ქართული კულტურით აღფრთოვანებული ჩინელი, რომელმაც ქართული გვარ-სახელი მიიღო - გზაპრესი

ქართული კულტურით აღფრთოვანებული ჩინელი, რომელმაც ქართული გვარ-სახელი მიიღო

ჩინეთში პირველი და ერთადერთი ქართული ეროვნული პავილიონი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიანიჭა ავტორიზაცია და წარმომადგენლობითი სერტიფიკატი გადასცა, ქალაქ ივუში მდებარეობს. საქართველოს ანუ ღვინის სამშობლოდ წოდებული ქვეყნის კულტურის გაცნობის შემდეგ, სანდრო ბერიძეს ამ გენიალური პროექტის იდეა დაებადა. ცნობისათვის, ბატონი სანდრო წარმოშობით ჩინელია. მისი ჩინური სახელია ი შიაო ჯუნი, მაგრამ მას მერე, რაც მან იგრძნო, რომ დედამიწის ეს პატარა კუთხე მისი მეორე სამშობლო ყოფილა, იგი ქრისტიანად მოინათლა, ქართული სახელი სანდრო დაირქვა და როგორც ნამდვილი ქართველი, საქართველოს ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში მას უკვე ქართული სახელითა და გვარით იცნობენ. იგი ყველგან სიამაყით აცხადებს, რომ საქართველო მისი მეორე სამშობლოა, გულწრფელად უყვარს ეს ქვეყანა და აქაური ხალხი.

GzaPressსაქართველოზე შეყვარებულ სანდრო ბერიძეზე და იმაზე, თუ როგორ ზრუნავს ეს ადამიანი ჩინეთში ჩვენი ქვეყნის კულტურის წარმოჩენაზე, სომელიე თამთა ჯიქია გვესაუბრა:

- წლების წინ მუზეუმის გახსნის იდეა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გამოითქვა. დაუღალავი შრომის შედეგად, ბატონმა სანდრომ 2017 წლის 20 სექტემბერს, ჩინეთში პირველი ქართული კულტურის მუზეუმი გახსნა და ეს პროექტი, მილიონ-ნახევარი დოლარი დაჯდა. მუზეუმი 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს, განთავსებულია ქალაქის ყველაზე მაღალი შენობის, უმაღლესი კლასის სასტუმროს პირველ სართულზე, მაღალი დონის რესტორნების გვერდით.

მუზეუმის გახსნის დღეს, სამოცდაათსართულიანი სასტუმრო მთლიანად საქართველოს დროშის ფერებში იყო განათებული. ამ შთამბეჭდავი სანახაობის ხილვა შესაძლებელი იყო ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან.

ქალაქი ივუ, სადაც მუზეუმი მდებარეობს, ბიზნესცენტრი და ბიზნესსამყაროს გასაღებია ჩინეთში. სხვაგვარად ამ ქალაქს მსოფლიოს უდიდეს ბაზარსაც უწოდებენ, ვინაიდან სწორედ აქაა მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ცენტრი, სადაც ყოველდღიურად 500 000 სხვადასხვა სახის პროდუქცია იყიდება. ბაზრობის სიდიდიდან და პროდუქციის სიმრავლიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია მას ლაბირინთი ვუწოდოთ, რომელშიც რთულია ორიენტირება. დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა ჩNN-ს განუცხადა: "სრული ოთხი დღე გავატარე ივუში სახეტიალოდ და შემიძლია ვთქვა რომ ვერაფრის ნახვა ვერ მოვასწარი". მართლაც, ივუში მდებარე ყველა მაღაზიაში ხუთი წუთით რომ შეიაროთ, წელიწად-ნახევარი დაგჭირდებათ.

ბაზარი დაყოფილია 5 რაიონად, რომელიც მოიცავს 4 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობს და 77 000 მაღაზიას, სადაც 100 000 მომწოდებელი 500 000 სახეობის პროდუქტს გთავაზობთ. სავაჭრო ბაზრობის საერთო სიგრძე კი 12 კმ-ია.

ბიზნესმენები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან სტუმრობენ ივუს სავაჭრო საკითხების გადასაჭრელად, ხოლო 40 000 უცხოელი მუდმივად ცხოვრობს ამ ქალაქში. ეს ქალაქი იძლევა უნიკალურ შანსს, რომ ქართული კულტურის მუზეუმს გაეცნოს არა მხოლოდ ჩინეთის მოსახლეობა, არამედ მთელი მსოფლიო.

მუზეუმის შესასვლელი უმალ იპყრობს თქვენს ყურადღებას: სანახაობა იწყება ქართლის დედით, რომელიც ამაყად გვეგებება ქართული კულტურის თავბრუდამხვევ სამყაროში, რასაც ხაზს უსვამს მის მარჯვნივ მოთავსებული საქართველოს დროშა, ხოლო მარცხნივ - ქვევრი, ღვინის სამშობლოს თანმდევი ატრიბუტი.

ჩვენი ყურადღება გადადის შესასვლელი კედლის მორთულობაზე, რომელსაც წარმოადგენენ ყურძნის ორნამენტები. კედლებს მთელ სიგრძეზე აუყვება უზარმაზარი ტილო, რომელზეც ვაზია გამოსახული. ეს ყველაფერი თავიდანვე გაგრძნობინებთ, თუ რა ზღაპრულ ადგილას აპირებთ ფეხის შედგმას, სადაც დაუვიწყარი თავგადასავლებით გელოდებათ ღვინის სამყაროზე...

ეგზოტიკური თავგადასავლის პირველი განცდა მაშინვე მოგნუსხავს, როგორც კი კარის ზღურბლს გადააბიჯებ, ზღურბლიდან პირდაპირ აღმოჩნდები უზარმაზარ ქვევრში. შვიდმეტრიანი ქვევრი მთავარ ჰოლშია აღმართული და მთავარი შესასვლელის წინ დგას, ქვევრის უკანა კედელი, სადაც კარი გადის, გამოჭრილია და შესასვლელში თაღს ქმნის, ასე რომ, გარედან შესულები პირდაპირ ქვევრში აღმოჩნდებით.

ქვევრის კედელზე ანათებს წარწერა:

"ღვინის სამშობლო", რომელსაც მზრუნველობით შემოჰხვევია მწვანე ვაზის ყლორტები, თავზე კი დანათებს ვაზის ფორმის, დაწნული თვალისმომჭრელი ჭაღი.

მთავარი კარის სახელურებიც ვაზის ყლორტების ფორმისაა. მაშინვე მაგიური გრძნობა გიპყრობთ, რომ შიგნით შეხვიდე და დაიწყოს თქვენი საოცარი თავგადასავალი, ღვინის სამშობლოს ამ დიდებულ მუზეუმში.

მთავარ ჰოლში, პირველი, რაც გაგაოცებთ, თვალისმომჭრელი, შვიდმეტრიანი ქვევრია, რომელიც ელეგანტურად აღმართულა და ამაყად გადაჰყურებს თავის სამეფოს. მისი შემხედვარე თითოეული სტუმარი ინტერესით იკითხავს: "რა არის ეს?" და აქ იწყება ღვინის ისტორია...

უკანა კედელზე გამოსახულია რთველი, შემოდგომის დღესასწაული, წლის ყველაზე ბედნიერი ეტაპი. ნახატი წამიერად მოგწყვეტთ რეალობას და გადაგიყვანთ კახეთში, მეღვინეობით განთქმულ მხარეში, სადაც მდებარეობს ნახატის ორიგინალი, კავკასიონის ქედის პირდაპირ.

ჰოლში მდებარეობს ქართული რესტორანი, რომელიც ცნობილია უგემრიელესი კერძებით, რომელთაც საქართველოდან სპეციალურად მოწვეული შეფ-მზარეული ამზადებს. ქართული ტრადიციული საკვები დიდ მოწონებას იმსახურებს. რესტორანს უამრავი ერთგული სტუმარი უკვე ჰყავს. რესტორნის ინტერიერიც ღვინის თემატიკას ემსახურება.

უკვე აღნიშნული ქვევრის გვერდით ჩვენ ვხედავთ ქვევრის ფორმის კონსტრუქციებს, სადაც განთავსებულია მაგიდები. ეს არის ყველაზე ორიგინალური ადგილი ქართული კერძების და ღვინის დასაგემოვნებლად. აქ შეგიძლიათ პირდაპირ ქვევრში ისადილოთ და კიდევ ერთი ეგზოტიკური შეგრძნება შემატოთ თქვენს თავგადასავალს.

ჩვეულებრივ, ორიგინალური მაგიდები პოპულარობით სარგებლობენ და კონკურენციას იწვევენ მსურველებში. სტუმრები ყოველთვის წინასწარ ჯავშნიან ადგილებს. ინტერიერის მეორე მხარეს არანაკლებ საინტერესო ხედი იშლება. ჰოლს ამშვენებს ცენტრში დაკიდული უზარმაზარი ჭაღი, ყურძნის მტევნებით გაფორმებული. ქვით მოპირკეთებული დიზაიანი და მასთან შერწყმული ხის ინტერიერი ქართულ უნიკალურ სტილს უსვამს ხაზს. შვიდი გამორჩეული ქვევრით დამშვენებული ბარი ჩვენს ყურადღებას მაშინვე იტაცებს.

ქვევრები გვერდიგვერდ ჩამწკრივებულან, თითოეული მათგანი მოხატულია ქართული, ტრადიციული ღვინის დაყენების ამსახველი კადრებით:

ქართველი ვაჟკაცის სიყვარულია ვაზი, რაც ნათლად ჩანს ფილმში "ჯარისკაცის მამა". სწორედ ამ ფილმიდან აღებული მთავარი პერსონაჟი, ჯარისკაცის მამაა ასახული პირველ ქვევრზე. ის ვაზთან დაჩოქილა. მეორე ქვევრიდან იწყება ღვინის დაყენების პროცესი: საწნახელში ყურძნის დაწურვა, სასმლის ქვევრში დაღვინება, ქვევრის გახსნა და ღვინის გასინჯვა, ბოლოს კი ქართული ტრადიციული სუფრა ნაციონალურ სამოსში.

GzaPress შუა ქვევრს კი აწერია ქართველი კაცისთვის დამახასიათებელი ფრაზა: "ვინც მოვიდა გაუმარჯოს!" ეს უნიკალური ქვევრების კოლექცია მთლიანად ასახავს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურას, ტრადიციასა და წეს-ჩვეულებებს.

ბარს ამშვენებს წარწერა ოქროს ასოებით: "საქართველო, უძველესი აბრეშუმის გზის დერეფანი".

ყველაფერი ეს ნამდვილ ქართულ ხასიათს ატარებს, ამიტომ რთული დასაჯერებელია, რომ ამ შემოქმედების ავტორი წარმოშობით ქართველი სულაც არ არის. აქაური აურა საქართველოს სულს ატარებს, მუზეუმში მოხვედრილებს აოცებთ ის ფაქტი, რომ კედლებს გარეთ ჩინეთია.

მეორე სართულზე მოსახვედრად მოგვიწევს დერეფნის გავლა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ "ქართული ვაზის კულტურის დერეფანი". დერეფანში შესვლისას თითქოს სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებით, ერთმანეთს ერწყმის ქართული უნიკალური სტილი, უძველესი კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე დიზაინი.

ჭერი მოხატულია უნიკალური 525 ქართული ვაზის ჯიშებით, რომელიც განათებულია.

დერეფნის ერთი კედელი მოჭედილია ისტორიული ფოტოებით, რომელიც ასახავს ქვევრისა და ღვინის კულტურას საქართველოში. ფოტოები თბილისიდან სპეციალურად ჩამოიტანეს. კედელში ამოჭრილია ქვევრის ფორმის თაროები, რომლებზეც განთავსებულია ღვინის ბოთლები.

მოპირდაპირე კედელი კი მუზეუმის ექსპონატებს უჭირავს. აქ იხილავთ უნიკალურ ნივთებს, რომლებიც უკვე ისტორიის საკუთრებაა. მუზეუმის მფლობელმა თითოეული ნივთი საკუთარი ხელი შეარჩია და წამოიღო საქართველოდან.

მთელ ყურადღებას გორისციხეში აღმოჩენილი, რვა ათასი წლის წინანდელი ქვევრის ასლი იქცევს. ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა, სწორედ ეს ქვევრი გახდა წინა პირობა საქართველო ღვინის სამშობლოდ მიეჩნიათ. ქვევრის ასლი სპეციალური შეკვეთით დამზადდა საქართველოში, რომლის ორიგინალი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

აქ ასევე იხილავთ ქვევრის ტრადიციულ აღჭურვილობას: სარეცხებს, დოქებს, თუნგებს, ღვინის სასმისებსა და სხვა საინტერესო ნივთს. საქართველოში სპეციალურად შეარჩიეს ეს ნივთები და გამოგზავნეს...

დერეფნიდან გამოსულები თავს ამოვყოფთ პატარა ჰოლში, სადაც მეორე სართულზე ასასვლელად უცხო დიზაიანის კიბეა. კიბის შთამბეჭდავი დიზაინი აღფრთოვანებას იწვევს, იგი რკალად შემოხვევია 9-მეტრიან ღვინის თაროების თაღს. გახსნის დღეს, კიბის ქვეშ საზეიმოდ ჩაფლეს ოთხი ქვევრი, რომლებიც სპეციალურად დამზადდა საქართველოში.

აქ შეგვიძლია პირდაპირ ქვევრიდან დავაგემოვნოთ ღვინო და შევიგრძნოთ ღვინის სამყაროს თავისებური გემო და ქართული კულტურის უდიდესი მონაპოვარი.

ქვევრის გახსნა ყოველთვის დიდ სიხარულთან და მოლოდინთან არის დაკავშირებული. მსგავსი გრძნობის განცდა შორეულ ჩინეთში, ერთობ საოცარი და დაუვიწყარია.

არა მხოლოდ ქართველები, უცხოელებიც ვერ მალავენ აღფრთოვანებას და ინტერესდებიან ქვევრში ღვინის დამზადების პროცესით. მათ სურთ, დეტალურად შეისწავლონ და გაეცნონ ქართულ კულტურას.

მეორე სართულზე განთავსებულია 300 წლის საწნახელი. ის ერთ-ერთმა ქართულმა ოჯახმა უსახსოვრა მუზეუმს. მეორე სართულის კედლები გაფორმებულია საყოფაცხოვრებო სტილის ნამუშევრებით, რომელიც დეტალურად გვაცნობს ქართულ ყოველდღიურ საქმიანობებს. ასეთია: შოთის გამოცხობა, ხინკლის დამზადების პროცესი და სხვა. აქვე დგას ჭაჭის ტრადიციული გამოსახდელი ქვაბიც, ასევე საქართველოდან გამოგზავნილი.

- მოკლედ, ჩინეთშიც შეგვიძლია ვიხილოთ პატარა საქართველო...

- ასეა... თანაც, ოთახებში გამოფენილია ქართული ნახატები, სხვადასხვა სუვენირი და ღვინის ბოთლები. ღვინის ბოთლებით მოჭედილია თითქმის მთელი მუზეუმი. აქ შერწყმულია თანამედროვე, მდიდრული ინტერიერის დიზაინი, ტრადიციულ, ისტორიულ ქართულ კულტურასთან და საოცარ ტანდემს ქმნის.

"აქ იგრძნობა ქართული სული", - ამბობენ სტუმრები, რომელთა ნაკადიც არ წყდება. ისინი მუზეუმის ინტერიერის სიდიადის და სილამაზის შემხედვარე, ვერ ფარავენ აღფრთოვანებას და დიდ ინტერესს გამოთქვამენ, გაეცნონ ქართულ ისტორიას და კულტურას. ეს ნამდვილად უდიდესი რეკლამაა მთელი ჩინეთის მასშტაბით, რაც კი შეიძლება გაკეთებულიყო საქართველოსთვის. მუზეუმი ასევე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველო-ჩინეთის დიპლომატიურ ურთიერთობებში. ქალაქ ივუს საქმიანი ვიზიტით ხშირად სტუმრობენ ქართველებიც. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ამ შორეულ მხარეში მუზეუმი მათ საყვარელ ადგილად იქცა, თავს სახლში გრძნობენ და უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ ბატონი სანდროს მიმართ, რომელიც ჩვენს სამშობლოს ბევრ ქართველზე უკეთ იცნობს და პატივს სცემს, ეთაყვანება.

ლიკა ქაჯაია