ზღვაზე უფრო ღრმა სამშობლოს ცნება და ადამიანური ურთიერთობების ქრესტომათია - გზაპრესი

ზღვაზე უფრო ღრმა სამშობლოს ცნება და ადამიანური ურთიერთობების ქრესტომათია

2 და 3 ნოემბერს, თბილისში, სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. აზერბაიჯანელმა რეჟისორმა - განჯის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირადა გოზალოვამ კლასიკოსი ქართველი მწერლის - ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების "ჰელადოსი" მიხედვით წარმოდგენა ახმეტელის თეატრის მსახიობებთან ერთად დადგა.

ნაწარმოების მთავარი სიუჟეტის ხაზის პარალელურად, განსაკუთრებული აქცენტი ჩვენს ერთ-ერთ დაკარგულ ტერიტორიაზე, აფხაზეთზე კეთდება. ერთი კაცის თუ ოჯახების განცდები, რომელიც იმ მხარეს ტოვებენ, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, ამ შემთხვევაში მეორე პლანზე ინაცვლებს და თემის ამგვარი განზოგადოება კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის სამშობლოს ცნებას. რეჟისორის მიერ შერჩეული ეს ხერხი, მეტად ამძაფრებს სპექტაკლის ემოციურ მხარეს და შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენის საფინალო სცენების ყურება ცრემლის გარეშე ძალიან რთულია. ამ ნაწარმოების კიდევ ერთ-ერთი მთავარი ღირსება იანგულისა (ანდრია გველესიანი) და ჯემალის (გიორგი ცხადაძე) ურთიერთობაა. მოზარდების ურთიერთდამოკიდებულება განსაკუთრებით საფრთხილო თემაა და ყოველთვის დიდ ყურადღებას მოითხოვს.

იანგული და ჯემალი თვითდამკვიდრებისათვის იბრძვიან, თუმცა მათი პაექრობა არასდროს სცილდება ადამიანურობის საზღვრებს. ყველაზე მძაფრ და გადამწყვეტ მომენტებში პერსონაჟები არ კარგავენ ერთმანეთის პატივისცემისა და დაფასების უნარს. ამ ორი ახალგაზრდის უაზრო კინკლაობით დაწყებული ურთიერთობა საბოლოო ჯამში, ისეთ მეგობრობასა და სიყვარულში გადაიზრდება, რომელიც სამაგალითოა და გაგრძელდებოდა დიდხანს, რომ არა ერთ-ერთი მათგანის სიკვდილი...

სპექტაკლის მხატვარი მირზე მეჰდი, ქორეოგრაფი კი გიორგი რაზმაძეა. სპექტაკლში გამოყენებულია გოგი ჩლაიძის მუსიკა და მის სიმღერას - "გამარჯობა, აფხაზეთო შენი" ცოცხლად ასრულებს ნუგზარ ყურაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი ცხადაძე, ანდრია გველესიანი, ნუგზარ ყურაშვილი, მზია ტალიაშვილი, თამარ ჟორდანია, თამარ ბეჟუაშვილი, ნინო ციმაკურიძე, მაიკო ვაწაძე, დემო კალანდაძე და მალხაზ მიქავა.

- ბატონო ნუგზარ, სიმღერა "გამარჯობა, აფხაზეთო შენი" გოგი ჩლაიძემ თქვენთვის დაწერა, როგორც მახსოვს. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ?

ნუგზარ ყურაშვილი (ხრისტო ალექსანდრიდი): - დიახ, ჩემთვის დაიწერა. მას შემდეგ დაახლოებით 20 წელი გავიდა. რეჟისორმა ამ სიმღერის ცოცხლად შესრულება მთხოვა და ვფიქრობ, სპექტაკლს მოუხდა.

- ქალბატონ ირადასთან პირველად იმუშავეთ?

- მან ჩვენთან დადგა ერთი სპექტაკლი, მაგრამ მასთან არ მითანამშრომლია. ძალიან კარგად მუშაობს. ახალგაზრდებიც ბევრს შრომობენ და კარგ ფორმაში არიან. რაც შეეხება ნოდარ დუმბაძეს, მისი ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში ბევრი როლი მაქვს შესრულებული. "ჰელადოსის" ამ ვერსიაში კი, აფზახეთის მონატრების თემაა ხაზგასმული. მოგეხსენებათ, წარმოშობით სოხუმელი ვარ და ამ კუთხიდან ბერძნების წასვლასაც არაერთხელ შევსწრებივარ. ბავშვი ვიყავი და მახსოვს რამდენიმე ასეთი ეტაპი, როგორი ტანჯვით, ცრემლითა და გულისტკივილით ტოვებდნენ საქართველოს. მათი სახეები ახლაც თვალწინ დამიდგა და ამ ემოციის შესახებ რეჟისორსაც ვუთხარი...

