ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება - გზაპრესი

ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება

22 წლის ნინუცა დარბაიძე წუხს, რომ შშმ პირებისთვის გარემო ადაპტირებული არ არის, რის გამოც უმეტესობა სახლიდან ვერ და არ გამოდის. თავს გადახდენილის შემდეგ (ნინუცა 17 წლის იყო, როდესაც მე-5 სართულის აივნიდან გადმოვარდა), არაერთი სირთულე დასძლია და დღესდღეობით სხვებისთვის მაგალითისა და სტიმულის მიმცემია. ნინუცა "ფერადი" გოგოა - მხიარული და ხალასი. ამ ბოლო დროს ხატვაც დაიწყო. მიაჩნია, რომ განწყობილებებს ასე უკეთესად გადმოსცემს. განსაკუთრებით, ქალის სილუეტებისა და პორტრეტების ხატვა მოსწონს. იხსენებს, რომ პატარაობიდანვე ჰიპერაქტიური ბავშვი იყო და ძალიან მოსწონდა ყველაფერი ის, რაც ექსტრიმს უკავშირდებოდა. მის ბავშვობაზე დედა, ქალბატონი ნუნუ კირვალიძეც გვესაუბრა.

ნუნუ კირვალიძე:

- 3 წლის იყო, ყინულზე ციგურებით რომ სრიალებდა, მერე "როლიკებით" დაქროდა, თხილამურებზე დგომაც ისწავლა, ცურვაც, მერე ისევ ყინულზე სრიალს დაუბრუნდა. დედისერთაა და მაქსიმალურად ვცდილობდით მისი ინტერესების დაკმაყოფილებას. არასდროს ჰქონდა სურვილი, სხვა გოგონებივით ცეკვაზე ევლო, მანქანებით თამაშობდა. ბიჭივით უშიშარი იყო და ახლა ვფიქრობ, რამის შიში რომ ჰქონოდა, უფრო ფრთხილი იქნებოდა.

ნინუცა: - სამაგიეროდ, ახლა ვარ წყნარი და მშვიდი. ხშირად მიფიქრია, რომ არა ის ერთი წამი, რა მოხდებოდა, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, თუმცა იმ დღემ ყველაფერი შეცვალა. არ მივიჩნევ, რომ უბედური ვარ და რთული ცხოვრება მაქვს. ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი გადავაფასე. რაღაც კუთხით განვვითარდი კიდეც. კი არ ვცდილობ, მომხდარში დადებითი დავინახო, ამ ამბავს მართლაც აქვს ბევრი დადებითი - სიცოცხლე და ადამიანები დამანახვა სხვა კუთხით; მივხვდი, რომ წვრილმანებზე ნერვების მოშლა და ჩხუბი უაზრობაა. სიცოცხლე ხომ მართლაც ძალიან ხანმოკლეა საამისოდ. ის, რომ შეგიძლია დილას ადგე და გარეთ გახვიდე, განა ეს ბედნიერება არ არის? თუმცა, რატომღაც ეს არ გვყოფნის ადამიანებს და უფრო მეტი გვინდა. განსაკუთრებით თინეიჯერობის პერიოდში არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს - არაფერი მოგვწონს, ყველაფრით უკმაყოფილოები ვართ, არც სწავლა გვინდა, გარეგნობიდან დაწყებული, ელემენტარული რამეც კი ნერვებს გვიშლის. წუწუნებ მაშინ, როცა თურმე ძალიან ბედნიერი ხარ...

- გახსოვს ის დღე?

- როგორ არ მახსოვს, 2013 წლის 15 ივლისს, დეიდაშვილი იყო ჩემთან სტუმრად. ჩემებს მაღაზიიდან რაღაცის ამოტანა უნდოდათ და დედა ეუბნებოდა მამას, ნინუცა ჩააგზავნეო. მამამ, - თვითონ ჩავალო. ამ ლაპარაკში მე აივანზე გავედი და მოაჯირზე ჩამოვჯექი. გადავვარდი, თუმცა არ მახსოვს ეს მომენტი. ამ დროს ჩემს მშობლებს ვიღაცის საშინელი კივილის ხმა გაუგონიათ და თვითონაც აივანზე გამოცვენილან.

ნუნუ კირვალიძე: - ისეთი ხმა იყო, თითქოს მანქანამ დაარტყა ვიღაცას. ჯერ ჩემმა მეუღლემ გადაიხედა და ვერ მიხვდა, რომ ჩვენი შვილი იყო. 2 წუთის წინ გავიდა ნინუცა ოთახიდან და რას წარმოიდგენდა? მე რომ გადავიხედე, მაშინვე ტანსაცმლით ვიცანი. ვიცანი და მერე აღარაფერი მახსოვს...

