ცნობილი "ღორები" - გზაპრესი

ცნობილი "ღორები"

ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, 2019 წელი მიწის ყვითელი ღორის წელიწადია. დავინტერესდით ამ ნიშნის წელში დაბადებული ცნობილი ადამიანების ვინაობით და მათი ზოგადი ასტრო-ფსიქოპორტრეტით...

ვიდრე ღორის წელში დაბადებულებს გავესაუბრებოდით, რამდენიმე შეკითხვაზე ასტროლოგმა დავით ბუტიკაშვილმა გვიპასუხა.

- რა თქმა უნდა, ღორის წელიწადი ამ წელს დაბადებულებისთვის საუკეთესოა. საერთოდ, ამ ადამიანების ცხოვრებაში, უცხოეთის თემა ყოველთვის წარმატების მომტანია. ამიტომ ღორის წელიწადში დაბადებულებს ვურჩევ, აქცენტი უცხოეთთან კონტაქტებზე გააკეთონ. ეს მათ ცხოვრებას და ბედს სასიკეთოდ შეცვლის... მათთვის ოპტიმისტური მიდგომა გაცილებით უფრო წარმატების მომტანია, ვიდრე პესიმისტური. პესიმიზმს უნდა ერიდონ, რადგან ღორის წელში დაბადებულს ყველაზე მეტად, პესიმიზმი ანგრევს.

- როგორი ხასიათი აქვთ?

- მათთვის დამახასიათებელია პირდაპირობა. გარშემო მყოფებმა ყოველთვის იციან, ამ ადამიანებს მათ შესახებ როგორი აზრი აქვთ, მაგრამ პირდაპირობა "ღორებს" პრობლემებს სულაც არ უქმნით, პირიქით - ეხმარება, რომ ერთგული გარემოცვა ჩამოაყალიბონ. ამ წელში დაბადებულების ფინანსური მდგომარეობა და შემოსავალი მათ შრომისუნარიანობაზეა დამოკიდებული, რადგან საერთოდ, ცხოვრების ფინანსური მხარე მათგან ყოველთვის მაქსიმალურ შრომისუნარიანობას მოითხოვს. ამ ადამიანების ცხოვრებაში ახალი გამოწვევები ყოველთვის ჩნდება.

- "ღორს" რა უარყოფითი თვისება აქვს?

- ყველაზე უარყოფითი თვისება ის არის, რომ ღორის წელში დაბადებულები "მოქმედების ადამიანები" არიან, ანუ მოქმედებენ, მაგრამ არ ფიქრობენ - ამ ნაბიჯებმა რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანონ.

- აღნიშნეთ, უცხოეთში უმართლებთო. კონკრეტულად, რომელი ქვეყნებია მათთვის იღბლიანი?

- საუკეთესოა ესპანეთი და პორტუგალია. ასევე, მათთვის წარმატებული ქვეყნებია: გერმანია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი და ინგლისი.

- ცოტა რამ "ღორების" პირად და ოჯახურ ურთიერთობებზეც გვითხარით...

- პროცენტულად რომ ვთქვათ, ღორის წელს დაბადებული ადამიანები, ცხოვრების განმავლობაში, ოჯახს ორჯერ ქმნიან - ასეთი ტენდენციაც არსებობს.

ჩვენ მსახიობ ზურა ინგოროყვას გავესაუბრეთ, რომელიც ღორის წელსაა დაბადებული: GzaPress- როგორც თითქმის ყველა ქართველისთვის, 2018 წელი ჩემთვისაც შრომატევადი და საინტერესო იყო. სამწუხაროდ, პოლიტიკურად შემაწუხებლად მძიმე აღმოჩნდა. შემოქმედებითი თვალსაზრისითაც, 2018 წელი ჩემთვის საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი, კინოსფეროს განვითარება თითქოს შეჩერდა... ასე თუ ისე, მე მაინც ვმუშაობდი. თეატრშიც ვიყავი, წარმატებული სპექტაკლები მქონდა...

- წლის დასაწყისში, ასტროლოგიურ პროგნოზს ეცნობით?

- თუ ახალ წელს, სუფრასთან ისეთ ადამიანებთან ერთად მოვხვდი, ვინც ასტროლოგიით დაინტერესებულია, იმ შემთხვევაში ვეცნობი, თორემ პირადად მე, საკუთარი ინიციატივით - არა. ამ საკითხით სტუდენტობის პერიოდში ვინტერესდებოდი, როცა ასტროლოგია ახალი თემა იყო.

- ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, იცით, რის წელში ხართ დაბადებული?

- კი, რა თქმა უნდა, "ჩემი" წელი მოდის.

- თქვენი ნიშნის საერთო დახასიათებას გავეცანი და შევამოწმოთ, შეესაბამება თუ არა თქვენს რეალურ თვისებებს: ცხოვრების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- საერთოდ, ოპტიმისტი ვარ. მიყვარს ცხოვრება, სიცოცხლე, სუნთქვა, ჰაერი, წყალი, ზეცა, ვარსკვლავები, სილამაზე და ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაზეა. ცხადია, ასეთი დამოკიდებულება ჩემს ცხოვრებაზე სასიკეთოდ მოქმედებს. ბუნებით ისეთი ოპტიმისტი ვარ, რომ ცუდშიც კარგის დანახვას ვცდილობ.

- პირდაპირობა თუ გახასიათებთ?

- საერთოდ, თავშეკავებული და თავმდაბალი ვარ, როგორც თავადაც ვატყობ და სხვებიც მეუბნებიან, მაგრამ ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ პირდაპირობა მნიშვნელოვანი და საჭიროა. ამიტომ ვცდილობ, პირდაპირი ვიყო, თუმცა თემასაც გააჩნია.

- პირდაპირობას თქვენთვის პრობლემები შეუქმნია?

- ვცდილობ, ჩემი პირდაპირობის გამო, საკუთარ თავს კი არა, არსებულ სიტუაციას, გარემოს არ შეექმნას პრობლემა. ამიტომ ხშირად დელიკატური ვარ. ძირითადად, ადამიანებისთვის პირდაპირობა სასიამოვნო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ იციან - გულწრფელი ხარ, სიმართლეს ეუბნები, მათთვის კარგი გინდა და სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ნაწყენები რჩებიან. მაინც ჯობია, სიმართლე იცოდეს, ვიდრე არ თქვა და ამას ცუდი ამბავი მოჰყვეს.

- უცხოეთთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ჰოლანდიიდან საქმიანი შემოთავაზება მქონდა. "გრინ ქარდიც" მოვიგე ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამერიკის საელჩო მოსკოვში იყო. განაცხადი ჩემმა მეგობარმა შეიტანა, ამის შესახებ არც ვიცოდი. საქართველოს გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ. ამიტომ ჰოლანდიაში, სადაც 4 თვეზე მეტი გავატარე და თეატრში ჩემი პროფესიით მუშაობას მთავაზობდნენ, დარჩენაზე მაშინვე უარი ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა, რძალი, ძმისშვილები იქ ცხოვრობდნენ... "გრინ ქარდს" რაც შეეხება, საღამოს რომ დამირეკეს და მითხრეს, - მოიგეთო, დილით უკვე ვიცოდი, რომ არ წავიდოდი და გავაუქმე... შეიძლება, უცხოეთში გადასაღებად წავიდე, მაგრამ იქ დიდხანს დარჩენა, წლების განმავლობაში მუშაობა არ შემიძლია.

- როგორც ასტროლოგმა გვითხრა, ღორის წელში დაბადებულებს უცხოეთში უმართლებთ...

- სხვათა შორის, "ყარაბაღი 2"-მა 2009 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა. მაშინ რუსეთიდან უამრავი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ომი, დაძაბულობა, სააკაშვილის ხელისუფლება იყო... ისეთი სიტუაცია სუფევდა, რომ წავსულიყავი, მოღალატედ გამომაცხადებდნენ. ამიტომ ვერ წავედი... ახლახან გასტროლებზე მოსკოვში ვიყავი და სიტუაცია "დაიძრა" - რაღაც ძველი კონტაქტები აღვადგინე. შეიძლება, გადაღებაზე წავიდე. ყოველ შემთხვევაში მინდა, ეს გამოვიდეს.

- თუმცა თქვენი ნიშნისთვის განსაკუთრებულად კარგი ესპანეთი და პორტუგალია ყოფილა.

- ესპანეთთან და პორტუგალიასთან შეხება არ მქონია. ინგლისი ძალიან მიყვარს, ასევე - საფრანგეთიც. გერმანიაში მეგობრები მყავს, თუმცა იქ გადაღებებზე არასდროს ვყოფილვარ. სხვათა შორის, საფრანგეთიდან შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ხომ იცით, ჩვენს პროფესიაში როგორც ხდება? ვიდრე გადასაღებ მოედანზე "მატორს" არ იტყვი, მანამდე არ უნდა თქვა, რომ ფილმში თამაშობ. მოკლედ, საფრანგეთიდან საქმიანი შემოთავაზება შეჩერდა თუ დროში გაიწელა - ჯერჯერობით, არაფერი ხდება, მაგრამ ტვინის რომელიღაც უჯრედში მაინც ტივტივებს, რომ ამ თემაზე საუბარი იყო...

