"ობლად დარჩენილი სახლის ნაამბობი" - გზაპრესი

"ობლად დარჩენილი სახლის ნაამბობი"

"ეჰ, დამაგდეს მარტოკაი... როგორ ძნელია, ხმის გამცემი არცვინ არაა. კაცავ, ნუნუ, გუგულ, შენ მაინც შაისვენოდე, დავიღალე, ბეჩავ, მარტოკაი. თოლები დემებრიცა გაღმა ცქერითა. მაიცა, რაიღაც "მარშუტკაი" მოდის, ჩემები არიან? ეჰ, ვინ მამცა მაგის ბედი. მაგიტომ მიყვარს ზაფხული, გადმოვა ჩემი პატრონი ხიზნითა (ბავშვებით. - ავტ.), ახმიანდება კარ-მიდამო. ნეტავ იცოდნენ, როგორ მიყორან და მენატრებიან! როდის გავა ეს სუსხნიანი ზამთარი, მემრე - გაზაფხული. ჩამაჰყრის ახლა და სანამ ზაფხული არ მოვა, ვეგდები გონჯი გონჯურადა, აბა, რას ვიზამ? ქალაქჩი ჯობიაო და..." - ეს ყანობელი ბიჭის, 9 წლის ილია კურკუმულის ჩანაწერია - სკოლის მასწავლებელს დაუვალებია, დაეწერათ ობლად დარჩენილი სახლის ნაამბობი. ჰოდა, ილიამაც ასე ემოციურად გადმოსცა მიტოვებული სახლის გრძნობები. სწორედ ამ ბიჭისა და თანასოფლელების გასაცნობად გადავწყვიტე ყაზბეგში ჩასვლა და გზას დილაადრიანად დავადექი.

8 საათიც არ იყო, დიდუბეში რომ ვიყავი და სულზეღა მივუსწარი თავისუფალ ადგილს. საით მააგროვე ამდენი ხალხი, მთელ ღამე იმუშავეო? - ჯერ მძღოლს გაეხუმრა ერთი ზორბა მოხევის ქალი, ჩემ გვერდით მისთვის შენახულ ადგილს გაჭირვებით "მოერგო" და მერე კარში გაჩხერილ წვრილმანების გამყიდველსაც მიუტრიალდა: მაჭუჭკე (დახურე. - ავტ.) კარი, ნეტავ, წასვლისას შენი სახე არ დამენახაო. ხუმარა ქალიაო, დაამშვიდეს მგზავრებმა გაბრაზებული გამყიდველი, არ გეწყინოსო... ხუმარა ნამდვილად აღმოჩნდა, ჯერ იყო და თავისივე თქმით, ერთი ცხოვრებისეული სიმღერა მოგვასმენინა. დაახლოებით ასეთი ტექსტი იყო (ვჩქარობდი და რაც მოვასწარი, ჩავიწერე, ვფიქრობ, თქვენც ისიამოვნებთ): "ზოგი იცინის, ზოგი კი ტირის,/ ცხოვრების განსჯა უფრო რთულია,/ ზოგი ცხოვრების მეგობარს ეძებს,/ ზოგის ოცნება მარტო ფულია./ ძუნწი ყოველთვის სიმდიდრეს ფიქრობს,/ ღარიბს რაცა აქვს, არ მალავს, ყვირის,/ ღარიბი გლახაკს ლუკმას მიაწვდის,/ მდიდარი კაცი, არ მაქვსო, ტირის./ ამქვეყნად მაინც არვინ არ ვრჩებით,/ აღარც ღარიბი, აღარც მდიდარი,/ ღარიბს რაც ჰქონდა, სულ ქეიფობდა,/ მდიდარს რა დარჩა, აბა, მითხარი - 4 ფიცარი". თან დასძინა, იქნება ამ "მარშრუტკაშიც" იჯდეს ვინმე მდიდარი და მიხვდეს, ფულს რა გზაც უნდა უჩვენოსო, მაგრამ ან ყველანი უფულოები ვისხედით სამარშრუტოში, ან კიდევ, სინდისმა არავინ შეაწუხა. ერთი სიტყვით, არ გაუმართლა...

