გოდერძი ჩოხელის საფლავის ქვის ქვეშ დატოვებული წერილები
font-large font-small
გოდერძი ჩოხელის საფლავის ქვის ქვეშ დატოვებული წერილები
გოგონა, რომელმაც საყვარელი მწერლის გამო რეჟისორობა გადაწყვიტა

თიკო ბეკოშვილი - ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი სულის სიმტკიცით, გამბედაობით, გონიერებით აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულს... ის გვიამბობს საოცარ ამბავს იმაზე, თუ როგორ აღმოაჩინა გოდერძი ჩოხელი და როგორ "დაეხმარა" უკვე გარდაცვლილი მწერალი თიკოს გაჭირვების ჟამს, თანაც არაერთხელ...


- პროფესიით ტელე-კინორეჟისორი ვარ. თეატრალურ უნივერსიტეტში, სარეჟისოროზე ჩაბარება იმან გადამაწყვეტინა, რომ ჩანაფიქრი სისრულეში მომეყვანა და აუცილებლად გადამეღო ფილმი ისეთ საოცარ ადამიანზე, როგორიც გოდერძი ჩოხელია. თუმცა, მაშინ არ ვიცოდი, რა იყო რეჟისურა, რა სირთულეებთან მექნებოდა საქმე.
- რატომ დაისახეთ მიზნად ფილმის გადაღება გოდერძი ჩოხელზე?
- მე-12 კლასში ვიყავი, როცა სკოლაში პედაგოგმა გოდერძის "სწორი თეთრი ხაზის" წაკითხვა დაგვავალა. ამ მოთხრობის გაცნობისას, რაღაცნაირად სიახლოვე ვიგრძენი მწერალთან, ჩემს სულიერ მდგომარეობასთან იყო ძალიან ახლოს, თითქმის ერთი სამყარო გვქონდა. რასაც გოდერძი წერდა, იმაზე მეც ხშირად ვფიქრობდი, არადა, ამ წიგნის წაკითხვამდე არ ვიცოდი, ვინ იყო ეს მწერალი. შემდეგ მის გაცნობაზე ვოცნებობდი, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან მალე გარდაიცვალა და ვერ მოხერხდა ჩვენი შეხვედრა. ჰოდა, სხვა რა გზა მქონდა, წავედი მის საფლავზე და რაც უნდა მეთქვა ცოცხალი მწერლისთვის, მის საფლავთან ვთქვი. ვუთხარი ყველაფერი და თითქოს ჩვენ შორის საუბარი შედგა.
- რა უთხარით?
- გუშინ გადავრთე ერთ-ერთ არხზე და გოდერძის "ადამიანთა სევდა" გადიოდა. დედას ვუთხარი, გოდერძი რომ ცოცხალი იყოს, ალბათ ყოველდღე ერთად ვიქნებოდით-მეთქი... მის საფლავზე რომ მივედი, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, გული აჩქარებული მქონდა. ვუთხარი, - მაპატიე, რომ აქამდე შენზე არაფერი ვიცოდი; მაპატიე, რომ ვერ მოვახერხე შენი გაცნობა, მაგრამ მოვახერხებ იმას, რაც შენ გინდოდა გაგეკეთებინა და ვერ გააკეთე. აუცილებლად გავაგრძელებ ამ გზას-მეთქი.
GzaPress
- რას გულისხმობდით?
- მის მსგავსად, მეც დარდებს ვაგროვებ. ხალხს ვეკითხები რაღაცებს და შემდეგ, წერილის სახით მიმაქვს გოდერძისთან. მისი საფლავის ქვის ქვეშ პატარა ადგილი ვიპოვე და ვიფიქრე, ალბათ ეს სიცარიელე მე დამიტოვეს, რათა ამ გზით მივაწვდინო ხმა-მეთქი და სწორედ იქ, ქვის ქვეშ ვაცურებ წერილებს. როცა მივდივარ და აღარ მხვდება, ვამბობ, - გოდერძის მიაქვს-მეთქი. რეალურად, ალბათ ქაღალდი ფუჭდება ან ქარს მიაქვს, მე კი მინდა მჯეროდეს, რომ ბარათები გოდერძიმდე აღწევს.
- მხოლოდ იმ მიზნით აგროვებთ დარდებს, რომ გოდერძიმდე მიიტანოთ?