GzaPressნინუცა: - ხშირად ვჯდებოდი მოაჯირზე და დედა სულ მიშლიდა. სკოლაშიც ვიცოდი ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდომა. რამდენჯერ დამაწერინეს მანდატურებმა ხელწერილი, რომ ფანჯრის რაფაზე აღარ დავჯდებოდი. ბევრი არაფერი მახსოვს, თურმე ვიხვეწებოდი, ამაყენეთ-მეთქი, მანქანის წინა შუშაზე დავეცი და ძირს გადმოვვარდი. სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიცია მალევე მოვიდა. ვიღაც გამვლელი ბიჭი ექიმი აღმოჩნდა, თურმე გადამეფარა და ყვიროდა, მშობლები არ მოუშვათ ახლოს, ხელში არ აიყვანონ, არ შეიძლებაო.

ნუნუ კირვალიძე: - ის ბიჭი რომ არა, ალბათ ხელში ავიყვანდით, საერთოდ გადავუტეხდით კისერს და მთლიანად პარალიზებულს დავტოვებდით. დღემდე არ ვიცით, ის ბიჭი ვინ იყო.

ნინუცა: - ვყვიროდი, გამწერეთ, უნდა ავდგე და წავიდე, ბევრი საქმე მაქვს-მეთქი. ფოტოგრაფად ვმუშაობდი ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ეტლში ჩაჯდომა მომიწევდა. ვიკითხე, - რამდენი დღეა საავადმყოფოში ვარ-მეთქი? ოთხიო, რომ მითხრეს, ჩხუბი დავიწყე. გადავწყვიტე ადგომა, მაგრამ ვერ შევძელი და მაშინ მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, ფეხებში გრძნობა არ მქონდა. სუნთქვაც მიჭირდა და ტრახეოსტომა ჩამიდგეს. ზუსტად 8 თვე მქონდა ჩადგმული და ამ ხნის მანძილზე სიტყვასაც ვერ ვამბობდი. წეღან რომ მკითხეთ, რა გასწავლათ ამ მდგომარეობამო, ადამიანების მოსმენა მასწავლა; მასწავლა, რომ ელემენტარული რამის გამო გული არ უნდა ვატკინოთ ერთმანეთს; რომ უნდა დავუფიქრდეთ თითოეულ სიტყვას; მასწავლა ბრძოლა, მოთმინების უნარი და ნებისყოფა გამომიმუშავა... როცა საუბარი შევძელი, თითოეულ სიტყვას ვზომავდი და ვფიქრობდი, რა მეთქვა და როგორ მეთქვა ისე, რომ ვინმესთვის გული არ მეტკინა.

- მძიმე იქნებოდა რეაბილიტაციის პროცესიც.

- კისრის მეექვსე მალა მქონდა გატეხილი. კისრის ქვემოთ შეგრძნება არ მქონდა და ექიმები ამბობდნენ, შესაძლებელია, დაჯდომაც ვერ შეძლოსო. 2 თვის შემდეგ საკაცით დამაბრუნეს სახლში. ვერ ვტრიალდებოდი, ვერ ვჯდებოდი. რეაბილიტაციის პერიოდი დღემდე გრძელდება. დაახლოებით 1 წლის შემდეგ ვისწავლე დაჯდომა, ნელ-ნელა უკეთესობას ვგრძნობდი. ექიმებს არც უთქვამთ და არც მიკითხავს, მაქვს თუ არა შანსი, გავიარო? მთავარი იმედია. საავადმყოფოში ყველა მიცნობდა, როგორც მხიარულსა და პოზიტიურ პაციენტს. ჩემი დიაგნოზის მიუხედავად, ბედნიერი, მხიარული და "ფერადი" გოგო ვიყავი. მაქსიმუმ რამდენიმე დღე მქონდა დეპრესია, დღე და ღამე ჩემ გვერდით იყვნენ დეიდაშვილები, მოდიოდნენ მეგობრები.

ნუნუ კირვალიძე: - ძლივს მოვუყარეთ თავი თანხას და სარეაბილიტაციოდ გერმანიაში წავიყვანეთ, ფაქტობრივად, ეტლზე დაბმული, რადგან სხეულს ვერ იკავებდა. იქ ასწავლიდნენ იმას, თუ როგორ შესჩვეოდა ეტლში ჯდომას. აქცენტს იმაზე კი არ აკეთებდნენ, როგორმე ფეხზე დაეყენებინათ, არამედ იმაზე, როგორ ესწავლა ჭიქის ხელში დაჭერა, პურზე კარაქის წასმა, ანუ დამოუკიდებლად ცხოვრება. ზაფხულობით ყირიმში დავდივართ სარეაბილიტაციო ცენტრში.

