"მადლობა დედა, რომ მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნავ!" - გზაპრესი

"მადლობა დედა, რომ მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნავ!"

ცოტა ხნის წინ ერთმა ჩემმა კოლეგამ დამირეკა და მიამბო თურქეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც ქართველი ბავშვების დასახმარებლად შეკრებილან და თავიანთი შრომით გამომუშავებულ თანხას სხვას უყოფენ. "სიკეთე გადამდებია" - ეს სიტყვები აურჩევიათ ლოზუნგად და უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ ჩაყვანილი ბავშვების დახმარებას შეძლებისდაგვარად ცდილობენ, ავადმყოფის ოჯახს მორალურად ამხნევებენ...

ჩვენ საქველმოქმედო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ქეთრინ ბიგანაურს დავუკავშირდით:

- თავადაც ემიგრანტი რომ არ ვიყო, ემიგრანტების ფასს ვერ გავიგებდი, დღეს კი თითოეული მათგანი მეამაყება და მიყვარს. ვიცი ყველა ემიგრანტის ტკივილი. მიუხედავად მძიმე შრომისა, მათ მაინც აქვთ სიკეთის კეთების სურვილი. თავიდან ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა შეექმნა ჯგუფი "სტამბოლის ქართველობა, სიკეთე გადამდებია" და იდეა რეალობად აქცია, გაგვაერთიანა გოგონები ქველმოქმედების საკეთებლად. მახსოვს, პირველად შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ ლანას, რომელსაც მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა, შემდეგ მხარში ამოვუდექით თეკლას და ა.შ. მცირედია, რის შეგროვებასაც ვახერხებთ, მაგრამ გულით გაღებულია. ჯგუფი თვიდან თვემდე ეხმარება თითო ადამიანს.

თქვენი ნებართვით, მინდა იმ გოგონების სახელები გითხრათ, ვინც ამ საქმეს ჩაუდგნენ სათავეში, რათა მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ მას ჰყავს ღირსეული შვილები, რომლებსაც მართალია, უცხო ქვეყანაში უჭირთ, მაგრამ სიკეთის კეთების სურვილი არ დაუკარგავთ. ეკა ჩიხლაძემ გაგვაერთიანა ქართველი ემიგრანტები: მარი თაბორიძე, თეო გოჩოლეიშვილი, ირინა ხელცაძე, ნარგო ახალკაცი, ირმა სირაძე და მე. რამდენიმე თვის შემდეგ ეკამ დატოვა ჯგუფი და წამოწყებული საქმე გადმომაბარა. მადლობას ვუხდი მას ნდობისთვის...

შემდეგ თეომაც დატოვა ჯგუფი, რადგან შაბათ-კვირას ვერ ახერხებდა ჩვენთან ერთად სირბილს ოჯახის, ქმრის გამო. დანარჩენები ჯგუფში ვდებდით პოსტებს და "ფეისბუკის" მეშვეობით ვეძებდით ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ, ვინც სტამბოლში გადიოდა მკურნალობას. მერე მივდიოდით საავადმყოფოში, ვიგებდით პაციენტის მდგომარეობას და თვიდან თვემდე მცირედით, მაგრამ ვეხმარებოდით. ახლაც, "ლაივს" ვრთავთ და ემიგრანტებს მისი მეშვეობით ვუყვებით ჩვენი ბენეფიციარის შესახებ.

ჩვენ, ვინც ამ ჯგუფში ვართ გაწევრებული, ყველა ვმუშაობთ ოჯახებში და ჩვენი 24-საათიანი იზინის ანუ დასვენების დღეს ოჯახებში ვაკითხავდით იმ ემიგრანტებს, ვისაც სურდა ფულის მოცემა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. ეს ყველაფერი ცხადია, ძალიან დამღლელი იყო, ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ გაგვეკეთებინა შესაწირი ყუთები, რომლებიც დავდგით ბერძნულ ეკლესიაში და აქსარაიაში, ჩვენს ავტოსადგურში, ჯონტურში...

GzaPress რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენს ჯგუფს გამოეთიშა ირინკა, ნარგო, რადგან იზინის დღეს ვერ ახერხებენ ჩვენ გვერდით ყოფნას, აქტიურობას და ასევე, მარი თაბორიძე. ირმა სირაძეც წავიდა საქართველოში, მაგრამ ახლა სამშობლოდან გვიდგას მხარში. გოგოებმა ბევრი ვიბრძოლეთ, ჯგუფი რომ გაძლიერებულიყო და ბევრს გაეგო ჩვენ შესახებ. - ახლა მარტო ცდილობთ ინფორმაციების მოძიებას და ფულის შეგროვებას?

- არა, ვინაიდან ჯგუფს სჭირდებოდა აქტიური ხალხი, შემოგვემატნენ: ზოია კუკავა, მზია ძნელაძე, მზეო გვენეტაძე, სვეტა გუბელაძე და ახლა ყველანი ერთად ვცდილობთ თანამემამულეების დახმარებას...

- რამდენი წელია, რაც ქველმოქმედებით ხართ დაკავებული?

- 9 დეკემბერს ორი წელი გახდება, რაც ჩვენი ჯგუფი არსებობს სტაბოლში. თურქეთში მყოფი ქართველობა ცდილობს, ხალხს დაეხმაროს. ისინი მხარში გვიდგანან ყოველთვე, ყველა ემიგრანტი გვაწვდის თანხას. მეამაყება ეს ადამიანები, რომლებსაც სხვისი შვილის ტკივილი გულთან მიაქვთ. ვამაყობ, ჩვენ ძლიერი ემიგრანტები ვართ! ჯგუფი 14-ზე მეტ ქართველ ახალგაზრდას დაეხმარა და აქედან ოთხი სამწუხაროდ, დაიღუპა.

დღესდღეობით ჩვენს ჯგუფს ცხრა შესაწირი ყუთი აქვს დადგმული, ამ ყუთების გახსნის დროს ვიღებთ ვიდეოს და ვდებთ ჩვენს "ფეისბუკ"-გვერდზე, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ იყოს. ასევე, სტამბოლში გაიმართა კონცერტები ჩვენი ბენეფიციარების დასახმარებლად. მაგალითად, "შავნაბადა" მონაწილეობდა ქველმოქმედებაში, ასევე მომღერალი ბესარიონ ჩანქსელიანი, გიორგი ლიპარტელიანი, რომან პაქსაძე...

ასევე, ჯგუფის სახელით მადლობას ვუხდი მამუკა დუდუჩავას, რომელიც გამუდმებით მხარში გვიდგას. ბევრი არაქართველიც დაგვეხმარა. მაგალითად, როცა თურქები იგებენ, რომ ემიგრანტები ვეხმარებით ავადმყოფებს, ისინიც გვაძლევენ გარკვეულ თანხას...

- საქართველოდან ბევრი გთხოვთ დახმარებას?

- ადრე აქედან საქართველოშიც ვეხმარებოდით გაჭირვებულ ოჯახებს. მაგალითად, ბათუმში მამა-შვილს ტანსაცმელი, ცოტაოდენი თანხა გავუგზავნეთ და ირმა სირაძემ მიუტანა ეს ყველაფერი. საკვებიც უყიდა, სარეცხის მანქანა "მეორადებიდან" მიუტანა. ასევე დავეხმარეთ ოზურგეთში გაჭირვებულ ოჯახს, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ა.შ. ამ ყველაფერს ირმა ტელეფონით იღებდა და მერე "ფეისბუკზე" ტვირთავდა - ყველამ უნდა ნახოს, სად მიდის მათ მიერ გაღებული თანხა. ამით მოვიპოვეთ ხალხის ნდობა და ერთგულება... სამწუხაროდ, ახლა ვეღარ ვეხმარებით საქართველოში მყოფებს, რადგან პირადად მე ძალიან მიჭირს აქედან რაიმეს გაგზავნა. თანაც, ავტობუსის გამცილებლები რაიმეს წაღებაში 80-დან 100 ლირამდე ითხოვენ. არც ემიგრანტებისგან იყო დიდად აქტიურობა და ჯგუფის წევრები მივედით იმ დასკვნამდე, რომ მარტო აქ, სტამბოლში დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ.

ძალიან ბედნიერი ვარ, ემიგრანტი რომ მქვია და უფალი მაძლევს საშუალებას, ვემსახურო სიკეთეს, რომელიც მართლაც გადამდები აღმოჩნდა!

- ახლა საკუთარ თავზეც გვიამბეთ რამე, როგორ აღმოჩნდით თურქეთში?

- 19 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. 2009 წლის პირველ თებერვალს მეყოლა შვილი, ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი, უსაყვარლესი გოგონა. რაღაც პერიოდის შემდეგ, ოჯახში პრობლემები შეგვექმნა. ერთი წლის იყო ჩემი გოგონა, როცა ქმარს დავშორდი და მშობლებთან გადავედი საცხოვრებლად. ძალიან გვიჭირდა მატერიალურად და ბაზარში დავიწყე მუშაობა, მაგრამ საკმაოდ მწირი იყო ჩემი შემოსავალი... დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, სამუშაოდ თურქეთში წამოვსულიყავი. იმ პერიოდში დედაჩემს პრობლემა ჰქონდა ფეხზე და კასტილების დახმარებით გადაადგილდებოდა, ექიმთან მისაყვანი თანხა კი არ გვქონდა... მე და მამა ერთად წამოვედით ემიგრაციაში. მან მარტო არ გამომიშვა იმის გამო, რომ ჩემს სახელს გაუფრთხილდა - ხომ იცით, ემიგრაციაში მყოფებს სხვა თვალით უყურებენ საქართველოში, განსაკუთრებით, თურქეთში წამოსულებზე ამბობდნენ, "საგულაოდ" წავიდოდაო. მამა გაუფრთხილდა საკუთარი 22 წლის შვილის სახელს და მხარში ამომიდგა.

- თურქეთში დასაქმება არ გაგჭირვებიათ?

- აქ დასაქმება არ გამჭირვებია, მაგრამ მოვხვდი ოჯახში, სადაც მძიმე სამუშაო მქონდა, საჭმელადაც ვერ ვიცლიდი, სიმწრისგან ღამეებს ტირილში ვათენებდი. ჩუმად ნოუტბუკს ვხსნიდი და დედასთან ვრეკავდი, - აქ ვეღარ ვძლებ-მეთქი. გაუსაძლის პირობებს თან ერთვოდა შვილის მონატრებაც... დედასთან საუბარი მაძლიერებდა, საკუთარი თავის ხელში აყვანას ვახერხებდი. ვიცოდი, სახლში რომ დავბრუნებულიყავი, ჩემს პრობლემებს ვერავინ მომიგვარებდა. მოკლედ, პირველი ხელფასით დედას ფეხზე ოპერაცია გავუკეთეთ, რამაც მუშაობის მეტი სტიმული მომცა...

- მამათქვენმაც იშოვა სამუშაო?

- კი, ის ფაბრიკაში დასაქმდა.

GzaPress- ალბათ ენის ბარიერიც გქონდათ. როგორ ახერხებდით ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვისთანაც მუშაობდით?

- მამამ ენა იცოდა, რადგან რაღაც პერიოდი თურქეთში ისიც დადიოდა სამუშაოდ და იცოდა, რა სიტუაციაც იყო სტამბოლში. ალბათ, ამიტომაც უფრო გავრისკეთ ამ ქვეყანაში ჩამოსვლა... მე არ ვიცოდი ენა, მაგრამ რაღაცას მაინც ვახერხებდი. თუ შრომა არ გეზარება, ყველაფერს იოლად უღებ ალღოს...

- შეგიძლიათ მითხრათ, იმ სახლში რისი კეთება გევალებოდათ?

- რომ მახსენდება, იმ ოჯახში რა გამოვიარე, ახლაც მზარავს. შრომა არ მეზარება, მაგრამ რაც დამავალეს, ძალიან რთული იყო. მთელი დღის მუშაობის შემდეგ, ღამით საწოლშიც ვერ ვისვენებდი, მთელი სხეული მტკიოდა. შუა ზამთარში აივანზე ისპანახს მარეცხინებდნენ ყუთებით. სიცივისგან ხელები მეწვოდა, მაგრამ თბილ წყალსაც არავინ მაწვდიდა... ასეთ მძიმე საქმე რომ მქონდა, ხელფასი მაინც მომიმატეთ-მეთქი, ვთხოვე ოჯახის უფროსს და უარი მითხრა. არადა, 400 ლირად ეს ჩემი თავგანწირვა არ ღირდა... მადლობა უფალს, რომ ახალი სამსახურის შოვნის შანსი მომეცა.

- დაახლოებით რამდენ ხანში დააღწიეთ თავი ჯოჯოხეთურ შრომას?

- სამი თვის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და მერე აქ გადავწყვიტე, სხვა სამუშაო მომენახა ან აღარ წავსულიყავი. ამაშიც მამა დამეხმარა და როცა სტამბოლში მეორედ ჩავედი, საბედნიეროდ, იმ ოჯახში აღარ მომიხდა დაბრუნება, მამამ სხვა საქმე დამახვედრა, რომელიც საუკეთესო დამსაქმებლის, ქალბატონი ნანას დახმარებით მიშოვა. ასე აღმოვჩნდი სამუშაოდ ვილაზე, რომლის მეპატრონეებიც უბრალო, ძალიან კეთილი ხალხია. საკუთარ სახლში მათ ისე მიმიღეს, როგორც შვილი და გულში ჩამიხუტეს. მას მერე ამ ოჯახს არ მოვცილებივარ.

ჩემი შვილი 2 წლის იყო, ემიგრანტი რომ გავხდი და დღეს 9 წლისაა. წლები სწრაფად გარბის, მაგრამ ემიგრანტობაში დრო თითქოს იწელება. დღემდე მიჭირს იმასთან შეგუება, რომ საქართველოდან ასე ახლოს ვარ და მაინც - ძალიან შორს... მეც მინდა, ჩემს სახლში ვიყო, შვილთან და მშობლებთან ერთად, მაგრამ არ გამოდის, რადგან ოჯახს ჩემ გარდა, მატერიალურად ვერავინ დაეხმარება. ესეც რომ არ იყოს, შვილი მეზრდება და მის მომავალზე ხომ უნდა ვიფიქრო?! ვამაყობ, ქართველი რომ ვარ და უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა. რომ არა ემიგრანტობა, ალბათ ვერასდროს ვიგრძნობდი, როგორი ტკბილია სინამდვილეში სამშობლო... მე აუცილებლად დავბრუნდები ჩემს მიწა-წყალზე! როცა ემიგრანტი გავხდი, მაშინ დავაფასე ჩემი საქართველო და მივხვდი, ყველაზე ბედნიერი ქალი საკუთარ სახლში ვყოფილვარ.

- თურქები როგორ გექცევიან ქართველებს?

- თურქებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ხომ იცით, ყველგან არიან ცუდებიც და კარგებიც. ბევრჯერ გამიჭირდა, ბევრი პრობლემა გადავიტანე ამ წლების განმავლობაში და ისევ თურქები მეხმარებიან, ჩემი დამსაქმებლები მიდგანან მხარში, პირველ რიგში კი უფალი! დღეს თუ რაიმეს მივაღწიე, ჩემი პატრონების (მათ ასე ვეძახი) დამსახურებაა. ყველას ვეუბნები, რომ ეს ადამიანები საკუთარი მშობლებივით მყვანან და როცა მილხინს ან მიჭირს, მათი იმედი მაქვს. სხვათა შორის, ამ ოჯახმა საბუთი გამიკეთა და 5-6 თვეში ერთხელ დავდივარ საქართველოში, ზაფხულში კი შვილი და დედა ჩამომყავს აქ - წარმოიდგინეთ, ამის უფლებასაც მაძლევენ.

GzaPress

- სტამბოლში ბევრი ქართველია... - კი და ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი ქართველი ემიგრანტი გავიცანი. სამწუხაროდ, მართლაც ბევნი ვართ აქ, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენს სამშობლოში არ არის იმის პერსპექტივა, რომ დავსაქმდეთ. მოგეხსენებათ, ყველა თავისი გასაჭირის გამო გახდა ემიგრანტი. არადა, საქართველოში რომ ჩავდივარ, ბევრს უთქვამს ჩემთვის, - შენ რა გიჭირს, კარგად გამოიყურები, მშვენივრად ხარ, "გულაობო". სურათებს რომ ვდებ "ფეისბუკზე", სადაც ვიცინი, ამას ეძახიან "გულაობას". კვირიდან კვირამდე ოჯახში ვარ გამოკეტილი და კვირას, დასვენების დღეს ქართველები ვიკრიბებით, ვესიყვარულებით ერთმანეთს, ვსაუბრობთ, სურათებს ვიღებთ და მერე ამას რომ სოციალურ ქსელში ვათავსებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად ვართ? არავის ვუსურვებ ემიგრანტობას, რადგან ყველაზე რთული გზაა. ახალგაზრდა გოგო ვარ და ნერვები მაქვს "გაფუჭებული", რაც ემიგრანტობაში გამოვლილი წლების ბრალია. ის ტკბილი ბავშვობა მენატრება, როცა ჩემს ეზოში ვიზრდებოდი. გული მწყდება, რომ საუკეთესო წლები შვილისგან შორს, სტამბოლში გავატარე. ვოცნებობ, მალე დავდგე ფეხზე და მომეცეს სამშობლოში ცხოვრების საშუალება, შვილის გვერდით უბედნიერესი ვიქნები. მას ახლა დედა მიზრდის. ახლაც ჩამესმის ყურში შვილის ტირილი, როცა მე თურქეთში მოვდიოდი, - არ დამტოვო, არ წახვიდეო. ყოველ ჯერზე, როცა აქეთ მოვდივარ, ჩაძინებულს ვეპარები სახლიდან, მისი ტირილი რომ არ გავიგონო. მოვდივარ სტამბოლში და მერე ჩემი გული ტირის მანამ, ვიდრე მას ისევ არ ჩავიხუტებ. უფალს ვთხოვ, მალე დასრულდეს ჩემი ემიგრანტობა. სხვათა შორის, თავიდან, როცა ძალიან პატარა იყო და თურქეთიდან ჩასული მის გულში ჩაკვრას ვცდილობდი, თითქოს უცხოობდა, რაც ძალიან მტკენდა გულს. წარმოიდგინეთ, დედაჩემს "დედას" ეძახდა ხოლმე. ახლა ყველაფერს კარგად ხვდება. იცის, რომ მის მომავალზე ვფიქრობ და ამიტომ ვარ ემიგრანტი. მე ბედნიერი დედა ვარ და ვამაყობ ჩემი შვილით! ჩემი დედიკოს დამსახურებაა, რომ ის ზრდილობიანი, ჭკვიანი და გამგებიანი იზრდება. მადლობა დედა, რომ მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნავ!

ლიკა ქაჯაია