"ბაჭიების" ექიმი და ნათლია - გზაპრესი

"ბაჭიების" ექიმი და ნათლია

მანგანუმის საბადო ჭიათურის ყველა სიკეთისა და პრობლემის სათავეა. უმწვავესი ეკოლოგიური პრობლემების პარალელურად, "შავმა ოქრომ" შეუნარჩუნა ქვეყანაში სამთოელთა ქალაქს პროცენტულად ყველაზე მეტი დასაქმებული, მთლიან შიდა პროდუქტში სოლიდური წილი და გამორჩეული ინტელიგენცია. ფაქტობრივად, ეს ის ქალაქია, რომლის ანალოგსაც მსოფლიოში ვერ მოძებნით თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ გამორჩეული რელიეფი და ისტორიული წარსული აქვს. თუმცა, ქვემოთ მოყვანილ სტატიაში არც ძუძუანას მღვიმეზე ვისაუბრებთ, არც ჩოგბურთის პირველ კორტებზე, არც კაცხის სვეტზე, არც ბაგირგზებზე. ამჯერად "ბაჭიების" ექიმი და ნათლია, მალხაზ წერეთელი უნდა გაგაცნოთ.

დეკემბრის უჩვეულოდ თბილ საღამოს ვეწვიე მალხაზ წერეთელს სახლში. მახსოვს, მას პირველად 2012 წლის მაისში ვსტუმრობდი. ადრინდელი შეხვედრის საფუძველი მისი სამსახურიდან დათხოვნა იყო. ამ ფაქტის გამო შფოთავდა ჭიათურელი მოსახლეობა, - როგორ შეიძლება ყველაზე საყვარელი და რეიტინგული ბავშვთა ექიმის სამსახურიდან გაშვებაო? "ნაციონალურ მოძრაობას" მაშინდელ ჭიათურაში ყველაზე ძლიერ ოპონენტად ბატონი მალხაზი მიაჩნდა და ახალი არაფერი იქნება იმაში, თუ ვიტყვი, რომ ექიმი წერეთლის სამსახური პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შეეწირა.

ამ სამსახურებრივი მცირე პაუზის მიუხედავად, შრომითი ბიოგრაფია ათი ადამიანის სამყოფი აქვს ბატონ მალხაზს, პროფესიონალიზმი - გაცილებით მეტისთვის საკმარი, კომუნიკაციის უნარი ისეთი, რომელიც ალბათ სანატრელია ყველა ადამიანისთვის, მით უფრო, "ბაჭიებთან" მომუშავე ექიმებისთვის. 35 წელი შეულახავი რეპუტაციით მოდიოდე მედიკოსის საპასუხისმგებლო გზაზე, ცოტას არ ნიშნავს...

მალხაზს უყვარს მუსიკა, რაც მაცაცო სებისკვერაძის დამსახურებაცაა, როგორც ახლო ნათესავის. "ბაჭიების" ექიმი თავისუფალ დროს ყოველთვის უთმობს წიგნის კითხვას, თუმცა, მისთვის პედიატრია ყველაზე მაღლა დგას.

- 1977 წელს გავხდი პედიატრიის ფაკულტეტის სტუდენტი. 5 წელი საერთო საცხოვრებელში ვიცხოვრე, რადგან ჩემი ოჯახის შესაძლებლობა არ იყო დიდი... 4 წელი ექთანად ვიმუშავე, რაც ჩემთვის შემოსავალიც და გამოცდილებაც იყო. კურსის 180 სტუდენტიდან მხოლოდ ორმა შევძელით წითელი დიპლომის აღება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პედიატრია შემაყვარა ნოდარ ხერხეულიძემ. ეს გახლდათ დიდებული პედაგოგი, მეცნიერი, ადამიანი და კოლეგა. მას შეეძლო სახლში წაეყვანე, მამასავით მოგფერებოდა, პროფესიულ განვითარებაში მუდამ დაგხმარებოდა... ფაქტია, ნოდარმა ქართული პედიატრიული სკოლის ღირსეული ერთი ნაწილი გამოგვზარდა! მას უნიკალური ადამიანური თვისებების პარალელურად, ხელოვნების უსაზღვრო სიყვარული გააჩნდა და თავად იყო ერთი დიდი სკოლა. მისი აღმზრდელი გახლდათ საქვეყნოდ ცნობილი ირაკლი ფაღავა და ნოდარმა მე ეს ლეგენდარული მედიკოსი გამაცნო. ვერ დავივიწყებ სოსო კვაჭაძისა და ეთერ სიჭინავას დამსახურებასაც. ამ ადამიანებმა იმდენად შემაყვარეს ჩემი პროფესია, ახლა, უკვე 35 წლის სტაჟის მქონე ექიმს მეორედ რომ დამჭირდეს სპეციალობის არჩევა, ისევ პედიატრიას ავირჩევდი. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ იმაზე მეტად ვერავინ გრძნობს პატარა პაციენტს, როგორც ჩვენი სპეციალობის ადამიანები. წლამდე ასაკის ბავშვები ბაჭიები არიან, ექვს თვემდე - ნამდვილი ანგელოზები! პედიატრი მხოლოდ ავადმყოფი ბავშვისთვის არაა საჭირო. როცა პატარა იბადება, თუნდაც ის მეათე შვილი იყოს ქალისთვის, მაინც ესაჭიროება რჩევები. ბავშვის მკურნალობის პარალელურად, ხშირად მიწევს დედებთან საუბარი იმაზე, რომ ჰიგიენა აუცილებლად დასაცავია. არავინ იცის, რამდენად ქმნის პრობლემას დედის ხელის დაუბანლობა, კოცნა და თუნდაც ათასი წვრილმანი, რომელსაც ბევრი ანგარიშსაც არ უწევს, - ამბობს "ბაჭიებთან" მუდამ მოღიმარი ექიმი.

GzaPress

2012 წლის მაისში მალხაზს 60-ზე მეტი ნათლული ჰყავდა. მაშინ ეს იმიტომ თქვა, რომ თუ სამსახურიდან გასაშვები ექიმი ვიყავი, ამდენი ნათლული როგორ მეყოლებოდა, მათი უმეტესობა ჩემი პაციენტებიაო. განსაკუთრებით ნათლიად 1999 წლის მიწურულს ეპატიჟებოდნენ, ვაითუ 2000 წელი არც კი დადგესო და მონათვლას დაეშურა ბევრი. ბოლო ერთ თვეში 29 ბავშვის ნათლიად მიუწვევიათ. 6 წლის მერე მალხაზის ნათლულების რიცხვი გაორმაგებული დამხვდა, თანაც, ახლა უკვე "შემფარეებიც" გამოუჩნდნენ: შვილები მომავალი ექიმები არიან და ოჯახის ზნეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე მათაც ბევრი იწვევს ნათლიად.

- ჩემი მეუღლე ცდილობდა, შვილებისთვის დელიკატურად აეხსნა ამ პროფესიის სიმძიმე და ათას სხვა პროფესიას სთავაზობდა მათ. მე არ ჩავრეულვარ არანაირად შვილების არჩევანში, მაგრამ როცა მათ ეს ნაბიჯი გადადგეს, ძალიან გამიხარდა. ეს კიდევ ერთი აღიარება იყო ჩემთვის, როგორც მშობლისა და ექიმისათვის... მეუბნებიან, რომ მკაცრი და ბუზღუნა მამა ვარ, მაგრამ ჩემი მეუღლეც დამეთანხმება, შვილებს ძალიან ვუყვარვარ. ისინი თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანები არიან, თუმცა, ხშირად მეხმიანებიან, რჩევებს მეკითხებიან. ვიცი, რომ ბუზღუნა ვარ, მაგრამ ვგრძნობ შვილების უსაზღვრო პატივისცემასა და სიყვარულს... გამიცია უანგაროდ სიყვარული, მიმიღია მოულოდნელად ბევრად მეტი, ვიდრე მიფიქრია, რომ მეკუთვნოდა. ჯანმრთელობის პრობლემა როცა შემექმნა, ჭიათურა-საჩხერის მეუფემ ეპარქიის მღვდელმსახურებს დაავალა ჩემთვის ლოცვა. მამები ხშირად მოდიან ჩვენთან და სულიერად მანუგეშებენ. შესაძლოა, ერთად ორი ან სამი მოძღვარი მოვიდეს ჩემთან, დამლოცონ. ცხოვრებაში მეტი რა უნდა ინატრო ადამიანმა, როცა ბევრ ბავშვს, მათ მშობლებს და სულიერ მოძღვრებს უყვარხარ? - იღიმის მალხაზ წერეთელი და ვერ იჯერებ, რომ ის ოდესმე ბუზღუნებს...

ერთხელ, მეგობარი ექიმების გარემოცვაში წამოსცდა, რომ ბავშვებს ხედავს სიზმარში. ეს იმ დროს, როცა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი იყო. პოლიტიკა თუ პედიატრია? - ეს კითხვა არასდროს უნდა დაუსვა მალხაზს, რადგან სახეზე აწერია, რომ ის ბავშვთა ექიმია...

მაინც მივიდა პოლიტიკა მალხაზთან 2002 წელს. მაშინ პირველად აირჩიეს ჭიათურის ქალაქის საკრებულოს წევრად, შემდეგ, 2006 და 2010 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ხდება და თუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ სამთოელთა ქალაქის თვითმმართველობაში ვინმემ საქმე აკეთა, ეს პირველ რიგში, მალხაზზე ითქმის. უსამართლობის გამო მას ბევრი აქვს ნაომარი, რიგითი მასწავლებლის უფლების დაცვიდან დაწყებული, ქალაქის ეკოლოგიის ჩათვლით. შესაძლოა, ახლა ბევრს აღარც ახსოვდეს, რამდენი ძალისხმევა დასჭირდა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ზრდას ჭიათურის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ! უბრალოდ, რიცხვია შთამბეჭდავი: წერეთელმა შეძლო და საკანონმდებლო დონეზე მოაწესრიგა ეს საკითხი, რის შედეგადაც აღნიშნული მოსაკრებელი გაიზარდა 18-ჯერ! ამისთვის კი მას 2013 წლიდან 2015 წლამდე მოუხდა ბევრი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა. საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა ე.წ. რეგრესის პენსიონერების საკითხიც. ამჟამადაც, სამთო წარმოებაში დამარცხებული 500-ზე მეტი კაცი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს "რეგრესის პენსიას". მალხაზ წერეთელმა შეძლო და დაათვლევინა სახელმწიფოს მანგანუმის წარმოებით მიყენებული ზარალი, რიცხვი ამ შემთხვევაშიც შთამბეჭდავია: 358 მილიონი! დაუპირისპირდა ჯანდაცის სამინისტროს მუნიციპალური საავადმყოფოს საკითხზე, არაერთხელ დასვა საკითხი მანგანუმის სარკინიგზო ხაზით გადატანასთან დაკავშირებით, რაც ეკოლოგიის გარდა, სასიკეთოდ წაადგებოდა "საქართველოს რკინიგზას" და ჭიათურა-ზესტაფონის მაგისტრალს, რომელიც ამორტიზდება მძიმე წონიანი ავტომობილების ინტენსიური მოძრაობის გამო.

ერთი ფაქტიც უნდა გავიხსენო: ბოლო პერიოდში საგრძნობლად გამოცოცხლდა ქართული ქვევრის წარმოება ჭიათურის მუნიციპალიტეტში. თიხის ჭურჭლის გამოსაწვავად აუცილებელია ინტენსიური ცეცხლი, რომელიც ქურაში ანთია, რის გამოც მეთუნეებს დაჯარიმება დაუპირეს. წერეთელმა, როგორც დეპუტატმა, იკითხა, დააჯარიმებდნენ თუ არა სოფლად თონეში პურის მცხობელებს, ღუმელის დამნთებებს და არყის გამომხდელებს? ამის შემდეგ, მეთუნეებიც აღარ დაუჯარიმებიათ...

კითხვაზე, ოდესმე იფიქრებს თუ არა მალხაზი პოლიტიკაში დაბრუნებას, მისი პასუხი კატეგორიულად უარყოფითია... მისი პოლიტიკაც, დღევანდელობაც და მომავალიც პატარების ჯანმრთელობაა. ემოციების კონტროლი და ეკონომია აუცილებელია ექიმისთვის, სხვანაირად კარგი მედიკოსი ვერ იქნები. პაციენტებთან გადაღლილ ექიმს ხატები, წიგნი, მეუღლე და მეგობრები ამხნევებენ განა მარტო იმისთვის, რომ მალხაზს ღიმილი უხდება, იმისთვისაც, რომ არავინ იცის, როდის დაურეკავს ტელეფონზე რომელიმე შეშფოთებული მშობელი შვილის ავადმყოფობის გამო! არ შეიძლება დაგვიანება, არც მშობლისგან, არც ექიმისგან, რადგან მწარედ ახსოვს თუნდაც ის ტრაგედია, ექიმამდე მისვლა რომ დაგვიანდა ერთხელ და გარდაიცვალა 33 წლის დედა, 5 წლის შვილით...

ერთი რჩევა მინდა ჩაწეროთ წერილშიო, - მითხრა მალხაზმა: არასდროს გაუშვან მშობლებმა შვილები ბაღსა და სკოლაში ტემპერატურით. ახლა ზამთარია და კიდევ უფრო მეტად იფრთხილონ მშობლებმაც, მასწავლებლებმაც...

გამიგია, მალხაზ ექიმს ზოგჯერ პაციენტის მშობლისთვის ფული მიუცია, წამალი უყიდეთ ბავშვსო. ისიც გამიგია, ის ბევრად უფრო მცირე გასამრჯელოს იღებს, ვიდრე ბევრი სხვაო. უბრალოდ, ბაჭიების მშობლებს ზოგჯერ ან ცოტა აქვთ ფული, ზოგჯერ კი საერთოდ "უკაპიკოდ" მიუკითხავთ ექიმისთვის. აბა, რა ადამიანი ხარ, თუ სხვისი გასაჭირი ან ლხინი არ გაითავისე?!

P.S. ჭიათურა ას წელზე მეტია, ინტელიგენციის ქალაქად ითვლება. მალხაზ წერეთლისნაირი ადამიანები უქმნიან ასეთ იმიჯს ჭიათურას!

როლანდ ხოჯანაშვილი