ნინუცა: - დედამ და მამამ წარმოუდგენლად ბევრი რამ გააკეთეს ჩემთვის. ამდენს თუ შეძლებდნენ, ვერც ვიფიქრებდი. ვისაც ვიცნობ, ყველაზე ძლიერი ადამიანები არიან. დედაჩემს, რომელსაც სისხლის დანახვაზეც კი გული მისდიოდა, ყველა პროცედურას თვითონ მიკეთებდა; მამა, რომელსაც ბავშვობიდან მახსოვს, წელის ტკივილები აწუხებდა, 22 წლის გოგოს ხელში ისე ამიყვანს ხოლმე, ვითომც არაფერი. მასვე მივყავარ ყოველ დილით უნივერსიტეტში, მერე მაკითხავს და სახლში მოვყავარ.

- როგორ მიიღე სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?

- წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ერთადერთი ადაპტირებული ეს სასწავლებელი იყო რამდენიმე წლის წინ. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ჟურნალისტობა ან მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ეს ამბავი რომ შემემთხვა მე-12 კლასში, გეგმები შეიცვალა. გვიან გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი. გამოცდები კი ჩავაბარე, მაგრამ უნივერსიტეტში არ მივდიოდი, რადგან მახსოვს, როგორი დამთრგუნველი იყო ქუჩაში ეტლით გასვლის პირველი დღე. ამ შემთხვევიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ, მამა გაბრიელის საფლავზე წამიყვანეს მშობლებმა. ცუდად იმოქმედა ჩემზე ხალხის მზერამ - ისეთი სახეებით მიყურებდნენ, ისეთ სიტყვებს მეუბნებოდნენ, რომ თავი ყველაზე საცოდავი და საბრალო ადამიანი მეგონა. ახლა კი მესმის მათი, თანაგრძნობას ასე გამოხატავდნენ, მაგრამ მაშინ ხალხის რეაქციამ დეპრესიაში ჩამაგდო და გარეთ გახედვაც აღარ მინდოდა. ისეთი დათრგუნვილი ვიყავი, რომ ვფიქრობდი, თუ ლექციებზე დამინახავდნენ, ყველა ჩემზე იცინებდა. მოკლედ, შუაღამისას დავწერე პოსტი, ვითხოვდი, რომ ჩემთვის არ დაეცინათ და დამხმარებოდნენ ამ ყველაფრის გადატანაში; ვთხოვდი მათ, მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ, გადამდები დაავადება არ მჭირს-მეთქი. დილით იმდენი თბილი სიტყვა დამხვდა, ისე მაიმედებდნენ, რომ წასვლა გადავწყვიტე. ერთმა გოგონამ ისიც კი მომწერა, მე კარში დაგხვდები, ოღონდ მოდიო... მას შემდეგ ცხოვრების ახალი რიტმი დანებების უფლებას არ მაძლევს. უკვე აღარ მეშინია არც ქუჩაში გასვლის და არც ხალხის მზერის. ახლა ზოგ რაღაცაზე მეცინება კიდეც. ერთხელ მცხეთაში ეკლესიასთან დამტოვეს დედაჩემმა და დეიდაჩემმა, ვერ გადამიყვანეს შემაღლებულ გადასასვლელზე. რომ გამოვიდნენ, სიცილით ვკვდებოდი: ვიღაცამ ლარიანი ჩამიდო ხელში. ფულის "კეთებაც" დავიწყე-მეთქი, - ვამბობდი. ერთხელ კი მეგობრებმა ასე დამტოვეს ცოტა ხნით გარეთ, თვითონ მაღაზიაში შევიდნენ და მათ გამოსვლამდე ხურდები მქონდა მოგროვილი, უარსაც ვერ ვამბობდი დახმარებაზე, მრცხვენოდა. ასეა, ყველას ცხოვრებაში ხდება უსიამოვნო რამ, მთავარია, არ ჩაიკეტო და გაღიმების უნარი შეგრჩეს, რომ უკანვე დაგიბრუნდეს ის ღიმილი და სითბო, რომელსაც გასცემდი და გაგიადვილდეს ცხოვრება.

ნინო ჯავახიშვილი