- არა, მეც ვინახავ და მადგება ხოლმე რაღაცებში... პირველი ლექსიც დავწერე გოდერძის საფლავის ქვაზე. მაშინ მოსწავლე ვიყავი და ეს ლექსი ჩემმა პედაგოგმა მერე ჩუმად გაგზავნა კონკურსზე. გამიკვირდა, როცა საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი ავიღე ბავშვთა პოეზიაში და დამაჯილდოეს კიდეც მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში. მაშინ სცენაზე ჩემი დადგომის პირველი ნაბიჯები იყო და ესეც გოდერძის უკავშირდება. აღმოვაჩინე თუ არა ამ ადამიანში ახლობელი, მაშინვე მასზე ინფორმაციების შეგროვება დავიწყე. გოდერძის ყველა წიგნი მაქვს წაკითხული, თანაც არაერთხელ. მისი წიგნის ხელახლა კითხვისას ყოველთვის რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე, იმდენად ღრმა ფილოსოფიაა. როცა რაღაც ინფორმაციები შევაგროვე, სურვილი გამიჩნდა, მასზე ფილმი მენახა, მაგრამ ვერ ვიპოვე. ამიტომაც გადავწყვიტე, რეჟისორი უნდა გავხდე და მასზე ფილმი გადავიღო-მეთქი. ძალიან რთული იყო ის პერიოდი: აბიტურიენტობა, ეროვნული გამოცდების ჩაბარება მაშინ, როცა მხედველობის დიდი პრობლემა მქონდა. ჩავაბარე, მაგრამ სასურველ ფაკულტეტზე მაინც ვერ მოვხვდი. გავაპროტესტე, მაშინ არსად არ ვისწავლი! კიდევ ვიმეცადინებ და მომავალ წელს მაინც ჩავაბარებ-მეთქი. ბოლოს ისე მოხდა, რომ შიდა გამოცდები დანიშნეს და მოვხვდი სარეჟისოროზე და ძალიან მაგარი ადამიანის, გიორგი კახაბრიშვილს ხელში აღმოვჩნდი. ჩემი ხედვით, ის პროფესიონალია. მან არა მხოლოდ რეჟისურა, არამედ ადამიანობა გვასწავლა, გენიალურ ხალხს დამაახლოვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი უფროსი მეგობარი გახდა ოტია იოსელიანი, რეზო ჩხეიძე, ასევე, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, ნინელი ჭანკვეტაძე. ერთი ოჯახივით ვიყავით და ეს ბატონი კახას დამსახურება იყო, რადგან ხშირად ვიკრიბებოდით მის ოჯახში, სადაც ვახშამს მართავდა. ბატონი კახა გვერდიდან არ მიშორებდა და მეუბნებოდა, შენი პროფესიული მამა ვარო. მეც, მამას ვეძახდი და დღემდე ასეა.
- ფილმის გადაღება როდის მოახერხეთ?
- საკურსო ნამუშევრად ფილმს არ ვიღებდი, კლიპებს "ვაკეთებდი", რადგან პირობა მქონდა საკუთარ თავთან დადებული, რომ ჩემი პირველი ფილმი გოდერძიზე იქნებოდა. სადიპლომოზე კი უკვე დავიწყე ამაზე ფიქრი. ჯერ ვერ გააკეთებო, - მითხრა ბატონმა კახამ. - აქ იმიტომ ჩავაბარე, რომ უნდა გავაკეთო-მეთქი. ერთგვარი ჭიდილი გვქონდა. მერე სულ იხსენებდა, თავისი მაინც გაიტანაო. თუმცა, მიზნისთვის რომ მიმეღწია, ამას ფინანსები სჭირდებოდა, ცარიელი ხელებით ვერაფერს გავხდებოდი. მერე მეგობრებმა მითხრეს, - კულტურის სამინისტროში შევიტანოთ წერილი და იქნებ დაგაფინანსონო. უარი მომივიდა, ვინაიდან გამოუცდელი, დებიუტანტი ვიყავი. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ არა იმიტომ, რომ უარი მითხრეს, არამედ იმიტომ, რომ ფილმი გოდერძიზე უნდა გადაგვეღო და არ დაფინანსდა.
