ლამაზი წყვილისა და მათი მცირეწლოვანი შვილების ტრაგიკული აღსასრული - გზაპრესი

ლამაზი წყვილისა და მათი მცირეწლოვანი შვილების ტრაგიკული აღსასრული

რუსთავში მომხდარი სულისშემძვრელი ტრაგედიის დეტალებზე წერა ძალიან მიმძიმს. ალბათ არასოდეს დამავიწყდება 16 ნოემბერი, როცა რუსთავის მე-11 მიკრორაიონში მივედი. დევნილთა დასახლებისკენ როგორც კი გადავუხვიე, ერთმანეთის მიყოლებით მდგარი სამი კატაფალკა შევნიშნე. იმ დღეს გაბელაიების ოჯახის ოთხი წევრი: გია გაბელაია, მისი მეუღლე, ქეთი დანელია, და მათი ორი პატარა: 2 წლის ნიკოლოზი და 9 თვის ნინო მიწას მიაბარეს.

GzaPressოთხი ლამაზი სიცოცხლე გაზის გაჟონვის შემდეგ შეჩერდა. სიკვდილი გაზით გაგუდვამ გამოიწვია.

მათთან გამოსამშვიდობებლად რუსთავში უამრავი ადამიანი ჩავიდა, უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილი იყო - გია და მისი მეუღლე ხომ სოხუმიდან იყვნენ. ერთმანეთს ცხოვრება წლების წინ დაუკავშირეს. ახალგაზრდა წყვილი მშობლიურ კუთხეში დაბრუნებასა და შვილების ლამაზ მომავალზე ოცნებობდა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ოცნება ოცნებად დარჩა.

სამძიმარზე აფხაზეთის ხელისუფლებიც წარმომადგენლებიც მივიდნენ.

ეზოში გაშლილ ფანჩატურში ოთხი ცხედარი ესვენა. ძნელია ასეთ დროს რაიმე სანუგეშო უთხრა ჭირისუფალს.

"როგორ ვიცხოვრო უთქვენოდ, არ მინდა სიცოცხლე, არა," - ახლაც ჩამესმის გიას დედის გოდება.

ყველა ცხარე ცრემლით გარდაცვალებულებს და მომხდარს ერთმანეთს უსამძიმრებდნენ. ყველაზე მძიმე ბოლო წუთები იყო: ჯერ პატარა ნინო გამოსვენეს, შემდეგ - ნიკოლოზი, ბოლოს მათი მშობლები. ისინი თბილისის ზღვაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.

"აწი როგორ ვიცხოვრებთ ამ კორპუსში, არ ვიცით. საშინელ დღეში ვართ. ნახეთ, რა ლამაზი იყო ჩემი ფერია, ჩემი პატარა ნინო? ჩემი პატარა ნიკოლოზი დიდ ბიჭს ჰგავდა. როგორ მიხაროდა მათი დანახვა. ეზოში როგორც კი მოვკრავდი თვალს,, მაშინვე მათთან გავრბოდი, ვასეირნებდი და ბავშვებთან თამაშით გულს რომ ვიჯერებდი, ვამბობდი: ახლა დოპინგი მიღებული მაქვს და საქმეებს კარგად გავაკეთებ-მეთქი. პატარა გოგონა წლის გახდებოდა თებერვალში. საოცარი თვალები ჰქონდა, სულ მიღიმოდა. ჩემი ჭორიკანა გოგო ხარ შენ-მეთქი, - ასე ვეფერებოდი. ეს სრული შოკია ყველასთვის, გული მომიკვდა", - მოთქვამდა მომხდარით შეძრწუნებული თვალცრემლიანი მეზობელი, ირინა ჩიხლაძე. სხვა მეზობელი ქალბატონებიც სადარბაზოსთან იდგნენ და ტიროდნენ.

ირინა:

- გია გაბელაიას ოჯახი დევნილობის პირველ წლებში წყალტუბოში ცხოვრობდა. მერე რუსთავში, დევნილთა დასახლებაში იყიდეს ბინა. აქ რომ გადმოვიდნენ, მაშინ ქეთი ნიკუშაზე იყო ფეხმძიმედ. საოცარი ოჯახი ჰქონდათ. პატიოსანი, მშრომელი, მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ. გიამ ხელობა იცოდა და ჩემს სახლშიც ბევრი რამ მისი გაკეთებულია. ოჯახზე, შვილებზე მზრუნველი მამა იყო. მეორე სართულზე ჰქონდათ ბინა. მოგვიანებით, მატერიალური პრობლემები შეექმნათ და იძულებული გახდნენ, ბინა დაეგირავებინათ. ჭერის გარეშე დარჩნენ, ამიტომ მეზობლისგან კორპუსის სხვენზე ოთახი შეისყიდეს, თავადაც ჰქონდათ იქ ფართი და ორი ოთახი "გააკეთეს". თავისი ხელით მოაწყო ყველაფერი, კოხტად ცხოვრობდნენ.

