"სხვის მოვლასა და მონობას ვერასდროს მიეჩვევა და შეეგუება ქართველი"
font-large font-small
"სხვის მოვლასა და მონობას ვერასდროს მიეჩვევა და შეეგუება ქართველი"
ცხოვრება იტალიაში და შორიდან დანახული ქართული რეალობა

გოგა ჭარხალაშვილი უკვე რამდენი წელია, ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ მოდენაში ცხოვრობს და მუშაობს. მისი ყველაზე დიდი ოცნება კი მაინც საქართველოში დაბრუნებაა.


- 17 წლის ვიყავი, როდესაც იტალიაში ჩამოვედი და 21 წლისამ უკვე ბინა შევიძინე საკუთარი შრომით. ახლობელი ადამიანისგან თანხა ვისესხე და ყოველთვიურად ვიხდიდი ამ ვალს, როგორც ქირას - ასე ავისრულე ოცნება და მივხვდი, რომ შრომით ბევრის მიღწევა შეიძლება. მე და ჩემი ძმა უმამოდ ვიზრდებოდით. პატარები ვიყავით, მამა რომ გარდაიცვალა. ამიტომ დედამ მიატოვა თავისი სამსახური - პროფესიით გინეკოლოგი გახლავთ და წლების წინ იტალიაში წამოვიდა სამუშაოდ. რადგან ის ვერ გვნახულობდა, სკოლის დამთავრებისთანავე თავად ჩავაკითხე. იქ ჩავაბარე და დავამთავრე კიდეც საინჟინრო ფაკულტეტი, თუმცა ეს პროფესია ვერ გამოვიყენე. აქაც ასეა, როცა პატრონი არ გყავს, რთულია რამეს მიაღწიო. ინჟინერი რომ გავხდე, 1 წელზე მეტხანს პრაქტიკა უნდა გავიარო, რაშიც ფულს არ გადამიხდიან, აქ კი ფულის გარეშე ვერ იარსებებ, მაშინ ოჯახი უნდა გარჩენდეს, სხვის კმაყოფაზე უნდა ცხოვრობდე. როცა ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი კიდეც მშენებლობებსა და რესტორანში, თავიდან მიმტანად, მზარეულისა თუ პიცის მცხობელის დამხმარედ, ჭურჭელიც კი გამირეცხია. ახლა პიცერიაში წამყვანი პოზიცია და დატვირთული სამუშაო მაქვს. ზოგჯერ დღეში, განსაკუთრებით შაბათობით, 500 პიცამდე ვამზადებთ. ჩემი პროფესიის წყალობით წელგამართული ვარ, უმუშევარი ერთი დღეც არ ვჩერდები, შემოთავაზებებიც ბევრი მაქვს და ანაზღაურებაც საკმარისი.
- ყველაზე რთული რა იყო უცხო ქვეყანაში?