GzaPress ანდრია გველესიანი (იანგული): - მახსოვს, პირველად ნოდარ დუმბაძის ეს ნაწარმოები რომ წავიკითხე, სკოლის მოსწავლე ვიყავი და ალბათ ისევე, როგორც ყველა ბიჭს, იანგული ძალიან შემიყვარდა. ახლა, როცა სპექტაკლზე მოგვიწია მუშაობამ და "ჰელადოსს" კიდევ ერთხელ გავეცანი, ეს პერსონაჟი კიდევ ერთხელ გავიხსენე, სწორედ იანგულის მივუძღვენი დღევანდელი სპექტაკლი, რადგან ის მართლა არსებობდა და პირადად ჩემთვის დიდი სულიერი სიმდიდრის მატარებელი პიროვნება იყო. რაც შეეხება სპექტაკლს, ირადა გოზალოვასთან პირველად მომიწია მუშაობამ, ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. მოგეხსენებათ, "ჰელადოს" მრავალჯერ არის დადგმული სხვადასხვა თეატრის სცენაზე და ვფიქრობ, ის იდეა, რომელიც ირადამ აქ, ჩვენს სპექტაკლში ჩადო, აუდიტორიამ კარგად მიიღო. ვულოცავ მას წარმატებულ პრემიერას.

გიორგი ცხადაძე (ჯემალი): - "ჰელადოსი" ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები და ამბავია. ჩემს თაობაში პოპულარული იყო. ახლა სპექტაკლზე მუშაობა რომ დავიწყეთ, თავიდანვე დადებითი ემოციებით დავიმუხტეთ. ორმაგად საინტერესო იყო იმ კუთხითაც, რომ "ჰელადოსს" არაქართველი რეჟისორი დგამდა. ურთიერთთანამშრომლობითა და იდეების გაცვლით, ვფიქრობ, საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა. მგონია, არ ჰგავს იმ ვერსიებს, რაც აქამდე იყო და ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსია ხაზგასმული, რაც დღეს აქტუალურია. გარდატეხის ასაკში თვითდამკვიდრების სურვილი დღევანდელ სკოლებშიც ძალიან ხშირია და მოზარდები ხშირად ხდებიან სხვადასხვა გზით ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, მთავარია, რომ იანგული და ჯემალი შიშველი ხელებით ცდილობენ, ერთმანეთზე მეტად ალბათ, უფრო საკუთარ თავს დაუმტკიცონ უპირატესობა. ერთი შეხედვით რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან, მაგრამ ასეთებსაც კი ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, საერთო ენა გამონახონ და ასეც ხდება ამ ნაწარმოებში - ეს ძალიან კარგი მაგალითია ყველასთვის. იანგული და ჯემალი ისე დამეგობრდნენ და ისეთი დიდი სიყვარული გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ, რომ ღიმილით იხსენებდნენ ყველა იმ კონფლიქტს, რაც წარსულში ჰქონდათ. ეს თემა რომ განვაზოგადოთ, როგორც აფხაზებისა და ჩვენი ურთიერთობა, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა და შერიგების გზების პოვნა.

- გეთანხმები, უბრალოდ, დროში ძალიან გაგვეწელა ეს კონფლიქტი და იმედია, ოდესმე ასეც მოხდება... გმადლობ.

GzaPress

ირადა გოზალოვა (რეჟისორი):

- ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ძალიან მომწონს და დიდი ხანი ვფიქრობდი, თუ რომელი ნაწარმოები, რომანი თუ მოთხრობა შემერჩია განსახორციელებლად. ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია და მე დიდი ხანია, ვმეგობრობთ. ერთხელ მითხრა, რომ "ჰელადოს" იყო ის მოთხრობა, რომლითაც მე დავინტერესდებოდი და მან მირჩია წამეკითხა. როცა წავიკითხე, მაშინვე შემიყვარდა, ინსცენირება გავაკეთე და განჯაში დავდგი. შემდეგ სპექტაკლი ოზურგეთში, ნოდარ დუმბაძის ფესტივალზე წარმოვადგინეთ და დიდი რეზონანსი მოჰყვა. კრიტიკოსებმა მის შესახებ ძალიან დადებითი რეცენზიები დაწერეს. ამის შემდეგ ირაკლიმ გადაწყვიტა, "ჰელადოს" ახმეტელის თეატრში, მის მსახიობებთან ერთად დამედგა. ამ წინადადებას დიდი სიხარულით, სიამოვნებით დავთანხმდი. სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ ამ ძლიერი დასითა და მსახიობების პროფესიონალიზმით. იანგული და ჯემალის როლები განსაკუთრებით რთულია, მაგრამ მათ შესანიშნავად გაართვეს თავი. ვფიქრობ, პრემიერა შედგა. მცირე ცვლილებებს თუ არ ჩავთვლით, განჯის დრამატულ თეატრსა და ახმეტელის დრამატული თეატრის ეს ორი სპექტაკლი თითქმის იდენტურია. სამომავლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, ორივე წარმოდგენის "ჰელადოს" შერწყმას ვაპირებთ - ერთ სცენას, ვთქვათ, იანგულის პერსონაჟს თუ ქართველი მსახიობი შეასრულებს, მეორე სცენაში მაყურებლის წინაშე აზერბაიჯანელი წარდგება და ა.შ. იმედი მაქვს, საინტერესო პერფორმანსი გამოვა, რომელსაც წარვადგენთ როგორც ბაქოში, ისე საქართველოში.

ანა კალანდაძე ფოტოების ავტორი: გიორგი ძიძიკაშვილი