აქვს თუ არა სოციალურ ქსელში პოპულარულ ცოლ-ქმარს აწყობილი ცხოვრება - გზაპრესი

აქვს თუ არა სოციალურ ქსელში პოპულარულ ცოლ-ქმარს აწყობილი ცხოვრება

ნათია წიქარიძე და ირაკლი სტურუა 23-წლისანი არიან. ნათია გურიიდან არის, ირაკლი - სამტრედიელია. 4 წელია, ერთმანეთს სახელების ნაცვლად, ამ სიტყვებით მიმართავენ: "სიცოცხლე", "სიხარულო". მხოლოდ მაშინ ჩხუბობენ, როცა ნათია სარკესთან დიდხანს იპრანჭება, გასასვლელად მომზადებული ირაკლი კი კართან ელოდება. სოციალურ ქსელში ამ ახალგაზრდა წყვილის სახალისო ვიდეოები ძალზე პოპულარულია, უკვე 91.000 გამომწერი ჰყავთ. ნათია ხან ეჭვიანი ცოლის როლში გვევლინება, ხან წუნია და ეგოისტი გოგოა, ხან კი უზომოდ პრეტენზიული ორსული.

ნათია:

- თბილისში ვიზრდებოდი 10 წლამდე. მერე, როცა დედა სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა, ბებიასთან ვცხოვრობდი, ოზურგეთში, სოფელ შრომაში. ბოლო ერთი წელი კი დეიდაჩემთან, ბათუმში გავატარე. სკოლაც იქ დავამთავრე და მერე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ძალიან მინდოდა, ამ პროფესიას დავუფლებოდი, მაგრამ 3.900 ლარი იყო სწავლის საფასური და ვერ შევძელი გადახდა. იმ პერიოდში დედა თურქეთში მუშაობდა და ვიდრე გამოცდების პასუხს გავიგებდი, ვიფიქრე, წავალ 1-2 თვით, ჩემი ტანსაცმლის ფულს მაინც გამოვიმუშავებ და მერე ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ 5 წელს შემოვრჩი. სულ 3 თვეა, რაც საქართველოში დავბრუნდი.

ირაკლი:

- სამტრედიაში დავიბადე და თბილისში გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ თურქეთში წავედი სამუშაოდ. ნათიაც იქ გავიცანი, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე - ეს იყო 2013 წლის 13 ივნისს. ისეთი გასუქებული იყო მაშინ, დათვივით (იცინის). თავიდანვე მომეწონა, თვალს ვერ ვაშორებდი.

ნათია:

- ასე, ხომ? ე.ი. დათვივით ვიყავი? გავხედავ, გამომხედავს, გავხედავ, გამომხედავს, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. რა სჭირს-მეთქი, ვფიქრობდი და თურმე, ნერვიულობდა ბიჭი. ძალიან მალე განვითარდა მოვლენები. მართლა ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. მეორე დღეს პარკში გავისეირნეთ მეგობრებმა, მომიცუცქდა და ხელი ჩამკიდა. დაახლოებით 2 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა. ჩემი ცოლი გახდებიო? - მკითხა და ბეჭედი მომცა. თვალებზე ცრემლები ჰქონდა მომდგარი. ჯვარი აქ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 23 სექტემბერს დავიწერეთ. მაშინაც იტირა.

ირაკლი:

- სხვათა შორის, ძალიან ემოციური ვარ და როდესაც დავინახე, როგორი მშვენიერი იყო ნათია საქორწინო კაბაში, თავი ვერ შევიკავე და ცრემლები მომადგა. ყველას ეგონა, ეს სცენა დადგმული იყო. ისე, ძალიან მხიარული ქორწილი გვქონდა, ჩვენ თვითონ დავგეგმეთ ყველაფერი.

