სიკვდილთან ბრძოლაში გამარჯვებული - გზაპრესი

სიკვდილთან ბრძოლაში გამარჯვებული

18 წლის იყო, როდესაც გოგონების დასახმარებლად მდინარეში დაუფიქრებლად გადახტა. ეს ნახტომი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა, მაგრამ მომხდარს წუთითაც არ შეჰგუებია - ბედისწერასა და დიაგნოზს უკვე 12 წელია, ებრძვის. აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ირაკლი ჭანტურია აბაშაში ცხოვრობს და მისი სლოგანი ასეთია: "დანებდე გზის დასაწყისში - ეს სისუსტეა! დანებდე შუა გზაზე - ეს სისულელეა! ამიტომ ჯობია ან არ დაიწყო, ან თუ დაიწყებ, გახვიდე ბოლომდე!"

ირაკლი 2017 წლიდან აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ასევე, აბაშის შშმ პირთა ორგანიზაციის - "სიკეთის მაძიებლის" თავმჯდომარეც გახლავთ.

- აბაშაში დავიბადე და გავიზარდე. მშობლებთან ერთად ვცხოვრობ, მყავს დაოჯახებული და და 3 დისშვილი, რომლებიც უზომო ბედნიერებას მანიჭებენ. ბავშვობაში ცელქი ვიყავი, მაგრამ სულ ვცდილობდი, მასწავლებლებს ვყვარებოდი და პასუხისმგებლობაც მქონდა. არ მიყვარდა უმიზეზოდ სკოლის გაცდენა. სწავლაში კი, გულახდილად გეტყვით, ვზარმაცობდი. რატომღაც, ოქრომჭედლობასა და მძღოლობაზე ვოცნებობდი ბავშვობაში. ცურვა ჩემი ჰობი იყო და კარგადაც ვცურავდი, ხშირად დავდიოდი მდინარეზე. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით დიდი არ ვიყავი, რამდენიმე ადამიანი გადავარჩინე კიდეც. ექსტრემალური სიტუაციები მიყვარდა, არ არსებობდა ბარიერი, რომელიც შემაშინებდა და აი, ალბათ სწორედ ამან გამოიწვია ის, რაც შემემთხვა. მას მერე მდინარე აბაშაზე არ ვყოფილვარ... ეს მოხდა 12 წლის წინ, 16 აგვისტოს. უცნაურია, რომ დიანაც (დიანა ჯიშიაშვილი, პარამოფარიკავე. - ავტ.) ზუსტად იმ ადგილას გადახტა ერთი წლით ადრე, 18 აგვისტოს - ერთნაირი ბედისწერა გვქონია ორივეს.

- ძალიან ბევრჯერ გადავმხტარვარ იმ ადგილიდანო, - მითხარი საუბრისას და მაშინ რა მოხდა?

GzaPress- 2 გოგო ცურავდა. დავინახე, ერთ-ერთს გაუჭირდა და მის საშველად გადავხტი, მაგრამ სისწრაფისგან ფეხი დამისხლტა და ცუდად გადავეშვი წყალში, რამაც ხერხემლის მოტეხილობა გამოიწვია. სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადამიყვანა, მაგრამ სეფსისი განვითარდა და ჩემი მდგომარეობა დამძიმდა. მერე ქუთაისში წამიყვანეს, მაგრამ იქ არ მიმიღეს, თბილისში გადაიყვანეთო. მაშინ სასწრაფო დახმარების მანქანები ჭირდა. ერთი გოგოსთვის გამოიძახეს "სასწრაფო" და სხვა გზა რომ არ იყო, ორივე ერთი მანქანით გადმოგვიყვანეს. თურმე ექიმებს ვეუბნებოდი, - ის გოგოა და ჟანგბადი მაგას ასუნთქეთ-მეთქი. რიკოთის უღელტეხილის მერე საერთოდ გავთიშულვარ. 2 თვის მერე გონზე რომ მოვედი, მაშინ მითხრეს, ასე და ასე ამბობდი, ჯენტლმენობა ამ მდგომარეობაშიც კი არ დაგიკარგავსო. მეექვსე მალის მოტეხილობა მქონდა, მეხუთეც დამიზიანდა, კიდურების სამუდამოდ მოშლაც მეწერა დიაგნოზში, მაგრამ მე დიაგნოზს არ დავემორჩილე, მასზე ძლიერი აღმოვჩნდი! მის მერე ვეღარ დავდივარ, მაგრამ ვცდილობ, არ დავნებდე, ყოველდღე მეტი და მეტი შევძლო, სხვას მივცე ბრძოლის მაგალითი, რწმენა განვუმტკიცო. ხშირად მწერენ, შენი აქტიურობით დიდ სტიმულს გვაძლევო - ეს ამბავი მახარებს და მაძლიერებს. მყავს მეგობრები და მოძღვარი, რომლებიც ჩემ გვერდით არიან. რომ არა ჩემები, რომ არა ამდენი დალოცვა, რომ არა ხალხის ამხელა სითბო და სიყვარული, ასე მგონია, ალბათ ვერ გადავრჩებოდი და ვერ გავუძლებდი ამ განსაცდელს. პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი მაქვს და ახლა აღარც ვიცი, ვისი სისხლი მიდგას, ყველამ დახმარების ხელი გამომიწოდა.

- თანადგომა ბევრ რამეს გა-დაატანინებს ადამიანს, თუმცა არის ტკივილი, რომლის გადატანაც მხოლოდ შენ, მარტოს გიწევს...

- 63 დღე აპარატით ვსუნთქავდი, ეს იყო უმძიმესი პერიოდი. 2 თვე რეანიმაციაში ვიწექი, რამდენიმე თვე რეაბილიტაციის კურსი გავიარე. მახსოვს, ერთხელ შუქი ჩაქრა და ცოტათი აპარატის გარეშე შევძელი სუნთქვა. გავიგე, ექიმები ამბობდნენ, - ჭანტურია ძალიან ცუდად არის და იქნებ მშობლებს გავაგებინოთო. ფაქტობრივად, ექიმებს არც ჰქონდათ ჩემი გადარჩენის იმედი, მაგრამ მე რწმენა არასდროს დამიკარგავს. ვიცოდი, სიკვდილთან ბრძოლაში გავიმარჯვებდი და ეს მხოლოდ უფალზე იყო დამოკიდებული. როდესაც გონს მოვედი და თვალები გავახილე, ექიმებისთვის მითქვამს: დედაჩემი მანახვეთ და მისი გაკეთებული ხარჩო მაჭამეთ-მეთქი.

რა თქმა უნდა, ახლობლების თანადგომა მნიშვნელოვანია, მაგრამ რომ არა რწმენა, ვერაფერს შევძლებდი. ჩემს თავს ვერ ვპატიობდი და ხშირად ვფიქრობდი, რატომ უნდა დამმართოდა-მეთქი ასე. როცა ბრძოლას იწყებ და გინდა, რაღაცას მიაღწიო, ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა იყო მყარი და ძლიერი - მხოლოდ ასე დაეხმარები საკუთარ თავსაც და სხვისთვისაც მხოლოდ მაშინ შეგიძლია მაგალითის მიცემა. ამ მდგომარეობაში მყოფებს ვურჩევ, არასდროს დანებდნენ. ვერავინ გაქცევს ძლიერ ადამიანად საკუთარი თავის გარდა, ამას ხშირად ვიმეორებ და ასეცაა. ვცდილობ, სხვებს მხიარული სახე დავანახვო, ჩემი ოპტიმიზმი ვაჩვენო და ამით მათ ცხოვრების ხალისი, სტიმული მივცე.

- თუმცა, ეს მხოლოდ სათქმელადაა ადვილი.

- პირველი რამდენიმე წელი სწორედ იმისთვის ვიბრძოდი, რომ ასე ძლიერად, მყარად წარვმდგარიყავი საზოგადოების წინაშე და მომეხდინა ჩემი თავის რეალიზება. რა თქმა უნდა, მქონდა დეპრესიის პერიოდიც. 18 წლის ბიჭს უცებ ასეთი რამ რომ დაგატყდება თავს და ვერ გაივლი, როგორ შეიძლება, დეპრესიამ არ დაგრიოს ხელი? ეს ბუნებრივიცაა იმ მომენტში, მთავარია, როგორ გააგრძელებ ცხოვრებას და რა არჩევანს გააკეთებ.

- სამდურავი თუ წამოგცდენია ოდესმე?

- როგორ არა! ვფიქრობდი, არავის ცუდად არ მოვქცევივარ, არავინ მომიტყუებია, არც ხელი დამირტყია არავისთვის, არც გული მიტკენია ვინმესთვის და მე რატომ დამემართა-მეთქი?.. იმ ყველაფრის მიზეზს, რაც განვიცადე, ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. კი ბატონო, შეიძლება, ჭკუის სწავლას ვიმსახურებდი, მაგრამ ასე მძიმე სასჯელს - არა! თუმცა, ამ ყველაფერს კარგი მხარეც აქვს: ჯერ მარტო, რამდენი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცანი. თუ უფალი ერთ რამეს გართმევს, ბევრ რამეს გაძლევს სანაცვლოდ. მთავარია, ეს დაინახო. რომ არა ის ერთი წუთი, ალბათ ასეთი საინტერესო არ იქნებოდა ჩემი ცხოვრება.

- სიყვარულსა და სიკეთეზე ხშირად წერ...

- იყო ჩემს ცხოვრებაში ვიღაც და წავიდა, გზა დავულოცე, მინდა ბედნიერი იყოს... ამ ეტაპზე არავინ არის, უჩემოდაც ბედნიერია ალბათ სადღაც (იცინის). სიყვარულით გადამაქვს დარდი და ფიქრი. მჯერა, რომ უფალი ყოველთვის მიჩვენებს გზას და ბევრ რამეს შემაძლებინებს.

- ირაკლი, ლექსებსაც ხომ არ წერ?

- მიყვარს წერა, გრძნობების ფურცელზე გადატანა, ზოგჯერ ლექსადაც გამოდის ხოლმე. ერთხელ ჩემი ერთი ლექსი დავდე სოციალურ ქსელში და ინიციალები მივანიშნე - ი.ჭ. ერთმა მომწერა, ეს ლექსი ილია ჭავჭავაძისააო? შემრცხვა და მას შემდეგ აღარაფერი დამიწერია.

- რა გასწავლა იმ ერთ წუთში შეცვლილმა ცხოვრებამ?

- დროისა და სიცოცხლის ფასი, დროის სწორად მართვა მასწავლა, ბევრი რამ დამაფასებინა. სიყვარულსა და სიკეთეს ყოველთვის ვაფასებდი და სწორედ ამ სიყვარულმა და სიკეთემ გადამარჩინა, მომიყვანა დღემდე. სხვებსაც ამას ვურჩევ, იყვნენ მტკიცე, ძლიერები, არ მისცენ სხვებს სიბრალულის უფლება. იცოდნენ, რომ მეტი შეუძლიათ! ჩვენ ვართ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ეს ყველას უნდა დავუმტკიცოთ.

ნინო ჯავახიშვილი