GzaPressყანობის გადასახვევთან ზუსტად 10 საათზე ვიყავი, მასპინძელი მელოდებოდა მანქანით. კეთილი იყოს თქვენი სოფელში მობრძანებაო, გულთბილად დაილოცნენ გაჩერებაზე მდგარი მოხევეები. აბა, თქვენ იცით, რას დაწერთ ჩვენზე და ჩვენს სოფელზეო. თურმე იცოდნენ, ჩავდიოდი იმიტომ, რომ მათი სოფელიცა და სოფლელებიც დანარჩენი საქართველოსთვის გამეცნო. გზიდან ხელისგულივით მოჩანდა ეს პატარა, ულამაზესი სოფელი, ქვით ნაშენი, ძველებური სახლები და კოშკები. საითაც გავიხედე, უსაშველო, ჩამოთოვლილი მთების გარდა თვალი ვერაფერს მოვკარი. ენით აღუწერელი სილამაზის ყურებისას უნებურად გავიფიქრე: აი, სად უნდა იცხოვროს-მეთქი კაცმა... ყანობი მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2.040 მეტრზე მდებარეობს, ყაზბეგიდან 17 კილომეტრია. 2014 წელს იქ სულ 86 კაცი ცხოვრობდა, ახლა - კიდევ უფრო ნაკლები. ვიდრე სოფელში მივიდოდით, მძღოლს, 25 წლის ვალტერ კურკუმულს გამოველაპარაკე იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ახალგაზრდები:

- ვლადიკავკაზში დავიბადე, მაგრამ საქართველოში გავიზარდე. ახალგაზრდისთვის, ცოტა არ იყოს, რთულია აქ ცხოვრება, განსაკუთრებით ზამთარში. ყოფილა შემთხვევა, ერთი კვირაც ჩაკეტილა გზა. ვიდრე ტრაქტორი არ ამოვა, მოწყვეტილები ვართ ყველაფერს. ამ ბოლო წლებში ტრაქტორს სოფლის გადასახვევთან აყენებენ და თოვლი როგორც კი მოვა, წმენდენ გზას. ზამთარში დაახლოებით 20 კომლი ვრჩებით აქ, მაგრამ ისედაც არ ვართ ბევრნი. კარგი იქნება, რამე გასართობი იყოს ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, რომ მუშაობის შემდეგ განტვირთვა შევძლოთ - ან ტრენაჟორების დარბაზი, ან უბრალოდ ადგილი, სადაც შევიკრიბებოდით ხოლმე. კარგია, რომ ახალგაზრდები ვუბრუნდებით სოფელს და დასაქმებულებიც ვართ. მე საბაგიროზე ვმუშაობ, თან სოფლის საქმესაც ვაკეთებ - საქონელი მყავს, ადგილს ვამუშავებ, კარტოფილი მოგვყავს. ამნაირი სოფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მისასვლელი გზა გაკეთდეს. გვპირდებიან, გეგმაშიაო და 2020 წლისთვის ახალი გზა გექნებათო, ვნახოთ. სოფელს თუ მისასვლელი გზა არ აქვს, ვერ განვითარდება და დაცარიელდება კიდეც. ტრასიდან ტრანსპორტი არ მოდის ჩვენამდე და თუ მანქანით არ დაგხვდა ვინმე, ფეხით უნდა ამოხვიდე.

იმის მიუხედავად, რომ მთაში ცხოვრებას ბევრი სირთულე ახლავს, იქაური პატარძლები არაფერს უშინდებიან. ჩემს მასპინძლებს - ნანა ნოზაძესა და ავთო კურკუმულს 4 ვაჟი ჰყავთ. უფროსი, ილია უკვე გაგაცანით, მას 8 წლის ელისე მოსდევს, მერე 3 წლის ლაზარეა და ნაბოლარა გაბრიელი 8 თვისაა. ერთმანეთზე უკეთესები არიან, უცებ შემაყვარეს თავი. ავთოსა და ნანას თითით საჩვენებელი, გემრიელი ქართული ოჯახი აქვთ და ქვეყანას რომ ეიმედება, ისეთ ბიჭებს უზრდიან სამშობლოს.

ნანა ნოზაძე: - იცით, რამდენი მრავალშვილიანი გვყავს ამ ერთიბეწო სოფელში? ჩემ გარდა ია ბეჟიკელაშვილსა და ფიქრია ჩაბაიძეს ოთხ-ოთხი შვილი ჰყავთ, ერთი უკვე მეხუთეზეა, ჩემს მაზლს - სამი, დანარჩენებს ჯერჯერობით ორ-ორი, რაც მამა ილარიონის დამსახურებაა. ყაზბეგში მეუფემ დალოცა ბავშვები და ამდენი რომ დაინახა, გაუხარდა, - კარგია ბავშვების სიმრავლეო.

ფიქრია ჩაბაიძე: - ყველაზე ძნელი გზისგან მოშორებით ყოფნაა, მაღაზიაც არ გვაქვს, რომ უცებ რამე დაგჭირდეს და არ შეგეშინდეს; არც ექიმიც გვყავს სოფელში. იმ წამლებს ვიმარაგებთ წინასწარ, რაც შეიძლება, დაგვჭირდეს. ბავშვები წამოიზარდნენ და გვინდა სხვადასხვა წრეზე ვატაროთ, მაგრამ ესეც პრობლემაა - ვიღაცას უნდა ეხვეწო, რომ ყაზბეგში აგიყვანოს და ჩამოგიყვანოს. სხვა რა გითხრათ, გაზი უფასოდ გვაქვს და შუქზეც შეღავათებია, რაც ძალიან კარგია. ცოტანი ვართ და ახალგაზრდები ერთმანეთს ვუწყობთ ხელს, ვეხმარებით.

- ნანა, მომიყევი, ახალციხიდან აქ როგორ მოხვდი?

- ახალციხელი დეიდა ჰყავს ჩემს ქმარს. იმისმა რძალმა მითხრა, ძალიან კარგი ბიჭი უნდა გაგაცნო, სტიქაროსანია. შენც ეკლესიური ხარ და მოგეწონება, ყაზბეგში ცხოვრობს, მაგრამ თბილისშიც აქვს სახლიო. ყველა ვიღაცას მირიგებდა და ვიხუმრე, - სტიქაროსანი, მესაზღვრე, უმაღლესდამთავრებულიც ყოფილა და ეგ შანსი ხელიდან გასაშვები არ არის-მეთქი. 27 წლის ვიყავი მაშინ. მოკლედ, ერთხელაც დამირეკა ავთომ, შევხვდეთო. დავთანხმდი, რატომღაც ვიფიქრე, რომ პატიოსანი, წესიერი ბიჭი იქნებოდა. პირველ რიგში, ჩემს მოძღვარს გავაცანი, მისი აზრი მაინტერესებდა. 17 წლიდან დავდიოდი ეკლესიაში და ვგალობდი. ორივე დაგვლოცა ჩემმა მოძღვარმა. უფლის ნებად მივიჩნიე ავთოსთან შეხვედრა და ვინც უნდა ყოფილიყო წინააღმდეგი, უარს ვერ მათქმევინებდნენ.

- ამას რატომ ამბობ, ოჯახის წევრებს არ მოეწონათ შენი გადაწყვეტილება?

- მამა უარზე იყო, - ეგ იმას ნიშნავს, 9 მთას იქით დაგმარხო და ვეღარ გნახოო. სად თხოვდებიო, - მეუბნებოდნენ, - არც შუქია და არც გაზი, ქვეყნის დასასრულიაო იქ... ხალხი ხომ ცხოვრობს და რაღა მაინცდამაინც მე მოვკვდები-მეთქი? - ვპასუხობდი.

- 11 წლის წინ მართლა არ იყო არანაირი პირობები?

- არა, რას ამბობ, ერთი ეგ იყო, რომ ტრანსპორტი არ ამოდიოდა მაშინაც სოფელში, თორემ შუქიც იყო და გაზიც. მე საერთოდ არ გამძნელებია აქაურობასთან შეგუება. ძალიან კარგი დედამთილ-მამამთილი დამხვდა. მამამთილი მკაცრი იყო, მაგრამ გულიანი, თბილი და ტკბილი კაცი. ჩემი მოსვლის პირველ კვირას ჩამიხუტა და მითხრა, - შვილო, მამა რომ მოგენატროს, მოდი და მე ჩამეხუტე, მამად მიგულე. აი, აქ, ხელისგულზე მყავხარ ჩემს ქალიშვილთან ერთად, მაგრამ ეცადე, აქედან არ გადმოვარდეო, ანუ იმედი არ გამიცრუოო. დედამთილიც კარგი ქალი იყო. სამწუხაროდ, ორივე გარდაიცვალა. არჩევანშიც გამიმართლა - ავთო ძალიან პასუხისმგებლიანი, ოჯახზე მზრუნველი და წესიერი ადამიანია. სამხედროა და ერთი თვით თრუსოს ხეობაში რომ მიდის, 4 ბავშვთან ერთად მარტო მტოვებს, მაგრამ ყველა პრობლემას ისე მიგვარებს, რომ არ გამიჭირდეს. აი, ამიტომაც, მალევე შემიყვარდა სოფელიცა და აქაურებიც. ერთ ამბავს მოგიყვებით, აქაურებისგან რომ მომისმენია: ყანობში უცხოვრია მამა მიქაელ ითონიშვილს, მამა ბიბოს ეძახდნენ თურმე. კომუნისტების დროს, როდესაც ეკლესიას დევნიდნენ, ბევრს ვერ გაუძლია და ანაფორა გაუხდია, მათ შორის მამა ბიბოს ძმასაც, თვითონ მას კი - არა. როგორც ამბობენ, გადასარჩენად თავი გაისულელა. სახარებას უკითხავდა ხალხს, წირვებს, პარაკლისებსა და ნათლობებს მალულად ატარებდა, უანგაროდ ეხმარებოდა თანასოფლელებს საქმეში, ხალხი კი სულელად თვლიდა თურმე, შეურაცხყოფას აყენებდნენ, დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ. ჩვენი სახლის უკან კოშკი რომ არის, მანდ უცხოვრია და ბოლოს, ბოსელში დაულევია სული, ეკლესიის ეზოშია დასაფლავებული. პატრიარქის მშობლები ჰპატრონობდნენო, აჭმევდნენ, ჩაულაგებდნენ სუფთა ტანსაცმელს, საჭმელს და უგზავნიდნენო.

GzaPress

- ნანა, მანამდე თუ იყავი ნამყოფი ყაზბეგში? - ქორწილი რომ მქონდა, პირველად მაშინ ვიყავი. ძალიან მომეწონა აქაურობა. ავთომ მითხრა, სოფელთან რაღაც სიურპრიზი დაგხვდებაო. სოფლის გადასახვევთან ცხენებით დამხვდნენ მაყრები, ცხენოსნები წინ მიგვიძღოდნენ და უკან ჩვენ მივყვებოდით. მეორე დღეს ჩემი ძმა ლამის ტიროდა, - აქ სად გტოვებო? ზოგი კი მოხიბლული იყო, სამოთხეში გათხოვდიო.

- გათხოვდი და 4 ბიჭიც გაუჩინე მოხევეებს...

- მადლობა ღმერთს, რომ მომცა გონება, შვილებზე უარი არ ვთქვა და კიდევაც არ ვიტყვი უარს. ზოგჯერ რომ გავიფიქრებ, შვილებს რამდენი რამ უნდათ, მეშინია, მაგრამ, ღმერთის წყალობით, ხელი გვემართება. სკოლაში ხელოვნებასა და მუსიკას ვასწავლი, კიდევ კარგი, ჩემი მაზლისცოლი და ავთოს ბიცოლა მეხმარებიან და ბავშვებს იტოვებენ, თორემ მუშაობას ვერ შევძლებდი. ახლა ბაღი აგვიშენეს, კადრების პრობლემაც მოაგვარეს, ინვენტარიღაა შესატანი და რომ ამუშავდება, ამოვისუნთქებთ. ბოლო რამდენიმე წელია, ბავშვების სიმცირის გამო, სკოლას ძლივს ვინარჩუნებთ, ახლა მხოლოდ დაწყებითი კლასებიღა გვაქვს. გვპირდებიან, რომ ტრანსპორტი გამოიყოფა ბავშვების სხვადასხვა წრეზე ყაზბეგში სატარებლად.

- ბევრი შვილი ბევრ საფიქრალთან ერთად ალბათ დიდი სიხარულიცაა, ხომ?

- რა თქმა უნდა, რომ გადამიხედავს ბავშვებისთვის, გამიფიქრებია, რა ბედნიერი ვარ-მეთქი. როცა ვინმე შემაქებს, კიდევ უფრო მეტი სიხარულითა და ხალისით ვივსები. მამა პეტრემ მითხრა ერთხელ, - რომ დაიზრდებიან, მერე უფრო იგრძნობ, რა სიმდიდრის პატრონიც ხარო. პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მათთან გასამკლავებლად ძალასაც თვითონ მაძლევენ. ერთმანეთისგან ხასიათით ძალიან განსხვავდებიან. ილია მზრუნველი და თბილია, ელისე ძალიან ცელქი - არ უნდა რამე გააფუჭოს, მაგრამ უფუჭდება. ლაზარე ტიტინაა და სიმფონია დავარქვი, ელისეს მელოდია, ილიას ჰარმონია, გაბრიელს კი მაჟორი, სულ იცინის და მხიარულ ტალღაზეა.

ამასობაში ილიაც დაბრუნდა სკოლიდან, ჩემს დანახვაზე დაიმორცხვა, მომესალმა და პატარა ძმებს მიეფერა. ვთხოვე მოეყოლა, როგორ დაწერა ეს მოთხრობა, ბევრი ადამიანის სული რომ ააფორიაქა.

- სკოლაში დამავალეს თემა - "ობლად დარჩენილი სახლის ნაამბობი". დედამ მირჩია, მიტოვებული სახლის ადგილას საკუთარი თავი წარმოიდგინე და გაგიადვილდება იმის გაგება, თუ რას გრძნობსო. გამახსენდა მამიდაჩემის სახლი, სადაც მხოლოდ ზაფხულობით მოდიან. გული მწყდება, ზაფხულის შემდეგ ყველა რომ ტოვებს სოფელს. ძალიან მენატრებიან ჩემი მეგობრები და მთელი წელი ველოდები მათ ჩამოსვლას.

ნანა: - ავთოს ბიცოლა მეტყოდა ხოლმე, - ქალავ, მოხეურად დაიძრახე (დაილაპარაკე. - ავტ.), რომ ხიზანიც (ბავშვები. - ავტ.) მიეჩვიოს მოხეურად ლაპარაკსო. ჩემი შვილებიც ვერ ლაპარაკობენ მოხეურად და ამიტომ გამიკვირდა, როდესაც ილიამ მოხეურად დაიწყო წერა: დავრჩი დარტოკაი და ა.შ. დედი, მართლა მომენატრა ზაფხული, როცა ის სახლი სავსეა ბავშვებითო, - მითხრა და თვალები მოუცრემლიანდა...

ნინო ჯავახიშვილი