GzaPressნათია:

- ერთი ეგ იყო, რომ ჯვარზე გაგვიწვიმდა, ღია ცის ქვეშ გვქონდა ქორწილი და ფოტოგადაღებაც ჩაგვეშალა. მაინც კარგად გავერთეთ. ქართულის ცეკვის დროს ისე გავრბოდი, ირაკლი ძლივს მომდევდა და, - სიცოცხლე, ნუ გარბიხარ, მეტი აღარ შემიძლიაო, - მთხოვდა. დაბადებიდან ასეთი მხიარული და აქტიური ვარ. ყველაფერში ჩავერთვებოდი ხოლმე, ცეკვა იყო, სიმღერა, ხატვა თუ სხვა რამ. ირაკლი ცოტა უფრო სერიოზული იყო ჩემზე, მაგრამ ესეც გადავრიე (იცინის). საერთოდ, იუმორი კარგი რამეა, ბევრ რამეში მშველის. ნერვიულობით ვერაფერს შევცვლი. პირიქით, ყველაფერს დადებითად უნდა შევხედოთ და ყველა დაბრკოლებას უფრო იოლად გადავლახავთ. თუ ვინერვიულე და ვიძახე, ვაიმე, ფული არ მაქვს, საჭმელი არ მაქვს, რა მეშველება, ამით პრობლემა მოგვარდება?

- თურქეთში რაზე მუშაობდით?

ირაკლი:

- ორივე ფაბრიკაში ვმუშაობდით. მე უთოზე - მაისურებს, შარვლებს, ყველაფერს ვაუთოებდი. იქ ისეთი სამუშაო ტემპია, დღეში 3.000 მაისურსა და კიდევ მეტსაც ვაუთოებდი. ნათიას კი დღეში 6-7 ათასიც დაუმარკავს.

- გაგმართლებია - ყველაზე მოსაბეზრებელი საქმის პროფესიონალი ყოფილა ირაკლი.

ნათია:

- ჰოდა, კი აუთოებს მერე (იცინის). მე ნახევარი საათი რომ ვუნდები, ეს 5 წუთში რჩება. ამაზეც გვაქვს სკეტჩი გადაღებული. სხვათა შორის, ძალიან რთული იყო ეს სამუშაო. ყოველ დილას, 7 საათზე ვდგებოდით და 9-ის ნახევრიდან საღამოს 7 საათამდე ვმუშაობდით, ზოგჯერ გვიანობამდეც კი, ხშირად შაბათ-კვირასაც არ დაგვისვენია. ფაქტობრივად, მთელი 5 წელი ფეხზე ვიდექით და ისე ვასრულებდით ჩვენს საქმეს. ამის მიუხედავად, მაინც არასდროს ვიყავი ცხვირჩამოშვებული. მეუბნებიან, რაც წახვედი, მოგვაკლდა შენი მხიარულება და შემართება, ჩაწყნარდა აქაურობაო. მე სულ ვლაპარაკობდი, სულ ვიღაცას ვეხუმრებოდი, ვაცინებდი თანამშრომლებს. იცით, რამდენი ახალგაზრდა მუშაობდა ჩვენთან ერთად? ტყუილად საყვედურობენ ამ თაობას, რომ ზარმაცები და არაფრის მკეთებლები ვართ. რა გაჭირვება აღარ გამოვიარეთ... ერთხელ, 2 თვის განმავლობაში ვერ ავიღეთ ხელფასი. ვინც სიგარეტს ეწეოდა, ჩაის მოწევა დაიწყო, საჭმელი არ გვქონდა, კარტოფილი და პურიც კი არ გვქონდა ზოგჯერ და მარტო ხახვს ვჭამდით. თურქეთში, ერთ-ერთი მაღაზიიდან, სადაც გვცნობდნენ და გვენდობოდნენ, ნისიად გამოგვქონდა საჭმელი. გარდა ამისა, ბევრი სხვა სირთულეც ახლავს უცხო ქვეყანაში ცხოვრებას. სამსახურში ყველას დედა ტერეზა მე ვიყავი, ყველას ვიცავდი შეძლებისდაგვარად. იქაურებს თავს თუ დაუხრი, უარესად დაგჩაგრავენ. სულ ვჩხუბობდი, რატომ ჰქონდათ ქართველებს დაბალი ხელფასი და სხვებს - მაღალი?..

- ასეთი დაღლილები ბრუნდებოდით სახლში და, ამის მიუხედავად, იღებდით ვიდეოებს, რომლებითაც სხვებს კარგ განწყობაზე აყენებდით.

- ბევრი წერს: ამათ აწყობილი აქვთ ყველაფერი, ალბათ არაფერი აკლიათ და რა ენაღვლებათო. რამდენჯერ სამუშაო გამოვიცვალეთ, რამდენჯერ - საცხოვრებელი. არც ახლა ვცხოვრობთ ჩვენს საკუთარ სახლში და არც ახლა გვაქვს სამსახური, მაგრამ რომ ვიტიროთ, ამით რას მივაღწევთ? წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დაქანცულები ვიღებდით ამ ვიდეოებს.