- კარგი შემოსავლის მისაღებად, ბევრი შრომა გჭირდებათ?

- მაგალითად, რუსეთში ჩემი დონის არტისტები მილიონერები არიან, აქ კი ძალიან ბევრი წვალებაა საჭირო, რომ მცირე მიიღო, მაგრამ მუშაობის პროცესი სასიამოვნოა.

- საქმის სირთულის გამო, მასზე უარი გითქვამთ?

- არასოდეს, პირიქით - რაც უფრო რთულია, მით უფრო საინტერესოა...

მოჭიდავე რამაზ ნოზაძემ ჩვენგან შეიტყო, რომ თურმე, ღორის წელსაა დაბადებული: GzaPress- ასტროლოგიურ პროგნოზს იშვიათად ვეცნობი. ყველანაირად არაჩვეულებრივი წელი მქონდა: პირადი ცხოვრება ისედაც კარგი მაქვს და კარიერაშიც სასიკეთო სიახლეები იყო. საერთოდ, ახალ წელს ყოველთვის მოუთმენლად ველოდები, რომ ჩემს გოგონებთან და ლამაზ მეუღლესთან ერთად შევხვდე - ახალი სურვილებით, ემოციებით, იმედით....

- პირდაპირი ადამიანი ხართ?

- მგონი, ყველაზე პირდაპირი მე ვარ! ტკბილ ტყუილს რა აზრი აქვს? მწარე სიმართლე ჯობია.

- როგორ ფიქრობთ, პირდაპირობა თქვენი დადებითი თვისება უფროა თუ უარყოფითი?

- სავარაუდოდ, ჩემთვის კი არა, ეს ყველა ადამიანისთვის კარგი თვისებაა.

- თქვენი ხასიათის ამ თვისების გამო, პრობლემები არ შეგქმნიათ?

- ვისაც ჩემი პირდაპირობა პრობლემას უქმნის, ეს არ მაინტერესებს - მე ასეთი ვარ.

- ცხოვრების მიმართ ოპტიმისტურად უფრო ხართ განწყობილი თუ პესიმისტურად?

- პესიმისტური განწყობილება არ მახასიათებს. საქმეს ხელს თუ მოვკიდებ და მიზანს დავისახავ, ვიცი, აუცილებლად გამომივა.

- სირთულის გამო, საქმეზე უარი გითქვამთ?

- მგონი, ყველა ადამიანი რაღაცაზე უარს ამბობს, მაგრამ სირთულეები იმისთვის არსებობს, რომ გადავლახოთ.

- ბევრს შრომობთ, რომ კარგი შემოსავალი მიიღოთ?

- ბევრი შრომა არ მჭირდება, რადგან თუკი რამეს შევეჭიდები, ვიცი, ყველაფერი დაბალანსებულად და წარმატებით დასრულდება. სისულელეს არასოდეს ვეჭიდები.

- უცხოეთში გიმართლებთ?

- კი, სადაც საქმე მაქვს, ძირითადად, მიმართლებს.

- კონკრეტულად, რომელ ქვეყნებში?

- ყაზახეთი არის მეორე ქვეყანა (საქართველოს შემდეგ), სადაც ცხოვრება შემიძლია.

- ესპანეთსა და პორტუგალიაზე რას გვეტყვით?

- ჯერჯერობით, პორტუგალიაში არ ვყოფილვარ. ესპანეთში ვისვენებ ხოლმე. თუ ადამიანს შესაძლებლობა აქვს, მიმაჩნია, რომ ესპანეთით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს: დაათვალიეროს მუზეუმები, ღირსშესანიშნავი ადგილები, ზღვაც იდეალურია... ესპანეთი მაგრად მომწონს და კიდევ ხშირად ვესტუმრები. საფრანგეთსაც ხშირად ვსტუმრობ, ძირითადად - დასასვენებლად. პარიზი ისეთი ქალაქია, ასჯერ რომ ნახო, იქ შენი ვიზიტი ასივეჯერ გამართლებული იქნება...

აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი - მაკა ჩიჩუაც ღორის წელშია დაბადებული. როგორც ჩანს, მის შემთხვევაში, ორჯერ დაოჯახების ტენდენცია გამართლდა. მაკა ჩიჩუას

ზოგადი ასტრო-ფსიქოპორტრეტის შექმნაში დავით ბუტიკაშვილი დაგვეხმარა: GzaPress- რადგან ქალბატონი მაკა მეორედ არის დაოჯახებული, ე.ი. დაოჯახების ლიმიტი ამოწურულია. მას ვენერა რთულ პოზიციაში აქვს. მის ოჯახურ ცხოვრებაზე ფარულ მტრობას და შურს დიდი ზეგავლენა აქვს. რელიგია ჩემი თემა არ არის და არც ვიცი, ამ ადამიანს რელიგიასთან რა კონტაქტები აქვს, მაგრამ როდესაც მის ოჯახურ ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება (წესით, ასეთი პრობლემები არ უნდა არსებობდეს), ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, ის იყოს, რომ რელიგიას იმაზე მეტად დასცილდა, ვიდრე ეს მისთვის დასაშვებია. ის რწმენით თავის ოჯახურ ურთიერთობებს იცავს.

- რა არის ამ ადამიანის ძლიერი მხარე?

- ოპტიმიზმი. თუკი ეს ადამიანი რაიმეს მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი, როგორი წყალწაღებული სიტუაციაც უნდა იყოს, ყველაფერი კარგად ვითარდება - თავისი ოპტიმიზმით გარემოზე, მოვლენებზე გავლენას ახდენს, მაგრამ საკმარისია, ვინმემ მის ქვეცნობიერში პესიმისტური ნაპერწკალი გააღვივოს ან მის გეგმებს პესიმისტურად მიუდგეს, რომ მის მიერ დასახული მიზნები აღარ ხორციელდება. ამიტომ, პესიმისტ ადამიანებს უნდა მოერიდოს. რისიც სჯერა, ის გამოსდის. კონკურენციის პირობებში თავს კარგად გრძნობს, რადგან ასეთ დროს სტრატეგიის კარგად დაგეგმვა და გამარჯვების მიღწევა შეუძლია. თუ კონკურენტი არ ჰყავს, საკუთარ თავს დიდი წარმატებით ვერ ავლენს. კონკურენციის პირობებში საუკეთესო თვისებებს ავლენს. მას მერკური ვერძის ზოდიაქოში აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შეუძლია. როგორ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, ეს გადაწყვეტილებები ყოველთვის სწორია. სხვების პირდაპირ გაკრიტიკებას უნდა მოერიდოს - მისგან კრიტიკას ადამიანები ძალიან უარყოფითად იღებენ. წვრილმანებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებისკენ მიდრეკილება მისი უარყოფითი მხარეა. შეიძლება, ისეთი შეგრძნება ეუფლებოდეს, თითქოს რაღაცით დაავადებულია, მაგრამ სინამდვილეში არაფერი სჭირდეს. ჯანმრთელობის მიმართ გადაჭარბებულმა შიშმა შესაძლოა, მისი ნევროზული მდგომარეობა გამოიწვიოს.

- რისი ნიჭი აქვს?

- ხელოვნების. შეიძლება, წარმატებული აღმოჩნდეს ხელოვნებასთან დაკავშირებულ სფეროში, ასევე - პედაგოგიკასთან, იურისპრუდენციასთან, გამომცემლობასთან და საინფორმაციო სფეროშიც (პრესა, ტელევიზია).

- საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრა მასზე როგორ მოქმედებს?

- საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადვილად ხვდება. თავად საკმაოდ "გახსნილია" და ყველაზე სერიოზული, ფარული მტრები იმ ადამიანებს შორის ჰყავს, ვისაც აკრიტიკებს. პირველი ლედის ამპლუაში ყურადღების ცენტრში ყოფნას რაც შეეხება, ცხადია, ბევრი ადამიანი გამოჩნდებოდა, ვისაც მისი შეშურდებოდა. ეს არის და ეს.

- ახლა მისი ცხოვრება რა ეტაპზეა, როგორ განვითარდება?

- ახლა მის ცხოვრებაში ახალი, 12-წლიანი ციკლი იწყება. ეს კარგი პერიოდია იმ მხრივ, რომ სიახლეებისთვის მზად უნდა იყოს. ნებისმიერი სიახლე, რასაც მას გარემოებები 2019 წელს შესთავაზებს, მისი ბედის შემდგომ განვითარებაზე მოახდენს გავლენას. ასეთი ადამიანი შეიძლება, უცხოეთში გაემგზავროს და იქ კომფორტულად მოეწყოს.

ეთო ყორღანაშვილი