- ჩემი ძმა საქართველოში ცხოვრობს და არასდროს უფიქრია ქვეყნის დატოვებაზე. პატრიოტიზმით გამოირჩევა. განა მე არ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ უფრო რეალისტი ვარ და აქედან გამომდინარე, ჩემი მიზნებისთვის აქ წამოსვლა ვამჯობინე. მინდა დაბრუნება, მაგრამ რა ვქნათ, ცხოვრებამ ასე მოიტანა... აქ უკვე ყველა მიცნობს, ყველა პატივს მცემს. ძნელია, როცა საქართველოში ბრუნდები და გესმის, ყველა ერთმანეთზე ცუდს რომ ლაპარაკობს, ტრანსპორტში ადიხარ და გამარჯობას რომ ამბობ, ისეთი გაოცებულები გიყურებენ, თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა. აქ კი ყველა ერთმანეთს ესალმება - მაღაზიაში, ტრანსპორტში. იმდენ ხანს ვაპირებ აქ დარჩენას, ვიდრე არ მექნება ფული, რომ საქართველოში პატარა რესტორანი გავხსნა. ჩემი ძმა მეუბნება ხოლმე, - ჩამოდი და რაც იქნება, იქნება. ერთი პურის ნატეხი თუ გვექნება, ის გავიყოთ. წყალსა და პურზე ვიყოთ, ოღონდ სამშობლოში ვიყოთ ერთადო. ამის გაკეთება იოლი არ არის. როცა მაქვს პერსპექტივა და შემიძლია რაღაცის მიღწევა, ვერ წავალ იქ, სადაც შენს შრომას არ აფასებენ. ვხედავ, ჩემს ახლობლებს უჭირთ და მე შემიძლია აქედან მათი დახმარება. სამშობლოში რომ ჩავიდე, მერე რა იქნება? სხვის იმედად ვერ ვიქნები ვერც აქ და ვერც საკუთარ ქვეყანაში. ძალიან მინდა, საქართველოში გაიზარდოს ჩემი შვილი, რომელიც აქ დაიბადა. მინდა სკოლაში მანდ შევიყვანო, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვახერხებ ამას.
GzaPress- შორიდან როგორ ჩანს საქართველოში მიმდინარე პროცესები?
- ქალაქ ნაპოლში ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბანი რომ გახსნილიყო, ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ დავრბოდი და ხმებს ვაგროვებდი, მაგრამ ხალხის ერთობა არ იყო. მარტო ერთ ქალაქში 10.000-ზე მეტი ქართველი ვიყავით და ძალიან ცოტა ხელმოწერა მოვაგროვეთ, რის გამოც, საარჩევნო უბანი არ გვაქვს. ეს ცუდია, ბევრი ემიგრანტი მიიღებდა მონაწილეობას. მათმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ასარჩევი, რადგან აქედან უფრო სხვანაირად ჩანს ყველაფერი.
- თქვენი აზრით, სწორი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა?
- თავს ვერ დავდებ, მაგრამ შევარდნაძის მერე რაც გაკეთდა საქართველოში, იმის უმადურიც ვერ ვიქნები. არ ვიცი, სააკაშვილის დროს ვინ გაამწარეს და რა გააფუჭეს, მაგრამ ბევრი კარგი რამ გაკეთდა. თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომ მეტიც უნდა გაეკეთებინათ და მეტიც გვეკუთვნის, მაშინ ძალიან უკან ვართ განვითარების მხრივ. თუ საერთოდ არ გვყავს ღირსეული კანდიდატი ქართველებს, იქნებ სხვა გზა მოგვენახა? არ შეიძლება ადამიანს 180 ლარი მისცე პენსია, ამით ხომ წამალსა და პურსაც ვერ იყიდის? იცით, რა არის ჩვენი პრობლემა? ყველაფერში რომ ძალიან მაგრები ვართ - კარგშიც და ცუდშიც. რომ უყუროთ, აქ როგორ მუშაობენ ქართველი ქალები იმისთვის, რათა თავიანთი შვილები გამოკვებონ, ვერც დაიჯერებთ. დღეში 10 სახლს ალაგებენ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც იპარავს და სახელს გვიტეხს. მოკლედ, რისი თქმა მითქმა, ყველაფერში - ერთმანეთის მოფერებაშიც და გალანძღვაშიც ზედმეტი მოგვდის. ერთი რამ ზუსტად ვიცი, მინდა, ქვეყნის სათავეში ახალგაზრდები მოვიდნენ და ქვეყანა ააშენონ, წინ წაიყვანონ.
- რაკი ქალების თავდაუზოგავი შრომა ახსენე და რადგან საზოგადოებაშიც ხშირად მსჯელობენ იმის შესახებ, უნდა დატოვოს თუ არა ქალმა ოჯახი, გკითხავ: უნდა არჩინონ თუ არა მათ 30-40 წლის შვილები ასეთი შრომით, ეს სწორი დამოკიდებულებაა? შენ მხართეძოზე წამოწოლილი ხომ არ დალოდებიხარ დედის გამოგზავნილ ფულს, წახვედი და მას მხარში ამოუდექი, ხომ ასეა?
- სწორედ ასეთმა ხალხმა გაიმეტა და გარიყა ეს ადამიანები ემიგრანტობისთვის. აქ არის ბევრი დედა, რომლებსაც სამშობლოში აღარ ჩაესვლებათ და იცით, რატომ? შვილები, რომლებიც დედებმა დატოვეს, რათა გამოეკვებათ, ახლა საყვედურს ეუბნებიან, მაშინ მიგვატოვე, როცა გვჭირდებოდიო... ზოგს ჰგონია, უცხოეთში ყველაფერი აწყობილი ხვდებათ. აქ ვინც მუშაობს, არავის სცალია რესტორნებსა და ღამის კლუბებში სასიარულოდ და ცუდი საქმეების საკეთებლად... თან, ის ადამიანები, რომლებსაც ყოველთვე უგზავნიან 400-500 ევროს იმ ქვეყანაში, სადაც ეს ბევრი ფულია, მუშაობაზე უარს ამბობენ. აბა, რატომ იმუშავებს 200-ლარად? აი, მაგალითად, მე შარშან ჩავედი საქართველოში, 11 წლის შემდეგ გადავწყვიტე დაბრუნება, ჩემს ქვეყანაში მინდოდა ცხოვრება. ჰოდა, დავიწყე მუშაობა, მეგობარს რესტორანი "ავუწყე", მაგრამ ანაზღაურებას იმდენს ვერ ვიღებდი, რომ საკმარისი ყოფილიყო ოჯახისთვის. მარტო მთავრობა ვერ შეგცვლის, თვითონაც თუ არ "გაიზარდე". იტალიაში არის კარიტასები (კარიტასი ლათინური სიტყვაა, "სიყვარულს" ნიშნავს და ქრისტიანული სულისკვეთების ყველა სახის საქველმოქმედო საქმიანობის აღსანიშნავად გამოიყენება. - ავტ.) და ეკლესიაში მდიდრებს მიაქვთ პროდუქტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უჭირთ. აქ შიმშილისგან არავინ მოკვდება და ამიტომაც არ არის გაბოროტებული ხალხი. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე და ბავშვის მომავლისთვის ისევ უკან, იტალიაში წამოსვლა ვამჯობინე. აქ მქონდა სახლი, მქონდა პროფესიაც და ვიცოდი, მუშაობის დაწყება არ გამიჭირდებოდა. თუმცა, კვლავ საქართველოში დაბრუნებაზე ვფიქრობ.
- რა მსგავსება და განსხვავება აღმოაჩინე ამ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის?
- რაც ძალიან გამიკვირდა, ის იყო, რომ აქაც აღმოვაჩინე ჩვენნაირი ხალხი. ჩვენ რომ ღვინო გვაქვს, ასეთი ღვინო მსოფლიოში არავის აქვს, ჩვენ რომ მთები და ტყეები გვაქვს, ასეთი არსად არის, - სულ ამას იმეორებენ და ჩვენც ხომ სწორედ ასე ვამაყობთ? ხასიათით და მენტალიტეტით მართლაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ საქართველო ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი დედა და მამა, ის ადგილი, სადაც დავიბადეთ და სადაც გარდავიცვლებით. ყველა ემიგრანტი იმაზე ოცნებობს, რომ საქართველოში გარდაიცვალოს.
- ქართული სუფრის ტრადიციები ვასწავლე იტალიებსო, მითხარი...
- როდესაც მეგობრებთან ერთად ვიჯექი სუფრასთან, მათ ვასწავლიდი, რომ მიცვალებულების ხსოვნის და ასევე, ქალის სადღეგრძელოზე ყველა ფეხზე უნდა წამომდგარიყო. მიჯერებდნენ. ახლა უკვე იმხელა სადღეგრძელოებს ამბობენ, ვიღლები ფეხზე დგომით (იცინის). არადა, იტალიელებმა იციან მხოლოდ "სალუტეს" თქმა, ანუ ერთმანეთს უსურვებენ ჯანმრთელობას, ჭიქას მიაჭახუნებენ და სვამენ. მათ ავუხსენი, რომ ამ სადღეგრძელოებით თანამესუფრეები ერთმანეთს იცნობენ, მეგობრდებიან და ა.შ. ისე, იტალიელებმა სმაც კარგი იციან და ზომა-წონაც. ძალიან უბრალოები არიან, საჭმელს სტუმარ-მასპინძელი ერთად ამზადებს, აუცილებელი არ არის მასპინძელმა დაგახვედროს ყველაფერი; ზოგს ღვინო მოაქვს, ზოგს რა და ზოგს რა.
- თქვენი ფოტოებით თუ ვიმსჯელებ, უკრავთ და მღერით კიდეც.
- ქუთაისში, ბავშვობაში მასწავლეს ფანდურზე დაკვრა. გიტარა კი იტალიაში ჩამოსვლის მერე, დამოუკიდებლად ვისწავლე. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა, ყოველთვის მხიარულება და ჟრიამული იყო ჩვენთან. მამა კარგად მღეროდა. 1995 წელს გარდაიცვალა, მაგრამ დღემდე მახსოვს მისი ნამღერი.
- დაბოლოს, ოჯახზეც მითხარით რამე.
- საქართველოში რომ დავბრუნდი, იმ პერიოდში მოვიყვანე ცოლი. გავიცანი თბილისში, რესტორანში, სადაც მე შეფმზარეული ვიყავი, ის - მენეჯერი. რამდენჯერმე წავკამათდით კიდეც სამსახურებრივ საკითხებზე, რასაც მერე დიდი სიყვარული მოჰყვა. 8 თვისაა ჩემი პატარა ბიჭი, რომელიც 15 თებერვალს, ჩემი მეუღლის დაბადების დღეზე დაიბადა, ავსტრიის საზღვართან. ჩემი მეუღლე არ მუშაობს, ჯერჯერობით ბავშვს უვლის. მოქალაქეობის მიღება შემიძლია, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, რადგან ერთადერთი რამ, რაც ამ ეტაპზე ქართულთან და საქართველოსთან მაკავშირებს, ეს სწორედ მოქალაქეობაა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის. თავიდან, როდესაც დედა ძალიან განიცდიდა უცხო ქვეყანაში გადახვეწას, მიეჩვევიო, ეუბნებოდნენ, მაგრამ სხვის მოვლასა და მონობას ვერასდროს მიეჩვევა და ვერც შეეგუება ქართველი...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბაღაშვილების "წარმატების ფორმულა" და წლების შემდეგაც აქტუალური "ჩხიკვთა ქორწილი"
"ნიკოლაი რამდენიმე ექსპერიმენტზე მუშაობდა და ვერ გამოდიოდა სამსახურიდან"
სოფელი ქისტაური ახმეტის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 540 მეტრში მდებარეობს.
როცა საუკეთესო მასპინძელი საინტერესო ამბებსაც მოგითხრობს
ვაჟა ტუღუში ფიროსმანისეული ბედის მქონე კომპოზიტორსა და საკუთარ "მეორე სუნთქვაზე"
"ციცქნა სოფლების თემს ბეჩო ჰქვია. ბეჩოს უშბა დაჰყურებს"
როცა შეგიძლია ადამიანებს ბედნიერება მიანიჭო...
"ავრბივარ სცენაზე და ამაყად ვშლი საქართველოს დიდ დროშას"
"ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ დღევანდელ გამოწვევებს გავცეთ ღირსეული პასუხი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი