რა იწვევს მეტყველების პრობლემას ბავშვებში - გზაპრესი

რა იწვევს მეტყველების პრობლემას ბავშვებში

ბოლო დროს აშკარად იმატა ბავშვებში მეტყველების პრობლემებმა და შესაბამისად, მეტყველების თერაპევტთან მისულს, აუცილებლად დაგხვდებათ მისი პაციენტების გრძელი რიგი... თუ რა იწვევს მეტყველების პათოლოგიებს, რა ასაკში უნდა მიაქციონ მშობლებმა შვილებს ყურადღება, უნდა გვიხაროდეს თუ არა, როცა ჩვენი შვილი ქართულის ნაცვლად, ლაპარაკს უცხო ენაზე იწყებს, რომელიც კომპიუტერით ნანახი მულტფილმების გავლენით ისწავლა და რას ვაშავებთ, როცა ბავშვებს ენის მოჩლექით ვესაუბრებით? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მეტყველების თერაპევტი, ექიმი ეკა ჭავჭავაძე გვესაუბრა...

- როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა ბავშვს მეტყველების პრობლემა და რა ასაკში მივაქციოთ მის საუბარს განსაკუთრებული ყურადღება, რაიმე რომ არ გამოგვეპაროს? მოგეხსენებათ, 4-5 წლის (და მეტისაც) ბავშვი ძალიან პატარად გვეჩვენება მშობლებს საიმისოდ, რომ მისი მეტყველების გამართვაზე ვიფიქროთ. "გაიზრდება და გამოასწორებს" - ეს ფრაზა ბევრისგან გამიგონია...

- რამდენად სწორად ვითარდება მეტყველება, ამის შესაფასებელი რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს. თუმცა, უმჯობესია, მშობელმა ამ პრინციპით იხელმძღვანელოს:

* წლის ასაკში პატარა უნდა ამბობდეს ძალიან მარტივ, ერთგვაროვანი მარცვლების შემცველ სიტყვებს, მიმართავდეს დედას, მამას, ბებოს, ბაბუას;

* წლინახევრის ბავშვი უნდა ამბობდეს ორსიტყვიან მარტივ წინადადებებს, რომლებიც ძირითადად, მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული. მაგალითად: "წყალი მინდა", "პური მინდა", "ბურთი მომეცი" და ა.შ.

* 2 წლის ასაკში ლექსიკური მარაგი 100-დან 150 სიტყვამდე უნდა იყოს, პატარა მათ უნდა იყენებდეს მიზნობრივად, გააზრებულად.

* 3-4 წლის ასაკში სრულად უნდა გამოთქვამდეს საკუთარ ემოციებსა და აზრებს ვერბალური - სიტყვიერი გზით, უნდა შეეძლოს თანატოლებთან მომხდარი მოვლენების მარტივი ანალიზი, ანუ სწორედ სიტყვა და ფრაზა უნდა იყოს მისთვის გარშემო მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციის ძირითადი საშუალება.

რაც შეეხება ბგერათა სწორ წარმოთქმას, "გაიზრდება და გამოასწორებს" - ეს პოსტულატი ვარგისია 5 წლამდე. ნორმაში ბავშვი 3 წლის ასაკში იწყებს გამართულად პ, მ, ბ, ვ, ფ, გ, ქ, კ-ს წარმოთქმას, 4 წლის ასაკში სისინებს: ს, ზ, ც, წ, ძ, მოგვიანებით შიშინებს: შ, ჩ, ჟ, ჯ, ჭ. ბგერების გამართვა სრულდება რ და ლ ბგერით, 5 წლამდე.

თუ 4,5-5 წლის ასაკში ბავშვი რომელიმე ბგერას გამართულად ვერ ამბობს, აუცილებელია აჩვენოთ ენისა და მეტყველების თერაპევტს. გარდა ამისა, თუ 4 წლამდე რომელიმე ბგერას ვერ ამბობს და ამასთან, საუბარს თან დაერთვის საარტიკულაციო აპარატის არაბუნებრივი მოძრაობა, ენის გამოსვლა კბილთაშუა ნაპრალიდან, მეტყველებას დაერთვის ცხვირისმიერი ხმიანობა, საუბრისას გაძლიერებულია სალივაცია - ნერწყვდენა, ამ შემთხვევაში 5 წლამდე ლოდინი არ შეიძლება და უმჯობესია, ბავშვი ვუჩვენოთ სპეციალისტს.

- ამბობენ, ბოლო დროს მეტყველების თერაპევტების მომსახურებით ძალიან ბევრი ბავშვი სარგებლობს. როგორ ფიქრობთ, მეტყველების პრობლემებმა იმატა (თუ ასეა, მიზეზები რა შეიძლება იყოს) თუ უბრალოდ, ახლა მშობლები მეტ ყურადღებას აქცევენ მეტყველების პრობლემებს?

- უკანასკნელ ხანს ნამდვილად იმატა მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევებმა, ამის უმთავრესი მიზეზი მშობლების მოუცლელობაა, ანუ ის, რომ ერთმანეთში ნაკლებად ვსაუბრობთ და კომუნიკაციის ელექტრონულ ვერსიას ვანიჭებთ უპირატესობას. ხშირი მიზეზია უცხო ენაზე გახმოვანებული ანიმაციური ფილმების აქტიური ყურება, რომელიც 2-4 წლის ასაკში პირდაპირ თრგუნავს მეტყველების ფუნქციის განვითარების პროცესს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დღეს მშობლებიც თავის მხრივ, მეტი ყურადღებით ეკიდებიან მეტყველებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ვიდრე ეს 10-15 წლის წინ ხდებოდა.

- რა სახის მეტყველების დარღვევები არსებობს?

- მეტყველების დარღვევათა სიმრავლის მიუხედავად, შესაძლებელია მათი 2 დიდ ჯგუფად დაყოფა:

* მეტყველების დარღვევები, რომლებიც მეტყველების, როგორც ფუნქციის არასათანადოდ განვითარების ან საერთოდ, განუვითარებლობის შედეგია. მას მიეკუთვნება რეცეპტული ტიპის მეტყველების დარღვევა, მეტყველების ფუნქციის განუვითარებლობა, დისფაგია და აფაზია - ძირითადად ეს ის დარღვევებია, რომლებიც დამოუკიდებლად არ ვითარდება, ისინი რომელიმე ძირითადი დაავადების თანმდევი სიმპტომებია. მაგალითად, ბავშვთა ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრის აშლილობანი, გონებრივი განვითარების შეფერხება, დაუნის სინდრომი, სმენის დაქვეითება და ა.შ.

GzaPress* არსებობს მეტყველების ისეთი დარღვევები, როდესაც მეტყველების ფუნქცია სათანადოდ არის განვითარებული და ბავშვი მას სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალებად იყენებს, უბრალოდ აღინიშნება გარკვეული კოსმეტიკური ხარვეზები, ასეთებია ყველასთვის კარგად ნაცნობი, ე.წ. ლოგოპედიური დარღვევები, როდესაც ბავშვი არასათანადოდ წარმოთქვამს რომელიმე ბგერას და მოსახლეობისთვის ასევე კარგად ნაცნობი ენაბორძიკი, ანუ ლოგონევროზი.

- რამდენად დიდია მშობლის როლი შვილის მეტყველების პრობლემების მოგვარებისას?

- მშობლის მჭიდრო თანამშრომლობა თერაპევტთან მნიშვნელოვნად ამცირებს თერაპიის დროს და ზრდის მის ხარისხს.

- არიან ბავშვები, რომლებიც მშობლიურ ენაზე წარმოთქვამენ მხოლოდ "დედას", "მამას" და დანარჩენ სიტყვებს ამბობენ უცხო ენაზე, რომელიც მულტფილმებიდან, საბავშვო ვიდეოებიდან ისწავლეს. ეს რაიმე ზეგავლენას ხომ არ მოახდენს მის მეტყველებაზე? არის თუ არა საშიში?

- როდესაც ბავშვი მშობლიურ ენაზე ასაკის შესაბამისად ვერ ლაპარაკობს და ამასთან, გარკვეულ ლტოლვას ამჟღავნებს უცხო ენისადმი, ეს ნიშანია, რომლის რეაგირების გარეშე დატოვებაც არ შეიძლება, რადგან საკმაოდ ბევრ სერიოზულ დარღვევას ახასიათებს ფრაგმენტული, სტერეოტიპული საუბარი ანიმაციური ფილმებიდან აღებული ფრაზებით და გაძლიერებული ლტოლვა უცხო ენისადმი.

- რა ასაკშია რეკომენდებული ბავშვის მიყვანა ექიმთან კონკრეტული დარღვევების დროს და როდის არის დაგვიანებული?

- ენისა და მეტყველების თერაპია გვჭირდება მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ საუბრობს ასაკის შესაბამისად. მეტყველების ფუნქციის განუვითარებლობისას ეს რაც პატარა ასაკში მოხდება, მით უკეთესია. 2 წლიდან უკვე შესაძლებელია თერაპიის დაწყება. რაც შეეხება ბგერათა დამახინჯებულ წარმოთქმას, თუ საარტიკულაციო აპარატში ყველაფერი რიგზეა, თერაპიის დაწყება რეკომენდებულია 4-4,5 წლიდან.

- შესაძლებელია თუ არა მეტყველების (რომელიმე ტიპის მაინც) დარღვევის თავიდან აცილება და თუ შეგიძლიათ ახალბედა მშობლებს მისცეთ კონკრეტული რჩევები? ხშირად ბავშვს ენის მოჩლექით ელაპარაკებიან, ახდენს ეს მასზე ზეგავლენას?

- უმეტეს შემთხვევაში, პატარებში მეტყველების პრობლემის მიზეზი არაჯანსაღი სამეტყველო გარემოა. აუცილებელია პატარას ბევრი ველაპარაკოთ და ყველაფერი გავუხმოვანოთ. ვიდრე იგი არ გაიმართება მშობლიურ ენაში, ნუ მივაწვდით უცხო ენას, ნუ ვაყურებინებით უცხო ენაზე გახმოვანებულ ანიმაციურ ფილმებსა და აპლიკაციებს, ნუ ვესაუბრებით ენის მოჩლექით, რადგან პატარა ისევე იწყებს მეტყველებას, როგორი ხარისხის საუბარიც ესმის მას.

- რა არის ლოგონევროზი, რა იწვევს მას? ასეთ დროს ნევროპათოლოგის დახმარება რამდენად აუცილებელია?

- ლოგონევროზი, იგივე ენაბორძიკობა ნევროზის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც მეტყველებისას იჩენს თავს და თავისუფალი მეტყველების ტემპისა და რიტმის დარღვევით ვლინდება, ანუ სამეტყველო აპარატის სხვადასხვა განყოფილებაში ვითარდება კრუნჩხვები და სპაზმები, რომლებიც საუბრისას გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნიან. ზოგჯერ ლოგონევროზი სიმპტომურია და თან ერთვის რომელიმე ნევროლოგიურ დაავადებას, ასეთ დროს საჭიროა ნევროლოგის დახმარებაც, სხვა შემთხვევაში, თუ ნევროლოგიური კლინიკა არ არსებობს, მისი კორექცია ენისა და მეტყველების თერაპევტის პრეროგატივაა.

ლოგონევროზის ყველაზე გავრცელებული მიზეზი უეცარი ძლიერი ემოცია, სტრესია, შიშია, მაგრამ ზოგჯერ იგი უმიზეზოდ ვითარდება, ხშირია გადაჩვეულ ცაციებში და ა.შ.

- დაბოლოს, თქვენ ეხმარებით შშმ პირებს. მათთვის ძირითადად, რა სახის დახმარების გაწევა გიწევთ? რა შედეგის მიღწევა შეიძლება მათთან მუშაობისას?

- განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უმრავლესობას ახასიათებს მეტყველების ესა თუ ის პრობლემა, უპირატესად მეტყველების, როგორც ფუნქციის განუვითარებლობა ან განვითარების შეფერხება, მათთან მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით ტარდება, რაც ითვალისწინებს: ფონემატური სმენის გავარჯიშებას აპლიკაციური და ავტოიმიტაციური მეთოდით, ლექსიკური მარაგის შევსებას, არსებული მარაგის კატეგორიზაციას. ხშირად საჭირო ხდება საარტიკულაციო აპარატის პირდაპირი მასაჟიც. მართალია, განსაკუთრებული საჭიროება თერაპიის ხანგრძლივობას საკმაოდ ზრდის, მაგრამ სწორად შერჩეული სტრატეგიითა და სისტემატური მუშაობით, მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით, თითქმის ყოველთვის შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა.

ლიკა ქაჯაია