ანა ლორდი საფრანგეთში ჩასული ქართველების დახმარებას ცდილობს - გზაპრესი

ანა ლორდი საფრანგეთში ჩასული ქართველების დახმარებას ცდილობს

გოგონა, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, საქართველოდან თავის ოჯახთან ერთად, 2004 წელს წავიდა. მიზეზი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც იყო, მაგრამ ანასთავის მთავარი სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება გახლდათ. უნდოდა, ისეთი განათლება მიეღო, როგორზეც ოცნებობდა და ისეთი წარმატებისთვის მიეღწია, რითაც ყველა იამაყებდა...

საქართველოდან უცხო ქვეყნები ყოველთვის მიმზიდველად გვეჩვენება და ბევრმა ქართველმა გამონახა საშუალება, ლეგალური თუ არალეგალური, რისკიანი გზით გადაეკვეთა საზღვრები - თუმცა, როცა უცხო ქვეყანაში რეალობის წინაშე აღმოჩნდები, ყველაფერი არც ისე ფერადი გეჩვენება. გიწევს ურთულესი დაბრკოლებების გადალახვა, ზოგჯერ შიმშილიც და ეს ყველაფერი ორმაგად რთულია, როცა მცირეწლოვანი შვილებიც თან გყავს წაყვანილი....

ანა ლორდი - დღეს ასე გაგეცნობათ ქართველი გოგონა, რომელიც უკვე საფრანგეთის მოქალაქეა და პარიზში მყოფ ქართველებს შეძლებისდაგვარად ეხმარება. ამბობს: თავის დროზე მეც რომ დამხმარებოდა ვინმე, ახლა გაცილებით უკეთ ვიქნებოდიო.

- ძალიან მიყვარდა სწავლა და ოცნებად მქონდა უფრო მეტისთვის მიმეღწია, ვიდრე ამას საქართველოში მოვახერხებდი. იმ პერიოდში, როცა ჩვენ აქედან წავედით, არაფრის პერსპექტივა არ ჩანდა, ხალხს სამსახურიც კი არ ჰქონდა... რა თქმა უნდა, ქართველებს გვაქვს კარგი უნივერსიტეტი, სადაც განათლებული ადამიანები ატარებენ ლექციებს და მათ მე ცხადია, ვერაფერს დავუწუნებდი, უბრალოდ, ეს ბავშვური აკვიატება თუ ოცნება ვერ ამოვიგდე გონებიდან და როცა ოჯახში საუბარი ჩამოვარდა საზღვარგარეთ წასვლაზე, მეც ძალიან ვაქტიურობდი... კიდევ კარგი, წავედით, რადგან დედა ავად იყო და აქ რომ დავრჩენილიყავით, გაცილებით ადრე დავკარგავდი მას - საფრანგეთში კი მთელი 8 წლით გაუხანგრძლივეს სიცოცხლე.

- აქედან რომ მიდიოდით, უკვე იცოდით, დედას რა სჭირდა?

- კი, ვიცოდით, ოპერაციაც ჰქონდა უკვე გაკეთებული, მაგრამ გვეგონა, საშიშროებამ ჩაიარა. ალბათ უფრო თავს ვიტყუებდით, რომ ყველაფერი კარგად იყო. საბედნიეროდ, უკვე საფრანგეთში ვიყავით, როცა აღმოვაჩინეთ, რომ დედას სინამდვილეში გაცილებით სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ვიდრე გვეგონა.

დედამ საქართველოში ყოფნის დროსაც იცოდა თურმე, რაც სჭირდა. ექთანი იყო, მაგრამ ისეთი გამოცდილებით, რომ ექიმად მუშაობდა. მკერდის სიმსივნე ჰქონდა. თვითონ გადაწყვიტა, რომ არ უნდა მოეკვეთათ მისთვის მკერდი, უბრალოდ სიმსივნური ჯირკვლები ამოუღეს. ჩვენ რომ გვეგონა, ყველაფერი კარგად იყო, თურმე მეტასტაზები უკვე ხერხემალში გახლდათ გადასული. საფრანგეთში გაუკეთეს რადიოთერაპია, ანუ მოხდა ამ მეტასტაზების გაყინვა და ამის შემდეგაც გამუდმებით კონტროლის ქვეშ იყო. საფრანგეთის სახელმწიფომ დაგვაზღვია და დედას, თქვენ წარმოიდგინეთ, საჭიროების შემთხვევაში ტაქსიც კი უფასოდ ემსახურებოდა. წლები იცოცხლა ამ დაავადებით. მერე კი დაემართა ნერვის ანთება, ვერ სწორდებოდა, საშინელი ტკივილები ჰქონდა და ოპერაციის გაკეთებამ მოგვიწია. ეტყობა, ხერხემალთან რომ გაჭრეს, გაყინული მეტასტაზები დაიძრა და ამოქმედდა ბომბის მექანიზმივით. ძლივს გამოიყვანეს მაშინ ნარკოზიდან. მერე სხვანაირი ტკივილები დაეწყო და ცოტა ხანში გვითხრეს, რომ უკვე ფეხშიც იყო მეტასტაზები გასული. აქვე გეტყვით, რომ დედა ცხოვრობდა სასტუმროში და იქ ცხოვრების საფასურს საფრანგეთის სახელმწიფო უხდიდა. ახლა მითხარით, როგორ არ უნდა დავაფასო და მიყვარდეს ეს ქვეყანა, რომელმაც დედა მთელი 8 წლით მაჩუქა?!

