ქართველი ქალი, რომელიც ანკარაში ოჯახის წევრივით მიიღეს და შეიყვარეს - გზაპრესი

ქართველი ქალი, რომელიც ანკარაში ოჯახის წევრივით მიიღეს და შეიყვარეს

უცხოეთში ათასობით ქართველი ცხოვრობს, რომელიც სამშობლოდან უსახსრობამ, უმუშევრობამ და ყოფითმა პრობლემებმა წაიყვანა. ეს ადამიანები ტოვებენ შვილებს, შვილიშვილებს, ოჯახებს, რომ მერე მათ უცხოეთიდან დაეხმარონ. ზოგიერთი ემიგრანტის ხვედრი საკმაოდ მძიმეა, თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც უცხო ქვეყანაში ახლობელივით მიიღეს და შეიყვარეს. სწორედ ასე მიიღეს შორეულ ანკარაში თამილა თავაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალიან გაუმართლა.

- ალბათ, მხოლოდ ემიგრანტები გამიგებენ, რა ძნელი გადასაწყვეტია, როცა ოჯახს უნდა მოსწყდე და სრულიად უცხო ქვეყანაში წახვიდე. მეც, ვიდრე ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ ჩემს ოჯახს ასე სჭირდებოდა. ადრე ვერც კი წარმომედგინა, თუ უცხოეთში მომიწევდა წასვლა. ძალიან განვიცდიდი, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ოჯახში არ მივდიოდი - იქ ადრე ჩემი ახლობელი მუშაობდა. ავტობუსში რომ ჩავჯექი, მაშინაც ვფიქრობდი, თუ რაიმე არ მომეწონება, 2-3 დღეში უკან დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ანკარაში ჩასულს სულ სხვა სიტუაცია დამხვდა: ქალბატონს, რომლის ოჯახშიც უნდა მეცხოვრა, მელეჰატი ჰქვია. ის ძალიან თბილად დამხვდა და რამდენიმე დღეში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში. რომ ჩავედი, ძალიან ლამაზი სუფრა დამახვედრეს, მაგრამ ნერვიულობისგან ერთი ლუკმაც ვერ ვჭამე. თუმცა, ასეთმა დახვედრამ ძალიან გამახარა. სამი დღე არაფერი გამიკეთებია, როგორც სტუმარი, ისე ვიყავი. მათი კერძები, წეს-ჩვეულებები თანდათან გავიცანი და ცოტა ხანში ყველაფერს მშვენივრად ვაკეთებდი.

- ენის არცოდნა ხელს არ გიშლიდა?

GzaPress- როცა ჩავედი, თურქული საერთოდ არ ვიცოდი. თავიდან ხელებითა და ჟესტებით ვლაპარაკობდით, თურქულს თანდათან ვსწავლობდი, ყველა სიტყვას ფურცელზე ვწერდი და კედელზე ვაკრავდი, რაც ამ სიტყვების დამახსოვრებას მიადვილებდა. მელეჰატ სიჩკინი - ასე ჰქვია ქალბატონს, რომლის ოჯახშიც მოვხვდი. ის ანკარაში, დედაქალაქის ცენტრში ცხოვრობს. ეს ძალიან წყნარი, მშვიდი ქალაქია, სადაც სტუმართმოყვარე და თბილი ხალხია. ასეთივეა მელეჰატიც, მის ოჯახში მოსამსახურედ თავი არასოდეს მიგრძნია. სადილსაც ერთად ვამზადებდით. თუ რაიმე ქართული კერძი მომენატრებოდა, თავისუფლად შემეძლო გამეკეთებინა, არაფერში შეზღუდული არ ვიყავი.

- თურქული სამზარეულო მოგეწონა?

- ძალიან. უბრალოდ, მათ ჩვენსავით ნიგვზიანი კერძები არა აქვთ. სამაგიეროდ, ცომეულიც უყვართ, ტკბილეულიც და ბოსტნეულიც. იქ ხმელ ლობიოსაც ისეთივე პატივს სცემენ, როგორც რომელიმე ძვირფას კერძს. ლობიოთი შეიძლება ძალიან უცხო და პატივსაცემი სტუმარი გაისტუმრო. ძალიან მალე შევისწავლე მათი სამზარეულო. მელეჰატს სტუმრებიც რომ ჰყოლოდა, სანამ მეც არ მივიდოდი, სუფრასთან არავინ დაჯდებოდა. დილით ვსაუზმობდით და მერე რესტორანში მივდიოდით. მელეჰატს ძალიან უყვარდა ასეთი დასვენება: კაფეში ჩაის ვსვამდით და ზოგჯერ იმდენ ხანს ვრჩებოდით, რომ სადილსაც იქ მივირთმევდით ხოლმე. ერთი საუკეთესო მეგობარი ჰყავდა - გულთანი, რომელიც ხშირად მოდიოდა - ჩათვალე, რომ მე შენი დედა ვარო. მეც "დედას" ვეძახდი ხოლმე. გამიმართლა, რომ ანკარაში ასეთი თბილი და ყურადღებიანი ხალხი დამხვდა.

- ამბობ, რომ დიდ პატივს სცემენ თავიანთ სარწმუნოებას.

- დიახ, მელეჰატს ლოცვა არასოდეს ავიწყდებოდა: დაწოლის წინაც ლოცულობდა და ღამის 3 საათზე იღვიძებდა, რომ ღამის ლოცვა წაეკითხა. კარს ჩუმად მომიკეტავდა და ჩუმად ლოცულობდა. არის ოჯახები, სადაც ქართველებს ჯვრის ტარებას უშლიან, მე კი შემეძლო ჯვარიც მეტარებინა, პირჯვარსაც ვიწერდი და მარხვასაც ვინახავდი - ოთხშაბათსა და პარასკევს შემეძლო ჩემთვის სამარხვო კერძი გამემზადებინა. აღდგომას კვერცხებიც შევღებე და პასქაც გამოვაცხვე. ის ასე ხსნიდა: შენ შენი ღმერთი გიყვარს და შენს სარწმუნოებას პატივს სცემ, მეც ასე ვარ, ამიტომაც შეგვახვედრა უფალმა ერთმანეთსო. მელეჰატს ძალიან კარგი შვილები და რძლები ჰყავს. ერთ-ერთი - ჯემ სიჩკინი ანკარაში ცნობილი სტომატოლოგია. ხუთშაბათს ერთი მოდიოდა სტუმრად თავისი ცოლ-შვილით, პარასკევს - მეორე. ორივე შვილი დაკავებულია, მაგრამ დედას უყურადღებოდ არასოდეს ტოვებენ. აქვე გეტყვით, რომ თურქეთში პენსიონერები ძალიან კარგად ცხოვრობენ: იქ ოჯახის მარჩენლად მამაკაცია მიჩნეული და როდესაც ის იღუპება, ცოლს მთელი სიცოცხლის განმავლობაში აძლევენ მის პენსიას. ჩემს დიასახლისს თავისი პენსიაც ჰქონდა და მეუღლის პენსიასაც იღებდა. მარტო ქვრივებს კი არა, გაუთხოვარ და ქმარგაცილებულ ქალებსაც აძლევენ დახმარებას. თურქეთში სახელმწიფო ყველა მარტოხელა ქალს ეხმარება.

- კიდევ რა წესები აქვთ, რომელიც მოგეწონა?

- დღეში ათჯერ რომ გავიდეს ოჯახის წევრი გარეთ, ათჯერვე დალოცავენ, როგორც წასვლის, ასევე მოსვლისას; სუფრიდან ადგომისას დიასახლისს დიდ მადლობას უხდიან და ლოცავენ; ბავშვებს ძალიან თბილად და ჰუმანურად ექცევიან. ბავშვი რომ ცელქობდეს და რამეს აშავებდეს, მაშინაც კი თბილად ექცევიან და შენიშვნასაც იშვიათად აძლევენ. როგორი გაბრაზებულიც უნდა იყოს დედა, გზაზე მიმავალ შვილს მაინც დალოცავს; დედა შვილს არავითარ შემთხვევაში არ დაწყევლის; რაც უნდა დიდი ბინა ჰქონდეთ, როდესაც შვილი დაქორწინებას გადაწყვეტს, ცალკე უშვებენ. თუ თავისი ბინა არა აქვთ, ჯერ იქირავებენ და მერე საკუთარ სახლს ყიდულობენ; დიდ პატივს სცემენ უფროს ადამიანს, განსაკუთრებით, რძლები - დედამთილებს. როდესაც შვილი და რძალი სტუმრად მოდის, ძვირფას სუფრას შლიან და თვითონაც საგანგებოდ ემზადებიან. ყველა დედამთილს უხარია, როცა მისი რძალი მოწესრიგებულია. ძალიან ამაყობენ, თუ რძალი ოჯახის მოვლისა და სამუშაოს პარალელურად, სალონში წასვლას ან კოსმეტოლოგთან მისვლას ახერხებს და კარგად გამოიყურება. იქ ქორწილსა და ნიშანზე მშობელი არ ზრუნავს, მხოლოდ ქორწილზე მიართმევენ ხოლმე ძვირფას სამკაულს. შეიძლება ნიშნობამ რამდენიმე წელსაც გასტანოს, სანამ ფულს არ შეაგროვებენ ცალკე ბინის შესაძენად. ქორწინებამდე ურთიერთობა მიღებული არ არის, ყოველ შემთხვევაში, იმ წრეში, სადაც მე ვტრიალებდი.

