ისტორიის ჩრდილში მოქცეული ღირსეული ქართველი - გზაპრესი

ისტორიის ჩრდილში მოქცეული ღირსეული ქართველი

"ვეჭვობ, ყველამ იცოდეს, რომ ის იყო პირველი ქართველი მრეწველი ევროპიული ტიპისა. დავითი რომ წმინდა ქართველი მრეწველი ყოფილიყო, კაი ხანია ქართველურად დაამთავრებდა - მისი შეძლებისაგან აღარაფერი დარჩებოდა. მხოლოდ ევროპიელ კაცს შეეძლო ყველა მადლიერი ჰყოლოდა და თანაც არ გაეფლანგა. შეაერთეთ ქართველი გულკეთილობა და პურმარილი ევროპიულ საქმიანობასთან და მიიღებთ დავით სარაჯიშვილს", - ასე აფასებდა ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელს, ღვაწლმოსილ ქართველს, დავით სარაჯიშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია მაშინ, როცა თითქმის ორი საუკუნის შემდეგაც ვერ გაგვირკვევია, სად გადის ზღვარი ქართველობასა და ევროპელობას შორის... ერთ-ერთ მიზეზად, შესაძლოა, პრიორიტეტების აღრევაც დავასახელოთ. ჯეროვნად არ ვაფასებთ ჭეშმარიტ გმირებს, კვალში არ ვუდგებით მათ ისტორიულ საგმირო საქმეებს და მაგალითად არ ვიხდით...

მოზარდებისა თუ ზრდასრულებისთვის დიდი ქართველი მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის ღვაწლის შეხსენების მიზნით და დაბადებიდან 170, კონიაკის ქარხნის დაარსებიდან კი 140 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლი "დავით სარაჯიშვილი" დაიდგა.

GzaPressმაია შენგელია, რეჟისორი: - სპექტაკლი ნათელს ხდის, რას ნიშნავს იყო უანგარო და შენი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი. მისი საშუალებით, გვსურდა, მსუბუქი საყვედურიც გვეთქვა იმ ცუდი თვისებების გამო, რაც ბოლო დროს ჩვენმა საზოგადოებამ გამოამჟღავნა - იქნება ეს გაუტანლობა თუ საერთო საქმის ღალატი...

- სპექტაკლში დავით სარაჯიშვილის ცხოვრების უცნობი დეტალებიცაა წარმოჩენილი?

- დიახ, მაგალითად, ქორწინების დეტალები, მისი გარდაცვალების მიზეზი - ფილტვის კიბო. ასევე, ფაქტი, რომ სოციალ-დემოკრატებს აფინანსებდა. თეატრი ამ ტიპის სპექტაკლების დადგმას სამომავლოდაც გეგმავს.

პაატა მხეიძე, მსახიობი: - ის ადამიანთა იმ კატეგორიიდან გახლავთ, რომლებიც საუკუნეებში ერთხელ იბადებიან.

- დაგვისახელეთ მის მიერ გამოთქმული თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები...

- უშვილობის გამო დამწუხრებული ილია ამ სიტყვებით ანუგეშა: "რას მიქვია უშვილობა?! განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღსაზრდელი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გასაწვრთნელი და განსწავლული ჩვენი შვილები არ არიან?!" ამ დამოკიდებულებას მთელი ცხოვრების მანძილზე ასხამდა ხორცს. გარდა ამისა - "ადამიანი ყველგან და ყველაფერში უნდა იყოს პატიოსანი. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მილიონები".

- სპექტაკლზე მუშაობის პროცესი ალბათ, ერთგვარად, "საგანმანათლებლო" ხასიათისაც იყო...

- პირადად მე, ერთი სული მქონდა, როდის დაიწყებოდა რეპეტიცია და მენანებოდა მისი დასრულება. ეს კი ცალსახად, რეჟისორს, მსახიობებსა და ტექპერსონალს შორის თბილი დამოკიდებულების გამო ხდებოდა. სცენაზე "ვიდექით" სარაჯიშვილი, ილია, აკაკი, ნიკო ცხვედაძე (იცინის)... ამან, როგორც ჩანს, ატმოსფერო თავისთავად დამუხტა და სპექტაკლიც ღირებული გამოვიდა. მგრძნობიარე ადამიანები შევიკრიბეთ. თითოეულმა საკუთარი სათქმელი გულსა და გონებაში ღრმად გაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ აჩვენა მაყურებელს... ჩემთვის დიდი პატივია დავით სარაჯიშვილი წარმოვადგინო. ვაჩვენო, რომ საქართველოს ჰყავდა ასეთი პიროვნებები და ჩვენი ქვეყანა დღემდე სწორედ მათი ძალისხმევით მოვიდა. ყველა პერიოდს თავისი გმირი ჰყავს. დავით სარაჯიშვილი ჭეშმარიტად გახლდათ იმ ეპოქის ნამდვილი გმირი. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში წარმოჩენილ ამ ადამიანებს ქვეყნის პოლიტიკური კურსის შესახებ ხშირად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ, მათ ყველაზე მთავარი - სამშობლოს სიყვარული აერთიანებდათ. დავით სარაჯიშვილს სოციალ-დემოკრატები ქვეყნის გადამრჩენებად ესახებოდა და მათ მატერიალურ დახმარებასაც უწევდა. მისთვის თავზარდამცემი ტრაგედია აღმოჩნდა იმის გაგება, რომ ილიას მკვლელები სწორედ სოციალ-დემოკრატები აღმოჩნდნენ. ცნობილია, რომ ილიას მკვლელობის შემდეგ ორი კვირა კაბინეტიდან არ გამოსულა. გული მტკივა, როდესაც ვხედავ, რომ დღეს საქართველო აღარავის ახსოვს და ბრძოლა ქვეყნის კეთილდღეობის ნაცვლად, მხოლოდ სკამებისთვისაა გაჩაღებული...

კახა ჭოლაძე, მსახიობი: - ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ არაერთ დოკუმენტს გავეცანი, მათ შორის, მის წერილებს, სტატიებს, დამოკიდებულებას სოფლის მეურნეობის, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, ზოგადად, პოლიტიკის მიმართ. "ივერიის" გამოცემები ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოვიძიე. ვიყავი მის სახლ-მუზეუმშიც. მინდოდა უკეთ გამეთავისებინა ამ ადამიანის ნატურა. ილიას ცხოვრებას ასე გულდასმით მანამდე არ ჩავძიებივარ. არ ვიცოდი არც დავითისა და ილიას ასეთი მჭიდრო ურთიერთობის შესახებ. ამბობენ ხოლმე, ილია ერის შვილი იყოო. ვფიქრობ, ილია არა ერის შვილი, არამედ მამა იყო, შვილად კი მთელი ქვეყანა მიაჩნდა...

- თქვენ მიერ წარმოდგენილი ილია განსხვავებული, ბობოქარი, შემტევი ხასიათით გამოირჩევა მაშინ, როცა სხვა ნამუშევრებში ბუნებით დინჯი ჩანს...

- შეიძლება, მაგრამ ეს "ჩემი ილიაა"... მეც მინახავს ფილმებში, ფოტოებზე - დინჯია, დინჯად საუბრობს. მაგრამ "ჩემი ილია" მაშინ თავის თანამოაზრეებთან ერთად ქვეყნის ბედს წყვეტდა, ქვეყნისთვის კი არც ისე სახარბიელო ჟამი იდგა. ამიტომ, ილია თავისი მახვილივით ბასრი სათქმელით დინჯი ვერ იქნებოდა... ამ დამოკიდებულების მიხედვით შეიქმნა ჩემი როლიც...

GzaPress

- როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია სპექტაკლის დატვირთვა მოზარდებისთვის? რამდენად დროულია თანამედროვე სამყაროში მათთვის დავით სარაჯიშვილის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ცხვედაძისა და სხვათა ცხოვრების გზის, ღირებულებების, ღვაწლის შეხსენება? - ამ ადამიანების შესახებ არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ ზრდასრულებსაც უნდა შევახსენოთ, არც ისე ცოტას კი - პირველად გავაგებინოთ. ვფიქრობ, სპექტაკლი პოლიტიკოსებისთვისაც ბევრ საჭირო ინფორმაციას მოიცავს. რომელი პოლიტიკური გუნდიც უნდა მოვიდეს, ყველა ერთთავად გაიძახის, რომ "ილიას გზით" მიდიან... 90-იანი წლებიდან დღემდე კი ილიას გზაზე მდგომი და მისი იდეების გამტარებელი ვერავინ დავინახე. ამას სჯობს, ნათქვამი ილიასავით საქმით დაგვიმტკიცონ. ამის დიდი იმედი არ მაქვს, ამიტომ, იქნებ მოზარდებს მაინც ჩავაგონოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში იქნებიან, სამეგობროში, სუფრაზე, უნივერსიტეტში თუ ქუჩაში - ილია მართლის გზით იარონ. მოზარდი სპექტაკლის ნახვის შემდეგ ილიასა და ილიასნაირების ცხოვრებაზე, მის ღვაწლზე უნდა დაფიქრდეს. ამ მიზანს ემსახურება რეჟისორის ძალისხმევაც და ჩვენი მცდელობაც, რომ ეს ისტორიული ფიგურები რაც შეიძლება ექსპრესიულად წარმოგვეჩინა.

ეკა შარიქაძე, მსახიობი: - საზოგადოების ცნობიერებაში ოლღა გურამიშვილი უფრო ხანდაზმულ ასაკში აღიქმება. ვეცადეთ, ეს ასაკობრივი სხვაობა ხაზგასმული არ ყოფილიყო. სხვათა შორის, ყველა მსახიობი ვცდილობდით არ გვეთამაშა მხოლოდ "ილუსტრირებულად". საკუთარ თავში ვეძებდით ხასიათის შტრიხებს, რომლებიც პერსონაჟებს შეიძლებოდა მორგებოდა. მსახიობები ვამბობთ ხოლმე, შენ თუ იცი, მაყურებელიც აუცილებლად დაინახავსო და ვეცადეთ, ამ პრინციპით გვეხელმძღვანელა. უამრავ ინფორმაციას გავეცანით ამ ადამიანების შესახებ. უხვად დადებითი ემოცია და უკუკავშირი მივიღეთ. დავით სარაჯიშვილი, საბედნიეროდ, ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს. მავანი ცდილობდა მისი სახელი ისტორიის ფურცლებიდან გამქრალიყო. ალბათ ამიტომაც - დღეს მისი სახელი მხოლოდ კონიაკთან ასოცირდება. ვფიქრობ, იმ საზოგადო მოღვაწეებს შორის, ვინც წმინდანადაა შერაცხილი, დავით სარაჯიშვილიც უნდა იყოს.

შორენა ლაბაძე