მანიაკის სამიზნე ავტომობილი - შიში და პასუხგაუცემელი კითხვები - გზაპრესი

მანიაკის სამიზნე ავტომობილი - შიში და პასუხგაუცემელი კითხვები

დამნაშავის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა, თუმცა ქალბატონი ეკა დამნაშავეს "მანიაკს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ ავტომობილის დაწვის მცდელობა სხვა დროსაც ყოფილა... ბინაში, რომლის მახლობლადაც ინციდენტი მოხდა, ეკა მგალობლიშვილი მეუღლესთან - სამგორის ყოფილ გამგებელ მამუკა ჩოქურთან და უმცროს ქალიშვილთან - ანასტასია ბაკურაძესთან ერთად ცხოვრობს. ავტომობილის დაწვამ ძალზე სახიფათო სიტუაცია შექმნა... სამწუხარო ფაქტის მიუხედავად, ქალბატონი ეკა კვლავ ფორმაშია და საერთაშორისო პროექტის - "მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი" ჩასატარებლად ემზადება... მას წინასაახალწლოდ მომხდარი შემთხვევის შესახებ ვესაუბრეთ...

- მსგავსი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს. ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი ამბავი შეიძლებოდა, რეალურ ცხოვრებაში მომხდარიყო: მე და ჩემმა მეუღლემ გვიან დავიძინეთ. მსოფლიო პროექტისთვის ვემზადები და ძირითადად, იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან მიწევს ურთიერთობა, სადაც მაშინ თენდება, როცა ჩვენთან ღამდება. 5:23 საათზე ჩემი ავტომობილის სიგნალიზაციის ხმა და ხმაური გავიგონე. მეუღლე ადგა - ეკო, ჩვენი მანქანა იწვისო. ეს შოკი იყო! მეუღლემ მაშინვე სახანძრო სამსახურსა და პატრულში დარეკა, თუმცა იქვე მდებარე მაღაზიის (რომელიც 24/7-ზე მუშაობს) თანამშრომელს მანამდე დაურეკავს და გვიპასუხეს - უკვე მოვდივართო... მანქანის წინა მხარე ერთიანად იწვოდა... ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ეს გამიზნული ქმედება იყო, რადგან ამ მანქანის დაწვის მცდელობა 2015 წელსაც ჰქონდათ. მაშინ მეზობლებმა გადაარჩინეს. ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ თითქმის 5 წელია, მე და მამუკა ჩოქური ცოლ-ქმარი ვართ და ამ ხნის განმავლობაში, ჩხუბი კი არა, კამათიც არავისთან გვქონია. სახლშიც კი ხმამაღლა არ ვსაუბრობთ. მიგვაჩნია, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ადამიანებმა ყოველი წამი ერთმანეთის მოფერებისთვის, სიკეთის კეთებისთვის უნდა გამოვიყენოთ. სიკვდილის გარდა, გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს. შეიძლება, ადამიანებს (თუნდაც ოჯახის წევრებს, ახლობლებს) შორის აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ასეთ დროს ყოველთვის ვცდილობთ, ცივილიზებულად დავსხდეთ, ტკბილად ვისაუბროთ, დავეთანხმოთ ან ავხსნათ, რატომ არ ვეთანხმებით. ისეთი ბიზნესმენები არ ვართ, რომ ვინმეს ინტერესები გადაგვეკვეთა და ეს ამბავი ამიტომ მომხდარიყო. ჩემი მეუღლე მთელი ცხოვრება ჯარისკაცია: ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა და თუ ქვეყანას დასჭირდა, კიდევ იბრძოლებს. არც ხალხის იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომ დავიწყო თქმა - ვაიმე, რადგან ჩემი მეუღლე "ქართული ოცნების" გუნდის წევრია, ეს ოპოზიციამ ხომ არ ჩაიდინა-მეთქი? არა, არც ოპოზიციასთან ჰქონია დაპირისპირება. გარშემო რომ მიმოვიხედოთ, დღემდე დაძაბული ურთიერთობა არავისთან გვქონია. მოგეხსენებათ, საბავშვო ფესტივალებს, სილამაზისა და სამოდელო კონკურსებს ვკურირებ. ჩემს ღონისძიებაზე ყველა ჯილდოვდება - გულნატკენი არავინ რჩება. ჩემ მიმართ პრეტენზია არასოდეს გამოთქმულა.

- გამოძიება რა ეტაპზეა?

GzaPress- გამომძიებელსაც შევხვდით. რა თქმა უნდა, მე და ჩემი მეუღლე გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ. სამართალდამცველებისგან მხარდაჭერას ველოდებით. მინდა, მეხანძრეებს და პოლიციის თანამშრომლებს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან შემთხვევის ადგილზე წამებში გაჩნდნენ. "ტოიოტას" მარკის მანქანა - "ლენდ კრუიზერ 200" მყავდა. იმაზე ვნერვიულობდი, ბაკი არ აფეთქებულიყო, სადაც საწვავია ჩასხმული - მეხანძრეები და პატრულის თანამშრომლები ახლოს იყვნენ. თან, ჩემი ავტომობილი იმ ადგილას იდგა, სადაც გაზის ცენტრალური მილი (რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს ბუნებრივი აირით ამარაგებს) გადის. აფეთქების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი დაზარალდებოდა. ძალიან მინდა, დამნაშავის ვინაობა გაირკვეს. მას "მტერი" არ ჰქვია - ის დაბოღმილი და ბოროტი მანიაკია. კონკრეტულად ამ მანქანაზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული და 2018 წელს ჩანაფიქრი აასრულა.

