რამ გააკვირვა თიანეთელების ინგილო რძალი
font-large font-small
რამ გააკვირვა თიანეთელების ინგილო რძალი
"სახლში რომ არ დავხვდი, ჯოხი მომცხო და მომცხო"

ახალსოფელი თიანეთიდან 5 კილომეტრში, მდინარე საგამზე (ივრის მარცხენა შენაკადი) მდებარეობს, ზღვის დონიდან 1160 მეტრზე. სოფელი საქართველოს საპატრიარქოს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას ექვემდებარება და იქ 2014 წლის აღწერის მონაცემებით, 226 კაცი ცხოვრობს. დროის სიმცირის გამო, იქაურობის გულდასმით დათვალიერება ვერ მოვასწარი, სულ რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს შევხვდი, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა ფშავლების სიკარგეში დასარწმუნებლად. ახალსოფელში რიგიშვილების მრავალშვილიანმა ოჯახმა მიმასპინძლა. იოსებ რიგიშვილსა და ნუგელი ჯანაშვილს 5 შვილი ჰყავთ: უფროსი - ნათია, 29 წლისაა, შემდეგ სალომეა, მერე ივანე, მარიამი და თამთა. იოსები პროფესიით ინჟინერია, ამჟამად ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის თიანეთის ფილიალში მენეჯერად მუშაობს.


იოსებ რიგიშვილი:
- მეგონა, კიდევ ვინმე მომბაძავდა, მაგრამ ისეთი გაჭირვების წლები იყო, იშვიათად თუ ვინმე ბედავდა ბევრი შვილის ყოლას. როცა დავქორწინდი, 26 წლის ვიყავი, ნუგელი კი - 19-ის გახლდათ. მე დედმამიშვილი მყავს, ჩემს მეუღლეს - 3 და. მინდოდა, სიმამრისა და მშობლებისთვისაც მეჯობნა, კიდევ 2 მიმემატებინა, მაგრამ გადავიფიქრეთ. ჭირდა ცხოვრება, თუმცა, ღვთის შეწევნით, რაღაცნაირად თავი გაგვქონდა. ცოტა ხანს ქალაქში ვიყავით, მერე ისევ სოფელს დავუბრუნდით - მინდოდა, ბავშვები აქ გაზრდილიყვნენ. არ მომწონს, სოფელს რომ მიატოვებენ და ქალაქში ზრდიან შვილებს. აბა, შეხედე, რამოდონაა (ერთ-ერთზე მანიშნებს და თან იცინის. - ავტ.), ქალაქში რომ გაზრდილიყო, ამოდონა იქნებოდა? ჩემი ძმაკაცები მეუბნებოდნენ, ამ ბავშვებს რატომ სტანჯავ, დილაადრიანად რომ წამოყრი და მეზობელ სოფელსაც კი მოარბენინებ ხოლმეო? მინდოდა, ჯანმრთელები ყოფილიყვნენ.
- შვილებს თავიდანვე აჩვევდით შრომას?
GzaPress
ნათია:
- გვაჩვევდა რომელია?! სისხამ დილითვე გაგვყრიდა ხოლმე გარეთ საქმის საკეთებლად (იცინის)... სოფლის საქმე რაც არის, ყველაფერი ვიცით.

- ალბათ გეამაყებათ მრავალშვილიანი მამა რომ ხართ...

იოსები:
- სიამაყის რა მოგახსენოთ, დიდი ბედნიერება კი ნამდვილად არის. ხომ იცით, მშობელს უნდა, რომ მისი შვილი ყველაზე საუკეთესო იყოს და ხშირად უწყრება. ზოგჯერ იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე წარმოგვიდგენია, ზოგჯერ - პირიქით. ამიტომაც არის საინტერესო მშობლის "პროფესია".
- რთული არ არის ამდენი შვილი გზაზე დააყენო, აღზარდო, ყველას ასწავლო კარგისა და ცუდის გარჩევა?
- ერთხელ ჩემმა მეუფემ მითხრა ქადაგებაში, - როცა შვილზე ვეღარ მოქმედებ და ატყობ, რომ არ გისმენს, არც შენს რჩევას უგდებს ყურს, უნდა შეწყვიტო შთაგონება და უფალს სთხოვო, მათზე იზრუნოსო - შვილებთან უფალზე საუბარს სჯობს, უფალს ესაუბრო შვილებზეო. ასეცაა, ალბათ უფალს უნდა მიანდო მართლაც, მან უკეთ იცის და უკეთ მიხედავს, მაგრამ მშობელი ხარ და გინდა, დაარიგო, სწორი გზა უჩვენო. ვცდილობ, ეს ლოცვითა და მარხვით შევძლო.
- სტიქაროსანიც ყოფილხართ...
- 1991 წელს ახალი აღთქმა მაჩუქეს. გადავშალე, წავიკითხე, ბევრი რამ ეამა სულს, ბევრი რამ მენიშნა, თუმცა ეკლესიაში გვიან მივედი. ისეთი მოძღვარი შემხვდა, მამა იაკობ უშიკიშვილი, სხვა გზა არც მქონდა, აქტიური ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. სტიქაროსნობა დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.
- მოგწონთ ახლანდელი თაობა? ხშირად ისმის საყვედურები მათი მისამართით.
- მართლაც, ხშირად განვიკითხავთ ამ თაობას, მაგრამ დრო იცვლება და დროსთან ერთად, შეხედულებებიც. ჩემი სტუდენტობისას შარვლით რომ დაგვენახა გოგონა, ის გვიკვირდა. ახლა აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია, ყველაფერი ცუდი დაილექება. ისეთი მიწა-წყლის შვილები ვართ, არ გადავჯიშდებით. ცოტა ხანში აუცილებლად გაიღვიძებს ჩვენში ეროვნული სულისკვეთება, ასე მგონია. თაობა შეიცვლება და ეს გვიშველის. მანამდე კი ვფიქრობ, სოფლებს უნდა მივხედოთ, რომ ყველა არ გაიქცეს აქედან. ჩვენს სოფელში 100-მდე კომლია, მაგრამ მიტოვებულია სახლები, შრომისუნარიანი ვინც არის, წასულია. ან რა უნდა აკეთონ, მიწები მწირმოსავლიანია, რადგან 6 თვე აქ ზამთარია და ძირითადად, მესაქონლეობას მივდევთ.

ნუგელი:
- ამჟამად 60-70 ბავშვი თუ იქნება სკოლაში. წელს პირველ კლასში 7 მოსწავლე მიიღეს, შარშან - 3. მიდიან, ზოგს ცეკვაზე სიარული უნდა, ზოგს სიმღერაზე, მოთხოვნილებები გაიზარდა, ხალხის სასიკეთოდ კი არაფერი იცვლება. ახალგაზრდა რამ უნდა დააკავოს აქ? 6 წელიწადი საბერძნეთში ვიყავი. დავფიქრდები ხოლმე, - ნეტავ, რისთვის წავედი, ღირდა თუ არა ჩემი შვილების ნერვიულობად და მონატრებად? ესენი იმდენად არ ამჟღავნებდნენ დარდს, მაგრამ დედა ხარ და უთქმელადაც გრძნობ, რას განიცდიან შვილები. მარიამი ამის გამო დღემდე მსაყვედურობს. გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი, 5 შვილის გაზრდა ადვილი ნამდვილი არ არის. ის 6 წელი განსაცდელი არ დაელია ჩემს ოჯახს: ჯერ სალომე იყო ავად, თვე-ნახევარი რეანიმაციაში იწვა. ბიჭს ფეხი მოსტყდა, მერე ნათია მოიწამლა და ძლივს გადაარჩინეს. ბავშვს რომ სიცხე აქვს, იმაზეც კი სხვანაირად ნერვიულობ უცხო ქვეყანაში მყოფი და წარმოიდგინე, რა დღეში ვიქნებოდი. არ მომწონს, როდესაც იმის გამო მიდიან, რომ ძვირად ღირებული ტანსაცმელი და მანქანები უყიდონ შვილებს. გაზულუქებული და ფულს დახარბებული შვილები კარგ დღეს არ დააყრიან მშობლებს. იცით, რამდენმა მოიკლა თავი იმის გამო, რომ შვილებმა მათ მიერ ნაყიდ სახლში აღარ შეუშვეს? ერთ ამბავს მოგიყვებით, რაც ზუსტად ვიცი და არა ყურმოკვრით: წლების განმავლობაში მუშაობდა ერთი ქალი. თავისი სახლი გაარემონტა, მერე გათხოვილ შვილსაც უყიდა სახლი. 60 წელი იქ შეუსრულდა და ერთ დღეს, როცა ბებია მოუკვდა, შვილისთვის უთქვამს, ჩამოვდივარო. მერე, სად უნდა მიხვიდე, მამას უკვე მეორე ცოლი ჰყავს, მე ქმარ-შვილი და 1-2 კვირა, კი, მაგრამ მერე სად წახვალო? წარმოიდგინეთ, შვილი ამ ამბავს იმიტომ უმალავდა თურმე, რომ მამამისი თავისი შესანახი არ გამხდარიყო და დედას იქიდან კვლავაც ეგზავნა ფული. მე-4 სართულიდან გადმოხტა ის ქალი, თავი მოიკლა... თან წერილი დაუტოვებია და მეგობარს დაუბარა, რომელმაც მერე ეს ამბავი გვიამბო, - ზღვაში გადამაგდე და საქართველოში კუბოთიც კი არ გამგზავნოო.
- მომიყევით თქვენი დაქორწინების ამბავი...
- თბილისში ვსწავლობდი ფარმაცევტულ ფაკულტეტზე. მე და იოსები სტუდენტობისას შევხვდით, შეგვიყვარდა ერთმანეთი და გამოვყევი. მთის ხალხი სულ სხვანაირია ხასიათით და თავიდან, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა აქაურობასთან შეგუება. საინგილოდან ვარ გამოთხოვილი. მიყვარს იქაურობა, იქ არ ღალატობენ ტრადიციებს - ძველი ადათ-წესებით ქორწინდებიან. გაგიკვირდებათ და მოტაცებულ გოგოს მშობლები სახლში აღარ უშვებენ, ეს ოჯახის სირცხვილად ითვლება. დიდ პატივს სცემენ ოჯახის წევრებს, ნათესავებს.
- ყველაზე მეტად, მაინც რამ გაგაკვირვათ?
- სიცივემ - აქაურებმა გრძნობების გამოხატვა არ იციან და ყველაზე მეტად გამაკვირვა იმან, რომ ქალები ნახირში დადიოდნენ.
- ახლა რას საქმიანობთ?
- სკოლაში დამლაგებლად ვმუშაობ. რა ვქნა, სოფელში სხვა სამუშაო არ არის. ძალიან უჭირთ აქაურებს. გაზი არ არის, ინტერნეტი არ არის, რასაც ძალიან განვიცდი, რადგან ჩემი ორი გოგო გერმანიაში ცხოვრობს: სალომე ბერლინის უნივერსიტეტში კლინიკურ ფსიქოლოგიას სწავლობს, თამთა კი მაგისტრატურაზე ჩასაბარებლად ემზადება. უკან რომ მოიხედავ, ადამიანის ცხოვრება არაფერია, შვილებისა და შვილიშვილების მეტი არაფერი გრჩება...
ნათელა ბებოს მთელი სოფლის ახალგაზრდობა თურმე, მამიდას ეძახის. 17-18 წელი ბაღის გამგედ უმუშავია და ბევრი თაობა აღუზრდია. მხიარული და ენერგიული მოხუცია, ახალგაზრდული სიხალისითა და შემართებით. ერთი ნახვით შეგაყვარებთ თავს. ძალიან უარობდა, ისე დაგელაპარაკებით, არსად არ "დამწეროთო", ფოტოც ძლივს გადავაღებინე ჩემთან ერთად.
- ბადრახიშვილი ვარ გვარად, ჩაბანოდან, აბრამიშვილებში გამოთხოვილი. 75 წლის ვარ და უკვე 53 წელია, ამ სოფლის რძალი მქვია. დამაღონეს გათხოვებაზე ლაპარაკით და დამითანხმეს. დუშეთში ტექნიკუმი დავამთავრე და სოფელში რომ დავბრუნდი, ზოგჯერ დედაჩემის ნაცვლად კოლექტივში გავდიოდი სამუშაოდ. მაშინაც უჭირდა ხალხს, მაგრამ ის გაჭირვება არავის არაფერს "სტკენდა", ერთიმეორე გაჰქონდა ხალხს, არ აბოროტებდათ გაჭირვება. ამას წინათ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ ჩემი სოფლიდან და ერთ-ერთმა თქვა: პაპაჩემმა მიამბოო, რომ მამათქვენი სანდრო (მამაჩემი ცალთვალა კაცი იყო და ომში არ წაიყვანეს) ტყეში შეშისთვის რომ წავიდოდა ციგით, ჯერ ჩვენთან მოიტანდაო: ამათები ყველანი ომში არიან და ვინ მოუტანთ შეშასო? რატომ ვიხსენებ ამას, იცი, შვილო? მაშინ მეზობელი მეზობლის წამალი იყო, ახლა კი ერთმანეთის სიკეთე შურთ. მოკლედ, ჩემს ქმარს მინდორში დავუნახავვარ, მოვწონებივარ და თითქმის ერთი წელი დადიოდა ჩვენს ოჯახში.
GzaPress- არ მოგწონდათ, თუ ამდენ ხანს რატომ აწვალეთ?
- რა ვიცი, გათხოვებაზე არ ვფიქრობდი, სწავლის გაგრძელება მინდოდა. მშობლებმა მითხრეს, რაც ისწავლე, გეყოფაო. გამოუცდელი ვიყავი ძალიან, თან მაშინ მკაცრად ზრდიდნენ შვილებს, ჩვენს ნებაზე ვინ გაგვატარებდა? ბებიაჩემმა ისეთი დარიგება იცოდა, ახლაც მახსოვს. არ უნდა მოგვეპარა, ტყუილი არ გვეთქვა, არავინ უნდა დაგვეწყევლა. გვეტყოდა ხოლმე, ვინც კვერცხებს მოიპარავს, საიქიოს კვერცხის კოშკს ააგებინებენო. თუ ვერ ააგებს, უშველებელი ჯოხით სცემენო. ცემა კი ძალიან გვაშინებდა. განა ისეთი ცემა იცოდნენ წინათ, ახლა როგორიც იციან.
- მაინც, როგორი ცემა იცოდნენ?
- მაგარი! ჯოხითაც და ხელითაც. ეჰ, დედასაც და ბებიასაც რამდენჯერ ვუცემივარ, ვინ მოთვლის. ფუტკარი გვყავდა. გაზაფხულზე ფუტკარმა გამრავლების დროს გაპარვა იცის და ერთხელ ბებიამ დამიბარა, ფუტკარს ჩემს მოსვლამდე თავი არ დაანებოო. ბებია წავიდა თუ არა, მაშინვე ბავშვებთან გავიქეცი სათამაშოდ. მოვიდა და სახლში რომ არ დავხვდი, კაი "გემრიელი" ჯოხი აიღო, აბა, ხელს როგორ დაიღლიდა და მომცხო და მომცხო...
- რატომ არ გარბოდით მერე?
- გავქცეულიყავი და ცემა მერე მენახა. მეც მიცემია ჩემი შვილებისთვის. 4 შვილი გავზარდე, 3 ბიჭი და ერთი გოგო, ყველანი დაოჯახებულები არიან, მხოლოდ პატარა მყავს უცოლოდ, 46 წლისაა (იცინის). ბიჭების აღზრდა კიდევ უფრო რთულია. ვიტყვი ხოლმე, ვინც ბიჭი ინატროს, 9 ბიჭიც ეყოლება, სულ ერთიმეორეზე უკეთესები-მეთქი. კონტროლი და სიმკაცრე აუცილებელია.
- ნათელა ბებო, ახლა ალბათ შვილები გეხმარებიან, არა?
- შვილო, ჩემი რძალი საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობს 240-ლარიან ხელფასზე, 2 სტუდენტი შვილი ჰყავს და მე როგორ უნდა დამეხმაროს? ჩემი შვილი და შვილიშვილი მშენებლობაზე მუშაობენ, ისეთი დაღლილები მოდიან, ჭამის თავიც არ აქვთ. მე და ჩემი ქმარი სახლში ვფუსფუსებთ, ძროხა, ცხვარი, ქათამი გვყავს. იქით უნდათ შვილებს ჩვენი ხელი. ეს ყველაფერი ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ მოიტანა.
- არ მოგწონთ მთავრობა?
- კომუნისტებისა რაც მომწონდა, გეტყვით. იყო ერთი ასეთი ლოზუნგი: ენდე და შეამოწმე. ახლა დანიშნავენ ამა თუ იმ თანამდებობაზე ვიღაცას, მიუშვებენ თავისუფლად, ის უსინდისოც გააკეთებს რაც უნდა, აქაოდა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო და მერე, ბოლოს სთხოვენ პასუხს. ერთ ამბავს მოგიყვები: საახალწლოდ ბაზარში ინდაურებს ვყიდდი. ის დრო იყო, გამსახურდია რომ მოკლეს. მოვიდა ერთი კაცი, შემევაჭრა, დავუკელი. გვერდით მდგომმა ქალმა, - არ მისცე, რას ლაპარაკობ, უფრო ძვირად გაყიდიო. მეც უარი ვუთხარი, - არა, დაამატე-მეთქი თანხა. დაიმახსოვრეო, მითხრა, თუ ამაზე მეტი მოგცეს ვინმემ. გამსახურდია გარემოცვამ დაღუპა და მაგათ ნუ უსმენო. კინაღამ მართლა გასაყიდი დამრჩა ის ინდაური. ამას რატომ ვამბობ, იცით? ერთი ადამიანი - შევარდნაძე იქნებოდა ის, სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ზურაბიშვილი არც ამშენებელია ქვეყნისა და არც - დამანგრეველი, მთავარი გარემოცვაა...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოფელი ქისტაური ახმეტის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 540 მეტრში მდებარეობს.
როცა საუკეთესო მასპინძელი საინტერესო ამბებსაც მოგითხრობს
ვაჟა ტუღუში ფიროსმანისეული ბედის მქონე კომპოზიტორსა და საკუთარ "მეორე სუნთქვაზე"
"ციცქნა სოფლების თემს ბეჩო ჰქვია. ბეჩოს უშბა დაჰყურებს"
როცა შეგიძლია ადამიანებს ბედნიერება მიანიჭო...
"ავრბივარ სცენაზე და ამაყად ვშლი საქართველოს დიდ დროშას"
"ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ დღევანდელ გამოწვევებს გავცეთ ღირსეული პასუხი"
მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოს გამო ინტერნეტმომხმარებლებმა გააკრიტიკეს.
ქართველი მამაკაცის სიმღერით მოხიბლული უკრაინელი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი