერიკულ, მომავლის სკოლაში დავდიოდი მეცხრე კლასის ჩათვლით. ყოველდღე, დღეში სამ საათს ყველა საგანს ინგლისურად გავდიოდით, რაც ძალიან დამეხმარა ენის ათვისებაში. ინგლისური სექციის შემდეგ გადავდიოდი ქართულ სექციაში, სადაც ჩვეულებრივ, სხვა საგნებს ვსწავლობდით. სკოლის დღეებში ყოველთვის დაკავებული ვიყავი, მყავდა მასწავლებლები და ვემზადებოდი. შაბათ-კვირას კი ინგლისურის გაკვეთილებზე დავდიოდი და ასევე, სპორტზე.

- ამერიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- მეოთხე თუ მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ამერიკაში უნდა გამეგრძელებინა სწავლა. ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, ჩემოდნის იმწამსვე ჩალაგება გადავწყვიტე (იღიმის). დედაჩემი ამერიკაში ცხოვრობდა და ამიტომ დავდიოდი ქართულ-ამერიკულ სკოლაში, რომ ენა ადვილად ამეთვისებინა და მზად ვყოფილიყავი გასამგზავრებლად. 13 წლის გახლდით, როდესაც ამერიკაში, ნიუ-იორკში ჩავედი. ჩემს მაშინდელ ემოციებსა და განცდებს ენით ვერ აღვწერ... რა თქმა უნდა, რთული იყო იმ ადგილის დატოვება, სადაც გავიზარდე, მაგრამ დედასთან ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ.

- ამერიკაში წარმატებებს როგორ მიაღწიე?

GzaPress- წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია შრომითა და მონდომებით. პატარაობიდან დაკავებული ვიყავი, ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი და ეს ჩვევად მექცა. ამერიკაში რომ ჩამოვედი, სწავლის პარალელურად, ჩოგბურთის წრეზე დავდიოდი და ერთ წელში მუშაობაც დავიწყე. ადამიანმა თუ არ იშრომე, ვერ მიაღწევ სასურველს. ამერიკაში მეათე კლასში იწყებენ უნივერსიტეტების შეფასებას და გამოცდებისთვის მომზადებას. მე ეს ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავიწყე უნივერსიტეტების დათვალიერება. ბევრი ვიშრომე, რათა სასურველ სასწავლებელში შემძლებოდა სწავლის გაგრძელება.

Hofstra-ს უნივერსიტეტს აქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბიზნესსკოლა, სადაც კვალიფიციური პროფესორები ასწავლიან. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ვმუშაობდი და გარკვეულ ორგანიზაციებში ვიყავი გაწევრებული. ხშირად მიწევდა გვიან ღამემდე მეცადინეობა და დილით ადრე ადგომა. სამაგიეროდ, მიზანს მივაღწიე, მივიღე სასურველი ცოდნა, დიპლომი.

- უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი თანამდებობა გეჭირათ. სწავლის დასრულების შემდეგ კი მეტად საპასუხისმგებლო სამსახურში მოეწყვეთ...

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ყველაზე დიდი სადარდებელი სამსახურის შოვნაა. უნივერსიტეტში სწავლის ბოლო რამდენიმე თვე გავატარე სამსახურის ძებნაში და ინტერვიუებზე სიარულში. ვეძებდი სამსახურს იურიდიულ ფირმაში. საბოლოოდ, ყველაზე მეტად ორი ფირმა მომეწონა და ორივემ შემომთავაზა პოზიცია. არჩევანი შევაჩერე Anderson Bowman & Zalewski, PLLC-ზე. პირადად მე ვარ მიწის მფლობელისა და მცხოვრებლის კანონების დაცვის ქეისების, ასევე განქორწინების და ბავშვის ალიმენტის ქეისების დეპარტამენტის უფროსი და ასევე, ოფისის მენეჯერი. ადვოკატს ვეხმარები საბუთების გამზადებაში სასამართლოსთვის, ვეკონტაქტები კლიენტებს ინფორმაციისთვის. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომწონს ჩემი სამსახური, სადაც მხოლოდ ფულს კი არ მიხდიან, არამედ მეტ გამოცდილებასა და ცოდნას ვიღებ.

- როგორც ვიცი, დანიშნული ხარ. ქორწილს საქართველოში გადაიხდით?

- ახლახან დავინიშნე. ზაფხულში, თბილისში ვაპირებთ ქორწილის გადახდას. ამერიკიდან ვერ შევძლებთ ყველაფრის ორგანიზებას, მაგრამ ახლობლები გვეხმარებიან.

- როგორია ამერიკაში თქვენი ყოველდღიურობა?

- ყოველი დღე იწყება ძალიან ადრე: ვდგები, ვასეირნებ ლეკვს და ვემზადები სამსახურში წასასვლელად. ვმუშაობ დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე, ხანდახან უფრო დიდხანსაც მიწევს ყოფნა... ახლა დავიწყე იურიდიული სკოლის გამოცდებისთვის მომზადება და იმედი მაქვს, სწავლის გაგრძელებას მოვახერხებ.

ამერიკა ძალიან მომწონს, მაგრამ სამშობლოს ვერაფერი შეედრება. აქ გაძლევენ შესანიშნავ განათლებას და სამსახურს, მაგრამ ამერიკას ძალიან აკლია ტრადიციები, ხალხთმოყვარეობა. ყველა იმდენად დაკავებულია თავისი საქმით, რომ შენთვის დრო არავის არ აქვს. ყველა სადღაც გარბის, ყველა დაძაბულია. მენატრება საქართველო, ჩვენი თბილი ხალხი, სტუმართმოყვარეობა და ტრადიციები.

მანანა გაბრიჭიძე