დადარდიანებული წავედი მცხეთაში, ჩოხელის საფლავზე. ვუთხარი: დაგპირდი, რომ შენზე ფილმს გადავიღებ. ჰოდა, დავიწყე მუშაობა და ცოტა შენც რომ დამეხმარო, რა მოხდება-მეთქი? რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მცხეთიდან ვბრუნდებოდი, როცა "ფეისბუკზე", სადაც კულტურის სამინისტროდან ჩემთვის გამოგზავნილი უარის წერილი მქონდა ატვირთული, უცხო ადამიანის კომენტარი დამხვდა: ამ ფილმს მე ვაფინანსებო. ეს გახლდათ ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი ასმათ ჩიტუარი. მან ამით მე კი არა, პირველ რიგში, გოდერძი დააფინანსა! ახლა ვამბობ: გოდერძიმ გამომიგზავნა საჩუქარი, ქალბატონი ასმათის დახმარებით-მეთქი...
- ფილმი გადაიღეთ, მაგრამ როგორც ვიცი, მაშინ ჯანმრთელობის პრობლემა გქონდათ...
GzaPress- დავიწყე ფილმის გადაღება და ცუდად გავხდი, მხედველობა სულ უფრო მაკლდებოდა. ახლოდანაც კი ვეღარ ვარჩევდი ადამიანის სახეს. სასწრაფოდ თურქეთში უნდა წავსულიყავი და ოპერაცია გამეკეთებინა, ამისთვის 30 ათასი დოლარი მჭირდებოდა, რაც არ მქონდა... გავრისკე და დავიწყე ფილმის გადაღება. ამ პერიოდში ჩემი ოპერატორი გიგა ჯობავა, ჩემი კურსელი მართლა ხელით დამატარებდა, გადაღების არც ერთი დღე არ ჩაგვიგდია. მან გადაიღო ყველაფერი, რაც უნდა გადამეღო. მე ვკარნახობდი და ის ყველაფერს ზუსტად ხედავდა. სხვათა შორის, ამ ბიჭმა "ოსკაროსან" ოპერატორებს შორის მეორე ადგილი აიღო ერთ-ერთ მსოფლიო ფესტივალზე. მე კი, ვინაიდან კურსელები ვიყავით, ვიცოდი მისი შესაძლებლობები. როცა დეპრესია მომეძალებოდა, მომკიდებდა ხელს და რეალობაში მაბრუნებდა, მაცოცხლებდა, გადაღებების გაგრძელების სტიმულს მაძლევდა. როცა ძალიან მიჭირდა, გოდერძის საფლავზე მივდიოდი და ველაპარაკებოდი - ეს მამშვიდებდა, მეგობრები კი ამის გამო გიჟს მეძახდნენ. იცინოდნენ, - წავიდა ახლა და თავის გოდერძის ელაპარაკებაო. მარტო ხომ ვერ ვივლიდი ამხელა გზაზე? ჩემი მეგობრები მიმყავდა ხოლმე. მათ შორის ერთ-ერთი, ბექა ებრალიძე, ამჟამად ბერმონაზონი მამა ლეონიდი იტალიაში სწავლობს. ის ყოველთვის, როცა დავუძახებდი, მზად იყო, გოდერძიმდე მივეყვანე...
- როგორც ვიცი, ჩოხელმა შეძლო და კიდევ ერთი საჩუქარი "გამოგიგზავნა"...
- ერთხელ მის საფლავთან ჩამოვჯექი და ისე ველაპარაკებოდი, როგორც მეგობარს: დავიწყე ფილმზე მუშაობა, გადაღებაშიც მეხმარებიან, მაგრამ ცუდად ვარ, გოდერძი, რადგან ვერ ვწერ, ვერ გიგზავნი წერილებს... მეშინია, რომ ფიზიკური მდგომარეობის გამო, ფილმის ბოლომდე მიყვანას ვერ შევძლებ-მეთქი. მოკლედ, ჩემი დარდი გავუზიარე და ისევ იგივე განმეორდა: თბილისისკენ რომ მოვდიოდი, ტელეკომპანია "იმედიდან" დამირეკეს (იმ პერიოდში იქ პრაქტიკანტად ვმუშაობდი, დილის გადაცემაში) და მითხრეს: ჩვენ ვაფინანსებთ შენს ოპერაციას, მაგრამ თანახმა თუ იქნები, რომ ყველაფერი გადავიღოთო. ცხადია, დავთანხმდი და სულ მალე ოპერაცია გამიკეთეს. ერთი კვირის ჩამოსული ვიყავი თურქეთიდან, როცა წავედი გუდამაყარში, გადაღებებზე. ზამთრის პერიოდი იყო. სხვათა შორის, აქვე მინდა ვახსენო გოდერძის უახლოესი მეგობარი, მწერალი ნინო ზედელაშვილი. როცა გაიგო, რომ გოდერძიზე ფილმის გადაღებას ვგეგმავდი, ხელი ჩამჭიდა და მიმიყვანა ჩოხელის სახლში, რაც ოცნებად მქონდა ქცეული. იქ მისული, უნებურად ავტირდი, რადგან ვიყავი იმ ადგილას, სადაც გოდერძი დადიოდა, სუნთქავდა... გავიცანი მისი არაჩვეულებრივი მეუღლე ქალბატონი ნინო მელაშვილი, შვილები - ლუკა და ნიკა. მას მერე გოდერძის ოჯახი და ქალბატონი ნინო მხარში მედგნენ. ნინო მომყვებოდა ყველა გადაღებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფილმი ერთად "გავაკეთეთ" მე, გიგამ, ქალბატონმა ნინომ და რა თქმა უნდა, ქალბატონმა ასმათმა, ჩვენმა სპონსორმა. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს.
