ფეხშიშველი ხალხის ხარჯზე "მოხვეტილი" მილიონები
font-large font-small
ფეხშიშველი ხალხის ხარჯზე "მოხვეტილი" მილიონები
მწარე რეალობა და სხვების კეთილდღეობაზე მეოცნებე ქალბატონი

"ჩემს კლიენტებს შორის უამრავი ცნობილი ქალბატონია, - მიამბობს ქალბატონი ნაირა: - ჩამოვთვლიდი, ყველას იცნობთ, მაგრამ მაინც ვერიდები, არ ეწყინოთ. მიხარია როცა მათ ტელევიზიაში იწვევენ და ტელეეკრანზე ჩემი სამოსით გამოჩნდებიან ხოლმე. მამა, ნახე, როგორ ჩავაცვი ჩვენს საყვარელ მსახიობს-მეთქი, თავს ვიწონებ 85 წლის მამაჩემთან. იმასაც უხარია, ეს ჩემს წარმატებად მიაჩნია. ჩემი წარმატება კი მთლიანად დამოკიდებულია მის ბედზე, მე ხომ მისი ერთადერთი პატრონი ვარ, რადგან ჩემი ძმა, სამწუხაროდ, ემიგრაციაშია".


ქალბატონი ნაირა სხირტლაძე თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობს, მეორეში კი - მეორადი ტანსაცმლის მაღაზია აქვს.
- ნაირა, რატომ მხოლოდ ქალებისთვის, მამაკაცებს ჩაცმა არ უნდათ?
- რატომღაც ასე მოხდა. თავიდან, როცა მაღაზია გავხსენი და ფართობი ვიქირავე, ძალიან ცოტა ადგილი მქონდა საიმისოდ, რომ იქ ქალიც შემომეშვა და კაციც, მერე კი მივხვდი, ასე უფრო კომფორტულად ვარ, მე ჩემი გოგონები მყავს, რომლებსაც ვიცნობ, მიცნობენ, ვიცი მათი გემოვნება, მოთხოვნები. აქ კაცების ადგილი აღარ არის, მათ ჯობს პოლიტიკას, ქვეყანას მიხედონ. ვხუმრობ ხოლმე, - აბა, ვინ მიხედავს ქვეყანას, ყველა საჯიშე, გამორჩეული, სამშობლოსთვის გულანთებული ბიჭი ომებმა შეიწირა-მეთქი, მაგრამ ამ ხუმრობაში დიდი ტკივილია...
- ამიტომ დარჩით მარტო?
- არა, ეს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, ალბათ, ბედი იყო... მერე ჩემს ოჯახს დიდი ტრაგედია შეემთხვა და უდედოდ დავრჩით. ამ ტკივილმა სიცოცხლის მრავალი წელი მწუხარებაში გამატარებინა. შემდეგ ეროვნული მოძრაობის წლები დადგა, რასაც სიცივის, სიბნელის, შიმშილთან ბრძოლის წლები მოჰყვა... ასეთ პირობებში როგორ ახერხებენ ქალები პირადი ცხოვრების მოწყობას, არ მესმის. ალბათ გმირები არიან ან დიდი სიყვარული ეწვევათ ხოლმე, რომელმაც ომი, სიცივე და გაჭირვება არ იცის, მაგრამ ერთიცაა, სიყვარულისთვის ხომ მზად უნდა იყო?
- თქვენ არ იყავით მზად სიყვარულისთვის?
GzaPress- მე ყოველთვის იმისთვის ვიყავი მზად, რომ მეშრომა - ეს ნამდვილად ვიცი. უნივერსიტეტი დავამთავრე, ეკონომისტის დიპლომი ავიღე და განაწილებით გარდაბნის რაიონის საფინანსო განყოფილებაში მოვხვდი სახელმწიფო შემოსავლების ეკონომისტად, მერე სახელმწიფო ინსპექციაში უფროსი ეკონომისტის თანამდებობაზე გადავედი... ძალიან საინტერესო წლები იყო. პატარა გოგო ვიყავი, მაგრამ აბსოლუტურად არ მეზარებოდა ყოველდღე, დილის რვა საათზე გარდაბნისკენ მიმავალ სამსახურის ავტობუსს გავყოლოდი და გვიან ღამით დავბრუნებულიყავი სახლში. თან დედაც ცოცხალი იყო... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ ვიყავი ბედნიერი. საყვარელი, ტკბილი ოჯახი და საინტერესო, აზარტული, კარგად ანაზღაურებადი სამუშაო მქონდა, მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს ღირსეული სიცოცხლისთვის?!
- მერე დაიწყო ომი და ყველაფერი შეიცვალა...
- მანამდე დედა წავიდა ჩვენგან... თითქოს ყველაფერი დაინგრა, მაგრამ მეც, მამაც და ჩემი ძმაც როგორღაც ფეხზე წამოვდექით. ახლა ვფიქრობ, მაშინ რომ სამსახური არ მქონოდა და საჭირო ადამიანად არ მეგრძნო თავი, არც ვიცი, ოდესმე გონს მოვიდოდი თუ არა... ამიტომ მეცოდებიან ჩვენი ახალგაზრდები, მათ ხომ არავინ აძლევთ შანსს საკუთარი შესაძლებლობები გამოამჟღავნონ და კიდევ უფრო მეტიც, ხშირად არც გაწეულ შრომას უნაზღაურებენ ღირსეულად. როცა "კაპიკებზე" მუშაობ, როცა დამქირავებელი შენს შრომას არაფრად აგდებს, საკუთარი თავის პატივისცემასაც კარგავ... ან გარბიხარ ქვეყნიდან, რომელსაც ასე ძალიან სჭირდები.
- თქვენ რატომ არ გაიქეცით, როცა უმუშევრად დარჩით?
- ვერ შეველიე ჩემს ქვეყანას და ვერც მამა მივატოვე. ახლა ვფიქრობ, მაშინ რომ წავსულიყავი, ეგებ მამისთვის უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი გამორიცხულია, სახლში ისე გავრბივარ სამსახურიდან, თითქოს პატარა ბავშვთან მივიჩქარი...
- როცა უმუშევარი დარჩით, ახალი სამსახურის შოვნაზე არ გიფიქრიათ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდხანს, უშედეგოდ დავეძებდი სამსახურს. უცნაური რამ მოხდა, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ბებერი ვარ. არ დამცინოთ, თავს კი არ ვგრძნობდი მოხუცად ან კი არ დავუძლურდი, არა, უამრავი ენერგია და მუშაობის დიდი სურვილი მქონდა, არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდი, მაგრამ არავინ ისურვა 40 წელს მიტანებული ქალის სამსახურში აყვანა... ერთ დღესაც ძალიან მომბეზრდა და საკუთარი საქმის დაწყება განვიზრახე.
- იმ პერიოდში მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების ბუმი იყო, არა?
- ამ საქმიანობაში 2003 წელს ჩავერთე. ოჯახში ყველაფერი ფასეული უკვე გაყიდული გვქონდა, მაგრამ რაღაცის შეკოწიწება მაინც შევძელი და მაღაზიისთვის პირველი პარტია ტანსაცმელი შევიძინე. ბავშვობიდან პრანჭია ვიყავი, კარგად ვერკვეოდი თანამედროვე მოდის ტენდენციებშიც და მიუხედავად იმისა, რომ ძველ, ჩამოფასებულ ტანსაცმელს ვყიდულობდი ჩემი მაღაზიისთვის, მაინც ვახერხებდი, თანამედროვე ტენდენციები გამეთვალისწინებინა.
- რაკი ამდენ ხანს დარჩით ამ ბიზნესში, გამოდის, ეს შემოსავლიანი საქმეა...
- არა, რას ამბობთ, ჩემნაირებისთვის ეს მხოლოდ თავის გატანის შესაძლებლობაა.
- ნისიების რვეული თუ გაქვთ მაღაზიაში?
- ახლა აღარ. როცა მუშაობა დავიწყე, ნისიების სქელი რვეული მქონდა. ვდარდობდი, ჩვენს ხალხს იმისი თავიც არ აქვს, რომ მეორად ტანსაცმელში მაინც, ფული თამამად დახარჯოს-მეთქი. მეგონა, ამაზე უარესი აღარაფერი მოხდებოდა და თუ როგორმე გავძლებდით, აუცილებლად დადგებოდა უკეთესი დრო, მაგრამ შევცდი. ახლა აღარავინ ითხოვს ნისიას. გგონიათ არაფერი უნდათ? არა, მე აქ ყველას ვიცნობ და ვხედავ, ასე რომ, ვინმე რომ გამდიდრებულიყო, კარგი სამსახური ეშოვა, დაეწინაურებინათ ან პრემია მიეღო, პირველი მე გავიგებდი, მაგრამ ნისიად არაფერს ითხოვენ, რადგან აღარაფერს ელიან, იმედი არა აქვთ, რომ გადახდას შეძლებენ. მითხარით ერთი, გაგიგონიათ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში შეხვიდე დასათვალიერებლად? ბევრი ადამიანი სწორედ ამას აკეთებს. შემოვა, თვალს გადაავლებს სიახლეებს, გაქექავს ახალ ფუთებს, რაღაცებს მოიზომავს... ქალი საოცარი არსებაა, მას ეს სჭირდება. მან უნდა იშოპინგოს, იკეკლუცოს, გემოვნება განივითაროს სიახლეების ნახვით... გაერთოს ბოლოს და ბოლოს, ამით...
- ტურისტები არ შემოდიან?
- დიახ, შემოდიან, ზოგჯერ ვიღაც რაღაცას ყიდულობს კიდეც, მაგრამ ეს იშვიათობაა. კიდევ უფრო იაფად უნდათ, ვიდრე ვთავაზობ. ქართველზე კარგი მყიდველი დედამიწაზე არ არსებობს, მთავარია, ფული ჰქონდეს და მოეწონოს, მერე ხურდა ფულის თვლას არაფრით დაიწყებს. ღმერთმა ყველას მისცეს, მხოლოდ ამაზე ვოცნებობ.
- როცა ნისიების სქელი რვეული გქონდათ, საზოგადოებისთვის ცნობილები ადამიანების სახელები თუ იყო იმ რვეულში?
- რა თქმა უნდა! ჩვენ თავმოყვარე ხალხი ვართ, ამიტომ ჩვენი სტატუსის შესაბამისად უნდა გამოვიყურებოდეთ, ჩვენს ქვეყანაში კი მაღალი სტატუსი და კეთილდღეობა ერთსა და იმავეს არ ნიშნავს, ამიტომ ნისიებში ზოგჯერ ცნობილებიც ხვდებიან. თუმცა არ მახსოვს, ვინმეს ვალის გადახდა დავიწყებოდეს. ეს უბანი ისედაც ძალიან კარგი, განათლებული, თბილი ადამიანებითაა დასახლებული. ერთ დღეს რომ არ გამოვჩნდე, ვინმე აუცილებლად დამირეკავს და მომიკითხავს; რამე გაგიჭირდება? - დაგეხმარებიან... ნეტავ იმ დღეს მომასწრო, რომ როგორი მდიდარი ბუნებაც აქვთ, იმისი შესაფერისი კეთილდღეობაც გაუჩნდეთ...
- მდიდრები ვერ ვართ, მაგრამ გემოვნებიანი ხალხი ხომ ნამდვილად ვართ?
- გემოვნებიანი, ნიჭიერი და საცოდავი. აღარ ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ყველაფერი უკვე ვნახე და ვცდილობ, თავი გადავირჩინო ყურის მოყრუებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებზე არ წავალ. რა თქმა უნდა, წავალ და ღირსეულ ადამიანსაც დავუჭერ მხარს. ყოველთვის გამოვიყენებ ჩემს უფლებას, ვცადო და ეს საზარელი რეალობა შევცვალო; რეალობა, სადაც ადამიანების ერთ კატეგორიას ძველი ფეხსაცმელის ყიდვის საშუალება არა აქვს, მეორენი კი ამ ფეხშიშველა ადამიანების ხარჯზე მილიონებს "ხვეტავენ" და არაფრად მიაჩნიათ ის სიტყვები, რაც ახლა მე ვთქვი.
- რამე მიზანი თუ გაქვთ - გეგმა რომელსაც მიჰყვებით?
- არანაირი, მხოლოდ ის ვიცი, რომ დილით უნდა ავდგე, თავს და მამას მივხედო, ორივე კარგად რომ გამოვიყურებოდეთ; წნევა გავუკონტროლო, ვასაუზმო, წამლები დავალევინო, მერე სადილი გავუმზადო და დავუტოვო, სამსახურში მოვიდე, გზად მომწოდებლებთან შევიარო და ჩემი მაღაზიის კოლექცია გავამდიდრო... ეს ხომ გეგმა არ არის, ეს ყოველდღიურობაა. გეგმა კი არა, იმედიც აღარ მაქვს-მეთქი, ვამბობ, მაგრამ როგორც ჩანს, რაკი ხელებდაშვებული არ ვარ და ვცდილობ აქტიური ვიყო, ვიშრომო და ვიზრუნო კიდეც სხვებზე, გამოდის, რომ იმედი მაინც მაქვს... თუმცა, ჩემი პროფესია, რომელიც ზუსტი მეცნიერებაა, მაიძულებს ვთქვა - ეს იმედი არგუმენტირებული არ გახლავთ, ეს მხოლოდ ოცნებაა, რომელსაც სიკეთე არ მოაქვს.
დეა ცუცქირიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"10 კილომეტრი თუ არ გავიარე ველოსიპედით, დისკომფორტს ვგრძნობ"
"ქალს მხოლოდ შვილებისთვის შეუძლია დიდი შეცდომების ბოლომდე პატიება"
"ბევრი შვილი დიდი ჯაფა და დარდია, მაგრამ დიდი სიხარულიცაა"
ბავშვობაში გამოვლილი ჯოჯოხეთი და ნატვრა პატარა სახლზე
პოეტი მიხეილ ზანდუკელი წინაპრებსა და საკუთარ საინტერესო თავგადასავალზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი