სამი ნახვით შეყვარება და სასიყვარულო წერილები
შეიძლება ვცდები, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დღეს ასეთი ამბები აღარ ხდება ან თუ ხდება, იშვიათად. ახლა ერთ დიდ სიყვარულზე მინდა გიამბოთ, რომელმაც ორი ადამიანი: გურამ ფირცხალავა და თანგული სიხარულიძე ერთმანეთს დააკავშირა - მათ 34 წელი გაატარეს ერთად.
- ქალბატონო თანგული, ის დღე გავიხსენოთ, როცა ბატონ გურამმა ქუჩაში დაგინახათ და მოეწონეთ...
- წვიმდა. გაჩერებაზე ვიდექი, გურამმა მანქანა გამიჩერა, დაბრძანდით წაგიყვანთო. არ ვიცი, მოვეწონე და ეს იმიტომ გააკეთა თუ არა, მაგრამ მას უყვარდა, როცა ადამიანების მიმართ ყურადღებას იჩენდა. მაშინვე ვიცანი. ვიცოდი, ბოლოს ის ლეილა აბაშიძის ქმარი იყო და გაშორებულები იყვნენ. დავჯექი. მშენებელი ვარ და რომ მკითხა, სად მიგიყვანოთო, სამსახურის მისამართი ვუთხარი. გზად, კინოსახლის ფილმის ჩვენების 2 მოსაწვევი გადმომცა, - მე გადაღებები მაქვს და ვერ მივალ, თუ გნებავთ, მეგობართან ერთად წაბრძანდითო. გამოვართვი. ერთმანეთს ისე დავშორდით, არც ტელეფონი უთხოვია და არც ის უკითხავს, სად ვცხოვრობდი. კინოში თანამშრომელ მანანა ძნელაძესთან ერთად წავედი. არ მახსოვს, რა გადიოდა, მაგრამ ფილმში კათრინ ჰეპბერნი თამაშობდა. დარბაზში გურამიც იყო. ფილმი რომ დასრულდა, მოვიდა, გამოგველაპარაკა და სახლამდე მიყვანა შემოგვთავაზა. ჯერ მანანა მივიყვანეთ, მერე მე. მაშინ გამომართვა სახლისა და სამსახურის ტელეფონის ნომერი, მაგრამ არ დაურეკავს. ბედი რა არის, მაინც?! ჩემი შვილი, დათო ცეკვაზე დამყავდა მაშინდელ "პიონერთა სასახლეში" და გაკვეთილიდან რომ გამოვიყვანე, რუსთაველზე გაგვაჩერეს. ლენინგრადის კინოსტუდიის თანამშრომელმა მითხრა, რომ ფილმს "შეცდომების კომედიას" იღებდნენ, დათო მოეწონათ. თუ შეგიძლიათ, ბავშვი კინოსტუდიაში მოიყვანეთო. დათო მეორე-მესამე კლასში იქნებოდა. პრინცი უნდა ეთამაშა. არაფერს ამბობდა, კოსტიუმს ჩააცმევდნენ და დასვამდნენ. გამიხარდა ისევე, როგორც ყველა დედას გაუხარდებოდა ეს ამბავი და წავიყვანე. კინოსტუდიაში პროდიუსერმა რომ დამინახა, თქვა, - ეს ქალბატონიც გადავიღოთო. მწვანე "ბარხატის" კაბა ჩამაცვეს, დიდი დეკოლტეთი. მიხეილ კაზაკოვს უნდა ჩაევლო, მკერდზე შემოეხედა და ეთქვა: "უფ", სულ ეს იყო (იღიმის). მოკლედ, დასრულდა ჩვენი სცენების გადაღება და მე და ჩემს შვილს თანხა გამოგვიწერეს. კინოსტუდიაში ფულის ასაღებად რომ მივედი, ბუღალტერთან დიდი რიგი დამხვდა. დათოს 12 მანეთი ეკუთვნოდა, მე - 100, რაც მაშინ დიდი თანხა იყო. ამ დროს შემოვიდა გურამი, დამინახა, მომესალმა და მიუბრუნდა მსახიობებს: სირცხვილი არ გაქვთ, ეს "უცხო" ქალი ამხელა რიგში რომ დაგიყენებიათო? ბუღალტერთან შემიყვანა. დიდი მადლობა-მეთქი, მორიდებით ამოვიკნავლე, ფული ავიღე და წამოვედი. კინოსტუდიის ეზოდან რომ გამოვდიოდი, დავინახე, მოდის გურამი თავისი დანჯღრეული "21"-ით. გვერდით ბაადურ წულაძე ეჯდა, უკანა სავარძელზე თემურ ჩიხლაძე. გამიჩერა, წაგიყვანთო. მომერიდა, - გმადლობთ, ახლოს მივდივარ-მეთქი. აღარ გაუმეორებია, დაქოქა და წავიდა. ამ დროს თურმე, მისთვის თემურს უთქვამს, - შენ გგონია, ყველა ლამაზი ქალი მანქანაში ჩაგიხტებაო?! ამაზე გურამი გაბრაზებულა და წამებში ვხედავ, გურამი უკანსვლით დაბრუნდა. გადმოვიდა, ბაადურს კარი გაუღო, უკან გადასვა. მერე მომკიდა ხელი და დამსვა. ხმა არ ამომიღია. გზაში მკითხა, - გათხოვილი ხართო? იმ დროს დათოს მამასთან ოფიციალურად გაშორებული არ ვიყავი, მაგრამ შერიგებას აღარ ვაპირებდი, თუმცა, გურამს ვუთხარი, ქმარი მყავს-მეთქი. ბაადური და თემური რომ დავტოვეთ, ბოლოს მე დამტოვა სამსახურში. მეორე დღეს დამირეკა, დათო ცეკვაზე მიმყავდა და წაგიყვანთო. მაშინ თემქაზე მამიდაშვილთან ვცხოვრობდით. გურამმა სამსახურში გამომიარა, დათოსთან მივედით და ცეკვაზე წავიყვანეთ. იმ დროს უკვე შეყვარებული ვიყავი მასზე, მესამე ნახვაზე უკვე მქონდა ეს გრძნობა. პიონერთა სასახლეში ცეკვის გაკვეთილი 2-საათიანი იყო და შუალედში გურამმა თავისთან წამიყვანა. დიდუბეში, ქუთაისის ქუჩაზე ნაქირავებში ცხოვრობდა. ხმას არ ვიღებდი. თვითონ ამბობდა მერე, - სხვანაირად გიყურებდი და არ მინდოდა რამე ცუდად გეფიქრა, ასე რომ ყოფილიყო, გული გამისკდებოდაო. მომიდუღა ყავა, დავლიეთ, ვისაუბრეთ. მაშინ ვუთხარი, მეუღლესთან უკვე 1 წელია, აღარ ვცხოვრობ. როგორც ჩანს, საერთო ენა ვერ გამოვნახეთ. არ ვიცი, რას ვაპირებ-მეთქი. არაფერი უთქვამს, დახედა საათს და თქვა: ჰე, დროა უკვე, წავედითო და დავიძარით დათოსკენ... ასე ვიარეთ 1 თვე. მერე გენო ხოჯავამ "მიზანის" გადაღება დაიწყო და გურამი გადაღებებზე ფოთში წავიდა. რა დღეში ჩავვარდი, ვერ აღგიწერთ. გურამის სახლში, მის მშობლებთან დარეკვის მერიდებოდა, ამიტომ ვწერდი წერილებს.
- თვითონაც გწერდათ?
