"როგორ გავხდე ქართველი" - გზაპრესი

"როგორ გავხდე ქართველი"

"როგორ გავხდე ქართველი" - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის რეჟისორი ნათია არაბული-ვეგერი და სცენარისტი ნინო ჩუტკერაშვილი არიან. ეს არის ისტორია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა უცხოელ მუსიკოსებზე, რომლებიც ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობენ და ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთ შემოქმედებას აცნობენ. დოკუმენტური ფილმი რეჟისორისა და სცენარისტის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. პირველი ფილმის - "ჟოლის მთების" პრემიერა გერმანიაში შედგა. ნათიასა და ნინოს შემოქმედებით ურთიერთობას ხელს უწყობს მათი მეგობრობაც. ინტერვიუსთვის ორივე ერთად მოვიწვიე.

ნათია:

- ტელერეჟისურა უნივერსიტეტში (თსუ) დავამთავრე, ჩემი პროფესორი ნანა ჯანელიძე იყო. 2000 წელს მიუნხენში წავედი და კერძო სკოლაში ვსწავლობდი, პირველ რიგში, ტელემენეჯმენტი შევისწავლე. თავად ვარ ჩემი ფილმების პროდიუსერი. დიდი პასუხისმგებლობაა ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, გავბედე და გამომივიდა. გერმანული არხებისთვის გავაკეთე ორი ფილმი, ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა. ოღონდ, აქ რომ ჩამოვედი, თემად პანკისის ხეობა ავირჩიე. იმ პერიოდში ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოში ხევსურეთის - შატილის სასაზღვრო საგუშაგოს გავლით შემოდიოდნენ. ხევსურები მათ კარგად ხვდებოდნენ, ოჯახებში იღებდნენ და უმასპინძლდებოდნენ. პანკისი ცხელი წერტილი იყო, საშიშ ზონად მიიჩნეოდა. წარმოუდგენელი იყო იქ თბილისიდან ვინმე კამერით ჩასულიყო და ლტოლვილები მას დაკონტაქტებოდნენ. მე, როგორც ხევსური, ისე მივედი მათთან და ვთხოვე თანამშრომლობა. ჩემთვის მთელი პანკისის ხეობის კარი გაიღო. ასე გადავიღე ფილმები "რამზანი და მისი ძმები" და "ფატიმას გამოღვიძება". 2-3 წლის შემდეგ, როცა რამზანის ოჯახი უკან დაბრუნდა, ჩვენ თბილი ურთიერთობა შევინარჩუნეთ. გროზნოდან ხშირად მირეკავდა ძმების დედა, რომელიც ყოველთვის იხსენებდა ქართველების სტუმართმოყვარეობას და შვილების ამბებს მიყვებოდა. ასევე, ფატიმასთან და მის დედასთან მქონდა კავშირი. ეს ფილმები გერმანიაში არაერთხელ უჩვენეს.

- თქვენ ერთხანს ავსტრიაში ცხოვრობდით, იქ რას საქმიანობდით?

- გერმანიიდან საქართველოში დავბრუნდი. თეატრალურ ინსტიტუტში, რეზო ესაძის ჯგუფთან დამხმარე პედაგოგად 4 წელი ვიმუშავე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც ახალი სივრცე მჭირდებოდა, სხვა ჰორიზონტი მაინტერესებდა. თვითონაც მიკვირს როგორ გავბედე, ალბათ ახალგაზრდა რომ ვიყავი, ამიტომ იოლად გადავწყვიტე. უბრალოდ ავდექი, ჩავალაგე ბარგი და შვილთან ერთად საცხოვრებლად ავსტრიაში წავედით. ჩემი გოგონა იქ სამხატვრო აკადემიაში ფერწერას სწავლობდა. ავსტრიაში დედა-შვილი დაახლოებით 6 წელი ვიყავით. ვენაში ოპერატორის ფუნქციაც შევითავსე. კამერა ჩემი მარჯვენა ხელია, თუმცა მაშინ "იძულებით" შევისწავლე, ოპერატორის დაქირავების ფუფუნება არ მქონდა. მომიწია კამერის ყიდვამ და გადაღება დავიწყე. მასალები საქართველოს პირველ არხს შევთავაზე. მოეწონათ და გავაკეთე ფილმი "ვენის ვნების კვირა", რომელიც ვენაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ეხება. აქ განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ ოპერატორის ნამუშევარი არაჩვეულებრივიაო, ამან კიდევ უფრო გამათამამა და ვამბობ, ოპერატორი საერთოდ აღარ მჭირდება-მეთქი (იღიმის).

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ნინო ვენაში გავიცანი, მაშინ იქ ვცხოვრობდი. საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი პროდიუსერი გოჩა ჟორჟოლიანი დამიკავშირდა და მთხოვა, ჩვენი თანამშრომელი, სცენარისტი ნინო ჩუტკერაშვილი ჩამოდის და თუ შეგიძლია მასპინძლობა გაუწიოო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. ნინომ ჩამოიტანა ფილმი "ხელმწიფე" და 2 დღე დარჩა ვენაში. გავიცანი სასიამოვნო, ენერგიული და ნიჭიერი ადამიანი. შემდეგ თბილისში ჩამოვიტანე ჩემი ფილმის - "ვენის ვნების კვირის" მასალები დასამონტაჟებლად და ისევ შევხვდი ნინოს. ასე დავმეგობრდით.

- "ჟოლის მთები" ხევსურეთს ეხება და თავად ხევსური ხართ. ამ კუთხით ალბათ, ადვილი იყო ფილმზე მუშაობა. რეჟისორი და სცენარისტი კამათობდით ხოლმე?

- ამ ფილმის გადაღებაზე დიდხანს ვოცნებობდი. ის არის ჩემზე, ჩემს სოფელზე, ახლობლებზე - იმდენად პერსონალური ფილმია, ცოტა მეშინოდა კიდეც. სათაურს სამი ინტერპრეტაცია და დატვირთვა აქვს. ბავშვობიდან მეგობრებმა ჟოლი შემარქვეს და ამდენად, ჩემს მთებზეა ფილმი გადაღებული. ვთვლი, რომ ის მთები ჩემია. ხევსურეთში ჟოლის ეძახიან ჟოლოს, ე.ი. ჟოლოს მთებია. ბოლოს, ცოტა ხუმრობით, ჟოლი ფრანგულად "ლამაზს" ნიშნავს და ევროპელმა მაყურებელმა შეიძლება გაიგოს, როგორც ლამაზი მთები. ნინო მოვიწვიე ფილმის თანაავტორად და თანასცენარისტად. საინტერესო იყო ისიც, რომ რადგან მე მთლიანად მოცული ვიყავი ფილმით, ნინო უფრო გონებით და რაციონალურად მიუდგა ყველაფერს, კარგ რჩევებს მაძლევდა. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია.

GzaPress

ნინო: - ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა ნათიასთან მუშაობა, სრული ჰარმონია გვაქვს. ერთნაირად ვფიქრობთ და ჩვენი აზრები თანხვედრაშია. "ჟოლის მთები" საინტერესო ფილმია, სწორფრობის თემას ეხება და ამას ხევსურის გარდა, ვერავინ გააკეთებდა. ალბათ იცით, რომ სერგი მაკალათია იკვლევდა სწორფრობის ტრადიციას და ხევსურები არც კი ესაუბრებოდნენ. ბევრ რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ ამ ფილმზე მუშაობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. ნათიას თავისებური ხედვა საოცრად მომწონს.

- "როგორ გავხდე ქართველი" - ამ ფილმის გადაღებები რა ეტაპზეა და თემამ რატომ დაგაინტერესათ?

ნათია:

- გერმანიასა და ავსტრიაში ვცხოვრობდი და ვიცოდი, რა დამოკიდებულება ჰქონდათ უცხოელის მიმართ ან როგორი მასპინძლები იყვნენ. საინტერესო იყო ჩემი ქვეყნის დამოკიდებულება უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანებთან. თუმცა, სიტყვა "უცხოელი" არ მიყვარს, რაღაც იარლიყივით არის. მაინტერესებდა, ისინი რას გრძნობენ, რას განიცდიან, საერთოდ როგორ ცხოვრობენ საქართველოში? დავიწყეთ ეს პროექტი მე და პროდიუსერმა გიორგი ჯეჯეიამ.

ნინო:

- მეც მიმიწვიეს პროექტში, სადაც სცენარისტი ვარ და ამავე დროს, პროდიუსინგს ვახორციელებ გიორგი ჯეჯეიასთან ერთად. იდეა ლეგალურ მიგრანტებს ეხება, რომლებსაც მოსწონთ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება და არ უნდათ აქედან წასვლა. დავიწყეთ თემაზე მუშაობა და პირველ რიგში, თანხების მოძიება გვინდოდა ფილმის გადასაღებად, რაც საკმაოდ გართულებულია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ფილმის პროექტი წარვადგინეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სატელევიზიო და არამხატვრული პროდუქციის კონკურსში. ჩვენი იდეის განხილვით, 2017 წლის სექტემბერში ერევანში გამართულ ვორკშოპზე მოვხვდით. პროექტს ვაცნობდით ძალიან ცნობილ და გამოცდილ დოკუმენტალისტებს. ფილმისთვის აღებული გეზი მოეწონათ, ჩვენ კიდევ უფრო გავამყარეთ მიმართულება მუსიკალურ ტურნესთან დაკავშირებით. ამის შემდეგ 6 თვე უშედეგოდ გავიდა. მერე კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კონკურსში ვმონაწილეობდით, რამდენიმე ეტაპი გავიარეთ და ბოლოს დაფინანსება იქიდან მივიღეთ. ამ ფილმს ამზადებს "იბისი ფილმ სტუდიო".

ფილმის გმირები თბილისის კონსერვატორიის უცხოელი სტუდენტები არიან. რაც მთავარია, პროექტისთვის შექმნილი მუსიკოსების ჯგუფი მრავალფეროვანია, აქ არის: ეთნომუსიკა, ელექტრონული მუსიკა, ვოკალი, კლარნეტი, აზიური ინსტრუმენტები... მათი გადაწყვეტილება, რომ ემოგზაურათ მულტიკულტურულ და მულტირელიგიურ მხარეში, ჩვენ მოვიწონეთ და საინტერესო მოგზაურობა მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შედგა, სადაც დარბაიძეების ოჯახში ვიყავით. ნაღდი საქართველო, პირველ რიგში, მაინც სოფელია. სად ეზოში ლაღად მოსიარულე სტუმარი და სად - კორპუსში გამოკეტილი? გადაღებები თითქმის დავამთავრეთ. ფილმის გმირები მადლობებს გვიხდიდნენ. პრემიერას მომავალ წელს, მაისის თვეში ვგეგმავთ.

- დოკუმენტური ფილმების სტუდიაში რა სიახლეებია?

- საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია დღეს აღარ არსებობს. ასე ვთქვათ, რეორგანიზაციის გამო დაიშალა. ამ სტუდიაში შეიქმნა ჩემს შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული ფილმი "ხელმწიფე", რომლის სცენარის ავტორი და პროდიუსერი ვარ, თანაავტორია რეჟისორი შალვა შენგელია. ფილმი 15 ქვეყანაში 22-ჯერ აჩვენეს. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში პირველი ფილმი, რომელიც საზღვარგარეთ გაიყიდა, თანაც ალ ჯაზირამ იყიდა და სამჯერ გაუშვა. ძალიან ვამაყობ ამ ფაქტით, ეს არის ისტორიული მოვლენა. იმედს ვიტოვებ, ეს ტელევიზია კიდევ შეძლებს შექმნას მსგავსი, მსოფლიოში უძლიერესი ტელევიზიებისა და სტუდიებისთვის კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

- მომავალი ფილმის იდეის შესახებ მითხარით.

- მე და ნათიას ერთი პროექტი გვაქვს, რომელსაც დაწყება ვერ ვაღირსეთ (იცინის). ეს არის მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის ბერტა ზუტნერის ისტორია, რომელიც ერთ დროს ალფრედ ნობელის მდივანი გახლდათ. სწორედ მან დააარსებინა ნობელს ეს პრემია, დინამიტის გამოგონების საპირწონედ. ამ ქალბატონის შესახებ არსებობს დოკუმენტური ფილმები, მაგრამ რა ფორმითაც ჩვენ ჩავიფიქრეთ, ისე ჯერ არავის გაუკეთებია.

ნათია:

- ეს ჩვენი საერთო ოცნება და მომავლის გეგმაა. ახლა ვმუშაობ პროექტზე, რომელიც ტორონტოში უნდა გადავიღო. გასულ წელს ტორონტოში ჩემს ქალიშვილთან ჩავედი, რომელიც იქ ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. ერთ-ერთ ქართულ ოჯახში რაც ვნახე, იმ ამბავმა ჩემში შოკი გამოიწვია. ბავშვებთან სტუმრად თავისივე თანატოლები, დაახლოებით 8-10 წლის ბიჭები მოვიდნენ. არც მასპინძლებმა და არც სტუმრებმა, დედით და მამით ქართველებმა, არც ერთი ქართული სიტყვა არ იცოდნენ და ერთმანეთს ინგლისურად ესაუბრებოდნენ. არადა, ბიჭებს იცით, რა სახელები ერქვათ? თორნიკე, ცოტნე და ა.შ. გაოცებულმა ვიკითხე, ეს ბავშვები ნამდვილად ქართველები არიან-მეთქი? ამ პრობლემაზე ფილმი "ახალი მოქალაქე" უნდა გადავიღო.

ნანული ზოტიკიშვილი