სამთა - ბუნებისა და მისი ორი მესაიდუმლეს მეგობრობა - გზაპრესი

სამთა - ბუნებისა და მისი ორი მესაიდუმლეს მეგობრობა

"ბრიყვი არ უნდა ათამაშებდეს კაცობრიობის ბედს! ღმერთმა გვაშოროს მდუმარე გაზაფხულები! დავიცვათ ღვთით ბოძებული "უთვალავი ფერით" ამეტყველებული დედაბუნება!.. პატივცემულო არნოლდ! დიდი სიამოვნებით დავათვალიერე თქვენი ფოტოგამოფენა, სადაც ქუხან ჩანჩქერები, გუგუნებენ ტყეები, ნავარდობს ნადირ-ფრინველი... ყველაფერი ეს ჩვენ, კაცთა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბუნება მბრძანებელია! გვიმრავლოს ჩვენი ბუნების ქომაგი ადამიანები! უღრმესი პატივისცემითა და მადლობით - ანა კალანდაძე", - წერს ბიოგეოგრაფისა და მოგზაურის, არნოლდ გეგეჭკორის მონოგრაფიების მიმოხილვისა და მისივე ფოტოგამოფენის ნახვის შემდეგ ანა კალანდაძე. გამორჩეულად აფასებდნენ ეს ადამიანები ერთმანეთს. ახლო მეგობრებს საერთო მეგობრად ბუნება ჰყავდათ...

15 დეკემბერს ანა კალანდაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა. ბატონ არნოლდს მასთან გატარებული დროის გახსენება ვთხოვეთ..

- გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან რესპუბლიკის პრესაში სისტემატურად ვბეჭდავდი წერილებს ბუნების თემაზე. ჩანახატებს ხშირად ვურთავდი ჩემსავე გადაღებულ სურათებს და მათ ქართველ პოეტთა, მწერალთა შემოქმედებიდან სათანადო ამონარიდებით ვამდიდრებდი. ერთ-ერთი წერილი ზემო სვანეთს, მულახს ეხებოდა. "ლაჰილზე ისევ დიდებული და სავსე მთვარეა..." - წერდა ანა კალანდაძე, მე კი ვუპასუხე: "ქალბატონო ანა, მთვარე ამ უჩვეულო დილასაც შემორჩენია ლაჰილის ზეცას, ოღონდ ნამგლისებრი და გამჭვირვალე". სწორედ "ლაჰილის მთვარემ" გამაცნო და შემდეგ სხვა საქმიანობებმა დამამეგობრა ქალბატონ ანასთან. მას შემდეგ ბევრჯერ შევხვდი, როგორც საზოგადოების ფართო წრეში, ისე პირისპირ. 2007 წელს, შუა ზამთარში ის ჩემს ოჯახს სტუმრობდა. სუფრასთან ერთმანეთზე უფრო სასურველი სხვა პირებიც ილხენდნენ. მალე ძვირფასი სტუმრის სადღეგრძელოს დროც დადგა. სუფრას ცნობილი ჩოხოსანი, რეზო სულავა უძღვებოდა. ალავერდი ჩემთან გადმოვიდა... რამდენიმე ლექსის წაკითხვის შემდეგ, მსმენელთა ინტერესმა საღერღელი კიდევ უფრო ამიშალა. როცა სული მოვითქვი, ქალბატონმა ანამ მომმართა: ამ საღამოს კიდევ ერთხელ, სულ სხვა თვალით დაგინახე. "შენ, ანასეულო!" - არ დააყოვნა ქათინაური თამადამ.

- ამბობთ, რომ "ვისაც ბასრი კლდეებით შემოჯარული არხოტი უნახავს, მისთვის სრულიად გასაგები და ახლობელია სტრიქონები: "გრგვინავს, ზანზარებს შურთხის სამეფო", "ქუხან ჩანჩქერნი ჭიუხთა მკერდზე, ჯიხვთა საუფლოს ფარვენ ნისლები". გამოდის, ანა კალანდაძე უშუალოდ საკუთარი თვალით ნანახსა და იქვე გულით ნაგრძნობს გვიზიარებდა სტრიქონების სახით...

- თუ არა ფშავის, მეტადრე ხევსურეთის საკუთარი სიცოცხლისთვის ზოგჯერ სარისკო გადაადგილებები, არ შეიქმნებოდა ანა კალანდაძის განუმეორებელი მარგალიტები. ისინი ასახავენ ადგილობრივ ყოფას, ზნე-ჩვეულებებს, სპირიტუალიზმს, ძეგლებს. თავად ამბობდა: "ვცდილობდი, ხევსურების ზოგიერთი ნათქვამი ლექსში უცვლელად შემეტანა". სამშობლოს კუთხეებისადმი მიძღვნილ პოეზიის კონტექსტში შედევრს წარმოადგენს ფშავ-ხევსურეთისადმი, ადგილობრივი ხალხისადმი მიძღვნილი ლექსთა ციკლი. ქალბატონი ანას მთაში გამგზავრების ინიციატორი ქალბატონი დედიკა (მარო) ოჩიაური გახლდათ. ის ჩემი უახლოესი კოლეგა და ახლობელი იყო. წლების მანძილზე მასთან ერთად, ფშავ-ხევსურეთის არაერთი ბილიკი მოვიარე. ხშირად მიამბობდა, როგორ იქმნებოდა მის თვალწინ ანა კალანდაძის შედევრები. მე და ქალბატონ ანას კავკასიონის არაერთ ბილიკზე ცხენებით გვივლია. არხოტში ანას მგზავრობისას პოეტისვე ჩანაწერების მიხედვით, შემთხვევით შეხვედრილმა ხევსურმა ყველა ჩვენგანის სათქმელი გამოხატა: "ჩვენკენ წამოვიდა, - წერს ქალბატონი ანა, - და მე მიკითხა. ხელი ჩამომართვა ამ სიტყვებით: მე თქვენი წიგნი სულ წაკითხული მაქვს. ახლა მუშაობთ? კიდევ ბევრი წერეთ, პოეტი უკვდავია, საუკუნეებში იცოცხლებსო." ანამ არ დააღალატა ხევსური - ბევრი წერა და ბევრი იღვაწა...

ანას პოეზია მილენიუმთა საკუთრებაა. სანამ ჩვენს პლანეტაზე კაცობრიობა იარსებებს, ანას ლექსიც უკვდავი იქნება. "ჩაკრულოს" მსგავსად, ის ღირსია კოსმოსურმა სამყარომაც მოისმინოს, გაითავისოს... უკანასკნელი ორი საუკუნის ორი-სამი თაობა განუმეორებელი პოეტის სიცოცხლეშივე, საკუთარი პოეზიის მის მიერვე გაჟღერებულ სტრიქონებს მოვესწარით. 2004 წელს, ერთ-ერთ საღამოზე პროფესორ გურამ ბენაშვილის გამოსვლა დამამახსოვრდა. მან აუდიტორიას ამაღელვებელი ჭეშმარიტება ამცნო: "თექვსმეტსაუკუნოვან ქართულ პოეზიას ანა კალანდაძეზე დიდი პოეტი არ ჰყოლია!"

შორენა ლაბაძე