- შედეგით კმაყოფილი ხარ?
- მიუხედავად იმისა, რომ ფილმი პრიზიორია, გრან-პრიც მიიღო, ბევრი ქვეყანა აქვს მოვლილი, მაინც ვფიქრობ, ახლა რომ მემუშავა, რაღაცებს სხვანაირად გადავიღებდი. თუმცა, არც უკმაყოფილო ვარ.
- როგორც მითხრეს, წიგნსაც წერთ...
- დიახ, ვწერ რომანს რუსეთ-საქართველოს თემაზე, ოღონდ აპოლიტიკურია, უფრო ხელოვნებაზეა... რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, მაგრამ ცოტა ფანტასტიკაც გავურიე: თვითნასწავლი, აფხაზეთიდან დევნილი მხატვარი, რომელსაც მშობლები ომის დროს დაუხოცეს და დასთან ერთად წამოვიდა თბილისში, თავისი ნახატით დას გადაარჩენს - ამ ნახატს რუსი ოლიგარქი იყიდის. მხატვრის და გადარჩება, მაგრამ მერე თვითონ დაიღუპება...
- უნდა გკითხოთ, თვალებზე პრობლემა რა ასაკში გაგიჩნდათ?
- ბავშვობაში მქონდა მცირე პრობლემა, მაგრამ მოგვიანებით ტრავმა მივიღე და გამირთულდა. ჯოხი მომხვდა თვალში და ბადურა ჩამეშალა. გამიკეთეს ოპერაციები, მაგრამ წინსვლა არ იყო. ერთ თვალში საერთოდ ვერ ვხედავდი და მეორეშიც, ვინაიდან ძალიან ვტვირთავდი, წნევამ ამიწია და ამ თვალზეც პრობლემა შემექნა... თურქეთში გაკეთებულმა ოპერაციამ კი შედეგი ნამდვილად გამოიღო - ის დაავადება, რომელიც მაწუხებდა და მხედველობას მაკლებდა, აღარ არსებობს. ყველა პრობლემა აღმოფხვრილია, მაგრამ "პლასტიკაა" საჭირო. მხედველობა ეტაპობრივად მემატება. 100 პროცენტით არ მომემატება და ალბათ, ვერც 50-ით, მაგრამ ჩემთვის 2-3 პროცენტიც მნიშვნელოვანია. მხოლოდ ის მინდა, რომ დამოუკიდებლად შევძლო გადაადგილება. ახლაც დავდივარ, მაგრამ სიფრთხილეს ვიჩენ, ქუჩაში მარტო გამოსვლის ცოტა მეშინია. არადა, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი, ბევრსაც ვჭირდები.
- დიახ, ვიცი რომ საქველმოქმედო კონცერტებს აწყობ...
- მეგობრებთან ერთად ვაწყობ საქველმოქმედო ღონისძიებებს - მარტო გადაადგილებაც მიჭირს, მარტო ვერავის დავეხმარებოდი. ჩვენ ვეხმარებით მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მათთვის ვაწყობთ ვახშამს და ვცდილობთ, პატარებს ერთი დღე მაინც გავულამაზოთ... მე რომ მჭირდებოდა, "იმედი" დამეხმარა - ეს ქველმოქმედება იყო და ჩემზე კარგად არავის ესმის, რას ნიშნავს, როცა გასაჭირის დროს მხარში გიდგანან. პირველი კონცერტი შარშანწინ მოვაწყვეთ.