- დიახ და თან იცინოდა, წერილების წერა დამაწყებინაო. თუმცა, ყველა მათგანში მწერდა, რომ დროზე გადამეწყვიტა, მინდოდა თუ არა ჩემი შვილის მამასთან შერიგება. მიყვარხარ, მაგრამ უნდა ვიცოდე შენი გადაწყვეტილებაო. სიცოცხლე აღარ მინდოდა გურამის გარეშე და ამიტომ, სასამართლოში გაყრის პროცესი წამოვიწყე. გურამს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა ჰქონდა და გადაღებას არაფრით გააცდენდა, ამიტომ სამჯერ ასეთი რამ გააკეთა: ფოთში მთელი დღე მუშაობდა, საღამოს წამოვიდოდა თბილისში, გამთენიის 3 საათზე ჩამოდიოდა, ერთმანეთს ვხვდებოდით, ვსაუბრობდით და გარიჟრაჟზე, დაახლოებით 7 საათზე ისევ ფოთში მიდიოდა, რომ 10-ზე გადასაღებ მოედანზე ყოფილიყო. ერთმანეთის გარეშე ყოფნა წერილებით გადავიტანეთ და ზაფხულიც დადგა. გადაღებები ისევ გაგრძელდა და ფოთში ჩასვლა შემომთავაზა. ეს შეუძლებელი იყო და ამიტომ გურიაში, ჩემებთან წავედი. იქ გურამი თავის ძმასა და რძალთან ერთად ჩამოვიდა. დედაჩემს და მამაჩემს ვუთხარით, რომ ცოლ-ქმარი ზღვაზე დასასვენებლად მიდიოდა და მეც მათთან ერთად წავიდოდი. ასე წავედი ფოთში. გურამმა სახლში რომ მიმიყვანა, ჩემს მომავალ დედამთილს ეგონა, რომ უკვე ერთად ვიყავით და თავისი შვილის საძინებელში გამიშალა ლოგინი. გურამი იმდენად სუფთა კაცი იყო, თავის ოთახში მე დამტოვა და თვითონ დედ-მამის საძინებელში დაწვა.
მოკლედ, თბილისში რომ დავბრუნდი, განქორწინების საბუთები ჯერ კიდევ არ იყო მზად, მაგრამ გურამი ისევ გადაღებებზე გახლდათ ფოთში. ჩემებს ჩემი გრძნობის შესახებ მივწერე და მასთან ჩავედი. დედამთილ-მამამთილმა არაჩვეულებრივად მიმიღეს, ძალიან კარგები იყვნენ. განქორწინება რომ მივიღე, გურამთან ხელი მოვაწერე.
- სად დაიწყეთ ცხოვრება?
- გურამის ნაქირავებ ბინაში. მაშინ კინოსტუდიაში ბინებს რომ არიგებდნენ, გურამი ყველას თავისზე წინ უშვებდა, ბოლოს გამოჩნდა ერთოთახიანი ბინა ნუცუბიძეზე. ვიწროდ ვიყავით. ჩვენს მეზობლად ოპერატორი ბიჭიკო სულამანიძე ცხოვრობდა, არავინ ჰყავდა და გარდაცვალების შემდეგ, მერიაში მისი 2-ოთახიანი და ჩვენი გაგვაერთიანებინეს... გურამი არაჩვეულებრივი მეუღლე იყო. ყველაფერს აკეთებდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.
- 70 ფილმზე მეტი როლი აქვს შესრულებული. თავად რომელი უყვარდა ყველაზე მეტად?
- მართალი ხართ, გურამი დაკავებული იყო. ფილმზე რომ იწვევდნენ, სცენარი სახლში მოჰქონდა და მაკითხებდა. ჩემს აზრსაც ვეუბნებოდი. საშუალო დონის ფილმშიც კი, რაღაც ისეთს აკეთებდა, რომ საინტერესო ხდებოდა. ვფიქრობ, ყველაზე მეტად მაინც, რაჟა სარჩიმელიას როლით იყო ცნობილი და ყველა "რაჟას" ეძახდა. თუმცა, თავად ამბობდა, რომ ეს გიგა ლორთქიფანიძის დამსახურება იყო. უყვარდა მასთან მუშაობა. ასევე, ალექსანდრე რეხვიაშვილთან. უყვარდა ალექსანდრე ლორთქიფანიძის "გზა შინისაკენ" და ლევან თუთბერიძის "ნაზარეს უკანასკნელი ლოცვა". ძალიან კარგი სახეები შექმნა ლანა ღოღობერიძესთანაც, ფილმში "დღეს ღამე უთენებია". ლანაზე ამბობდა, კაცის ტვინი აქვსო.
- შინ როგორი იყო?
- მცენარეებთან ურთიერთობა უყვარდა, გადარგავდა-გადმორგავდა ყვავილებს. ტექნიკასთან ურთიერთობაც ეხერხებოდა. გაფუჭებულ უთოებს, ტელევიზორებს დაშლიდა, მოხსნიდა "ვინტებს", ერთი პარკი ნაწილი რჩებოდა, მაგრამ საოცრება ის იყო, რომ ტელევიზორი მუშაობდა. ხალხთან ურთიერთობა უყვარდა, ჩვენთან კარი არ იკეტებოდა. 90-იან წლებში, სინათლე რომ აქ გვქონდა, მანქანის აკუმულატორით ერთ ნათურას ვანთებდით და პატარა ტელევიზორს ამუშავებდა. მთელი კორპუსი ჩვენთან იკრიბებოდა. ჩვენს ერთოთახიან ბინას "წითელ კუთხეს" ეძახდნენ და ხუმრობდნენ, დროულად თუ არ მივედით, იატაკზე დაჯდომა მოგვიწევსო.
- ხასიათზე რას გვეტყვით?
- უთბილესი იყო, მხოლოდ - ძალიან მკაცრი. საძინებლიდან რომ დაიძახებდა: "ყავა", თუ რამეს ვაკეთებდი, ყველა საქმე უნდა გადამედო, მაშინვე მომედუღებინა და მიმეტანა. ბავშვთანაც ასეთი იყო. ვთქვათ, დათოს უფროსი შვილი კომპიუტერთან იჯდა და რომ დაუძახებდა, "გუგა, მოდი", ის მაშინვე თუ არ მივიდოდა, "დაგვიანებულს" ეტყოდა: კარგი, არაფერი, აღარ მჭირდებიო. ასეთ ყურადღებას ითხოვდა და ასეთი იყო თავადაც სხვების მიმართ. დიდ პატივს სცემდა და გადაყოლილი იყო ჩემებზე, მშობლებზე, ჩემს დებსა და დისშვილებზე. დედაჩემს "დედიკოს" ეძახდა. ღომი უყვარდა და როცა ვკითხავდი, სადილად რა გავაკეთო-მეთქი? უკვე ვიცოდი, რას მეტყოდა. სოუსი ან ტოლმა რომ მომემზადებინა და ღომი არ ყოფილიყო, მომკლა მშიერიო, იტყოდა (იღიმის). დედაჩემი ჩვენთან რომ იყო, მაშინ ამბობდა, - მე ნუ მეკითხები, დედიკოს რაც უნდა, ის მოამზადეო. ერთხელ მამაჩემი ექიმთან წაიყვანა. საავადმყოფოში რომ შესულა, შემოხვევიან ექიმები. გურამს წარუდგენია, მამა მოვიყვანეო. მათ კი უთქვამთ, როგორ ჰგავხართ მამასო. ვგავარ, ჰო?! სიმამრია ეს ჩემიო, - გასცინებია.
- როგორც ვიცი, ბატონ გურამს დათოსთან ურთიერთობა თავიდანვე კარგად აეწყო და თქვენი შვილი მას დიდ პატივს სცემდა...
- დათო მორიდებული ბავშვი იყო. გურამის ხასიათი რომ ვიცოდი, მეშინოდა, რამე ისე არ ეთქვა, რომ დათოს გული სტკენოდა და როცა შევუღლდით, ჩემი შვილი ჩემს დასთან, მანონისთან იზრდებდა, მე კი ყოველდღე მივდიოდი და ვნახულობდი. მაგრამ მერე გურამმა მითხრა, ასე რატომ იქცევი, ბავშვი ჩვენთან მოვიდესო. არ მინდოდა, დათოს დაძაბულად ეგრძნო თავი, მაგრამ ვგრძნობდი, პატივს სცემდა გურამს და თან ყველაფერში ჰბაძავდა. გურამი ოთახში რომ შემოვიდოდა, დათო ფეხზე დგებოდა და ასე გრძელდებოდა ბოლომდე. სკოლა რომ დაამთავრა და თეატრალურში ჩაბარება გადაწყვიტა, გურამს ეს დიდად არ გახარებია, მაგრამ გიზო ჟორდანიასთან მიიყვანა, - მაინტერესებს, ნიჭი თუ აქვსო. პატარა ეტიუდი გააკეთებინეს და მოსწონებია - გარეგნულადაც კარგი "ფაქტურაა" და ისედაც, არაჩვეულებრივი ბიჭია. ჯგუფი ამყავს და დათოს ავიყვანო. გურამს დათო პირდაპირ არასდროს შეუქია. ჩემი შვილი რუსთაველის თეატრის მსახიობი რომ გახდა და სპექტაკლი "პირდაღებული" ვნახეთ, თქვა: "ყოჩაღ, დათუნია!"
- დათოს პირადად უთხრა?
- არა, ჩემთან თქვა. შემდეგ ერთადაც ითამაშეს ფილმში "წარსულის აჩრდილები". ფილმი ეკრანზე რომ გამოვიდა, ძალიან მოეწონა და იმავეს ამბობდა: "ყოჩაღ, დათუნია, ყოჩაღ!" სამ ფილმში მოუწიათ ერთად მუშაობამ, მათ შორის იყო გია კაჭარავას "თოჯინების ქალაქი".
- სწორად მახსოვს თუ არა, მინდა, თქვენთან დავაზუსტო: მსახიობის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, გურამ ფირცხალავას ბიუსტი ფოთში გაიხსნა და შემდეგ აიღეს, მიზეზით - დასრულებული არ არისო. რა მოხდა კონკრეტულად?
- დიახ, ასე იყო, დადგეს და აიღეს. ბიუსტი არავის მოეწონა. წარწერა რომ არ ჰქონოდა, ვერ იცნობდი, გურამი თუ იყო. შემდეგ მერმა მითხრა, რომ ხელახლა უნდა ჩამოესხათ და აღების მიზეზი ეს გახდა. 1 წელი გავიდა. რომ მოვიკითხე, მითხრეს, "ბრონზეში" ჩამოსხმა 2.000 ლარი თუ დოლარი ჯდება და ფოთის მუნიციპალიტეტს არ აღმოაჩნდა საამისოდ თანხები. ტენდერი გამოცხადდება და ამ საქმეს სექტემბრიდან მივხედავთო. თუმცა, რომელი სექტემბრიდან, არ ვიცი და დღემდე, ფოთის ხელოვანთა სკვერში თეთრი კვარცხლბეკი ბიუსტის გარეშე დგას. ამაზე გული ძალიან მტკივა. - ვიცი, მძიმეა თქვენთვის, მაგრამ მსახიობის სიცოცხლის ბოლო პერიოდზე მინდა ვისაუბროთ, მისი გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა...
- დიახ. ავად რომ იყო, მინდოდა ნაცნობ-მეგობრები მოსულიყვნენ, მაგრამ თავად არ ჰქონდა ამის სურვილი. სიკვდილზე არ ლაპარაკობდა, რამდენჯერმე ხუმრობით თქვა, რომ მოვკვდები, არ დაიწყოთ წივილ-კივილიო. მართალია, არ უყვარს ამ კაცს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე მაინც უნდა ვთქვა: ის 2 წელიწად-ნახევარი, რაც გურამმა იცოცხლა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. გურამს არც იცნობდა. ბიძინას მისი ავადმყოფობის შესახებ რომ უთხრეს, თავად გამოიჩინა ასეთი ყურადღება. 4 დღეში ყველა საბუთი, ბილეთები, სახარჯო თანხა სახლში გამოუგზავნა და გერმანიაში 3 ოპერაციის ფული გადაუხადა. თბილისში რომ ჩამოვედით, შემდეგ ქიმია სჭირდებოდა და ყველაფერს ბანკი "ქართუ" უფინანსებდა. ყველაფერი რომ გაგვეყიდა, მაინც ვერ დავფარავდით მკურნალობის ხარჯებს. გერმანიიდან რომ დავბრუნდით, 25 კილო ჰქონდა დაკლებული, სუსტად იყო. ბიძინასთან მისვლა და მადლობის თქმა უნდოდა, მაგრამ ესეც ერიდებოდა. გლდანში აქცია იყო და გურამი წავიდა. ბიძინას რომ დაუნახავს, თავად მისულა მასთან. არ ვიცი, რა გითხრათ, მადლობაო?! - უკითხავს გურამს. - არაფერი მინდა, მთავარია, კარგად იყოო, - უპასუხა თურმე და რამდენი ასეთი ამბავია, ვინ დათვლის.
ბოლოს, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მთხოვა, ბინა შენს სახელზე გადააფორმეო. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო, ვფიქრობდი, ყველაფერს დაძლევდა და უარი ვუთხარი. 2 დღე საჭმელი არ ჭამა, სანამ არ დავთანხმდი. საბუთები რომ ნახა, მაკოცა, - კარგი გოგო ხარ, ახლა მშვიდად ვარო... გარდაცვალების ღამეს ჩემი მეგობრისთვის უთქვამს, ცოტა მეშინია სიკვდილისო. გვიან ღამით რომ გამოვიძახეთ "სასწრაფო" და კლინიკაში გადაყვანას უპირებდნენ, გოგონებს კომპლიმენტი უთხრა და დასძინა: კლინიკაში ვეღარ გამოგყვებით, დღეს არ შემიძლია და გპირდებით, ხვალ ბიჭები წამომიყვანენო. ის უკანასკნელი ღამე იყო, 6 ნოემბერს, დილის 4 საათზე დაიღუპა.
- როგორ გრძელდება ცხოვრება გურამის შემდეგ?..
- გურამი რომ "წავიდა", დავიბენი. უბედნიერესი ქალი ვიყავი, გვერდით მყავდა ნამდვილი კაცი და ყოველდღე მადლობას ვეუბნები უფალს, რომ გურამი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერს თავად აგვარებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბევრი რამის სწავლა მომიხდა. ვალები დაგვრჩა და იძულებული ვიყავი, სახლი დამეგირავებინა, მაგრამ ვინც სახლი იგირავა, არსად გამიშვა და დღეს არეტა კვიციანის ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. მოვიდნენ, ნახეს ბინა, დარჩნენ და მეც დამიტოვეს. 5-შვილიანი ოჯახია და თან მყვებიან. საოცარი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და მგონია, მთელი ცხოვრებაა ამ ხალხს ვიცნობ. ვამბობ ხოლმე, ამაშიც გურამის სული დამეხმარა-მეთქი.
გურამს ბევრი მეგობარი ჰყავდა. თორნიკე კოპალეიშვილი, ალეკო ბერუაშვილი და მისი ცოლი რომ არ იყვნენ, არ ვიცი, როგორ ვიქნებოდი. ეს ადამიანები მაცოცხლებენ. ალეკო ჩემი მეუღლის მეჯვარე იყო და გურამი რომ ცოცხალი მყავდა, თითქმის ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს და ახლაც ასეა, მათ ჩემს მეორე ოჯახად ვთვლი.
- საუბარში დამავიწყდა მეკითხა, ქორწილი გქონდათ?
- დიახ, სასაცილო ქორწილი გვქონდა. მაშინ გურამს გოდერძი ჩოხელის "ადამიანთა სევდაში" იღებდნენ. ხელი რომ მოვაწერეთ, იქიდანვე წავიდა გადაღებაზე. ჩვენს ერთოთახიანში 30 კაცზე გავშალეთ სუფრა და 8 საათზე სტუმრებს ველოდით. მოვიდა ყველა და გურამი არ ჩანდა. უმეფო ქორწილიაო, - ხუმრობდნენ მეგობრები. 11-ის ნახევარი იყო, პირდაპირ გადაღებიდან წამოსული ნაბადით შემოვარდა გიჟივით (იღიმის). ხელს რომ ვაწერდით და მკითხეს, თქვენს გვარს ხომ არ დაიტოვებთო? პასუხი ვინ მაცადა, გურამმა უპასუხა, - ფირცხალავად დაწერეთ, თუ უნდოდა სიხარულიძე ყოფილიყო, მე რას მომყვებოდაო (იღიმის). ფირცხალავად კი დამწერეს, მაგრამ ყველაფერი სიხარულიძეზე მქონდა. გურამი რომ გარდაიცვალა, გადავაკეთებინე და ახლა თანგული ფირცხალავა ვარ.
- გარდაცვალების მერე შეუსრულეთ სურვილი... გულწრფელი საუბრისთვის, დიდი მადლობა.
ანა კალანდაძე