პირველად მოზარდ მაყურებელთა თეატრში ქართულ-გერმანული სპექტაკლი 3 წლის ასაკის ბავშვებისთვის - გზაპრესი

პირველად მოზარდ მაყურებელთა თეატრში ქართულ-გერმანული სპექტაკლი 3 წლის ასაკის ბავშვებისთვის

სპექტაკლში ქართულ-გერმანული საბავშვო თეატრების ცოდნა და გამოცდილებაა შერწყმული, მასში ქართველი და გერმანელი მსახიობები მონაწილეობენ. მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ლაიფციგის საბავშვო თეატრის ერთობლივი პროდუქცია 3 წლიდან ასაკის ბავშვებისთვისაა. სპექტაკლის გერმანული პრემიერა ლაიფციგში 2019 წლის აპრილში გაიმართება.

იულე კრაჰტი, რეჟისორი:

- სპექტაკლზე მუშაობა როგორც ქართული, ისე გერმანული მხარისთვის საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო. მასში კარგად ჩანს სირთულეები, რომელიც გერმანელებისთვის ქართული, ქართველებისთვის კი გერმანული ენის შესწავლასთანაა დაკავშირებული.

- მართალია, სპექტაკლი მცირე ასაკის მაყურებლისთვისაა, მაგრამ მასში ხალხთა შორის მეგობრობის იდეაც იკვეთება...

- დიახ, ასეა... გარდა ამისა, მეგობრობა ხომ სამი წლის ასაკიდან იწყება?!

- როგორი შთაბეჭდილებებით ტოვებთ საქართველოს?

- რაც ხაზგასმით შესამჩნევია, საქართველოში საათი უფრო ნელა მიდის... გარდა ამისა, თეატრში მსახიობებს ბევრად მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ჩვენთან. ასე "გერმანელად" თავი არასოდეს მიგრძნია (იცინის). თუმცა, იყო საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ვფიქრობდით, რომ ქართველები ზედმეტად ასერიოზულებდნენ, ჩვენ კი ნაკლებად ვამახვილებდით ყურადღებას. საბოლოოდ, მოვახერხეთ და ოქროს შუალედი გამოვძებნეთ... შთაბეჭდილებებთან დაკავშირებით მინდა, ხაზი გავუსვა უგემრიელეს ქართულ კერძებს. და მთავარი - ამდენი მუსიკალური ადამიანი სხვა არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს. ეს დიდი საჩუქარი იყო ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის. ქართველები ღია გულის და მეგობრული ადამიანები არიან.

- რა შეგძინათ პროფესიული თვალსაზრისით ქართულ თეატრში ქართველ მსახიობებთან ერთად მუშაობამ?

GzaPressნორა ლიი-ზანვალდი, მსახიობი: - სპექტაკლზე მუშაობისას საშუალება მომეცა ქართული კულტურა გამეცნო, ერთმანეთისთვის გამოცდილება გაგვეზიარებინა. ძალიან მცირე პერიოდში უამრავი ქართული სიტყვა და ფრაზა შევისწავლე. იძულებული ვიყავით კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება გვეპოვა, რადგან საუბრით ერთმანეთის არ გვესმოდა. ამან კიდევ უფრო სენსიტიური გაგვხადა ჩვენც და სპექტაკლიც. დადებითი იმპულსებითა და თვითქშემოქმედებით სპექტაკლი ერთობლივად "გავზარდეთ".

სოფო ახუაშვილი, მსახიობი: - უცხოენოვან დასთან პირველად ვიმუშავე. იმდენად ორგანიზებულები არიან, ადვილი არ არის მათ რეჟიმს აჰყვე. რეპეტიციაზე დაგვიანება მათთვის წარმოუდგენელი რეალობაა. თითოეული თავისი საქმის პროფესიონალი, ნამდვილი ოსტატია. სპექტაკლზე ერთი კვირა გერმანიაში, ორი კი საქართველოში ვიმუშავეთ. ის გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ორმა სხვადასხვა მენტალიტეტის, ეროვნების ადამიანმა იმეგობროს, საერთო ენა გამოძებნოს... ბედნიერი ვარ, რომ დღეს ისინი ჩემი მეგობრები არიან.

ნინო ჩიტაიშვილი, მხატვარი: - მუშაობის პროცესი ცოტა უჩვეულო იყო. საერთოდ, ასეა: თავიდან ვეცნობით პიესას და ამის შემდეგ ვიწყებთ მუშაობას. ეს სპექტაკლი ერთიანი ძალებით რეპეტიციიდან რეპეტიციამდე იქმნებოდა.

- ქართული და გერმანული თემები როგორ დაიყო?

- სპექტაკლში არის დეტალები, რომლებიც ამ ორი კულტურიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ჩნდება ქართული კულტურის ნაწილი - ჩურჩხელა. ქართველის მხარე ფორთოხლისფერში გადავწყვიტეთ, გერმანული - მწვანეში, რადგან საქართველო მზესთან ასოცირდება, გერმანია კი, როგორც ტყეებითა და მწვანე საფრით განთქმული ქვეყანა, მწვანესთან. რაც შეეხება სათაურს, ჩვენ მიერ გაგზავნილი ცხოველებისა და ფრინველების ჩამონათვალიდან მათ სპლიყვი აირჩიეს. ქართველი ბავშვები გერმანელებისგან განსხვავებით, ბევრად ემოციურები არიან, შთაბეჭდილებებს ხმამაღლა გამოხატავენ...

სოფო დეკანოზიშვილი, პროექტების მენეჯერი: - ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელები ისრაელში დამეგობრდნენ. გერმანიაში მიწვეულებმა აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ამ ასაკისთვის სპექტაკლები არ იდგმება. არადა, ასეთი სპექტაკლების დადგმის გამოცდილება მთელ მსოფლიოს აქვს. "spliyvi FFant"-ის საშუალებით ეს სიცარიელე ჩვენს თეატრში ამოვსებულია...

შორენა ლაბაძე