"ყველაზე ძნელი მაინც სიბერე ყოფილა, შვილო..." - გზაპრესი

"ყველაზე ძნელი მაინც სიბერე ყოფილა, შვილო..."

გულია ვარდიშვილი ყაზბეგში, სოფელ ყანობში სტუმრობისას გამაცნეს. ყველაზე მხცოვანი ამ პატარა სოფელში სწორედ ის არის. ყოჩაღი, თბილი და ტკბილი მოხუცია გულია ბებო. როგორც კი ვუთხარი, ვინ ვიყავი და რა მინდოდა, მაშინვე გულთბილად შემიპატიჟა და დაფაცურდა, რამით გაგიმასპინძლდებიო. გამაოცა მისმა ენერგიამ - ეზო-კარი ისეთი მოვლილი ჰქონდა, ბევრ ახალგაზრდას შეშურდებოდა. უწესრიგობას ვერ ვიტანო, - მითხრა. ბევრი ხვეწნის მიუხედავად, გულისხმიერმა მოხუცმა ლამის მასპინძლის სახლამდე გამომაცილა, გზა არ აგებნესო და მერეღა გატრიალდა უკან. მე კი დიდხანს ჩამრჩა გონებაში ეზოს ჭიშკართან მდგარი მოხუცი მომლოდინე, სევდიანი მზერით...

- აქაური ქალი ვარ, აქ გავჩნდი, აქ გავიზარდე, აქ გავთხოვდი და ალბათ, აქვე მოვკვდები. 82 წლის ვარ, ვარდიშვილია ჩემი გვარი, კობიაშვილებში გავთხოვდი. მეუღლე რამდენიმე წელია, გარდამეცვალა. განა შეყვარებითა და სურვილით დავქორწინდი, სარძლოდ მამამთილმა ამარჩია. მოვწონებივარ და თავისი ბიჭისთვის უთქვამს, - უკვე ცოლი გინდა და ეს ქალი შაირთე, ეგ მამწონსაო.

- მაინც რით გამოგარჩიათ, რას გეუბნებოდათ მერე მამამთილი?

- ყოჩაღი ვიყავ, მშრომელი, ლამაზიც, საქმეს ვაკეთებდი. განა ასეთი ვიყავ, ახლავე გაჩვენებ ახალგაზრდობის სურათებს (წამოდგა და ძველი ალბომის მოსატანად გავიდა მეორე ოთახში). მოკლედ, იმასაც გულში ჩაუვარდა თურმე მამამისის სიტყვები და გადამეკიდა, მაგრამ ხმასაც კი არ ვცემდი. მრცხვენოდა, მასთან ერთად გამევლო, ეს მაშინ არ შეიძლებოდა. ერთხელ მთებში ცხვარს უდგა თურმე, მე გზად იქით უნდა გამევლო. ერთი ნათესავი კაცი იხსენებდა ხოლმე მერე, შორიდანვე შეგამჩნია და ცხვარი სასწრაფოდ გამარეკა შენთან შესახვედრადო. შენ კი გაიგე თუ არა, რომ ის მწყემსი მიშიკო იყო, ჩქარ-ჩქარა გაიქეცი, რომ არსად გადაგყროდაო.

- რატომ ემალებოდით, არ მოგწონდათ?

- გათხოვება არ მინდოდა, შვილო და მაგიტომ.

GzaPress- აბა, მერე როგორღა დაგითანხმათ? - ჯერ შუაკაცებს მიგზავნიდნენ. დედამ მითხრა, ნუ გასთხოვდები კიო და დასაწუნები არ არიან ეგენი, ოქროსავით ჯალაბობააო. ჩემი დედამთილი მართლაც ლამაზი ქალი იყო, მაზლებიც კარგი მყავდა. მაშინა ვთქვი, ალბათ მართლა კარგები არიან და ასე სჯობს-მეთქი. 19 წლისა ვიყავი და დედას დავუჯერე.

- მერე როგორი მეუღლე და მამა აღმოჩნდა?

- მეცხვარე იყო, თავისი დღე და მოსწრება სულ შრომობდა, თბილი კაცი იყო, ჭკვიანი... არ იყო ცუდი, არა.

- ე.ი. შეგიყვარდათ, ხომ?

- (იცინის) მემრე კი, შემიყვარდა. ახლა როგორ შემიყვარდა. კი არ ვგიჟდებოდი, მაგრამ პატივს ვცემდი.

- ადრე რა ითვლებოდა სირცხვილად?

- შეყვარებულობის დროს? იმასთან ერთად სიარული, ქუჩაში ცოლისთვის ხელის გადახვევა, შინ კი ხელსაც მოგხვევდა და გაკოცებდა კიდეც. მახსოვს, ჩემი ძმის ქორწილში რომ მივდიოდით, რამდენიმე ნაბიჯით ჩამოვრჩი, სირცხვილია მასთან ერთად სიარული-მეთქი, ესეც კი მეუხერხულებოდა. ადრე ასეთი დრო იყო. ახლა არ რცხვენიათ ასეთი რამეების. ძმისშვილმა თავის საქმრო სტუმრად მოიყვანა ჩვენთან და მითხრა, ჩემი შეყვარებულიაო. მომერიდა და იმ ბიჭს ვუთხარი, ჩვენთან ასეთი წესი არ არის და თუ ცოლად გინდა, ოჯახში უნდა მიიყვანო-მეთქი.

- კიდევ რა გახსენდებათ ძველი დროიდან?

- სიკეთე, ქალავ, სიკარგე. როგორი კარგი ურთიერთობა გვქონდა, ტკბილი მეზობლობა, მეგობრობა, ნათესაობა. ჩემს მეზობლად ერთი ბებერი დედაკაცი ცხოვრობდა და ისე ვიყავით ერთიმეორესთან, როგორც ერთი ოჯახის წევრები. ლოგინად რომ ჩავარდა, რძალი და შვილი თბილისში ჰყავდა და მთელი ზამთარი ვპატრონობდი. აი, შეხედე (ფოტოს მაჩვენებს, სადაც პატარაობისას მეზობლის ბავშვებთან არის გადაღებული), ამათ დედას ფეხი სტკიოდა და რადგან მათზე უფროსი ვიყავი, მე ვუვლიდი სამივეს. დღემდე ისეთ პატივს მცემს ერთ-ერთი, აი, კალთაში რომელიც მიზის, რომ რა გითხრა. თუ რამე გჭირდება, ოღონდ მითხარიო, სულ ამას მეუბნება. ახსოვს სიკეთე და იმიტომ.

- ახალმისულ პატარძალს რა მოვალეობები ჰქონდა მაშინ?

- სახლში დედამთილ-მამამთილი დამხვდა. ახალი პატარძალი მარიდებითა და მახათრებით უნდა ჰყოფილაყავ, უნდა ჩემეგერთო საქმე დედამთილისთვის. "მარილები" ჰქონდა ჩემს დედამთილს და 3 დღის მერე ვუთხარი, ძროხებს მე მოვწველი, შენ აღარ მოგაწველინებ-მეთქი. მახსოვს, სანამ დედამთილ-მამამთილი არ დაწვებოდა დასაძინებლად, შენც არ უნდა დასწოლილიყავ; სანამ ისინი სუფრას არ მიუსხდებოდნენ, შენც არ უნდა მისულიყავი, სუფრასთან მორიდებით ვიყავით. ერთხელ თივას ვაგროვებდი და მთელი დღე ისე გავიდა, საჭმელი არ მიჭამია, არც დედამ გამამიტანა საჭმელი და არც - დედამთილმა, მე კი მომერიდა, მეთქვა... როცა დაუძლურდა, როგორც პატარა ბავშვს, ეგრე დავბანდი და მოვუვლიდი. წყენით განა არაფერი გვწყინდა ერთმანეთის, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ვიტყოდით. მისგან რამე საყვედური არ მახსოვს. ახლა კი ხშირად მესმის საყვედურები ერთმანეთზე და მიკვირს, ახალგაზრდა რძლები მოხუცებს რომ ამუშავებენ. ამიტომაც ვამბობ, ის ძველი დრო სჯობდა ისევ, კარგი წესი გვქონდა.

- ხატობები თუ გახსოვთ?

- როგორ არ მახსოვს. მთავარანგელოზობა გვქონდა, გიორგობა, ქადებს ვაცხობდით, ყველანი ერთად ვგროვდებოდით, სანთელს ავანთებდით და დეკანოზი დაილოცებოდა, გარმონი, ფანდური, გიტარა, მღერა და თამაში იყო. ახლა კი აღარ იციან ასე.

- ახლანდელების რა არ მოგწონთ?

- შეყვარებულები რომ დადიან ერთად გამბულები - ერთად რომ მიდიან და მოდიან სულ, აი, ეს არ მომწონს.

- მთავრობა თუ მოგწონთ?

- პენსიას გვაძლევენ, ქალავ, არ გვყოფნის კი ის პენსია, წამალი გვინდა, საჭმელი გვინდა, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ.

- რამდენი შვილი გყავთ?

GzaPress- ერთი ბიჭი და 2 გოგო მყავს. როგორც მე ვიყავი წესიერი და პატიოსანი, ეგეთა გოგოები დავზარდე და გავათხოვე. 6 შვილიშვილი მყავს, ზაფხულობით ამოდიან ხოლმე, რაიც შეუძლიათ, მეხმარებიან კიდეც სოფლის საქმეებში. ამხანაგებიც მოჰყავთ ხოლმე. ზამთარში ვერ ამოდიან ოღონდ, ჭირს აქ ამოსვლა. საერთოდ, ბუნებით მკაცრები არიან მოხევეები, მაგრამ სიკეთიანი ხალხიც არის. გრძნობების გამოხატვა არ იციან. ჩემს შვილს უყვარს აქაობა. დედავ, წასვლა აღარ მინდაო, მეტყვის ხოლმე, მაგრამ რას გააკეთებს აქ? ზოგი რამ გასაკეთებელი მაქვს და ვერ ველევი ჩემს ეზო-კარს. ამ უბანში ერთადერთი, მეღა ვარ მარტო.

- მერე, არ გიჭირთ მარტო ყოფნა?

- ხან იქით შვილებთან მივდივარ, მაგრამ არ მიყვარს ქალაქში ყოფნა, ვერ ვძლებ იქ, ჩემს სახლში მირჩევნია. ძნელია მარტო ყოფნა, მაგრამ... მიჩვეული ვარ. მეზობლები მამიკითხავენ ხოლმე.

- აქაურობა დაწკრიალებული გაქვთ, როგორ აუდიხართ ამდენ საქმეს?

- ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელს, შვილო, უწესრიგობა არ მიყვარს. ეზო დავხვეტე წეღან, ვთესავ კიდეც, კარტოფილი მომყავს, ჭარხალი, მწვანილი. ძროხებიც მყავდა, მაგრამ გავყიდეთ, მოვლის თავი აღარ გაქვსო, - შვილებმა მითხრეს. ეეჰ, ადრე უფრო უყვარდა ხალხს შრომა, მძიმე სამუშაოც გვქონდა. ბავშვობიდან ბევრი გაჭირვება მაქვს გამოვლილი. მამაჩემს 7 შვილი ვყავდით, ახლა კი ერთი დაღა მყავს ცოცხალი. არც საჭმელი გვქონდა და არც ჩასაცმელი. მე და ჩემს ქმარსაც ბევრი შრომა გვიწევდა. ერთხელ ქისტებშიც კი გავყევი კაცსა, რომ სიმინდი ამეკრიფა და სახლში მოგვეტანა. ცხვარშიც გავყოლივარ, ბავშვიც თან წავიყვანე მაშინ. ძალიან რთული იყო ქალისთვის, მაგრამ მინდოდა ოჯახი მომეყვანა და ფეხზე დამეყენებინა. ჩემი შვილები მეტყვიან ხოლმე, ბევრი რამ გადაიტანე და შრომა გეყოფა, დაისვენეო, მაგრამ სამუშაოს არც ახლა ვერიდები. რთული ცხოვრება გავიარე, რთული.

- გული რაზე გწყდებათ?

- სახლში გასაკეთებელი გვაქვს რაღაცები, ბარემ ესენიც გაგვეკეთებინა და გაგველამაზებინა აქაურობა, მაგაზე მწყდება გული.

- ყველაზე მთავარი რა ყოფილა?

- ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა. დღეს თუ ხვალ წავალ და მორჩება ჩემი სიცოცხლე.

- და ყველაზე რთული რა ყოფილა?

- სიბერეო, სიბნელეო, მსგავსო ჯოჯოხეთისაო. გინდა რაიმე და ვეღარ აკეთებ, ძნელია. აღარც ვის სიამოვნებს დაბერებული და ავადმყოფი ადამიანი. ყველაზე ძნელი მაინც სიბერე ყოფილა, შვილო...

ნინო ჯავახიშვილი