- პირველი ვიდეო რომელი იყო და საერთოდ, საიდან გაჩნდა ეს იდეა?

GzaPress- როგორც გითხარით, პატარაობიდანვე მომწონდა ჟურნალისტობა, გადაღებები. დავსვამდი ხოლმე ბებიაჩემს, ავიღებდი მიკროფონს და ვითომ რეპორტაჟი მიმყავდა. ირაკლიმ საახალწლოდ აიფონი მაჩუქა და ამით გახარებული თან ვიძახდი, სიცოცხლე, სიცოცხლე და თან ვიღებდი, ოღონდ ამას ძალიან სასაცილოდ ვაკეთებდი. მერე სხვა ვიდეოც დავდეთ, არც მეგონა, ასეთ ყურადღებას თუ მივიქცევდით და ყველას მოეწონებოდა. ნახვებზეც არ მქონდა დაყენებული. მოგვდიოდა უამრავი მესიჯი, როდის დაიდება ახალი ვიდეო, რა იქნება შემდეგ და ა.შ. მე და ირაკლი პასუხების გაცემას ვეღარ ვასწრებდით. მალე 5.000 მეგობარი გვყავდა. მერე ირაკლიმ, ჩვენი გვერდი გავაკეთოთ, რადგან მაინც სხვა გვერდებს მიაქვთ ჩვენი ვიდეოებიო და ახლა უკვე 91.000 გამომწერი გვყავს. აქტიური გვერდია, რაც ძალიან მიხარია. ქუჩაში რომ გავდივარ და ბავშვებიც კი მცნობენ, მეხუტებიან, ეს ძალიან სასიამოვნოა. მოგწონთ თუ არა პოპულარობაო? - ცნობილებს რომ ეკითხებიან ხოლმე, როგორ შეიძლება, არ მოგწონდეს?! პოპულარობა ჩემთვის ხალხისგან მიღებულ სიყვარულსა და სითბოს ნიშნავს.

- ირაკლი სერიოზული იყოო, - მითხარი. როგორ დაითანხმე ვიდეოებში მონაწილეობაზე?

- თავიდან უარზე იყო, რა ვიდეოების გადაღება, რას ამბობო. ხომ იცი, ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო და ზნე შევაცვლევინე. სხვათა შორის, ირაკლისაც აღმოაჩნდა მსახიობური ნიჭი და ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებს, სიცილით მკლავს.

- საზოგადოებისგან მხოლოდ დადებითი რეაქცია მოჰყვა ამ ყველაფერს თუ იყო უარყოფითი კომენტარებიც?

- მეტი საქმე არ აქვთ? რამხელა თმა აქვს ამ ბიჭს, დაქალებივით არიან და მსგავსი რაღაცები იყო. თუმცა, რაღა დროს გრძელ თმაზე უარყოფითი რეაქციებია?

- ერთ-ერთ ვიდეოში ირაკლის ჭურჭელს არეცხინებ, თან უბრძანებ: "მიტრიალდა, დარეცხა!" ვინმეს ვიდეოში გადაღებული ამბები სიმართლედ, რეალურად ხომ არ მიუღია?

- სხვათა შორის, კი, ეგონათ, რომ მე მართლა ვეჭვიანობდი და ქუჩაში გოგონებისკენ არ ვახედებდი ქმარს. პირიქით, როცა ქუჩაში ლამაზ ქალს ვხედავ, ირაკლისაც ვანახვებ ხოლმე, - შეხედე, რა ლამაზია-მეთქი. ორსულობაზე რომ გადავიღე ვიდეო, ყველა მეკითხებოდა: ორსულად ხარ? სადაა ბავშვი? რამე ხომ არ დაემართაო?

- თემატიკას როგორ არჩევთ?

- აი, მაგალითად, ცრურწმენებზე რომ გვაქვს გადაღებული, გეტყვით, იდეა საიდან გამიჩნდა. დედაჩემმა უცებ გადასასვლელზე კივილი დაიწყო. რა ხდება-მეთქი? - ვკითხე. კატამ გადაირბინა, არ გადავალო, - გვითხრა და გრძელი გზიდან მოუარა. - ცუდად მაქვს დაცდილიო. გადავწყვიტეთ ვიდეოს გადაღება. ვაშარჟებთ იმას, რაც არ მოგვწონს.

ნინო ჯავახიშვილი