ქეთი 33 წლის ბრწყინვალე გოგო იყო, შვილებსა და ოჯახზე გადამკვდარი. გია მუშაობდა, მაგრამ შვილებისთვის დრო ყოველთვის ჰქონდა. პატარებს ყოველდღე ასეირნებდა. ახლახან ჩემს ქმარს უთხრა, - კარგი საქმე მაქვს ასაღები და ამოვისუნთქავო. ბოლოს რომ ვნახე, ნიკუშა მხრებზე ეჯდა... ივნისში ნიკუშა 2 წლის გახდა. ძალიან საყვარელი ბიჭი იყო... იმ ღამით, 3-ის 15 წუთზე "ჩაქრა" თურმე მათი "ოდნოკლასნიკი". თურმე, იტალიაში მყოფ ამხანაგსაც ესაუბრნენ "სკაიპით"... გიას და-ძმა ჰყავს. ძმა დაოჯახებული არ არის, მოსკოვში ცხოვრობს და ნიკუშა რომ დაიბადა, საგანგებოდ ჩამოვიდა რუსეთიდან. და გათხოვილია, მაგრამ შვილი არ ჰყავს და ამ ბავშვებზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ყველა ამათი სიხარულით ხარობდა და უცებ, ეს საშინელება დატრიალდა.

მზია კიკალიშვილი, მეზობელი:

GzaPress- მესამე სართულზე ვცხოვრობ. 9 საათი ხდებოდა, როცა ხმაური ატყდა. გიას მამა - ჟორა და მეზობლის კაცი კარს ამტვრევდნენ. მამა მოთქვამდა: მგონი, დავიღუპე, ხმას არავინ იღებსო. ვამშვიდებდით, - შეიძლება, სასეირნოდ გაიყვანეს ბავშვებიო, მაგრამ კაცი ვერ ისვენებდა. ამბობდა, ასე რომ იყოს, გასაღებს ჩემთან დატოვებდნენო. შიგნიდან კარში გასაღები რომ ნახა, მთლად გაგიჟდა... კარი რომ შეამტვრიეს, იქ რაც ვნახეთ, ამის გადმოცემა შეუძლებელია. საშინელი სიტუაცია იყო, გაზის სუნი იდგა და მაშინათვე გავაღეთ ფანჯრები. ბავშვები საწოლზე იყვნენ. ქეთი ლოგინზე იჯდა, ცალი ფეხი საწოლიდან გადმოდგმული ჰქონდა. ალბათ, წამოდგომას ცდილობდა და გონება დაკარგა. ბავშვები სასწრაფოდ, გარეთ გამოიყვანეს. აბაზანაში რომ შეიხედეს, გია იქ ნახეს წაქცეული. ეტყობა, ბანაობდა და ამ დროს გაიგუდა. ქეთის და გიას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. ნიკუშა თითქოს, თვალს ახამხამებდა. წამის დაკარგა არ შეიძლებოდა. სამჯერ დავრეკე "სასწრაფოში", მაგრამ 40 წუთის განმავლობაში არ გამოჩნდნენ. ვყვიროდი, რას შვრებით, ვიღუპებით, მოდით, დაგვეხმარეთ-მეთქი. მეზობლები არ დაბნენ და პატარებს ხელოვნური სუთქვა ჩაუტარეს, მერე მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს იმ იმედით, რომ ნიკუშას მაინც გადარჩენდნენ. სამწუხაროდ, დაგვიანებული აღმოჩნდა. არადა, მეზობლები ყვიროდნენ, - ნიკუშას გულმკერდი თბილი აქვსო. "სასწრაფო დახმარება" დროზე რომ მოსულიყო, იქნებ ეშველათ მისთვის...

მეზობლების თქმით, ამ შემზარავი ფაქტის თვითმხილველმა ბაბუამ თავის მოკვლა სცადა და ფანჯრიდან ხტებოდა, მაგრამ შეაჩერეს.

"ნიკუშას მეზობლის გოგო, ემა გოროზია უტარებდა ხელოვნურ სუნთქვას. ის დღემდე ვერ გამოვიდა შოკური მდგომარეობიდან. თავისი ხელით გამოიყვანა ბავშვი ოთახიდან და მერე მეზობელ ბიჭს გადასცა, მიშველეო. მანქანით წაიყვანა გოჩა ყოლბაიამ. ხელში ატატებული ბავშვი საავადმყოფომდე მიიყვანა და მერე მეორე მეზობლისთვის უთქვამს, - მეტი აღარ შემიძლია, ბავშვი გამომართვიო. იმ ბიჭმა ორსაათნახევარი რეანიმაციაში გაატარა, ისე ინერვიულა მომხდარი. ექიმებს უთქვამთ, საავადმყოფოში რომ არ ყოფილიყავი, ინფარქტს მიიღებდაო... საწყალ გიას უნიტაზზე ჰქონდა თავი დატყმული. არ დავლოდებივართ "სასწრაფოს", მაგრამ ბავშვი მაინც ვერ გადავარჩინეთ... დარძალვის წინა ღამეს მეზობელს დაესიზმრა: ოთხივე ერთად, ეზოში იყვნენ. საქანელაში იჯდნენ ბავშვები, მშობლები კი მათ თავს ევლებოდნენ, იღიმოდნენო. იმ ადგილას ყვავილები დავალაგეთ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ უსაყვარლესი ადამიანების სულები," - ტირილით დასძინა ქალბატონმა ირინამ.

დაკრძალვაზე გიას თანაკლასელები, მასწავლებლები იყვნენ და მასთან ერთად გატარებულ წლებს იხსენებდნენ.

- 43 წლის იყო გია, საოცარი იუმორი ჰქონდა. ყველას გვერდით ედგა. ძალიან კეთილი ბიჭი გახლდათ. ცოლ-ქმარს საოცარი სიყვარული აკავშირებდა; დაახლოებით ისეთი, როგორიც რომანებში წაგვიკითხავს. 5 წელი შვილი არ ჰყავდათ, მერე გაჩნდა ნიკუშა და ძალიან ბედნიერები იყვნენ... ზუგდიდში ვცხოვრობ და ძირითადად, სოციალური ქსელით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. წლების წინ, თბილისში შემთხვევით ვნახე, ანტიკვარულ ნივთებს ყიდდა ბაზრობაზე. პატარაობიდანვე ლამაზ ნივთებზე გიჟდებოდა. ვუთხარი, შენი ჰობი საქმედ გიქცევია-მეთქი... საოცრად კარგი ადამიანი დავკარგეთ. ეს დიდი დანაკლისია. ჩვენს კლასში გია უკვე მეოთხე გარდაცვლილია. ძალიან გვტკივა მეგობრისა და მისი ოჯახის წევრების დაკარგვა", - მითხრა გიას თანაკლასელმა გოგონამ.

მათ სოხუმის მე-16 საშუალო სკოლა დაამთავრეს. მათემატიკის პედაგოგი, ლამარა გაბელაიაც თვალცრემლიანი იხსენებს გიას ბავშვობას.

- წესიერი მოსწავლე იყო. სამივე და-ძმამ ისე დაამთავრა სკოლა, შენიშვნა არასოდეს მიუღიათ. გიას ორგანიზატორული ნიჭი ჰქონდა. მამამისი და მე აბაშაში ერთად გავიზარდეთ და სოხუმშიც ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით. ისინი ახალი რაიონის დასაწყისში, სკოლასთან ახლოს, სამხედრო სახლში ცხოვრობდნენ, მე კი ეშბას ქუჩაზე. გიას მამას დიდი იუმორი ჰქონდა და ეს ნიჭი შვილებსაც გამოჰყვათ. ვიცნობდი მის მეუღლესაც. ქეთი ძალიან მოწესრიგებული, სუფთა, კრიალა გოგო იყო. ღმერთს არ უნდა დაეშვა მათი სიკვდილი. გიას დეიდამ მითხრა, - იმდენად უყვარდა ცოლ-ქმარს ერთმანეთი და ისე იყვნენ შვილებზეც შეყვარებული, რომ ღმერთი სხვანაირად არ დაუშვებდა, ოთხივე ერთად უნდა წაეყვანა ამქვეყნიდანო.

GzaPressგიას თავისი პირველი მასწავლებელი, ქალბატონი ელისოც გამოეთხოვა:

- ზოგი პირველკლასელი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ზოგს ძილი უნდოდა, ზოგს - ფუნთუშა ეჭირა ხელში. სკოლის დირექტორმა გამომიცხადა - კოლია ბაკარაძე უნდა შემოვიყვანო შენს კლასშიო. ის ქართული ენა-ლიტერატურის ინსპექტორი იყო, ძალიან მკაცრი, საქმის მცოდნე და მისი დასწრების ყველას ეშინოდა. წინა დღეს დასურათებული "ვიტვიტა და ბათურა" გავარჩიეთ, გია ვამღერე კიდეც. მეორე დღეს ისევ გია გამოვიძახე, პირზე ხელი აიფარა და მეუბნება, დასაწყისი დამავიწყაო. პატარა ბუჭუნა იყო, შავი, ლამაზი თვალებით. ზღარბივით ჰქონდა თმა. შევახსენე დასაწყისი და ისე ჩამოარაკრაკა, ყველანი გაოცებულები უსმენდნენ. მერე ლექსის წაკითხვის დრო რომ მოვიდა, მანიშნა, შეიძლება, ვიმღეროო? - კი-მეთქი და ისე იმღერა თავისი ჩახლეჩილი ხმით, რომ სკოლის დირექტორი და კოლია სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდნენ... ძალიან ვწუხვარ და ძალიან მტკივა, რაც მოხდა. გია და მისი ოჯახი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება...

თეა ხურცილავა