- ანა, თავიდანვე საფრანგეთში ჩახვედით?

- არა, მამა შვედეთში იყო ემიგრაციაში და გადავწყვიტეთ, მასთან ჩავსულიყავით, თავშესაფარიც მოვითხოვეთ. გაგვაჩერეს მხოლოდ ორი თვე, რადგან ჩვენ ფინეთის ვიზები გვქონდა და მერე დაგვადეპორტეს ფინეთში, სადაც ასევე მოვითხოვეთ თავშესაფარი. იქ 7 თვე გაგვაჩერეს. მერე მოხდა ისე, რომ ჩემს ძმას მოუვიდა ავარია. რადგან დამნაშავე არ იყო, დაელოდა პოლიციას. როცა აღმოაჩინეს, რომ მის ოჯახს თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი, გამოადეპორტეს მხოლოდ ჩემი ძმა, მერე სხვა მიზეზით მამაჩემიც გამოუშვეს; დავრჩით მე და დედა მარტო. მერე გადავედით ისევ შვედეთში. თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ვიდრე საფრანგეთში ჩავიდოდით, აქეთ-იქით ბევრი ვიმოგზაურეთ. გერმანიაშიც კი მოგვიხდა თავშესაფარის თხოვნა, მაგრამ ყველა ქვეყნიდან ფინეთში გვაბრუნებდნენ. ბოლოს, საფრანგეთში წასვლა გადავწყვიტეთ.

GzaPress- ამდენი ადგილი შეიცვალეთ. რომელიმე უცხო ენა იცოდით?

- კი, ინგლისური და რუსული, რაც ძალიან დამეხმარა.

- ამასობაში რამდენი დრო დაკარგე?

- დაახლოებით წელიწადი და 2 თვე. თავშესაფარს ვეძებდი და სწავლის გაგრძელება ცხადია, ოცნებად დამრჩა... ერთი ეგ იყო, ფინეთშიც და შვედეთშიც ენის მცირეხნიანი კურსები გავიარე, სხვა ვერაფერი მოვასწარი.

- იმ პერიოდში არ ნანობდით, საქართველოდან რომ წახვედით?

- მიუხედავად პრობლემებისა, არასდროს მინანია ეს გადაწყვეტილება. დედა იყო ძალიან პოზიტიური ადამიანი, სულ მამხნევებდა და მისი წყალობით, უკეთესი მომავლის იმედს არ ვკარგავდი. მინდა, მეც მისნაირი ვიყო, მაგრამ არ გამომდის... ახლა ჩემს თავგადასავალს რომ ისმენენ, ბევრი ამბობს, ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდიო, მაგრამ მერწმუნეთ, კონკრეტულ სიტუაციაში ყველას უჩნდება ჟინი, ძალა გემატება თითქოს, დასახულ მიზანს რომ მიაღწიო. ჰოდა, ამ ბრძოლის წყალობით ჩვენც ჩავედით პარიზში, მოვითხოვეთ თავშესაფარი. იქაც ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. დედა ქერა, ცისფერთვალება იყო. არ სჯეროდათ, დედა-შვილი რომ ვიყავით (იღიმის). ძალიან მალე უარი გვითხრეს თავშესაფარზე. საბედნიეროდ, ამ ქვეყნიდან უცებ არ გაძევებენ; გაძლევენ საბუთს და დროს, როდემდეც შეგიძლია, მათ ქვეყანაში დარჩე. ჩვენ მოგვცეს 6 თვე, ამ დროის შემდეგ უნდა წავსულიყავით საფრანგეთიდან. 10 დღეში ერთხელ დედას შემოწმება უნდა გაევლო, ანაბეჭდებს უღებდნენ. მე არანაირი საბუთი არ მქონდა, პატარა ყვითელი აცრის წიგნაკის გარდა (იღიმის).

- ამ ექვსი თვის განმავლობაში თავს როგორ ირჩენდით?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვიკვებებოდი, მაგრამ არ გვშიოდა. ვცხოვრობდით სასტუმროში, ძალიან პატარა ოთახში, მაგრამ რას დავეძებდით? თანაც, სახელმწიფო გვიხდიდა გადასახადებს. იყო პუნქტები, სადაც საჭმელს უფასოდ გვაძლევდნენ (ასეთი დაწესებულებები ახლაც არის). ხანდახან სამუშაოც გამოჩნდებოდა და როგორც ყველა, ჩვენ ვალაგებდით. მართალია, იშვიათად ხდებოდა, მაგრამ იყო... მერე დედამ მუდმივი, არალეგალური სამუშაო იშოვა - ტყუპს უვლიდა. ოჯახში ბებია ჰყავდათ, 85 წლის, რომელიც გიჟდებოდა დედაზე. დედაჩემი უთბილესი ადამიანი იყო და წარმოიდგინეთ, ეს ტყუპიც "დედას" ეძახდა, რაზეც დიასახლისი ძალიან ეჭვიანობდა და ამის გამო, სამსახურიდან წამოსვლამ მოუწია.

- ამ დროს მამათქვენი, თქვენი ძმა ცდილობდნენ საზღვრის გადმოკვეთას თუ დანებდნენ და საქართველოში დარჩენ?

- საქართველოში დარჩნენ და ეს პერიოდი თითოეული ჩვენგანისთვის რთული იყო, ერთმანეთის გარეშე ყოფნა გვიჭირდა. 4 წელი მარტოები ვიყავით... საფრანგეთში ცხოვრებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, თავიდან მოვითხოვეთ თავშესაფარი, ამის უფლება კანონით გვქონდა. თან, იმ პერიოდში სკოლაში დავდიოდი. იქ ძალიან აფასებენ, როცა ადამიანი სწავლის სურვილს გამოთქვამს და მათ ენას როცა ითვისებ, ამას დიდ პლუსად ჩაგითვლიან. ოღონდ ფრანგული ისწავლე და ყველანაირად შეგიწყობენ ხელს. სამი თვე ვიყავი ამ სკოლაში და მერე, ნიშნებიდან გამომდინარე, კოლეჯშიც მიმიღეს. სხვათა შორის, ინგლისური ენის ცოდნა ძალიან დამეხმარა ფრანგულის ათვისებაში.

საბოლოოდ, ავირჩიე პროფესია - ბუღალტერია. იქ ჯერ დიპლომს იღებ და მერე ბაკალავრიატი უნდა გაიარო. მეც მოვახერხე დიპლომის აღება და თან, დავიმსახურე პარიზის მერიის ჯილდო, როგორც საუკეთესო მოსწავლემ...

- თავშესაფარი ხელახლა მოვითხოვეთო, მითხარი...

- დიახ და ველოდებოდით პროცედურების გავლას, რომელიც ადრე ძალიან იყო დროში გაწელილი, ახლა ყველაფერი დაჩქარებულია. პირველი ეტაპი დაკითხვაა, საიდანაც 99%-ს უარი მოსდის. ჩვენც უარი მოგვივიდა. მერე არის სასამართლო, რომელიც წყვეტს, გააუქმოს თუ არა ის პირველი უარყოფა. 2007 წლის სექტემბერში გაიმართა სასამართლო, რომელსაც ჩვენი ადვოკატი ვერ დაესწრო იმის გამო, რომ ფეხმძიმედ გახლდათ და სასწრაფოდ მოგვიყვანეს მისი შემცვლელი, რომელმაც გვითხრა, არც იოცნებოთო. სხვათა შორის, დედა ლაპარაკობდა ფრანგულად. სკოლაში თურმე, ფრანგულს სწავლობდა, ენა იცოდა და შესაბამისად, მთელი ცხოვრება ოცნებობდა პარიზში ჩასვლაზე, მაგრამ ამ ოცნებაზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობდა. სასამართლოში ჰყავთ თარჯიმანი, რომელიც ასეთ დროს თარგმანს აკეთებს, მაგრამ დედას მისი დახმარება არ დასჭირვებია, რის გამოც სიმპათიით განეწყვნენ... ბოლო შეკითხვა რომ დასვეს, რომელიც მე მეხებოდა, თავად ვუპასუხე, - ვისწავლე სკოლაში, სწავლას ისევ ვაგრძელებ, მერიიდან ჯილდოც მივიღე-მეთქი. ოთახში მსხდომებს, მოსამართლის ჩათვლით, ღიმილი გამოეხატათ სახეზე. ძალიან გაუხარდათ, რომ ფრანგულად ვლაპარაკობდი. ვერ ვიტყვი, ამის დამსახურებაა რომ დარჩენის ნებართვა მოგვცეს-მეთქი, მაგრამ ალბათ, რაღაც როლი ითამაშა, პოზიტიურად განეწყვნენ. 3 კვირის შემდეგ მოგვცეს ლტოლვილის სტატუსი, 10-წლიანი საბუთი, რომლითაც შეგვეძლო საფრანგეთში გვეცხოვრა და წავსულიყავით ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოს გარდა. ამის შემდეგ მუშაობაც დავიწყე. როცა მუშაობას იწყებ, ყველანაირი დახმარება გეხსნება და დაზღვევაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მიღირდა ამ ყველაფრის დათმობა საიმისოდ, რომ მომავალში წარმატებული კარიერა მქონოდა. სხვათა შორის, სორბონაში მინდოდა სწავლის გაგრძელება და ჩემი საბუთები მიიღეს კიდეც, მაგრამ იმ პერიოდში რთული არჩევანის წინაშე დავდექი - სამსახურში დამაწინაურეს. ვმუშაობდი შანზელიზეზე, ერთ-ერთ დიდ ფასტფუდში - თავიდან სალარო აპარატთან ვიდექი, მერე კი მთელი ბუღალტერია ჩამაბარეს და შესაბამისად, ხელფასიც გამეზარდა. იქ ჩემი მეორე სახლი იყო. იმ პერიოდში დედას გამო ხშირად მიწევდა საავადმყოფოში ყოფნა და ყველაფერში ხელს მიწყობდნენ. იცოდნენ, ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებდი. სამწუხაროდ, 2013 წელს დედა გარდაიცვალა. მართალია, იმ პერიოდში არ მქონდა საქართველოში ჩამოსვლის უფლება, მაგრამ მიზეზი რომ იცოდნენ, დამრთეს ნება და დედა ჩამოვასვენეთ... ამის გამო, კარგა ხანს ვერ ვიმუშავე და სამსახურიდან წამოვედი...

- ახლა თარჯიმნად მუშაობ და როგორც საფრანგეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა მომწერეს, ქართველებს ყველანაირად ეხმარები...

- კი, ასეა. ქართველებს დავყვები ექიმებთან, ვაძლევ რჩევებს და ა.შ. სხვათა შორის, ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი, რთული ავადმყოფობით ჩამოდის, ბევრს კი საერთოდ, არასწორი დიაგნოზი აქვს დასმული. აქ რომ ჩამოდიან, რა თქმა უნდა, თავშესაფარი უნდა მოითხოვონ, მერე აძლევენ დაზღვევას, ამ მოლოდინს კი სჭირდება თვე-ნახევარი ან ორი თვე მაინც. მაგრამ ზოგიერთი მძიმე პაციენტია, ამდენ ხანს ვერ მოითმენენ. საავადმყოფოებს ჰყავთ თავიანთი ე.წ. სოციალი, რომლებთანაც მიწევს სათხოვარით მისვლა, რომ სანამ დაზღვევას მისცემენ, იქნებ ნახონ პაციენტი. ექიმებიც ძალიან მეხმარებიან. იქ არ არსებობს, ვინმე ფულს იყოს დახამებული. სხვაგან შეიძლება, სასიკვდილოდ გაგიმეტონ, თანხა თუ არ გაქვს, მაგრამ საფრანგეთში ეს გამორიცხულია, მათთვის უმთავრესია პაციენტი ფეხზე დააყენონ და საქართველოდან ჩამოსული ადამიანების ეჭვი, იქნებ ეს არაა კარგი ექიმი და სხვასთან ჩამწერეო, უსაფუძვლოა... ექიმთან შეხვედრა რომ მოინდომო, აქ ლამის მთელი თვე უნდა ელოდო შენს რიგს ან უნდა ირბინო და დაუმტკიცო, რომ რთული სიტუაციაა. ხელს მიწყობენ ექიმებიც და ერთად ძალიან ბევრს დროულად დავეხმარეთ...

GzaPressზოგიერთები მოდიან იმიტომ, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ, მაგრამ ამოჩემებულად, მხოლოდ და მხოლოდ პარიზში ცხოვრება სურთ. არადა, საფრანგეთის პატარა ქალაქებში უფრო იოლად გაძლევენ თავშესაფარს, ყველაფერში უფრო მალე გეხმარებიან, პარიზში კი რთული პროცედურებია გასავლელი და მაინც, არსად წასვლა არ სურთ. ცოტა არ იყოს ბრაზობენ, როცა მათ რომელიმე ქალაქში გადასვლას ვურჩევ. არადა, ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ თავის დროზე მეც ბევრი რამ გადამხდა და არ მინდა, ეს მათაც გამოიარონ. ბავშვიც რომ გყავდეთ სულ თოთო, პარიზში ისე ადვილად აღარ მოგცემენ თავშესაფარს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. როცა გაძლევენ დროებით თავშესაფარს და შენ პირობებს იწუნებ, ცხადია, ეს არ მოეწონებათ...

- ასეთი შემთხვევა ხშირია?

- არის ხოლმე და არც ისე ცოტა. მაგალითად, ვიცნობ ოჯახს, რომელიც ორ ბავშვთან ერთად ჩამოვიდა საფრანგეთში. მისცეს ფართობი, აჭმევდნენ, ჰიგიენურ საშუალებებსაც აძლევდნენ, ანუ ყველაფერი ჰქონდათ, რაც თავის გასატანად არის საჭირო, მაგრამ ამ ადამიანებმა არ მოინდომეს იქ დარჩენა, ქუჩაში გამოდიოდნენ, რომ ინტერნეტით ესარგებლათ, ვიღაცებს სტუმრობდნენ, რომ უკეთეს პირობებში ყოფილიყვნენ და საბოლოოდ, ქუჩაში დარჩნენ... ახლა პარიზიდან 700 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ. ასეა, რასაც გაძლევენ, უნდა აიღო. შენ მიმართ კეთილ ნებას რომ იჩენენ, ეს უნდა დააფასო.

გული მწყდება, როცა ვიღაც უმადურობას იჩენს. ვცდილობ ყველას შეძლებისდაგვარად დავეხმარო და მერე თუ ისე მოხდა, რომ ერთი დღე ვერ მოიცალე, ამ ადამიანებისთვის ვხდები ფარისეველი, მონსტრი. მთელ შრომას წყალში ჩაგიყრიან.

- ფრანგები ამდენ არალეგალს არ აპროტესტებენ?

- დიდად არა. ერთი ფრანგი მეგობარი მყავდა, რომელიც რაღაც მიზეზების გამო ქუჩაში დარჩა. როცა მოითხოვა თავშესაფარი, უპასუხეს: ჯერ ლტოლვილებს დავეხმარებით და მერე თქვენ, ფრანგებსო. აი, ასეთი ხალხი ცხოვრობს საფრანგეთში.

- ანა, ახლა საქართველოში ხარ. არ გაქვს სურვილი, რომ დაგვიბრუნდე?

- მე დღეს ვარ საფრანგეთის მოქალაქე და შემიძლია, როცა მინდა მაშინ ჩამოვიდე, მაგრამ აქ საცხოვრებლად ვერ დავბრუნდები, ყველაფერს ისევ ნულიდან ვერ დავიწყებ - ეს ჩემს ძალებს აღემატება... საბედნიეროდ, საქართველოში ძალიან გალამაზებულია ყველაფერი. მთელი ცხოვრება ვამაყობდი ჩემი ქართველობით, კულტურით, სტუმარმასპინძლობით, ზრდილობით და განათლებით. ახლაც ვამაყობ, ძალიან მიყვარს აქაურობა, მაგრამ საფრანგეთსაც ვერ შეველევი. ამ ქვეყანამ მე ბევრი შესაძლებლობა მომცა.

სამაგიეროდ, ჩემი ძმა და მისი ოჯახი აქ ცხოვრობს. ის ვერ გაჩერდა სხვაგან. ძალიან უყვარს თბილისი, საქართველო... ხშირად ჩამოვალ, რადგან მეც მიყვარს ის ადგილი, სადაც დავიბადე და ბავშვობის წლები გავატარე. მინდა მოგილოცოთ ახალი წელი! გისურვოთ ბედნიერება, ულევი სიხარული! ისე გეცხოვროთ თქვენს სამშობლოში, რომ სხვაგან გაქცევის სურვილი არ გაგჩენოდეთ!

ლიკა ქაჯაია