"განა ჰყავს ჩვენს პატარა საქართველოს უაზროდ დასაკარგი შვილები?!" - გზაპრესი

"განა ჰყავს ჩვენს პატარა საქართველოს უაზროდ დასაკარგი შვილები?!"

ქალბატონი მანანა როსტიაშვილის წერილი მძიმე წასაკითხია. მას წლების წინ შვილი მოუკვდა და ამ ამბავში ექიმებს ადანაშაულებს... ქალბატონმა მანანამ გვთხოვა, მისთვის მიგვეცა საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გამოეთქვა საკუთარი გულისტკივილი და იმ ადამიანების მხარში დგომაც აღენიშნა, რომლებსაც შვილები მოუკლეს...

წერილის სტილი დაცულია:

"როგორი მტკივნეულია, როცა იცი, რომ შენს შვილს ვერასდროს ჩაიხუტებ... მე კი დაუფიქრებლად და სწრაფად წავიდოდი მასთან, მაგრამ "რიგში დგომა" მჭირდება. ველოდები ჩემს რიგს, რომ ისევ ერთად ვიყოთ მე და ჩემი შვილი... - აი, ამაზე ოცნებაში ვიღვიძებ და ვიძინებ. ეს არის ჩემი, როგორც შვილმოკლული დედის ყოველდღიური ნატვრა. თვალზე ცრემლი არ შრება და გული საშინლად მტკივა, მაგრამ ჩვენი, შვილმოკლული დედებისა და მამების არავის ესმის. ქვეყნად სამართალი არ ყოფილა და მე ამ უსამართლობის წინააღმდეგი ვარ.

ადამიანმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, პასუხიც უნდა აგოს. მაგრამ ექიმები, რომლებმაც ჩემი შვილის გარდაცვალებაში დიდი წვლილი შეიტანეს, დაუსჯელები დარჩნენ. არ გეგონოთ, თითქოს საშინელი ადამიანი ვარ და სხვების დასჯა მსიამოვნებს, მაგრამ აქ საქმე შვილს, ჩემს მომავალს და ჩემი ცხოვრების გამგრძელებელს ეხება, ამიტომაც ვსაუბრობ ისე, როგორც დაუნდობელი...

ადამიანი ამქვეყნად რომ მოდის, მას თავისი მოვალეობა აკისრია. ის უნდა გაიზარდოს, მერე გააჩინოს და გაზარდოს შვილები, შემდეგ დაბერდეს და წავიდეს იმ ქვეყნად ვალმოხდილი. ახლა მითხარით, უნდა აპატიო, როცა შვილს გიკლავენ? წამართვეს ის სიამოვნება, რასაც შვილის სიცოცხლით იღებს დედა და მამა!

მინდა, ჩემი შვილისთვის მიძღვნილი ლექსი დამიბეჭდოთ და მერე, იმ თემაზეც მომცეთ საუბრის საშუალება, რაც გულზე ლოდივით მაწევს...

GzaPress"შენ დამიძახე დედა,/ შენ გამიხარე გული,/ მერე წახვედი უცბად/ და დამიტოვე დარდი./ გული მატკინე ძლიერ,/ ჩემი ხალისიც გაგყვა,/ მე დღეს მკვდარი ვარ, თითქოს/ და ვეღარა ვარ შენთან./ მე მენატრები ძლიერ, მაგრამ სადა ხარ, შვილო?/ ის დღეებიც კი მინდა,/ შენ რომ მიშლიდი ნერვებს./ შენი ხმა მინდა ისევ,/ რომ დამიძახო "დედა"./ მაგრამ არა ხარ არსად,/ ცხადში კი არა, შვილო,/ სიზმრადაც ვეღარ გხედავ./ ეს გული ლამის გასკდეს,/ სულ შენზე ვფიქრობ, იცი?/ დავიძინებ და აქ ხარ,/ გავიღვიძებ და აქ ხარ,/ მაგრამ ვერ გხედავ თვალით, ოცნებაში ხარ მარტო./ ოჰ როგორ მტკივა გული,/ და როგორ მინდა შენთან,/ რომ ჩაგიხუტო გულში,/ შენი თვალები ვნახო/ და დაგიკოცნო ძლიერ,/ იქნებ გაგითბო გული/ და მოგაბრუნო ჩემთან./ მე ამ ოცნებით ვკვდები,/ რომ სადმე ისევ გნახო,/ გნახო და უკან გაგყვე,/ ბინა დავიდოთ ერთად./ ეს დღეც ხომ ვიცით, მოვა,/ ჩვენ რომ შევხვდებით ისევ/ და ისიც მინდა კარგო,/ კვლავ დამიძახო "დედა".

გაზაფხულზე მოწმე გავხდი იმისა, რომ სხვა შვილმოკლულმა მშობლებმაც, რომლებმაც ვერ იპოვეს სამართალი, ქუჩაში გამოვიდნენ. მათ მთელი საქართველო მხარში ამოუდგა, ასევე მეც, მთელი სულითა და გულით მათთან ვიყავი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ შორიდან, ტელეეკრანიდან შევყურებდი პროცესს და ვეთანხმებოდი მათ, ამ ადამიანების ტკივილს ვიზიარებდი. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ორივე ფეხზე პრობლემა შემექმნა და სიარული აღარ შემიძლია - ამიტომ ვერ მივედი პარლამენტის შენობის წინ. ვებრძვი რამდენიმე მძიმე ავადმყოფობას, ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი.

მაინტერესებს და მინდა მივმართო ჩვენს მთავრობას, რატომ გვექცევიან ასე? რატომ არ უნდათ დასაჯონ ჩვენი შვილების მკვლელები, რატომ ცდილობენ იმას, რომ ამ ტკივილით გვაცხოვრონ? შვილები მოგვიკლან, მაგრამ მკვლელები არ დასაჯონ, ზოგ შემთხვევაში კი თურმე, მკვლელები არც არსებობენ.

2012 წელს ეს ხელისუფლება რომ ავირჩიეთ, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ იმედი იმედად დარჩა. შვილები დაგვიხოცონ და პასუხი არავინ აგოს? - ასეც ხომ არ შეიძლება?!

მეხუთე წელია შვილმოკლული დედა ვარ. ჩემი ტკივილი ჟურნალშიც გამოვაქვეყნე, ტელევიზიებშიც ვიყავი, სადაც კი შემეძლო მისვლა, ყველგან მივედი, სამართალი რომ მეპოვა, მაგრამ არავინ გამომხმაურებია, რათა ჩემი ტკივილი გაეგო, რაიმე ეკითხა, დამხმარებოდა. ჯანდაცვაში რომ გავასაჩივრე, მეგონა, იქ მაინც იპოვიდნენ შეცდომებს, რაც ექიმებმა დაუშვეს, მაგრამ ასე არ მოხდა. იმდენი ვიარე აქეთ-იქით სამართლის ძებნაში, რომ ნერვები დამაწყდა და ჯანმრთელობა საშინლად დამიმძიმდა. ვეღარ დავდივარ...

შვილმოკლული მშობლების მიერ გამართულ აქციაზე ბევრჯერ მინდოდა წასვლა და მათ გვერდით დგომა, მაგრამ ვერ შევძელი; ვერც ერთხელ ვერ შევძელი. არადა, ძალიან მინდოდა მიმესამძიმრებინა მათთვის და გამეზიარებინა მათი ტკივილი, მაგრამ ჯანმრთელობა არ მაძლევს ამის საშუალებას. სამაგიეროდ, ამ ჟურნალის მეშვეობით მინდა გამოვხატო მათდამი მხარდაჭერა. მინდა, ყველა შვილმოკლულ დედას მიეცეს იმის უფლება, რომ სამართალი იპოვოს, რათა პირნათელი წავიდეს იმ ქვეყნად, თავის შვილთან.

ახლა შემოდგომაა და შვილმოკლულები, სამართლის პოვნის იმედით, ისევ დგანან პარლამენტის შენობასთან. სექტემბრის ბოლოს მოწმე გავხდით იმისა, თუ როგორ გაუსწორდა მათ ჩვენი პოლიცია. არ მისცეს უფლება, კარვები გაეშალათ და ყველაფერი წაართვეს; შემდეგ ვნახე, რომ ცუდად გახდა სარალიძის მამა. მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენი პოლიცია არც ისეთი უგულო ყოფილა, როგორიც ჩანდა: დახმარება გაუწიეს წაქცეულ მგლოვიარე მამას! მივხვდი! - ისინი კანონს ემორჩილებიან და ასრულებენ ვიღაცის ბრძანებას, მაგრამ ვინ გასცემს და რატომ ასეთ ბრძანებას? ნუთუ არავის ეცოდება ეს გამწარებული ხალხი? რატომ არავის ესმის ჩვენი ტკივილი? ჩვენც ხომ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც ყველა პარლამენტარია და რომელიმე ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდა წევრის მშობელი. ჩვენც ხომ ისევე გვტკივა, გვეწვის გული და განვიცდით, როგორც ისინი განიცდიან, როცა რაღაც ძალიან აწუხებთ? განა ჩვენ, თითოეული ადამიანი ღმერთისგან ერთნაირი უფლებამინიჭებულები არ გავჩნდით?

ხშირად ისმის, ეს აქციები პოლიტიკურიაო და "ნაციონალების" ხელწერას ხედავენ ამ ყველაფერში. არ მესმის, რატომ ამბობენ ამას? მე შესაძლებლობა რომ მქონდეს, აუცილებლად წავიდოდი და დავდგებოდი იმ აქციებზე არა იმიტომ, რომ პოლიტიკურად აქტიური ვარ, არამედ იმიტომ, რომ გული მტკივა...

რისთვის მჭირდება შვილმოკლულ დედას რომელიმე პარტიის მითითება, რომ სიმართლისთვის ვიბრძოლო? არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები, არც არავისკენ ვიხრები. მე ჩემი საქმე მაქვს და იმისთვის ვიბრძვი, რომ ჩემი შვილის სიკვდილში დამნაშავე ადამიანების დასჯაში ვინმე დამეხმაროს. ამას ვიღაცის მხარდაჭერა კი არა, შვილმკვდარი მშობლის დიდი ტკივილი ჰქვია.

იცით, რას ჰქვია შვილის მონატრება და თან ისიც, რომ იცი, ის არასდროს დაბრუნდება, ვერასდროს შეეხები, ვეღარასდროს ჩაეხუტები, და ვეღარასდროს შეიგრძნობ მის სითბოს, სურნელს? განა ამას ვინმეს დავალებით შეიძლება აკეთებდეს ადამიანი? განა დედა-შვილის სიყვარული რომელიმე პარტიამ დააწესა? ეს ხომ საშინელი შეურაცხყოფაა შვილმოკლული მშობლისა, რომელსაც არასდროს მოუშუშდება ეს იარა, სანამ ცოცხალი იქნება.

ისე, თუკი რომელიმე პარტიას აწერენ ამ ყველაფერს, თვითონ დაგვიდგნენ გვერდით და მათ მხარდამჭერებად გვიგულონ, რა პრობლემაა? რატომ არ აკეთებენ ამას, თუ ეს მომგებიანია? დაგვეხმარონ, ჩვენი შვილების მკვლელები რომ დაისაჯონ. აბა, წამით მაინც, ჩვენს ადგილას ყველამ საკუთარი თავი წარმოიდგინეთ. ჰოდა, თქვენ განა არაფერს მოიმოქმედებდით?

პარლამენტის თავმჯდომარე ინგა გრიგოლიასთან ამბობს, რომ პარლამენტის წინ არ უნდა იდგნენ ეს ადამიანები. შევიდნენ პარლამენტში და იქ გაარკვიონ თავიანთი საქმეო. კარგით, რა, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, გარეთ იქნება თუ შიგნით, რა მნიშვნელობა აქვს? შიგნით უფრო გაიგებთ ჩვენს ტკივილს? აბა, მითხარით, რამდენჯერ მიბრძანდით მათთან და დაელაპარაკეთ, რამდენჯერ მიიტანეთ გულთან და გაითავისეთ მათი ტკივილი? იცით, რა ძნელია გერქვას შვილმოკლული მშობელი და სიმართლის დადგენაში ვინმე ხელს გიშლიდეს? ამ მდგომარეობაში მყოფებს, ბევრს ჭკუაც არ მოგვეკითხება. მე მაგალითად, გაგიჟებას ძლივს გადავურჩი. მაგრამ ახლაც შეიძლება ისეთი უაზრო რამ ჩავიდინო, რომ მერე თვითონაც მიკვირს.

მინდა ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვთხოვო ჩვენს მთავრობას, რომ არ ჩაიდინონ ასეთი გამაღიზიანებელი რაღაცები. სჯობს მხარში ამოგვიდგნენ და პატივი სცენ ჩვენს ტკივილს.

არავის უნდა ერქვას შვილმოკლული ან შვილმკვდარი მშობელი. განა, ჩვენ გვსურდა ასე მომხდარიყო? ეს მოხდა და ჩვენ ახლა გვჭირდება სამართალი. დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებსაც სხვისი სიცოცხლე არად უღირთ.

არც შიმშილზე, არც სხვა გასაჭირზე არ ვიღებ ხმას. ხომ ვიცით ყველამ, ცუდ მდგომარეობაშია ბევრი ოჯახი ამ ჩვენს პატარა საქართველოში, მაგრამ შვილებს მაინც ნუ დაგვიხოცავთ და ხელს ნუ გვკრავთ, გვერდს ნუ აგვივლით, თვალს ნუ აგვარიდებთ ჩვენ, შვილმოკლულებს, რადგან ამაზე დიდი ტკივილი და უბედურება არ არსებობს ამქვეყნად...

ყველა შვილმკვდარ მშობელს ენატრება თავისი შვილი. ძალიან ძნელია ბავშვებო უთქვენოდ ცხოვრება, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის... ღმერთო, ყველას აშორე ასეთი სიმწარე და ყველას შვილი დაიფარე, რათა ასეთი საშინელი ტკივილი არ შეიგრძნოს არც ერთმა მშობელმა.

მინდა ყველას ვთხოვო: ცხოვრება ხანმოკლეა. მოვიხედავთ და ვხვდებით, წლები გაქცეულა. გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ერთმანეთის ტკივილსა და სიხარულს. ჩვენ ხომ პატარა ერი ვართ და გამრავლება გვჭირდება. განა ჰყავს ჩვენს პატარა საქართველოს უაზროდ დასაკარგი შვილები?!"

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com