- იოლია მომღერლების დათანხმება საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობაზე?
- ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან არ არის იოლი. თუმცა, ზოგჯერ მესმის მათიც. ამ ადამიანების შემოსავლის წყარო კონცერტია, არადა, ყველამ ვიცით, რომ დღეს შოუბიზნესს ძალიან უჭირს. ზოგიერთი მომღერალი პირდაპირ მეუბნება, რომ საქველმოქმედო კონცერტებში არ მონაწილეობს და მეჩხუბება, - რატომ მირეკავო?.. უჭირს ქართულ შოუბიზნესს, ყველა მხრიდან ძალიან უჭირს.
სხვათა შორის, 18 ნოემბერს მე და რეპერმა ნიქიმ კარაოკე-ბარის დირექტორმა წამოვიწყეთ საქველმოქმედო კამპანია და ყოველ დღესასწაულზე უფასოდ გავუმასპინძლდებით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, გავმართავთ ლამაზ ღონისძიებებს.
პირველი ერთობლივი ღონისძიება უკვე ჩავატარეთ. საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა, ბავშვები კმაყოფილები დარჩნენ, რაც ძალიან მახარებს. ერთ-ერთმა პატარამ - ანასტასიამ წასვლის წინ ჩამჩურჩულა, ჩემი დედა იქნებიო? ეს საოცარი დღე და ემოცია არასდროს დამავიწყდება. მე ანასტასიას ყოველთვის მივაკითხავ და შეძლებისდაგვარად, ყურადღებას მივაქცევ. ნიქის კი თქვენი ჟურნალის მეშვეობით დიდ მადლობას ვეტყვი ასეთი არაჩვეულებრივი და კეთილი საქმის წამოწყებისთვის...
GzaPress- საინტერესო ადამიანი ხართ... არის კიდევ რამე, რასაც აკეთებთ?
- ლექსებსაც ვწერ (იცინის), ერთი პერიოდი ტაძარში ვგალობდი, იქაურობას ვასუფთავებდი.
- ტაძარში რომ მივედი, 12 წლის ვიყავი. მამა ლეონიდე და მე კლასელები ვიყავით. ის ძალიან ნაკითხი, განათლებული ადამიანია. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი გახლდათ, როცა ტაძარში მედავითნე იყო. მეზობლები ვიყავით და გაკვეთილების შემდეგ მეუბნებოდა, ტაძარში წავიდეთო. როცა იტალიიდან ჩამოდის, დღემდე მის მგალობლად ვრჩები და შეიძლება ითქვას, რომ მედავითნეც ვარ და ზოგჯერ სტიქაროსანიც. შესანიშნავი მოძღვარი გვყავს, ახლა უკვე ბერად შედგა, მამა ნიკოლოზ მურვანიძე. სხვათა შორის, "კუკარაჩაში" თამაშობდა პატარა ბავშვის როლში, რომელიც საზამთროს იპარავს. ძალიან კარგი, მეგობრული ადამიანია და მიხაროდა მასთან ტაძარში ყოფნა... სამწუხაროდ, ახლა თითქოს დავშორდი ტაძარს, იშვიათად დავდივარ, მაგრამ მამაო რომ ჩამოდის, ისევ ვუბრუნდები.
- დაბოლოს, ფილმებზე მუშაობას არ აგრძელებ?
- ვაჟა უნდა გადავიღო, აუცილებლად! როგორც მე მიყვარს გოდერძი, ისე უყვარდა გოდერძის ვაჟა. ვაჟა გენიალურია, რა თქმა უნდა, მაგრამ დავპირდი გოდერძის, რომ მასზეც გადავიღებ ფილმს. მასალებს ვაგროვებ და გავიგე, რომ გოდერძის უნდოდა, ბროშურა გამოეცა, სადაც ვაჟა-ფშაველას მიერ გაზაფხულზე დაწერილ ლექსებს შეიტანდა. დიდი სურვილი მაქვს, ეს სურვილიც ავუსრულო... უნდა გავაკეთო ფილმი ტერენტი გრანელზეც... ასევე, უკვე დავიწყე მუშაობა კულტურის ძეგლებზე, ტაძრებზე ვიღებ ფილმს.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
დაუვიწყარი ურთიერთობა ძველი დროის არტისტებთან და ლევან ჩოლოყაშვილის აღმოჩენილი ნასოფლარი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
202 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი