ბისერი - სიშავესთან ბრძოლის იარაღი - გზაპრესი

ბისერი - სიშავესთან ბრძოლის იარაღი

დიზაინერი თამუნა ლეჟავა ბისერებით სამკაულების შექმნის ნამდვილი დიდოსტატია. მისი სახელი ცნობილია თითქმის ყველა იმ ქალბატონისთვის, ვისაც აქსესუარები უყვარს. თამუნას წლების განმავლობაში არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი. მონაწილეობდა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებშიც და რაც მთავარია, მისი სახელი წლების წინ გახდა ცნობილი უცხოელი, სამკაულებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის...

პირველი პერსონალური გამოფენა 2007 წელს ჰქონდა გალერეა "ბაიაში", შარდენის ქუჩაზე, 2009 წელს მონაწილეობდა მოსკოვის "ბისერ-ფესტში", 2011-დან კი თბილისის მოდის კვირეულზეც გამოჩნდა მისი ნაკეთობები...

2012 წელს უკრაინულმა ჟურნალმა FASHION ერთ-ერთი ნომრის ყდაზე განათავსა მისი ნამუშევარი და ყველაზე დიდი წარმატება ამავე წელს ხვდა წილად: შეერთებულ შტატებში გამოცემულ კატალოგში SHOWCASE 500 BEADED JEWELRY შევიდა მისი 4 ყელსაბამი, თავად თამუნა კი მსოფლიოს 25 საუკეთესო დიზაინერს შორის დაასახელეს. აღსანიშნავია რომ ერთ-ერთი ყელსაბამი "1001 NIGHTS"-ის ავტორებმა მთელ კატალოგში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნიეს, რაც მითითებული გახლდათ კატალოგის ანოტაციაში.

შემდეგ იყო კიდევ არაერთი წარმატება, 2014 წელს კი ვრცელი სტატია მომზადდა ქართველ დიზაინერზე იტალიურ ჟურნალში, მერე კი ასევე ვრცელი სტატია მიუძღვნეს გერმანულ ჟურნალში და ა.შ.

GzaPressთამუნა პროფესიით ფიზიკოსია. ამბობს, რომ ხელსაქმეს პირველად ბებიების წყალობით ეზიარა. ერთ-ერთი ბებია გასული საუკუნის 50-იან წლებში თბილისში ერთ-ერთი ცნობილი მკერავი იყო. რუსი თავადის ქალი გახლდათ, რომლის ოჯახიც რუსეთში დახვრიტეს და თავად რეპრესიებს ხელსაქმის კარგი ცოდნითა და გავლენიანი კლიენტურის წყალობით გადაურჩა. მეორე ბებია პროფესიით ისტორიკოსი გახლდათ. პენსიაზე გასვლის შემდეგ ის მთლიანად ხელსაქმეზე გადაერთო. კერავდა, ქსოვდა და ბისერით ქმნიდა ლამაზ ნივთებს:

"ბებია მამის მხრიდან იყო თბილისში ერთ-ერთი წამყვანი მკერავი. ძალიან პოპულარული გახლდათ თავის დროზე და ხელნაკეთ ხელჩანთებსაც ამზადებდა. ეს იმ ეპოქაში ხდებოდა, როცა ქვეყანაში თითქმის არაფერი იყიდებოდა და ტანისამოსს იკერავდნენ. ყველას თავისი მკერავი ჰყავდა... მეორე ბებიასაც ხელსაქმე უყვარდა - ქარგვა, კერვა. მათი წყალობით, მთელი ბავშვობა ვუყურებდი, როგორ იქმნებოდა ლამაზი ნივთები. როგორც შეიძლება ბავშვი მონაწილეობდეს ხელსაქმეში, მეც ისე ვმონაწილეობდი, მაგრამ არსებობდა დიდი ლტოლვა და სიყვარული იმ ყველაფრისადმი, რასაც ბებიები უნებურად, მაგრამ მასწავლიდნენ..."

გავიდა წლები. თამუნას ბებიები უკვე აღარ ჰყავდა და არც ის ჩეხური ბისერებით სავსე ყუთი ახსოვდა, რომელიც მათი წყალობით ჰქონდა. როცა ქვეყანაში არეულობა დაიწყო და ირგვლივ დეპრესიამ დაისადგურა, სწორედ მაშინ გაახსენდა ფიზიკოს ქალბატონს თავისი "საგანძური".

"ჩემი ახალგაზრდობა დაემთხვა ისეთ პერიოდს, როცა ქვეყანაში ბისერი კი არა, საერთოდ არაფერი იშოვებოდა. წარმოუდგენელი დეპრესია იყო ქვეყანაში და... ეს ბისერებით სავსე ყუთი გამახსენდა. ვიპოვე, გავხსენი და დავიწყე რაღაცების კეთება.

დეპრესიასთან ბრძოლის საოცარი საშუალება აღმოჩნდა. ჩემთვის წარმოუდგენელი თერაპიაა ბისერებით სამშვენისების დამზადება. დღესაც, როცა ჩემი მოსწავლეები მოდიან, მათთვის არაერთხელ მითქვამს: ხელსაქმის გამო შემიძლია, გადავდო სახლის ყველა საქმე, დავივიწყო ყველაფერი - ჭამა, სმა და აბა, სცადოს ვინმემ ხელის შეშლა-მეთქი. ამ საქმემ საოცარი ჩათრევა იცის. ჩათრევა იმ დონემდე, რომ მერე, როცა საქმეს მორჩები და გვერდზე გადადებ, ხვდები, რომ თურმე, ძალიან დიდხანს იჯექი და ფეხს ვეღარ მართავ, წელიც გტკივა ამდენი ჯდომისგან. როცა ხედავ, ნელ-ნელა როგორ ლამაზდება ნივთი, ისეთი კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდა გიჩნდება, რომ საქმეს ვეღარ სწყდები. გრძNნობ, რომ შემქმნელი ხარ სილამაზის...

იმ 90-იანებში დეპრესიას პირად ცხოვრებაში გათამაშებული დრამატული რაღაცებიც დაერთო და ასეთ დროს ბისერები ჩემთვის სიშავესთან, უბედურებასთან ბრძოლის იარაღი აღმოჩნდა..."

ერთხელაც თამუნას ამერიკიდან ჩამოსული ნაცნობი ესტუმრა შინ და როცა მასპინძლის ნამუშევრები ნახა, აღფრთოვანება ვერ დაფარა: ხელსაქმე შენს ძირითად საქმედ უნდა აქციოო, უთხრა.

"სტუმარი მყავდა ამერიკიდან. მისი ოჯახის ახლობელს ნიუ-იორკში აქვს საგამოფენო სივრცე. ისიც ძალიან წარმატებული ქალბატონია, უფრო - ფერწერაში. ამ ადამიანმა რომ ნახა ჩემი ნამუშევარი, აღფრთოვანდა. მითხრა, - ეს ნივთები არათუ სამოყვარულოა, შეიძლება გადაიზარდოს შენს საქმიანობაშიო. დიდი სტიმული იყო მისი ასეთი შეფასება ჩემთვის და გადავწყვიტე, რჩევა გამეთვალისწინებინა...

მოგეხსენებათ, პროფესიით ფიზიკოსი ვარ და ვმუშაობდი კიდეც პროფესიით. ტექნიკური მეცნიერებები უზომოდ მიყვარს. ვფიქრობ, გეომეტრია - ეს არის ყველაფერი მხატვრისთვის და ამ საგნის ცოდნა მეც ბევრ რამეში მეხმარება. აი, თუნდაც, ერთი ბისერი არ გაპატიებს შეცდომას, სადღაც უშნოდ ამოვარდება და გაგიფუჭებს ნამუშევარს. ფიზიკა უფრო სხვა რამეა, ის ცხოვრების ბევრ ნიუანსში მეხმარება. პარალელურად, კინომცოდნეობაზეც ვსწავლობდი. ამით იმის თქმა მსურს, რომ ხედვა ძალიან ფართო მაქვს, სხვადასხვა ჭრილში ვუყურებ ყველაფერს და ეს საბოლოო ჯამში, ბევრ რამეში მეხმარება.

ამერიკიდან ჩამოსული სტუმრის წაქეზებით, კიდევ რამდენიმე აქსესუარი დავამზადე და დავგეგმე პირველი პერსონალური გამოფენაც. დღეს რომ მახსენდება, რა მქონდა გატანილი, ცოტათი მეცინება..."

GzaPressპატარაობისას უყურებდა ბებიებს და ახსოვს, რა როგორ კეთდებოდა. მერე ბავშვობაში მიღებულ ცოდნას, სხვა გზით შეძენილი ცოდნაც "დაუმატა" და ათასნაირ კომბინაციას იყენებს ქალების გულის გასახარებლად...

"ერთ ტექნიკას შეიძლება ათასობით ვარიაცია ჰქონდეს. როგორ უნდა იყო ამ ათასობით ვარიაციიდან ათასმეერთეს ავტორი, ამას ვასწავლი სხვებს და არა იმას, რომ რაღაცის კოპირება გააკეთონ მექანიკურად. თუ ადამიანი სწორად არ განვითარდა, ის ასლების გამკეთებელი იქნება და "ახალ სიტყვას" დამოუკიდებლად ვერასდროს იტყვის.

2003 წელს თამუნას დამ ამერიკიდან კატალოგი ჩამოუტანა, სადაც 500 საიუველირო სამკაული იყო შესული. როცა კატალოგი დაათვალიერა, გაოცდა. როგორც ამბობს, თითქმის მთელი ორი კვირა ათვალიერებდა ჟურნალს და ლამის დაიზეპირა, რომელ გვერდზე რა იყო დაბეჭდილი.

"ამ კატალოგში იბეჭდება დიზაინზე, მოდაზე, სამკაულზე, ოღონდ - არა სერიულზე, არამედ მხოლოდ ექსკლუზიურ ნივთებზე და ნამუშევრებს მსოფლიო მასშტაბით კრებენ. მახსოვს, კატალოგის თვალიერების დროს კულტურული შოკი მივიღე და თქვენ წარმოიდგინეთ, წლების შემდეგ, ამ გამოცემაში ჩემი 4 ნივთიც შევიდა - ეს იყო საოცნებო წარმატება, სიამაყის მომტანი. საოცარი შეგრძნება გეუფლება, როცა ხედავ, რომ სრულიად უცხო ქვეყანაში შენი შრომა დააფასეს.

ტირაჟი საკმაოდ დიდია, თუ არ ვცდები 5 მილიონი ადამიანი ელის მის გამოცემას. როცა გამომცემლობის გვერდზე დაიდო ინფორმაცია კონკურსის შესახებ, მოთხოვნებს შორის ეწერა, რომ შეიძლებოდა ოთხი ნამუშევრის 8-12 ფოტოს გაგზავნა. აქედან შეარჩევდნენ ერთს ან მაქსიმუმ ორ სამკაულს. მოხდა სასწაული და ჩემი ოთხივე გაგზავნილი ნივთი მოხვდა კატალოგში. ასეთი რამ სხვა დროს არ მომხდარა ანუ რეგლამენტი დაირღვა. მთელი მსოფლიოს ხუთასი სამკაულიდან ოთხი რომ შენია, ცხადია, ეს გაბედნიერებს და ვაღიარე, რომ ამერიკა მართლაც, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე მაგარი ქვეყანაა. მე არავინ დამხმარებია, გზა არავის გაუკვალავს, უბრალოდ სამკაული მოეწონათ და ყდის ანოტაციაშიც კი მოხვდა ჩემი გვარი და სახელი. წიგნის ავტორის რეკომენდაცია იყო, რომ აუცილებლად ენახათ ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი, როგორც გამორჩეული. ასევე, ჩემი ერთი სამკაული შეიტანეს სიაში: "25 საუკეთესო აქსესუარი მსოფლიოში" და ამის წყალობით, ჩემი სახელი მოხვდა ისეთი ხალხის სახელის გვერდით, რომლებსაც ამერიკაში იცნობენ... ჩემთვის ეს დიდი პატივია..."

თამუნა თამამად ლაპარაკობს იმაზეც, რომ საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, პლაგიატი არ უნდა გვიკვირდეს. ამიტომ, ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და თავადაც წინდახედულობას იჩენს ხოლმე:

"ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი სტუმრად და ტელეწამყვანმა გადაწყვიტა, ჩემი ერთ-ერთი ყელსაბამი გაეკეთებინა პირდაპირ ეთერში. უკუღმა გაიკეთა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მერე ვფიქრობდი ამ გადაცემაზე და გაჩნდა იდეა: რა იქნება, რომ ჩემს სამკაულს ორი სხვადასხვა და კარგი პირი ჰქონდეს-მეთქი? მაშინ ეს იდეა არ გავახმოვანე, რადგან ზუსტად ვიცი, ეს რომ გამეკეთებინა, 200 კაცი დააკოპირებდა და იტყოდა, ეს ჩემიაო. არ მინდოდა, პირველწყარო არ ყოფილიყო ცნობილი. პლაგიატი ძალიან არის გამჯდარი ადამიანებში. გადავწყვიტე იდეა "დამეკონსერვებინა" და როცა ერთ-ერთი უცხოური გამოცემა დამიკავშირდა ინტერვიუსთვის, სწორედ იქ ვთქვი პირველად ჩემს იდეაზე და თან წავიღე ასე ვთქვათ, ორსახოვანი სამკაული, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

GzaPressსოციალურ ქსელში მაქვს ჩემი გვერდი, სადაც ვდებ ყველა ნამუშევრის ფოტოს. ჩემი სამკაულები ერთმანეთის იდენტური არასდროს არის. აქსესუარი, მისი ზომის მიუხედავად, უნდა იყოს ძალიან ეფექტური ვიზუალურად და ტექნიკურადაც სწორად გაკეთებული.

მე არ მიყვარს, როცა მომხმარებელი მოდის და მეუბნება, რომ უნდა რაღაც და სურს, რაიმე ნივთი დავუკოპირო საიდანღაც. ამას არასდროს გავაკეთებ! მზა იდეით მოსული ადამიანების გადარწმუნებასაც შევეცდები - მან არ იცის ტექნიკური პარამეტრები. შესაბამისად, შეიძლება უნდოდეს რაღაც, მაგრამ ამის ტექნიკურად გაკეთება ვერ მოხერხდეს. მითურ სამკაულზე, რომელიც ან გამოვა, ან არა, პასუხს ვერ ვაგებ. მიხარია, რომ არჩევანის გაკეთებისას მომხმარებლის აბსოლუტური უმრავლესობა მენდობა..."

პლაგიატის მსხვერპლი თამუნაც გახდა. თანაც, ამ შემთხვევაში, მისი აქსესუარის დაკოპირებით თურქ ქალბატონს სურდა წარმატების მიღწევა...

"ეს 2012 წელს მოხდა. თურქმა ქალბატონმა ჩემი სამკაული დააკოპირა და ამით სტამბოლში გრანპრი მოიგო. ამის შესახებ ნაცნობმა მომწერა. მეწყინა, მაგრამ ვიფიქრე, "გავატარებ"-მეთქი... შემდეგ კიდევ ერთი ლინკი ჩამიგდეს, თურქმა კოლეგებმა მისი ინტერვიუ გადმომიგზავნეს თარგმანით, სადაც ის ქალი მის მიერ მიგნებული დიზაინერული ხედვებით ტრაბახობდა. ამჯერად, ძალიან გავბრაზდი, ვერ მოვითმინე და თურქეთის კულტურის მინისტრს, ექსპოს გენერალურ მენეჯერს და კონკურსის თავმჯდომარეს საპროტესტო წერილები მივწერე. მივუთითე, ვინ ვარ, რა წარმატებები მაქვს. წერილს დავურთე ფოტო და ვიდეომასალები. სულ მალე მომწერეს, რომ იმ ქალბატონს ჯილდო ჩამოართვეს - სამართალი რომ ვიპოვე, ამ ამბავმა ძალიან გამახარა, მაგრამ არ მესმის, XXI საუკუნეში, როცა ინფორმაცია ასე ხელმისაწვდომია ყველასთვის, როგორ რისკავენ ადამიანები და რატომ ცდილობენ სხვისი მიგნების მისაკუთრებას? უკვე აღარ ბნელა და პლაგიატი დაუსჯელი არასდროს დარჩება..."

ლიკა ქაჯაია