ქართველი ქალის გამო დატოვებული ლონდონი და კარიერა - გზაპრესი

ქართველი ქალის გამო დატოვებული ლონდონი და კარიერა

9 დეკემბერს გამყოფ ხაზთან, სოფელ ატოცთან ჩატარდა აქცია "არა ოკუპაციას", რომლის ორგანიზატორი იყო პიანისტი ქეთი უარდი (ასათაშვილი). მან შეასრულა "რევოლუციური ეტიუდი", რომელიც 1830 წელს დაიწერა "მრისხანების, აღშფოთებისა და სასოწარკვეთის დროს" და ის შოპენმა პოლონეთის აჯანყებას მიუძღვნა. ქეთი ბრიტანულ-ქართული მუსიკალური აკადემიის დამფუძნებელია. მუსიკა მისთვის ყველაფერშია და თვლის, რომ მუსიკით შეიძლება ისწავლო ყველაზე მთავარი - ცხოვრების სიყვარული.

ქეთის ყველა ოცნება ბრიტანელ მეუღლესთან, მაიკთან ერთად უხდება. უჩვეულოა ამ ორი მუსიკოსის გაცნობისა და სიყვარულის ამბავიც.

GzaPress- 4 წლიდან ვუკრავ. დედაც პიანისტი იყო. ძალიან მინდოდა, მეც დამეკრა და სულ ვეხვეწებოდი, მასწავლე-მეთქი. დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი, მერე კონსერვატორია, მაგისტრატურა. ბავშვობიდანვე ვმოგზაურობდი და ვმონაწილეობდი კონკურსებზე, შესაბამისად, ბევრი პრიზი მაქვს მიღებული. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო 6 წლის ასაკში, როდესაც პარიზში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი ავიღე. კონსერვატორიაში სწავლის დროს სტიპენდიანტი ვიყავი, მაგრამ ადრეულ ასაკში შევქმენი პირველი ოჯახი და ამან ხელი შემიშალა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებასა და პროფესიულ ზრდაში. პირველი ქორწინებიდან 2 ბავშვი მყავს. ბოლო წლებში უფრო აქტიურად ჩავერთე ჩემს პროფესიაში, რადგან მაიკიც პიანისტია და ერთმანეთის კარგად გვესმის. საერთოდ, ნებისმიერ საქმიანობაში მეუღლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. აკადემიის დაარსებაც ჩვენი ოცნება იყო, რომელიც ერთად განვახორციელეთ და ეს არის პირველი ინგლისური მუსიკალური სკოლა საქართველოში. მაიკს აქვს სამეფო სკოლების მართვის უფლება. ის ერთ-ერთ სამეფო კოლეჯში იყო საფორტეპიანო განყოფილების ხელმძღვანელი და ასევე, ინგლისში რამდენიმე სკოლის დამაარსებელიც. მე კი ქართველ მოსწავლეებს "მოვარგე" მისი ბრიტანული გამოცდილება. საკვირაო სკოლაში ბავშვები შეისწავლიან ხატვას, ფერწერას, ძერწვას და ჩაუტარდებათ ფსიქოლოგიური ტრენინგები. მუსიკალური აკადემიის დაარსების იდეა გაგვიჩნდა იმის გამოც, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია და გვინდოდა, ხელი შეგვეწყო მათთვის. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ერთ-ერთი პროექტიც - "საოცარი ბავშვები საქართველოდან".

მაიკსაც და მეც დღეში ლამის 12 საათი გვიწევს მუშაობა. ერთი დღეც არ ისვენებს, თან სახლში 3 ჰიპერაქტიური ბავშვი ხვდება - 10 წლის, 5 წლის და 2 წლის. მოკლედ, ძალიან იღლება. გეგმაში გვაქვს, რამდენიმე წელში სამეფო კოლეჯი გავხსნათ.

- მიამბე თქვენი გაცნობისა და დაქორწინების ამბავი.

- თურმე, ჩემი ჩანაწერი მოისმინა ინტერნეტით, მერე სოციალურ ქსელში მიპოვა, მომწერა და რაც უნდა საოცარი იყოს, ზუსტად 15 დღეში დავქორწინდით. ჩვენს ქვეყანაზე საერთოდ არაფერი იცოდა. მაიკს ეგონა, რომ უკრაინაში მოდიოდა. იმ პერიოდში ორივე გულგატეხილი ვიყავით - მე მარტო ვცხოვრობდი ჩემს 2 შვილთან ერთად, პატარა 11 თვის მყავდა მაშინ. მაიკს კი მეუღლე ტრაგიკულად დაეღუპა, შვილებიც არ დარჩა პირველი ქორწინებიდან. მას ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული და რაღაც სიახლე უნდოდა. მე ბერლინში ვაპირებდი სასწავლებლად წასვლას და მწერდა, - იქ გავმართოთ კონცერტებიო, მე კი შევთავაზე, საქართველოში გაემართა კონცერტი. ასე რომ, თავიდან საქმიანი მიწერ-მოწერა გვქონდა. არც მეგონა, სხვა რამეში თუ გადაიზრდებოდა ეს ნაცნობობა, რადგან ასაკში საკმაოდ დიდი სხვაობაა: მე 31 წლის ვარ, ის - 57-ის. ჩემი ოჯახის წევრებს კარგა ხანს ვუმალავდი მის წლოვანებას, გული რომ არ გასკდომოდათ. თურმე, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა თქმა უნდა, ადამიანი გიყვარს. აეროპორტში რომ შევხვდი, ძალიან ვღელავდი, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის კაცი იყო, ვისთანაც მინდოდა ყოფნა. მანამდე საერთოდ აღარ ვფიქრობდი გათხოვებაზე და ვამბობდი, თუ გავთხოვდები, წინაპრებიანად გამოვიკვლევ, ვინ არის-მეთქი. არადა, მოულოდნელად დავთანხმდი ადამიანს, რომლის გვარიც კი არ ვიცოდი წესიერად. 2015 წელს დავქორწინდით.

- საქმიანი ვიზიტით ჩამოვიდა, კონცერტისთვის?

- არა, ერთ დღეს მომწერა, უკვე ვიყიდე ბილეთი, საქართველოში ჩამოვდივარ და ხომ დამხვდებიო? დასახვედრად მარტო წავედი, მან კი აეროპორტშივე მთხოვა ხელი: მინდა, შენი ოჯახის წევრი, მარისა და შიოს მამა გავხდე და თუ მომცემ ამის ნებასო?! მაშინვე წავედით და ხელი მოვაწერეთ. შიშით ვერ ვურეკავდი ჩემებს და ვერ ვეუბნებოდი, რომ გავთხოვდი, "ფეისბუკით" გაიგეს ჩვენი დაქორწინების ამბავი. მამაჩემი გაგიჟდა, მე მთაში წავალ, დავწყნარდები და მერე ჩამოვალო. ჩემი საქციელი რომ გამემართლებინა, ვიგონებდი, ვითომ მაიკს მანამდეც ვიცნობდი, ნანახი მყავდა კონცერტებზე გერმანიაში და ა.შ. თანაცხოვრება რომ დავიწყეთ, იმედი ნამდვილად არ გამიცრუვდა, არაჩვეულებრივად კარგი მეუღლე და მამაა. ინგლისში ქალის კულტი აქვთ; ქალს, როგორც დედოფალს, ისე ექცევიან. ასეა მაიკიც - ყოველ დილით მიმზადებს ყავას, მეხმარება საოჯახო საქმეებში, ჭურჭელსაც კი რეცხავს, ცდილობს სიურპრიზების მოწყობას და ჩემს გახარებას. მოინათლა კიდეც და ჯვარიც დავიწერეთ. ოცნების ქორწილი გვქონდა კონსერვატორიის მცირე დარბაზში - საქორწილო კაბა მეცვა, ვუკრავდით დუეტებს, სასიამოვნო საღამო იყო. მაიკს შვილი არ ჰყავდა და ახლა სამი ერთად ჰყავს. ასე გვიან შვილის შეძენა მისთვის დღესასწაულის ტოლფასი იყო. ალექსანდრეს დაბადებამდე დაახლოებით 30 ფრენა ჰქონდა ლონდონში და ძალიან დაიღალა. ბოლოს თქვა, ლონდონში უშენოდ აღარ წავალო. მერე აეროპორტში დატოვებული მანქანა მეგობარს აჩუქა, კომპანიას შეუკვეთა და 6 ტონა ბარგი: წიგნები, ინსტრუმენტები, ავეჯი - ყველაფერი გამოაგზავნინა საქართველოში და სამსახურიც მიატოვა. მაიკი უკვე თავის სამშობლოს ეძახის საქართველოს და აღარც უნდა აქედან წასვლა.

- განსაკუთრებით რა მოეწონა საქართველოში?

GzaPress - პირველ რიგში, ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა, ერთმანეთთან სიახლოვე. რამაც გააოცა, ეს ქუჩაში მანქანების უწესრიგო მოძრაობა იყო, თუმცა ამასაც მიეჩვია. ინგლისში რომ ჩავედით, იქ ქუჩებში სიგნალის ხმა საერთოდ არ ისმოდა და ერთადერთი, ვისაც უსიგნალებდნენ, მაიკი იყო, რადგან უკვე "აქაურად" მართავდა მანქანას (იცინის). რესტორანში ბევრ კერძს რომ ვუკვეთთ, ესეც აკვირვებს. თავიდან ეგონა, რომ ყველაფერი უნდა ეჭამა და ვაიმე, ჭამა აღარ შემიძლია და რატომ ყიდულობთ ამდენსო? - გვსაყვედურობდა. ვერ ხვდება, სადღეგრძელოების დროს ფეხზე რატომ დგებიან. ბრიტანეთში ჭიქებს მიუჭახუნებენ და ამბობენ, - გაგვიმარჯოს, ესაა და ეს. მაიკთან ერთად კიდევ ერთხელ დავათვალიერე საქართველო და განსაკუთრებით მოიხიბლა ყაზბეგით. - რაც შეეხება, ატოცთან ჩატარებულ აქციას - "არა ოკუპაციას", როგორ გაჩნდა ეს იდეა?

- მაიკი გაკვირვებით აღნიშნავს, რომ ქართველები არაფერს ვაპროტესტებთ და ყველაფერს ვეგუებით. ძალიან მაღელვებდა მცოცავი ოკუპაციის თემა და მეგობარს გავანდე ჩანაფიქრი, "ფეისბუკზეც" დავაანონსე, რას ვგეგმავდი და რომელ რიცხვში. ვფიქრობდი, - ვაითუ, მხარი არავინ ამიბას-მეთქი და თან თავს ვიიმედებდი, - ბოლოს და ბოლოს, მე და ჩემი ქმარი მაინც წავალთ და დავუკრავთ-მეთქი. იქ რა სიტუაცია დამხვდებოდა, არ ვიცოდი. დავით ქაცარავას დავუკავშირდი. ის აღფრთოვანდა ჩემი ინიციატივით. ეს ბიჭები მართლაც საქვეყნო საქმეს აკეთებენ. საოცრად ემოციური იყო ის დღე, ცრემლები მოგვდიოდა ყველას. აქედან ვერ აღიქვამ იმას, რაც იქ ხდება - შენი მთებია, შენი მიწაა და არ გიშვებენ, გართმევენ... ჩვენ მათ მუსიკალური ოკუპაცია მოვუწყვეთ. ძალიან ციოდა, საშინელი ქარი იყო, თითებს ვერ ვგრძნობდი სიცივისგან, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა. 2 სამხედრო იდგა და იღებდა, რაც ხდებოდა. ისე ახლოს ვიყავით, თვალებში ვუყურებდით და ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ბრაზდებოდნენ. ვფიქრობ, ასე უნდა მივიქციოთ მსოფლიოს ყურადღება, ოკუპაცია მუდმივად უნდა ვაპროტესტოთ, თუმცა ბევრმა ამას არასათანადო შეფასება მისცა და კლოუნადა უწოდა. ადვილია, თვითონ არაფერი მოიქმედო და სხვა მუდმივად აკრიტიკო. მინდა, ენგურის ხიდზეც გავაკეთო მსგავსი აქცია მეგობრებთან ერთად და ასე გამოვხატო ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია.

ნინო ჯავახიშვილი