ქართველი დედის საზარელი თავგადასავალი - გზაპრესი

ქართველი დედის საზარელი თავგადასავალი

ლილი დგებუაძისთვის ცხოვრება იმ დღეს გადაფასდა, როდესაც თავისი სახლისკენ რკინის ურიკით მომავალი მეზობლის ქალი დაინახა. ურიკაზე გვამი იდო: 21 წლის ვასიკო, მოფერებით თათა დგებუაძის გვამი. პირველსავე წამს, როგორც კი ურიკაზე საცოდავად მიწვენილი შვილის სხეული ამოიცნო, ქალბატონი ლილი ამბობს, რომ რეალობას გაეთიშა. გაეთიშა ან პირიქით, ამ რეალობამ ჩანთქა და ამის გარდა მისი ცხოვრებიდან აღარაფერი დარჩა. ისტორია ემოციების გარეშე იწერება. მის ამბავს, რომელსაც აქ გიამბობთ, ორი სიტყვა, "ქართველთა გენოციდი" ჰქვია.

1993 წლის 29 სექტემბერს, საღამოს 5 საათზე, სოხუმის რაიონის სოფელ ესტონკას მკვიდრმა ლილი დგებუაძემ ჯერ არ იცოდა, რომ სოხუმი დაეცა, მაგრამ იცოდა, რომ ქმარ-შვილს უნდა დალოდებოდა: შვილები იარაღით ხელში იცავდნენ სამშობლოს, მისი მეუღლე, ბატონი გიორგი დგებუაძე კი ძმასა და ძმისშვილთან ერთად იმ დილით სიტუაციის დასაზვერად წავიდა. ესტონკა სოხუმიდან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, მაგრამ მთავარი გზიდან მას სამი კილომეტრი აშორებს, ამიტომ შეუძლებელი იყო სოფლის მოსახლეობას პირველი დევნილები დაენახა. საინფორმაციო ვაკუუმში მყოფ სოფელს მხოლოდ შეეძლო ევარაუდა, რა მოხდა, მაგრამ ვარაუდით ადამიანები საკუთარი სახლებიდან დევნილობის გზას არ ადგებიან...

ქალბატონი ლილი მეუღლის მოლოდინში გზას გაჰყურებდა. მეზობლის ქალები ისხდნენ ეზოს გადაღმა, დაფნით დაფარულ ღობესთან. იმ დღეს არც სროლის ხმა ისმოდა და არც მტერ-მოყვარე ჩანდა. ზუსტად ხუთ საათზე ავტომატის გასროლის ჯერი გაიგონეს. ლილი გველნაკბენივით წამოხტა და "ნივაც" დაინახა. მანქანაში მისი მეზობელი და ორი უცხო რჯულის სამხედრო იჯდა. დიდი ოჯახის მარტო დარჩენილმა დიასახლისმა სწორედ მათგან მოისმინა საშინელი სიმართლე - ომი დამთავრდა, ყველაფერი დამთავრდა, ქუჩაში ნუღარ იდგებით, სახლებში შედით, იარაღი და კაცები ჩაგვაბარეთ და დაელოდეთ, რა მოხდებაო. თითქოს ამაზე უარესი რა უნდა დამართოდა, მაგრამ ამაზე ფიქრის, გააზრების, სამოქმედო გზის დაგეგმვის დრო არ მიეცა... "თათა მოკლეს!" - ჩაესმა მალე თავისი შემდგომი ცხოვრების საზიდი სასჯელი. მაგრამ ომი ხომ დამთავრდა, გუშინ კი მისი ბიჭი ცოცხალი იყო... ორღობეში გაიჭრა.

ჩვენს ქვეყანაში მიცვალებულებს მოასვენებენ, სისხლიან თათას კი ურიკით მოაგორებდა რუსული წარმოშობის სომეხი მეზობლის ცოლი. ამ შეუსაბამო სურათმა აიძულა ალბათ, რომ ხელიდან გამოეგლიჯა მეზობლისთვის ურიკა და თავისი შვილის სისხლიანი გვამი სირბილით წაეღო სახლისკენ. წლები გავიდა და ვერაფრით იხსენებს იმ რამდენიმე წუთის დეტალებს. ახსოვს, რომ ეზოს ალაყაფის კარი ჩაკეტილი ჰქონდა, ამიტომ როგორ შეატია თათას გვამი პატარა კარიდან, როგორ დააწვინა მისაღებ ოთახში ტახტზე, აღარ ახსოვს. ჰო, იქ მეზობლის კაცი იყო, ალბათ მიეხმარა, მაგრამ მერე კაცი სადღაც გაქრა და მკვდარ შვილთან მარტო დარჩა. ახლა უკვე ჰქონდა "მოქმედების გეგმა". თათა უნდა გაეპატიოსნებინა, ტყვიებით დასეტყვილი ჯარისკაცის მუნდირი გაეხადა და შესაფერისად გამოეწყო. არ იყო ახლა ტირილისა და კივილის დრო. ტირილის უფლება მაშინ გვაქვს ადამიანებს, როდესაც გარეთ მშვიდობაა, მაგრამ როდესაც ომში ხარ და სათუოა, უპატრონებ თუ არა შენს მკვდარს, გრძნობებს ვეღარ მისცემ გასაქანს. იტირე და მოუარე მოკლულს! იხოკე მისი სისხლით მოსვრილი ფრჩხილებით ლოყები, მაგრამ მკვდარს მიხედე! შენ ხარ მისი პატრონი! დანარჩენები?!

GzaPress"დანარჩენებიც დახოცეს" - მოვიდა ფიქრი იმ მომენტში, როდესაც მიხვდა, რომ ღამის ბინდმა მოიმატა, გიორგი კი არ გამოჩნდა. ქმარი ამდენი ხნით არაფრით მიატოვებდა, ის ხომ მზრუნველი, სიყვარულით სავსე კაცი იყო. "ყველა დახოცეს" - განმტკიცდა ფიქრი, როდესაც არავინ შემოვიდა დასახმარებლად... ამასობაში თათას სისხლი მოჰბანა, ჭრილობები სპირტით დაუმუშავა... სისხლი თანდათან დედდებოდა, მაგრამ მაინც საჭირო იყო დოლბანდის საცობები. თათა მთლიანად დაცხრილული გახლდათ. დამტვრეული ფეხებიდან ვერაფრით გახადა ჩექმა. მოიკრებდა ძალ-ღონეს, გაქაჩავდა ჩექმას, მაგრამ მიცვალებულიც მოჰყვებოდა. გაასწორებდა ბიჭს, ჩაიჩოქებდა, მოითქვამდა სულს, ისევ მოეკონწიალებოდა ფეხზე, ისევ მოჰყვებოდა მკვდარი... როცა სასოწარკვეთამ აიტანა, ესტონელი მეზობელი დალანდა ფანჯრიდან... "დეიდა ლილი, არ შემიძლია, მაპატიეო", გაიძახოდა არტური, მაგრამ ჩექმების გახდაში მაინც მიეხმარა მგლოვიარეს და გაიქცა. ლილიმ შვილი მისთვის საქორწილოდ ნაყიდ სამოსში გამოაწყო, სასიძოსავით... ეფერა თვალდაკარგულ სახეზე. მიფერება ყოველთვის უნდოდა, მაგრამ ზომავდა, რადგან როცა თავისი ორი ვაჟის დედა გახდა, თათა უკვე 12 წლის ბიჭუნა იყო, გამჩენი დედა კი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა. ჰოდა, ეშინოდა ბიჭებისთვის შეგრძნება არ გაეჩინა, რომ დედაში ეცილება... ნეტავ, არ დაემალა თავის დროზე ემოციები და ნეტავ მათი ქორწილისთვის გადადებული უამრავი საჩუქარი, ძვირფასეულობა, ახალშექმნილი ოჯახისთვის ნაყიდი ყველა ნივთი, "წინა ცხოვრებაში" გატარებულ დღეებში გამოემზიურებინა, კიდევ უფრო გაელაღებინა თავისი ისედაც გალაღებული ბიჭები...

როცა ჩამობნელდა, ლამპა აანთო და შვილს გვერდით მიუჯდა. დაღლას ვერ გრძნობდა, ვერც შიშს. აბა, მეტი რაღასი უნდა შეშინებოდა? თითქოს გრძნობდა, რომ ეს ბოლო ღამე იყო, რომელიც თავის სახლში, შვილის გვერდით უნდა გაეტარებინა... მხოლოდ ერთი წამით შემოხედა მეზობელმა, ვანიჩკა ნაჭყებიამ, - "შვილო, გვაპატიე, ვერაფერში გეხმარები, შემომიცვივდნენ ის ველურები, მანეთები უნდოდათ და რომ არ მქონდა, კუპონები მაჭამესო"... მადლიერების განცდით ახსოვს ეს ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იმ დღეს მიუსამძიმრა... გამთენიისას ბროლის ლარნაკები შემოულაგა თათას, მერე ეზოში ჩავიდა და ვარდები დაკრიფა... ერთი შეხედვით ყველაფერი ისე იყო, როგორც ნორმალურ ვითარებაში ხდება ხოლმე მგლოვიარე ოჯახში - ნამდვილი მიცვალებული, მწუხარებაც და ყვავილებიც... ამ სურათს მხოლოდ ადამიანები აკლდა. ხმამაღალი შეცხადება - ისე, როგორც აქაურთა წესია...

კარი ჩაკეტა და სახლიდან გამოვიდა ახალი ქართველი დედა, გამეხებული ძუ ვეფხვი. სანამ კიდევ ერთხელ დახედავდა თათას სახეს, დაინახა, რომ სუდარაზე სისხლის ლაქა იყო. "ამით დავიმარხები", გაიფიქრა და დანარჩენების საძებნელად წავიდა. მეზობლად უცხოტომელებს მანქანა გამოეგორებინათ და დაქოქვას ლამობდნენ. ქალის მიახლოებაზე ყურიც არ შეუბარტყუნებიათ, მაგრამ როცა ლილიმ უთხრა, - ორ მანქანას კიდევ მოგცემთ, ოღონდ ჩემი მიცვალებულები მომაყვანინეთო, გამოფხიზლდნენ. უშვერი სიტყვებით გაიგდეს სახლისკენ... შვილის ტოლები იყვნენ... ერთი, ისიც დგებუაძე, ქართულად ცუდად, მაგრამ ლაპარაკობდა, დანარჩენები რუსულად. სანამ სახლში "საინტერესო" ნივთებს აგროვებდნენ, ლილიმ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ მომხდურს პიანინო არ ჰქონდა ნანახი... "ჩტო ეტო, ბლიად, ატკროი!" ჰო, ველურები იყვნენ, ლილის მისია კი ამ ველურებთან გარიგების დადება გახლდათ. თუმცა, ეს რთული იქნებოდა, რადგან მას შემდეგაც კი, რაც მიცვალებული "აღმოაჩინეს" სახლში, "სტუმრებს" არც ტონალობა შეუცვლიათ და არც მიმართვის ფორმა. "სუკა, ბლიად, სუკა, ბლიად" - დაპროგრამებულებივით იყვნენ და სახლს არბევდნენ. მერე ლილიმ თავისი ხელით ჩაულაგა მთელი ცხოვრების ნაგროვები ქონება უცხოტომელებს... ისინი "დაპირდნენ", რომ დაეხმარებოდნენ... დავიჯერეო, სულელმა, - ამბობს ახლა ქალბატონი ლილი და დღემდე ბრაზობს, რომ ამ ორფეხა ცხოველების ირწმუნა რამდენიმე წამით... ერთ-ერთს რაღაც არ მოეწონა გასვლის წინ და ლილის იარაღი დაადო... მეზობელი გამოესარჩლა, ამას არ უომიაო... როცა ყაჩაღებმა მისი ქონება მისივე მანქანებით გაზიდეს, ლილი მიხვდა, რომ ვერაფერი შეცვალა, ამიტომ გადამრჩენთან ერთად, მეუღლის ტრაქტორით გააგრძელა ოჯახის წევრების ძებნა.

ქუჩა აბსურდულ სურათს ჰგავდა - გამარჯვებულების ყიჟინა, დამარცხებულების მწუხარება, მოღალატეების გულისამრევი სახეები და ტრაქტორზე ამხედრებული შვილმოკლული ქვრივი... ტრაქტორი მალევე გააჩერეს იარაღიანმა კაცებმა, მეზობელმა ჟენიამ საბუთი ამოიღო გულის ჯიბიდან, - თქვენიანი ვარო. ისევ ბრაზობს ლილი, როცა ამას იხსენებს, რადგან სანამ იმ ფურცელს ამოაძვრენდა, ლილიმ მოასწრო და ჟენიასთვის მიშვერილ იარაღს გადაეფარა... ჩემი გულისთვის არ მოკლათო კაცი... ჩამოაგდეს ლილი ტრაქტორიდან.

დღე ილეოდა, მაგრამ ვერაფერს ცვლიდა ლილი დგებუაძე. საშიში იყო გარეთ ყოფნა, გამვლელ-გამომვლელთან ლაპარაკი, მაგრამ ამაზე ვერ იფიქრებდა. თავისი მოკლულების ძებნაში უცნობი დგებუაძეების ღია ცის ქვეშ დაყრილ 13, 14, 17, 20 წლის ბუზებშესეული ბიჭების ცხედრებს მიაკვლია... მერე მისი მაზლის ცოლი, ნათელა გამოჩნდა გზაზე. თავის თავს არც ის ჰგავდა. მოტანილი ამბავი კი ასეთი იყო: პირველი დათუნიკა მოგვიკლესო... მამისა და ბიძის თვალწინ, 19 წლის ორმეტრიანი ქართველი ჯარისკაცი, რომელმაც ომი ისე გამოიარა, რომ სამხედრო ფორმა ვერ მოარგეს... სამი დღის ჩაცმული ჰქონდა ნანატრი მუნდირი... მერე ჩემს შვილს ჩემი ქმარი მიაყოლესო, ბატონი გვადი დგებუაძე... ეს ყველაფერი გიორგის აყურებინეს და მწუხარებით შეშლილი შენი ჭაღარა ქმარიც ზედ დააკლესო ძმას და ძმისშვილს. რატომ?! - ეს არ უკითხავს ლილის. ნათელას ნაამბობს მხოლოდ შესწორება გაუკეთა: თათაც მკვდარია, სახლში მივასვენეო წუხელ... იმ საღამოს ოჯახში დარჩენილი ერთადერთი ოქრო - კბილების ხიდი ჩამოიხსნა ლილიმ. ეს ოქროს ხიდი და ფული, რომელიც მისი გასაჭირის შემხედვარე ქართველმა ქალებმა მოუგროვეს, ოქროს ბეჭედი, რომელიც მეზობლის ქალმა მოიხსნა ხელიდან, იმ რუსი ქალისთვის უნდა მიეცა, რომელმაც მისი მიცვალებულები სოფლის განაპირას, კირის ორმოში ჩაყარა...

ირგვლივ აღარავინ იყო საღ გონებაზე, მაგრამ ესტონელმა მეზობელმა როცა ურჩია, დაკრძალე მიცვალებული, თორემ მოვლენ და დაგიწვავენო, მიხვდა, დროს კარგავდა და უთენია, ნათელასთან ერთად წავიდა სასაფლაოზე. ვაიმე შვილო, მე და ნათელა საფლავს ვერ გაგითხრით, ძალა არ გვყოფნისო, - მიატირა თათას...

ბედად, სასაფლაოზე გადამალული გიორგაძეები გამოჩნდნენ. ქმრის სომეხი ეროვნების თანამშრომელიც... ჰოდა, დადგნენ ქალები სადარაჯოდ, მტრის გამოჩენა რომ ეცნობებინათ კაცებისთვის, იმათ კი დედის გვერდით გაუთხარეს საფლავი თათას... მერე, რაკი კაცები იმალებოდნენ, ექვსმა ქალმა წაასვენა სასაფლაომდე სახელდახელოდ შეჭედილი კუბოთი ლილის ვაჟკაცი... მიაყარეს მიწა... მოასწრეს, ესტონკას დიდი რბევა დაიწყო.

თერთმეტ დღეს იმალებოდნენ ყანებში ესტონკას ქართველები. როცა დაბრუნება გაბედეს, ლილის სახლში აღარაფერი დახვდა, მხოლოდ თათას სახლის ჩუსტები ეყარა კიბესთან. გადარჩენილი ქართველები სამშვიდობოს გაღწევას ლამობდნენ - ქურდულად, მალვით, შემოვლითი გზებით, მოსყიდვის გზით, ლილის კი თავისი მიცვალებულები ჰყავდა დასაკრძალი. იმ რუსის ქალს ჩაუჩურთა ხელებში ყველაფერი, რაც იშოვა და ამის სანაცვლოდ, საყვარელი ადამიანების ადგილსამყოფლის ნახვაღა მოახერხა.

GzaPressმერე რასაც აკეთებდა, ახლა იცის, რომ სრული სიგიჟე იყო... კოჭებამდე დაშვებულ კაბაზე ძველი წითელი ხალათი შემოიცვა, თავზე თავსაფარი მოიხვია და დახეული ფეხსაცმელებითა და ხელჯოხით სოხუმისკენ დაიძრა. ჰო, ახლა იცის, რომ სიგიჟეს სჩადიოდა, მაგრამ ახალგამოჩეკილი თვითმარქვია ხელისუფლების კარზე, პროკურატურაში, მილიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო დამხმარეს ძებნა. გარეგნულად ეს ხალხი არაფრით განსხვავდებოდა მანამდე ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებისგან. ლილიმ კარგად არ იცოდა რუსული, ამიტომ რუსულ-ქართულად უხსნიდა ყველა შემხვედრს, რომ თავისი მიცვალებულების დაკრძალვა სურდა. დახმარებას ითხოვდა, იმათ კი ესმოდათ... კარგად ახსოვს ერთი ადამიანის გვარი შინაგან საქმეთა სამინისტროში - ტარბა. ამ ახალგაზრდა კაცმა უთხრა, რომ სამი კვირა ვერაფრით დაეხმარებოდა, რადგან დაქირავებული ბოევიკებისთვის სამკვირიანი თარეშის უფლება ჰქონდათ მიცემული. რა ექნა?! რაღაც მაინც გააკეთა, გვიმრის ფოთლები დაჭრა და კირის ორმოს დააყარა თავზე. ასე სიცხისგან იფარავდა თავის მიცვალებულებს. ყოველ დილით გადიოდა ამ გზას დაცარიელებული სახლიდან კირის ორმომდე. ჩაუვლიდა გვერდით საძულველ სახეებს, ახალ ფოთლებს მიაყრიდა, წყალს დაასხამდა თავისიანებს და სოხუმისკენ მიდიოდა. მთელ თვეს იარა. სამსახურშიც მივიდა, იმედით, რომ ვინმე დაეხმარებოდა. საჭირო კადრი იყო ლილი დგებუაძე, ამიტომ აფხაზმა და სომეხმა თანამშრომლებმა უთხრეს, რომ სამსახურში დაბრუნებულიყო... "ქალბატონო ლილი, ხომ არაფერი აგერიათ-მეთქი"? - ვკითხე მოკრძალებით... არაფერი არევია, ხალხში უნდა ეტრიალა, საძულველი სახეები აეტანა, მტრისთვის წამლები გაემზადებინა, მიქსტურები ჩამოესხა იმისთვის, რომ თავისი მიცვალებულები დაეკრძალა... ჰო, ახლა ამბობს, რომ ნამდვილად არ იყო ჭკუაზე, როცა ამას აკეთებდა, მაგრამ მისმა გამბედაობამ გაამართლა. ამ საზარელი მკვლელობიდან 38-ე დღეს ლილიმ ქმარ-მაზლის და მაზლისშვილის სასაფლაოზე გადასვენება მოახერხა. თავისი მეუღლე შვილისა და ყოფილი ცოლის გვერდით დაკრძალა, მაზლი და მაზლისშვილი კი მისი მშობლების გვერდით... ახლა იმას დარდობს, რომ ტანსაცმელი ვერ გამოუცვალა მიცვალებულებს...

როცა მისია შეასრულა, ლილი დგებუაძეს სამშვიდობოს გასული უფროსი ვაჟი, საკუთარი თავი, დედა, ძმები და დები გაახსენდა, ტკივილიც იგრძნო და ძმას დაუკავშირდა... ახლა კაკულიებმა გაყიდეს, რაც გააჩნდათ. სამი მილიონი რუსული რუბლი შეაგროვეს და ლილის გადმოსაყვანად აფხაზ თანამდებობის პირს გადაუხადეს. აეროპორტში დაემართა მიკროინფარქტი... უცნაური იყო, თითქოს გვირაბის ბოლოს ნათელი გამოჩნდა, თითქოს მხოლოდ ერთი გაფრენაღა აშორებდა ადამიანურ ყოფას...

თუმცა, ადამიანური ყოფა დღემდე არ ეღირსა... ცხოვრობს პენსიით, ნათესავების დახმარებით. როცა გოჩას აქვს საშუალება, დედას ემიგრაციიდან ისიც ეხმარება... როცა დევნილი გახდა, 48 წლის იყო, ვერც სამუშაო იშოვა და ვერც ვეღარაფერი შემატა თავის ყოფას. წინა ცხოვრებიდან მხოლოდ ფოტოსურათები, თათას უკვე გაყვითლებული სკოლის გამოსაშვები დღისთვის მოხატული პერანგი და მისივე სისხლით დასვრილი სუდარა აქვს. როცა თავისიანებთან წავა, იცის, ამას გადააფარებენ ახლობლები, გულზეც შვილის საფლავიდან წამოღებულ აფხაზეთის მიწას დააყრიან. ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა თავადაც მოეკლათ აფხაზებს, რადგან საკუთარ ხალხზე გული ძალიან აქვს გატეხილი. დევნილობის პირველი შვიდი წელი წყალი ზიდა მესამე და პირველ სართულს შორის, ავარიულ შენობაში. ჰო, შეურაცხმყოფელ პირობებში იცხოვრა, ახლა ნაოპერაციები ფეხით მორყეულ რკინის კიბეზე ადის და ჩამოდის, აფხაზეთის მთავრობასთან უამრავი კითხვა აქვს, მაგრამ მასთან კონტაქტისთვის არავინ იცლის. - უცნაურია, - კითხვას სვამს ქალბატონი ლილი, - რატომ არ იცვლება ამ მთავრობაში ხალხი, განა, თანამდებობები მემკვიდრეობით ერგოთ? ვითომ აკეთებენ რამეს? როცა ჩვენი სახლის ერთი ნაწილი დაიწვა და სახელმწიფომ მის გასარემონტებლად საკმაოდ სოლიდური თანხა გამოგვიყო, ისეთი რემონტი გაგვიკეთეს, რომ ბოსელს დაამსგავსეს აქაურობა... ისეთივე ბოსელს, როგორადაც ახლა ყველა დევნილთა თავშესაფარი გამოიყურება. ვერ გავიგე, რისი მთავრობაა ეს ხალხი? ტერიტორია წართმეული გვაქვს და იქ ვერაფერს შეცვლიან, ჩვენ კი უპატრონოდ ვყავართ მიყრილები. ნუთუ, რამე სხვა ფუნქციაც შეიძლება რომ ჰქონდეთ?!

- გოჩა ხშირად გირეკავთ?- ვცდილობ კარგ ნოტაზე დავამთავრებინო ლაპარაკი... სახლში ერთ დღეს მოკლული შვილის, ქმრის, ორი მაზლის, მულის, ორი მაზლიშვილის სურათები აქვს გამოფენილი. საოჯახო ალბომში რამდენიმე გადარჩენილ ფოტოს ინახავს "წინა ცხოვრებიდან". - კი, შვილო, მირეკავს. როგორ მინდა, რომ ჩამოვიდეს. როგორ მინდა, ოჯახი შექმნას, ერთი შვილი მაინც ჰყავდეს.

- ჩამოვა, ქალბატონო ლილი, - ვპირდები...

დეა ცუცქირიძე