- ოჯახში უფროსი ვინ არის?

- მე თურქულ ოჯახზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა, მაგრამ მოვტყუვდი: იქაურ ოჯახებში ყველაფერი მეუღლეების შეთანხმებით ხდება. ცოლ-ქმარი ერთად წყვეტს ყველაფერს. არ მეგონა, თუ თურქეთში ქალს ქმარი სადმე მარტო გაუშვებდა, მაგრამ ანკარელი ქალები თვეში ერთხელ მაინც მიდიან დასასვენებლად, თუ უცხოეთში არა, იქვე, თურქეთის კურორტებზე. ძალიან თანამედროვედ აცვიათ. თავსაბურავიანი ქალი იმ წრეში, სადაც მე ვიყავი, არც კი შემიმჩნევია. ქალებს შარვალი უფრო მეტად აცვიათ, მაგრამ ქუჩაში მაღალ ქუსლებზე თითქმის არავინ დგას, ყველას ბოტასები და სპორტული ფეხსაცმლით დადის. კიდევ ერთი წესი აქვთ: როდესაც სტუმრად მიდიხარ, შენი ფეხსაცმელი მიგაქვს. ჰოლში ფეხს რომ დაადგამ, იმ ფეხსაცმლით ოჯახში ვერ შეაბიჯებ. ამიტომ, შეიძლება ბევრი სტუმარი ჰყავდეთ, მაგრამ მათი წასვლის შემდეგაც სახლი ძველებურად სუფთა და მოწესრიგებული რჩება.

- თამილა, მართლაც გაგიმართლა, მაგრამ არის ხალხი, ვინც ასეთ წრეში არ ხვდება...

- გეთანხმები, ბევრს არ უმართლებს. ბევრი ძალიან მძიმე ავადმყოფს უვლის. მე მყავს ნაცნობები და მეგობრები, რომლებსაც შიოდათ და მეორე კოვზი ბრინჯი რომ გადაეღოთ, რამდენს ჭამო? - ეუბნებოდნენ. პურსაც თავისთვის ყიდულობდნენ, რადგან კვების მხრივ შეზღუდულები იყვნენ. ერთ-ერთმა საქართველოდან ჩასვლის შემდეგ ლამის 15 კილოგრამი დაიკლო. ისე კი, ხშირად, ქართველებიც სცოდავენ: მასპინძელს უხეშად ექცევიან ან ოჯახიდან ნივთებს იპარავენ. ასეთებს აღარ ენდობიან ხოლმე. მელეჰატის მთელი ფინანსები მებარა, მაგრამ არასდროს, ერთ ლირაშიც კი არ მომიტყუებია.

- როგორ ცხოვრობენ სოფლებში, იქაც ასეთი გამართული ოჯახებია?

- ოჯახს გააჩნია, თუმცა სამუშაო და თავისი შემოსავალი ყველას აქვს. მე თურქულ სოფელშიც ვიყავი, ათაბაზარას რაიონში, მთიან სოფელში მელეჰატის მეგობარი ცხოვრობდა. იქ თხილის დიდი პლანტაციები აქვთ. ეს ქალი პატარა სახლში ცხოვრობდა, ორი ოთახი ჰქონდა დიდი ლოჯიითა და აბაზანით, მაგრამ ყველაფერი გაწკრიალებული და საუკეთესოდ ჰქონდა მოწყობილი. თურქეთში უზარმაზარი მაცივრები აქვთ და ეს მაცივარი ყოველთვის სავსე უნდა იყოს. ჩვენსავით ნაწილ-ნაწილ კი არ ყიდულობენ, 1-2 კვირის სამყოფი სურსათი მიაქვთ, მარაგს წინასწარ აკეთებენ. ძალიან მშვიდი, აწყობილი ქვეყანაა. ქუჩაში ჩხუბისა და ყაყანის ხმა არ გამიგონია - ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ყველას თავისი საქმე აქვს, ყველა დაკავებულია...

- წელს წასვლა ვეღარ მოახერხე, მაგრამ მომავალში რას აპირებ?

- მელეჰატთან ჩემი მეგობარი - ქართველი ქალი დავტოვე. რომ მოვდიოდი, მელეჰატმა იტირა, ინერვიულა. წელს ოჯახური მდგომარეობის გამო წასვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ იმედია, მომავალში მაინც წავალ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიცი, რომ ანკარაში საუკეთესო მეგობრები შევიძინე, რომლებსაც ყოველთვის შემიძლია ვესტუმრო. ალბათ, ისინიც მესტუმრებიან, რადგან ჩემი გაცნობის შემდეგ საქართველოთი ძალიან დაინტერესდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე