"ჩემი საქართველო წნორიდან იწყება" - გზაპრესი

"ჩემი საქართველო წნორიდან იწყება"

წლების წინ, წნორში, ბოსტანში გამხდარი ბიჭი ბარით მიწას თხრიდა. კახეთში ბარით შრომა არც არავის უკვირს, მაგრამ უჩვეულო ის იყო, რომ ბოსტანში ეს ბიჭი საფლავებს თხრიდა კურდღლებისთვის (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ბოცვრებისთვის). მორიგეობით სამი დედა ბოცვერი დამარხა ნიკამ, მერე პატარა ბორცვებს დანანებით და შიშით დახედა. ენანებოდა დახოცილი ცხოველები, 2 კვირის ობოლი ბაჭიებიც, რომლებსაც თუ დროულად არ მიხედავდა, შიმშილით დაეხოცებოდა. სწორედ მათი სიკვდილის ეშინოდა! მერე დაიწყო "პიპეტკით" ძროხის რძის ჩაწვეთება ბაჭიებისთვის და ჯიუტად სჯეროდა, რომ გაზრდიდა პატარებს. გასაოცარია, მაგრამ ბაჭიები გაზარდა და მერე ერთბაშად ბაზრის გზასაც გაუყენა. არც ერთი დაუტოვებია, რადგან ქვეცნობიერში შიში ჩაიკირა, კიდევ არ დაიხოცონო... ნიკა ბაგალიშვილს თუ დაეკითხები, ვინაა, მოკლედ გეტყვის, რომ 25 წლისაა და სოფლად ცხოვრება უყვარს. შრომისმოყვარე ახალგაზრდას ჰყავს და, დედ-მამა, აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი, აგრარული უნვერსიტეტის ბაკალავრიატის ერთწლიანი კურსი გავლილი, თუმცა, მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპი მაინც სოფელის მეურნეობას უკავშირდება.

25 წლის წინ საქართველოში მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ ნიკამ ყველაფერს გაუძლო და ნაღველშერეული სიხარულით იხსენებს თავისი ცხოვრების დეტალებს:

GzaPress"მძაფრად მახსოვს ჩემი ოჯახის გაჭირვება. ბავშვობიდან ვცილობდი, ფულის შოვნის საშუალებები და გზა მეპოვა. ვაგროვებდი ჯართს, სპილენძისა და ალუმინის მავთულებს, ბოთლებს - ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც შეიძლებოდა, ჩამებარებინა. ნაშოვნ ფულს ყოველთვის ჰქონდა ოცნება და ეს ოცნება ის იყო, რომ ისევ ფული უნდა მეშოვა. მახსოვს, ინდაურები როგორ ვიყიდე, გავზარდე, შემდგომ გავყიდე და სახლისთვის საწოლები და "კარნიზები" ვიყიდე. ჩემი პატარაობისას ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო წვიმის მოსვლა, რადგანაც წვიმას მოჰყვებოდა ოცნებები. დასთან ერთად გავდიოდით ქუჩაში და წვიმის მოტანილი ალუმინის, სპილენძის ნაკუწებს ვაგროვებდით. მანამდე წვიმიანი ამინდი არ მიყვარდა, მაგრამ მერე შეხედულება შემეცვალა. ეს იყო დრო, როცა მე და ჩემი და "ოცნებებს" ვპოულობდით და ვაბარებდით ჯართის მიმღებ პუნქტში, რათა გვეყიდა რაიმე, ან თუნდაც მშობლებს დავხმარებოდით. ეს იყო გაჭირვების ბედნიერება... მახსოვს, მუდამ გვყავდა საქონელი. ჩემს გონებაში იყო ჩაბეჭდილი საზოგადოების აზრი, რომ მენახირე არ უნდა გამოვსულიყავი. ასე დამაშორეს სოფელს, სადაც ცხოვრება ძალიან მინდოდა. მე არ ვიყავი ისეთი ძლიერი მაშინ და საზოგადოებრივ წნეხს ვერ გავუძელი, ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო მომართული: მშობლები, ნათესავები და მეზობლები. თურმე გონიერი ბიჭი ვიყავი და აუცილებლად უნდა მიმეღო უმაღლესი განათლება!..

როდესაც ჩემმა დამ ჩააბარა უნივერსიტეტში და შემდგომ მეც, ჩემი ოჯახი დადგა დიდი დილემის წინაშე, თუ როგორ გაგვეგრძელებინა სწავლა. დედაჩემმა გადაწყვიტა, საზღვარგარეთ წასულიყო ჩვენი სწავლის ხელშესაწყობად. მამაჩემი ეწინააღმდეგებოდა დედას ემიგრანტობას, ისევ საზოგადოების სტერეოტიპების გამო, მაგრამ სხვა გზაც არ იყო... არასდროს გამჭირვებია საოჯახო საქმეებთან გამკლავება, ვამზადებდი საჭმელს, ვალაგებდი სახლს, მაგრამ ყველაზე ძნელი ის იყო, რომ დედა არ გახლდათ ჩემ გვერდით, მთელი რვა წელი!.. ის გმირია, ამას ვიტყვი, მეტს არაფერს! სტუდენტი რომ გავხდი, დედაჩემის დიდი დამსახურება. მეც მინდოდა იმ დროს სტუდენტობა, მომწონდა ის ფაკულტეტი, სადაც ჩავაბარე და სადაც ვსწავლობდი, მაგრამ ორი წლის შემდეგ გული ამიცრუვდა და ამის შემდეგ დავიწყე აგრარული მიმართულებით ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით, სასოფლო-სამეურნეო ხასიათის შეხვედრებზე სიარულით და გადავწყვიტე აგრარულ უნივერსიტეტში ჩაბარება.

4 წლის სწავლამ ბაკალავრიატზე დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემზე. უფრო გავძლიერდი და გავიგე, რა მინდოდა. აღარ ვიყავი სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანი და ეს ძალიან მახარებდა...

ჩემი საქართველო წნორიდან იწყება. ჩემთვის სოფელი არის სიმშვიდის, თავისუფლებისა და ჯანმრთელობის შეგრძნება. ვფიქრობ, ყველას საქართველო იქიდან უნდა იწყებოდეს, სადაც დაიბადა და გაიზარდა; იქ უნდა ვაკეთოთ სასიკეთო საქმეები, თუ გვინდა, რომ ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს. თუ დღეში წუთით მაინც იოცნებებთ მომავალზე, აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი".

მოკლედ, ნიკა წნორს დაუბრუნდა. ეს დაბრუნება სამუდამოა და მისი გადაწყვეტილება გადასინჯვას აღარ ექვემდებარება. ფიქრობს, რომ ეტაპობრივად უნდა დააგროვოს ფული, რომელსაც ისევ სოფლის მეურნეობის აღორძინებაში დააბანდებს. რამდენიმე ჰექტარი მიწა მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია და ლობიოს მოყვანით დაიწყო დიდი ფიქრების განხორციელება. წელს ერთ ჰექტარზე თირკმელა ლობიო დათესა, ნათესის მორწყვა მხოლოდ ერთხელ დასჭირდა, რადგან უჩვეულოდ ნალექიანი წელი გამოდგა. წვიმის მოსვლა კახეთში ცოტას არ ნიშნავს, თუმცა, ზოგჯერ ნალექი კახელებსაც თავს აბეზრებს. ყვავილობის ჟამს ვაზსაც აზიანებს და ლობიოს მორჩებზე ბუგრების დახვევასაც უწყობს ხელს. ასეთ დროს სარეველას ინტენსივობაა საფიქრალი, მით უფრო, თუ შხამ-ქიმიკატებით არ გინდა მოსავლის მოყვანა. თოხით არაა ადვილი ჰექტარიან ყანაში სარეველებთან გამკლავება, მაგრამ სჯობს, მკლავს ძალა დაატანო, ვიდრე მომხმარებელს საწამლავად გადაქცეული საკვები შესთავაზო.

მოარული აზრია, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ჰგავს ადამიანის რომელიმე ორგანოს, სწორედ მიმსგავსებული ორგანოს სიჯანსაღისთვის არის აუცილებელიო: ნიგოზი თავის ტვინს უხდებაო, ნიახური - ძვლებს და თირკმელა ლობიო - თირკმელებსო... გაგვიჭირდება იმის მტკიცება, რამდენად შეუცვლელია თირკმლის დაავადებებისთვის "ლობიოთერაპია", თუმცა, შიმშილის დასამარცხებლად ლობიოსგან ათასნაირი საჭმელი მზადდება და ქოთნის ლობიოს შეჭამანდის რეცეპტს აქვე გთავაზობთ: თიხის ქოთანი იყიდეთ ზემო იმერეთში, დადგით ბუხრის პირას, ჩაყარეთ ლობიო, დაასხით წყალი და ათუხთუხეთ ნებისად! ლობიო თუ ძველი მოსავლისა არაა, მალევე იხარშება (რეკომენდაციას ნიკასნაირი მეურნის მოყვანილ ლობიოს ვუწევ) და მერე ფილთაქვაში დანაყული ნიგოზი, ქინძი, ცოტა ნიორი, ქონდარი მარილთან ერთად ამოზილეთ ქვაბშივე... ჰო, ასე შეკაზმულ ლობიოს წითელი ღვინო, მწნილი და ბოსტნეულიც უხდება, ეგ ისედაც მოგეხსენებათ!

ნიკა: "ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ლობიოს აგროტექნოლოგიაში იყო ის, რომ ლოფორთქინებმა (ლოკოკინებმა) გამინადგურეს დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე ნათესი. სამწუხაროდ, ვერანაირი ზომა ვერ მივიღე, რომ მათ შევბრძოლებოდი ბიოლოგიური მეთოდებით. ახლაც მაქვს ეს პრობლემა. ამბობენ, რომ ინდაურების მადაა მხოლოდ ბიომეთოდი, რომელიც ლოკოკინებს დაამარცხებს, მაგრამ ეს ადვილი არაა. ძნელია მოაგროვო კარგად დამშეული ინდაურების ჯარი, შემდეგ "სანადიროდ" წაიყვანო მოშორებით არსებულ სავარგულში! მავნებელი ბუგრებიც ნორჩ ყლორტებს აზიანებდნენ. "ბანჯგვლებიანი ბრინჯაოსანაც" საშიშია ლობიოსთვის. ეს პარაზიტი ყვავილს აზიანებს, თუმცა, ყველაზე ვერაგი მაინც "ლობიოს მემარცვლიაა", რომელიც ჩემს ნაკვეთშიც შევნიშნე. ის დებს კვერცხებს, საიდანაც ახალი თაობის მავნებლები იჩეკებიან - ეს პრობლემა ადვილად გადავჭერი: როდესაც ტემპერატურა 50 გრადუსზე ადის, დასრულებულ ნაყოფში კვდება ლობიოს პარაზიტული ორგანიზმები. ჩვენთან, წნორში საშინელი სიცხე იცის. მოსავლის აღების შემდგომ გაშლილი მქონდა ლობიო ასფალტზე, პარკები გადახურდა და მემარცვლიები დამარცხდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მყიდველთა ნაწილს აქვს მცადრი აზრი, რომ კახეთის ლობიოს "ჭია" მალე უჩნდება, თიანეთისას კი არა. თუ თერმულად არ დამუშავდა ლობიოს მოსავალი, ნებისმერ რეგიონში მოყვანილ ლობიოს უჩნდება "ჭია". დიდ პრობლემას წარმოადგენს ასევე ტექნიკის უქონლობა. სამწუხაროდ, არ გვაქვს ლობიოს ამღები კომბაინები, რაც ცალსახად პრობლემას ქმნის მწარმოებლებისთვის. ჩემი მოსავალი კუსტარული წესით დამზადებული დანადგარით "გავჩირჩნე", ეს კი დიდ შრომასთან და დროის ხარჯვასთან არის დაკავშირებული.

ადვილი არც ლობიოს რეალიზაციაა. არავინ იცის, რა ტექნოლოგიით არის მოყვანილი ის იმპორტული ლობიო, რომლითაც გადავსებულია აგრარული ბაზრები და მარკეტები. თუმცა, ნელ-ნელა ემატება ჩემი კლიენტების ბაზას ადამიანები, რომლებსაც არასდროს მოვატყუებ. სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც სრულიად უცნობი ადამიანი გენდობა და ყიდულობს შენს ბიოპროდუქციას. მოსავლის გასაღების მერე ბოჩოლები უნდა დავამატო ჩემს მინიფერმას. ვფიქრობ, მომავალში მინიმუმ 100 სული მერძეული ჯიშის საქონელი მეყოლება. მექნება პატარა საწარმო რძის გადასამუშავებლად. ბიო გაზით გავათბობ სათბურს. ვფიქრობ იმაზეც, რომ მომავალ წელს გავხსნა აგროსკოლა, რომელშიც მხოლოდ 12 წლამდე ბავშვები მიიღებენ განათლებას, ექნებათ სადემონსტრაციო ნაკვეთები და თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევების მიღებას შეძლებენ. ამით ინტერესიც გაუღვივდებათ და უცხოური საქონლის გაძევებასაც უფრო ადვილად შევძლებთ მერე ქართული ბაზრიდან... ძალიან მინდა, ფართო სპექტრის ფერმერი გავხდე".

აუცილებლად განვავითარებ მესაქონლეობას, მევენახეობას, ლობიოს, სიმინდისა და ქართული ჯიშის ხორბლის წარმოებას, - ასე ფიქრობს ახალგაზრდა და დაუზარელი ფერმერი წნორიდან. მართალია, ჯერ მას არც ერთი საგრანტო პროექტი და სხვა ტიპის წამახალისებელი პროგრამა არ გამოუყენებია, მაგრამ აჩქარებით წუთისოფელი არავის მოუჭამია. ნაქები კახური სიდინჯით ნიკა ყველაფერს მიაღწევს, თუმცა, სახელმწიფო ასეთ ახალგაზრდებზე ბევრად მეტს უნდა ფიქრობდეს...

როლანდ ხოჯანაშვილი