- 2015 წელს ამავე ავტომობილის დაწვის მცდელობა სამართალდამცველებმა ვერ გამოიძიეს?

- საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, მაგრამ რაღაც გამოეპარათ თუ რა მოხდა, არ ვიცი. შემთხვევის ადგილას კამერები მაშინაც იყო, მაგრამ 2015 წელს მომხდარი ფაქტი არ გახსნილა.

- მომხდარის მიუხედავად, სადღესასწაულო განწყობის შენარჩუნება შეძელით? თქვენი ავტომობილი ხომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დაწვეს...

- დიდება უფალს, რომ მე და მამუკა ძლიერი ადამიანები ვართ. საერთოდ, ასეთი ხასიათი მაქვს: მესამე პირს ჩემს ტკივილს არ ვაგრძნობინებ. ახალ წელს ჩვეულებრივად შევხვდი, თუმცა ორ კონცერტზე წასვლა გავაუქმე - ჩემი კოლეგა გავგზავნე, რომ ღონისძიების წამყვანი ის ყოფილიყო. 30-31 დეკემბერს კონცერტის წამყვანობის ხალისი არ მქონდა, მაგრამ ამის გამო, საკუთარ თავს გავუბრაზდი, - შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ-მეთქი?!. ახალი წლის დღესასწაულს ოჯახში, ახლობლების გარემოცვაში შევხვდი. ვლოცულობ, უფალს დახმარებას ვთხოვ და გამოძიებას ველოდები.

- არასოდეს გიგრძნიათ, რომ ვინმეს ბოროტული ჩანაფიქრის მსხვერპლი გამხდარხართ?

- ქალაქ ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ბოლო 15 წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ. 90-იანი წლები გამოვიარე, როცა ავტომობილის მოპარვა, ბინის გაქურდვა, ქუჩაში ადამიანების ძარცვა ხდებოდა... მსგავსი ინციდენტი ჩემ გარშემო არასოდეს მომხდარა.

- თქვენზე ან თქვენს მეუღლეზე უიმედოდ შეყვარებული ადამიანის მიერ ეჭვიანობის ნიადაგზე დანაშაულის ჩადენას გამორიცხავთ?

- ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცივილიზებული, ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ისევე, როგორც მამუკას - თავის ყოფილ მეუღლესთან. ვინმე ფარულ თაყვანისმცემელს არ შევუწუხებივართ. თუკი ვინმე ასეთი არსებობს, ხომ უნდა გამოჩნდეს მაინც?.. თუ მე ან მამუკა უყვარს, მანქანამ რა დაუშავა?

- ავტომობილი როდის შეიძინეთ?

- 6 წლის წინ. მანამდე "ჰამერი" მყავდა, რომელიც გავყიდე და ახალი მანქანის საყიდლად რა თანხაც დამაკლდა, ბანკიდან სესხად გამოვიტანე, რომელსაც 5 წელი ვიხდიდი. 1 წელიც არ გასულა, რაც ბანკში ამ თანხის გადახდა დავასრულე.

- ავტომობილი მანამდე ვინმეს ეკუთვნოდა?

- რუსთავში, ავტობაზრობაზე შევიძინე. როცა ვყიდულობდი, როგორც მითხრეს, ის აჭარის პოლიციის მაშინდელ უფროსს ეკუთვნოდა.

- შემდეგ, 2015 წლის ინციდენტის გარდა, ამ ავტომობილთან დაკავშირებული სხვა საეჭვო ფაქტი არასოდეს შეგინიშნავთ? საერთოდ, ამ მანქანასთან რა მოგონებები გაკავშირებთ?

- საერთოდ, მანქანა ძალიან მიყვარს. თითქმის ბავშვობიდან დიდი მანქანები მყავს. ეს ჩემთვის ფუფუნება კი არა, საჭიროებაა, რადგან მოგეხსენებათ, ჩემი მეორე, დიდი ოჯახი სამოდელო სააგენტო "კატრინია" და საქმის გამო, ავტომობილით გადაადგილება ხშირად მიწევს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მანქანის "სუნთქვა" ესმის. ავტომობილს, რომელიც დამიწვეს, მხოლოდ კარგი ამბები უკავშირდებოდა. აბსოლუტურად მწყობრში იყო, რადგან შეიძლება, მთელი დღე არაფერი ვჭამო, მაგრამ თუ მანქანის ხმა არ მომეწონა, ვზრუნავ, რომ ხარვეზი გამოვასწორო და ავტომობილი გამართული იყოს.

ცუდი ის არის, რომ ახლა მანქანასაც ვერ ვიყიდი. რომ შევიძინო, სად წავიყვანო? ქუჩაში დავაყენებ თუ ვინმეს ავტოფარეხში, მაინც იმის შიში მექნება, რომ ვინმეს ზიანი არ მივაყენო. ამიტომ მირჩევნია, ყველაფერი გაირკვეს, დამნაშავე დაისაჯოს, მანქანის ყიდვაზე კი შემდეგ ვიფიქრებ...

ეთო ყორღანაშვილი