ჯაფარიძეთა ნატერფალები - გზაპრესი

ჯაფარიძეთა ნატერფალები

ცნობილი ჟურნალისტი, გეოლოგი და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ივანე ჯაფარიძე პირველი ქართველი მთამსვლელი ქალის, ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული ალექსანდრა ჯაფარიძის ძმისშვილია. ის არასოდეს დაქორწინებულა, ძმისშვილი იურიდიულად იშვილა და სიცოცხლე მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ გაატარა. ფასდაუდებელია მისი და მისი ძმების, სიმონისა და ალექსანდრეს ღვაწლი ქართული ალპინიზმის ისტორიაში. ოჯახის 150-წლიანი ისტორიის ამსახველი დოკუმენტები ივანე ჯაფარიძის სახლშია თავმოყრილი. იმავე სახლში, სადაც ჟურნალისტი მამიდასთან ერთად ცხოვრობდა. სტუმრად მისულს ივანე ჯაფარიძემ ერთი ოჯახის სამი წევრის ლეგენდარული ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ამაღელვებელი ისტორია მიამბო...

- ჩვენი ოჯახიდან პირველი მთაში 1923 წელს ალექსანდრა წავიდა. ეს თარიღი არა მხოლოდ ქართული, არამედ საბჭოთა ალპინიზმის საწყისად მიიჩნევა. მანამდე კავკასიონზე მხოლოდ უცხოელები დადიოდნენ. ამ დროიდან კი ქართველებმა განსაზღვრეს ალპინიზმის არსი და მიმართულება. მყინვარწვერზე სამეცნიერო ექსპედიცია გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა, ალექსანდრე დიდებულიძემ მოაწყო. სხვადასხვა სპეციალობის მონაწილეები (გეოლოგები, სინოპტიკოსები, ბოტანიკოსები, მეტეოროლოგები) გარემოს საკუთარი პროფესიული ინტერესის მიხედვით შეისწავლიდნენ. ალექსანდრა ამინდის ბიუროში მეტეოროლოგ-სინოპტიკოსად მუშაობდა. დილით ცას რომ შეხედავდა, ზუსტად იცოდა, საღამომდე როგორი ამინდი იყო მოსალოდნელი. უნივერსიტეტამდე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია დაამთავრა, რის შემდეგაც, ორი წელი ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშის სკოლაში პედაგოგად იმუშავა. სხვათა შორის, მისი მასწავლებელი გახლდათ ანდრია რაზმაძე, ნიკო მუსხელიშვილი, არჩილ ხარაძე. ლაილაშის შემდეგ თავის მშობლიურ სოფელში, ხრეითში დაბრუნდა, სადაც მაშინ სკოლა არ იყო. მოსწავლეებს ჯერ საკუთარ სახლში ასწავლიდა ანგარიშსა და არითმეტიკას, მოგვიანებით კი, ადგილობრივების თანადგომით ოროთახიანი ფიცრულის აგება მოახერხა. ეს სკოლა დღეს უკვე ოთხსართულიანია და მისი დამაარსებლის, ალექსანდრა ჯაფარიძის სახელს ატარებს.

GzaPress- პედაგოგიური მოღვაწეობა მან მოგვიანებით, ახალდაარსებულ პიონერთა სასახლეში განაგრძო...

- დიახ, მამიდამ იქ ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტისა და თავად სასახლის ერთ-ერთი დამაარსებლის, მზია ერისთავის მიწვევით დაიწყო მუშაობა. ეს ქალბატონი ფანტასტიკური მოვლენა გახლავთ საქართველოს ისტორიაში. თუმცა, მის სახელს რატომღაც, ჩრდილი ადგას. ალექსანდრა გამოჩენილი მთამსვლელი, უშბის გმირი იყო. ბავშვები საქართველოს გასაცნობად დაჰყავდათ. არაერთ მეცნიერსა და აკადემიკოსს შორის მათი მოსწავლეები იყვნენ გურამ რჩეულიშვილი, გია ჭუბაბრია, მერაბ კოკოჩაშვილი, ლანა ღოღობერიძე. მათ არაერთხელ აღუნიშნავთ: რომ არა ჩვენი პედაგოგები, ვერასოდეს მივხვდებოდით, რა პროფესია აგვერჩიაო. მხატვარმა თენგიზ მირზაშვილმა პირველად სწორედ მაშინ ნახა მთა-თუშეთი და მას შემდეგ მისი შემოქმედების მთავარი თემატიკა თუშეთი გახდა. მთიდან დაბრუნებულ პედაგოგებს "კაგებეში" უხდებოდათ იმის ახსნა, რომ ბავშვები არა ეკლესიებში, არამედ "ისტორიული და კულტურული ძეგლების გასაცნობად" დაჰყავდათ... რთული დასაჯერებელი იყო, რომ ამ კაფანდარა ქალბატონს 30-კილოიანი ზურგჩანთით, კავკასიის ურთულესი ტრავერსი ქედ-ქედ ჰქონდა მოვლილი...

ალექსანდრამ ასამდე სპორტული ასვლა განახორციელა კავკასიონის მწვერვალებზე. საეტაპო იყო პირველი ასვლები მყინვარწვერზე, თეთნულდზე, უშბაზე, დიხთაუზე, ცენტრალური კავკასიონის მცირე და დიდ ტრავერსზე. მყინვარწვერის კალთებზე აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბული, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ "განდეგილი" უძღვნა. ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის, მორის ერცოგის წიგნი "ანაპურნა". მისი სახელი მიენიჭა მწვერვალს კავკასიონზე, ჭაუხების მასივში. ცხოვრებაში ბევრი ვაჟკაცი და მტკიცე სულის ადამიანი მინახავს, მაგრამ მსგავსი გაუტეხელი სულის პიროვნება არ შემხვედრია.... არასოდეს შეაწუხებდა სამთავრობო უწყებებს საკუთარი, პირადი საქმისთვის. სხვის გამო კი, ოთარაანთ ქვრივივით, რკინის ქალამნებით ივლიდა... მრავალი ორდენით, მედლითა და სიგელით დაჯილდოებული ისე გარდაიცვალა, სრული რესპუბლიკური პენსიაც არ ჰქონდა... არასოდეს დაქორწინებულა. ერთი ჩანაწერი აქვს, სადაც სიყვარულს მყინვარწვერს უხსნის (იცინის). ერთადერთი, მყინვარწვერმა მოახერხა მისი გულის დაპყრობა... დედობა დისშვილებსა და ძმისშვილებს გაუწია. მისი დისშვილი გახლდათ მარჯანიშვილის თეატრის ცნობილი მსახიობი ტარიელ საყვარელიძე.

- გვითხარით ალექსანდრა ჯაფარიძის ორი ძმის, სიმონისა და ალექსანდრეს შესახებ, რომლებმაც ასევე წარუშლელი კვალი დატოვეს საბჭოთა და ქართული ალპინიზმის განვითარების საქმეში...

- სიმონი 1925 წელს, გიორგი ნიკოლაძის მიერ იალბუზზე მოწყობილ პირველ საბჭოთა ასვლაში მონაწილეობდა, 1926-28 წლებში კი კავკასიონზე ყველა მნიშვნელოვანი ასვლის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი გახლდათ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩაეყარა საფუძველი კავკასიონის მაღალმთიანეთის მეცნიერულ შესწავლას. 1927 წელს თავის დასთან, ალექსანდრასთან, გახა წიკლაურსა და იაგორ კაზალიკაშვილთან ერთად სრულიად ახალი გზით - გერგეტის მყინვარის გავლით მყინვარწვერზე ავიდა და იქ დადგა ჯიხური, რომელშიც ამინდზე დაკვირვებისთვის საჭირო თვითმჭერი მეტეოროლოგიური ხელსაწყოები განათავსა. ერთი კვირის შემდეგ მყინვარწვერზე ავტომატური ჩანაწერის მოსახსნელად დაბრუნდა. იმ დროისათვის ეს გახლდათ მსოფლიოში პირველი ავტომატური ჩანაწერი 5 000 მეტრ სიმაღლეზე. ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. კვლევის შედეგები ინგლისის გეოგრაფიული საზოგადოების ჟურნალში დაიბეჭდა, ხოლო მწვერვალიდან მოხსნილი დიაგრამა პარიზში, მსოფლიო მიღწევათა გამოფენაზე გაიგზავნა. სიმონის პირველი სამეცნიერო ექსპედიციების ხელმძღვანელის სახელს უკავშირდება 1928 წელს მყინვარწვერზე მოწყობილი პირველი რადიო და კინოექსპედიცია, რომლის შემადგენლობაშიც 41 კაცი (მათ შორის, 7 ქალი) იყო. პირველად მთამსვლელობის ისტორიაში მწვერვალზე ორი კინოაპარატი ამუშავდა და რეჟისორ ნიკოლოზ ლებედევის ხელმძღვანელობით ფილმი - "კავკასიის კარიბჭე" გადაიღეს. იმავე წელს კახეთში, ლოპოტის ხეობაში სიმონმა მანამდე სრულიად უცნობი თეთრი მარმარილოს საბადო აღმოაჩინა. ეს მარმარილო 60 წლის მანძილზე მსოფლიოს თითქმის 57 ქვეყანაში გაჰქონდათ. 30 წლის გეოლოგს მარმარილოს საქმეში უფრო აქტიური ჩართვის მიზნით სურდა საცხოვრებლად კახეთში გადასულიყო. მალე მეგობრებმა თეთნულდზე გადაწყვიტეს ასვლა. დეპეშა დეპეშაზე მიდიოდა კახეთში სიმონთან. გაცილებაზე დაიყოლიეს, ჩამოსულს კი ძალიან სთხოვეს მათ თან გაჰყოლოდა, რადგან სიმონი მაშინ პირველ მთამსვლელად მიიჩნეოდა. როცა უცხოელები ჩამოდიოდნენ, მათი მოთხოვნა იყო, ექსპედიციის ხელმძღვანელი უპირობოდ სიმონი ყოფილიყო. ყველას ხიბლავდა მისი, როგორც სპორტული, ისე ადამიანური თვისებები. სხვათა შორის, ლოდნარი, ქვათაცვენა - ეს ტერმინები ქართულ მეტყველებაში სიმონის შემოტანილია. ტანვარჯიში, ფეხბურთი, კალათბურთი, წერაყინი - ნიკოლაძისა და მისი გარემოცვის მუშაობის შედეგად დამკვიდრდა. გიორგი ნიკოლაძის ექსპედიცია თეთნულდზე ტრაგიკულად დასრულდა - განსაცდელში ჩავარდნილი თანამგზავრის, პიმენ დვალის გადასარჩენად სიმონმა ყველაფერი იღონა, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლო და თავადაც გადაჰყვა... ქართველ მთამსვლელთაგან კავკასიონზე ეს პირველი მსხვერპლი იყო. სიმონის სახელი მიენიჭა მწვერვალს კავკასიონზე და ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოროლოგიურ სადგურს. სიმონის 5-წლიანი ღვაწლი მეტისმეტად პროგრესული იყო მაშინდელი რეალობისთვის. პარადოქსია, მაგრამ მსოფლიომ უკეთ იცის მისი ღვაწლის შესახებ, ვიდრე საქართველომ.

- სიმონის დაწყებული საქმის გასაგრძელებლად და მისი განუხორციელებელი გეგმების განსახორციელებლად ალპინიზმის განვითარების საქმეში მისი ძმა, ალექსანდრე ჩაერთო... "რომ არა სიმონის ტრაგიკული სიკვდილი, მე, ალბათ, არასოდეს ვიფიქრებდი მთებზე", - წერდა ალიოშა ჯაფარიძე...

- სიმონის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე მის საფლავზე ფიცი დადეს, რომ თეთნულდზე ავიდოდნენ. ამას და-ძმა მშობლებს უმალავდა. როცა მათ გადაწყვეტილება გაანდვეს, არათუ არ დაუშლიათ, მამამ უთხრა, მეც წამოვალ, საზარელ კლდეებს შორიდან მაინც შევხედავო. დედამ კი მათ ტანსაცმელი და კარავი შეუკერა. ალიოშა სამ დღეში ორჯერ ავიდა თეთნულდზე: ერთხელ მარტო, მეორედ სხვებთან ერთად. მათ იქ ფირფიტა დატოვეს წარწერით: "სიმონ ჯაფარიძის ხსოვნას აქ მოსული მისივე და-ძმისგან მისი დამსხვრეული მისწრაფებების აღსადგენად". ალიოშა თეთნულდიდან უკვე გამოცდილ მთამსვლელად დაბრუნდა და შემდეგი 16 წელი ლიდერის პოზიცია არ დაუთმია. ყველა ასვლის შესახებ დაწერილი აქვს. მისი რჩეული ნაწერები წიგნადაც გამოიცა. შესრულებული აქვს ასზე მეტი ასვლა პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე. მან პირველმა შეისწავლა და გამოიკვლია ხვამლის, ორხვის, ორპირის, ტვიშის, შიომღვიმისა და უფლისციხის გამოქვაბულები, კაცხის სვეტი. მისი სახელი მიენიჭა მის მიერ დაარსებულ ალპურ კლუბს, მწვერვალებს პამირსა და კავკასიონზე. რაც სიმონს ჰქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი განახორციელა. მთელ საბჭოთა კავშირში გამორჩეული გმირი იყო. როცა 1936 წელს ყამირის მთიანეთის ათვისება დაიწყო, საბჭოთა კავშირიდან ალიოშა წაიყვანეს, როგორც გამოცდილი ინსტრუქტორი. ერთ პატარა მწვერვალზე სამი დღე და ღამე გაუჩერებლად იარა და ფეხები მოეყინა, ათივე თითი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მთაში ფეხის თითების გარეშე იარა. სხვათა შორის, სიმონი და ალიოშა კოჯორსა და ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. შეტაკებისას დაღუპული ერთ-ერთი მიცვალებული ალიოშას მიამსგავსეს - მას, როგორც ალიოშას, წვივზე ძაღლის ნაკბენი ჰქონდა და როგორც ალიოშა ჯაფარიძე, მარო მაყაშვილის გვერდით დაკრძალეს. როცა ცოცხალი ალიოშა კოჯრიდან დაბრუნდა, ახლობლებს ხუმრობით უსაყვედურა, ერთადერთი კოსტიუმი მქონდა და ისიც სხვას ჩააცვითო... როცა მთაში სიარულის გამო საყვედურობდნენ და ცოლის მოყვანას სთხოვდნენ, ხუმრობდა, - ერთხელ უკვე მოვკვდი, მეორედ როგორღა მოვკვდებიო?!

GzaPress- 1945 წელს ალიოშამ პირველმა შებედა ზამთრის უშბას...

- ექსპედიციაში ნიკოლოზ მუხინსა და ქელეშბი ონიანთან ერთად წავიდა. მალე ამინდი სასტიკად გაუარესდა. ქარბუქი ტრიალებდა, ყველაფერი ნისლში იყო გახვეული... მისი დაღუპვის ღამეს ალექსანდრა უშბის ძირას მცხოვრები ცნობილი "მთამსვლელთა დედის", მაკრინე ქურდიანის სახლში იყო. თავი აიძულა, ფურცელზე საკუთარი განცდები გადაეტანა. ცხედრების სანახავად უშბის მწვერვალებზე წასვლის უფლება მთამსვლელთა ჯგუფს მხოლოდ მომდევნო წელს მისცეს. ალექსანდრამ ბოლომდე გაიარა ძმის მიერ გავლილი გზა. მთლიანად გათეთრდა უშბის მწვერვალზე მდგომი ქალბატონი მას შემდეგ, რაც ძმის დატოვებული უკანასკნელი ბარათები საკუთარი ხელით გახსნა... პირველი ჭაღარა მას სიმონის დაღუპვამ არგუნა. 12 წლის მანძილზე თითქმის ყოველ წელს დადიოდა ალექსანდრა ძმის ცხედრის მოსაძებნად. სამი მეგობრის ცხედარს შემთხვევით მთამსვლელთა ჯგუფი წააწყდა. ფეხის თითებით მიხვდნენ, რომ ერთ-ერთი ალიოშას ცხედარი იყო. ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როცა უშბამ თავისი მსხვერპლი "დააბრუნა"... ალექსანდრას უშბის მიმართ მუდამ გაორებული გრძნობა ჰქონდა - მან აქცია გმირად და მანვე წაართვა ძმა...

- მთამსვლელობა თავად არ გიცდიათ?

- არ შეიძლებოდა ინტერესი არ მქონოდა, მთაზე საუბარში გავიზარდე... მაგრამ ალექსანდრას არ სურდა ამით სერიოზულად დავინტერესებულიყავი. ერთხელ, როცა მეგონა, რომ მთაში წასვლაზე დავითანხმე, გზაში შესვენებისას მითხრა: შემომფიცე, რომ სანამ ცოცხალი ვარ, მთაში არ წახვალო. გავბრაზდი და თავისი ნათქვამი შევახსენე: თუ წესებს დაიცავ, უსაფრთხოდ ივლიო. პასუხი ორი სიტყვით გამცა: "ეყოფათ ჯაფარიძეებს მთაში სიარული!" 79 წლის ასაკში, ჩემს ხელში გარდაიცვალა... მისი დაღუპვიდან სამი თვე გარეთ არ გავსულვარ, ამ ოჯახის 150-წლიან ისტორიას - დღიურებს, ჩანაწერებს ვეცნობოდი...

შორენა ლაბაძე