მოზარდ მაყურებელთა თეატრის საახალწლო საჩუქარი ბავშვებისთვის - გზაპრესი

მოზარდ მაყურებელთა თეატრის საახალწლო საჩუქარი ბავშვებისთვის

მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ბავშვებს საახალწლოდ მიუზიკლის - "ურჩხული და ლამაზმანი" სახით დაუვიწყარი სიურპრიზი შესთავაზა. ჯადოსნური ზღაპრის სცენაზე გასაცოცხლებლად სიმღერის ტექსტები საგანგებოდ ითარგმნა ქართულად და ალან მენკენისა და ჰოვარდ ეშმანის ცნობილი მუსიკის გარდა, სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის რამდენიმე მუსიკალური თემაც შეიქმნა. სცენაზე წარმოდგენილი მოჯადოებული ურჩხულის სასახლეში მსახიობების მიერ გაცოცხლებული ბელი, მორისი, ლუმიერი, გასტონი, კოგსვორთი, ქალბატონი ჩაიდანი თუ მადამ დე გარდერობი ნებისმიერი ასაკის მაყურებელს თავს ნამდვილ ზღაპარში აგრძნობინებენ...

GzaPressლევან გვაზავა, პროექტის ავტორი, მსახიობი:

- გამომდინარე იქიდან, რომ მსახიობთან ერთად მომღერალიც ვარ, ყოველთვის მინდოდა მიუზიკლში როლი განმესახიერებინა. ჩვენი თეატრი დრამატულია და შესაბამისად, მიუზიკლების ფუფუნება ნაკლებად გვაქვს. საახალწლო რეპერტუარის შერჩევისას ამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მიუზიკლიდან რამდენიმე სიმღერა ვთარგმნე. მივხვდი, შეიძლებოდა კარგი ნამუშევარი შეგვექმნა და საკუთარ თავზე მთლიანი მიუზიკლის თარგმნა ავიღე. სიმღერების თარგმნას რამდენიმე სცენის მოფიქრება და თეატრისთვის შეთავაზება მოჰყვა. პროექტი მოეწონათ და ისიც განვითარდა. მუშაობამ დიდ ჟრიამულში ჩაიარა. მიუხედავად სტრესული რეჟიმისა, პროცესს თან საახალწლო, მხიარული განწყობა ახლდა.

- ელოდით იმ ემოციებს, რაც სპექტაკლის მიმართ მაყურებელმა გამოხატა?

- გულწრფელად რომ გითხრათ, მთლად ასეთ რეაქციასაც არ ველოდი. მთავარ პერსონაჟს სიყვარული გადაარჩენს. თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ყველაფერი შეიძლება სასიკეთოდ შეიცვალოს, ნებისმიერი სირთულე გადაილახოს. ამაყი ვარ, რომ დრამის მსახიობებმა ეს გამოწვევა მიიღეს და უფრო მეტიც - თავი ასეთი წარმატებით გაართვეს. მათთვის მიუზიკლის ჟანრში ეს პირველი ნამუშევარი იყო. უდიდესი შრომა გასწიეს ვოკალის თვალსაზრისითაც. ჩემდა სასიხარულოდ, შერჩეული მსახიობები ტიპაჟურადაც დაემთხვა გმირებს. მაგალითად, მე ყოველთვის მინდოდა ლუმიერი ვყოფილიყავი და ჩემს ადგილას სხვა ვერ წარმომედგინა.

- ვანო, როლი იმდენად მოგერგოთ, ნებისმიერ ბავშვს, ვინც სცენაზე გასტონის როლში გნახათ, ამ პერსონაჟის ხსენებაზე ყოველთვის თქვენ გაახსენდებით...

ვანო დუგლაძე, მსახიობი: - გასტონის როლი, მართლაც, "გემრიელად მოსარგები" იყო. საერთოდ, მულტფილმები ძალიან მიყვარს, ეს მულტფილმი კი - განსაკუთრებით. როცა გასტონის ფორმას გადავიცვამ, მაშინვე მულტსამყაროში აღმოვჩნდები და მგონია, ყველაფერი შესაძლებელია. როცა კულისებში გაცოცხლებულ ჩაიდანს, საათს, კარადას, ბელს ვხედავ, თავი ზღაპრის გმირი მგონია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ... ასეთი განცდა აქვს ყველას, ვინც პროცესშია ჩართული და ეს ბუნებრივია, მაყურებელსაც გადაეცემა. სპექტაკლის სანახავად ჩემი შვილის კლასელები იყვნენ მოსული. დასასრულს ემოცია ვერ შევატყვე და გული დამწყდა. მოგვიანებით, მშობლებმა აღნიშნეს, იმდენად გაოგნებული იყვნენ, ემოციებსაც ვეღარ გამოხატავდნენო. მიხარია, ეს ყველაზე დიდი საზღაურია იმ შრომისთვის, რაც ჩვენ ამ სპექტაკლისთვის გავიღეთ...

- გასტონი ბელს ასეთ ფრაზას ეუბნება: "წიგნები ქალების საქმე არ არის, მერე ფიქრს იწყებთ ხოლმე..." როგორია მსახიობ ვანო დუგლაძის კომენტარი ამ ფრაზის შესახებ?

- ყოველთვის ვეწინააღმდეგები ქალებისა და კაცების გამიჯვნას. არსებობენ არა კაცები და ქალები ცალ-ცალკე, არამედ ადამიანები - ერთად. ფიზიკური ძალა არ ნიშნავს, რომ მეტი შეგიძლია. ერთი თუ ფიზიკურადაა ძლიერი, მეორემ შესაძლოა, მას გონებრივი შესაძლებლობებით საკმაოდ მარტივად სძლიოს...

GzaPressთეკლა ჯავახაძე, მსახიობი: - მიუზიკლი ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი, თუმცა ამავე დროს, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ჟანრია. მუშაობის პროცესს თან დიდი სტრესი და ნერვიულობა ახლდა. სპექტაკლზე მხოლოდ ერთი თვე ვიმუშავეთ. უნდა ყოფილიყო ზღაპრული, ადვილად აღსაქმელი და ამავე დროს გამორჩეული, რადგან მოგეხსენებათ, უკვე არსებობს არაჩვეულებრივი მულტფილმი და ფილმი. ბოლო ერთი კვირა ღამეების გათენება მოგვიხდა. რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მხოლოდ ბოლო ერთი კვირა იმუშავა ჩვენთან, რადგან მანამდე დრო ვოკალზე მუშაობამ, სიმღერების ჩაწერამ, ქორეოგრაფიამ, კოსტიუმებმა წაიღო. თითქმის ყველა მსახიობმა თავად შექმნა პერსონაჟი და შემდეგ რეჟისორის დახმარებით ისინი სცენაზე გავაერთიანეთ. ხუთი წელია, ამ თეატრში ვმუშაობ და შემიძლია ვთქვა, რომ საბავშვო სპექტაკლზე ასეთი მასშტაბური გამოხმაურება არ მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არაა, რაც სპექტაკლის პრემიერა შედგა, მაყურებელი რამდენჯერმე მოდის მის სანახავად.

- სალომე, მაყურებლის წინაშე ჩაიდნის საკმაოდ უხერხულად მოსარგები კოსტიუმით წარდექით. როლის გათავისებასთან ერთად, ალბათ, კოსტიუმთან "თანამშრომლობაზეც" ცალკე მოგიხდათ მუშაობა...

სალომე მაისაშვილი, მსახიობი: - დიახ, ასეთი სპეციფიკური კოსტიუმების მორგებას ახლავს გარკვეული სირთულეები. ნებისმიერმა კოსტიუმმა, შესაძლებელია, პერსონაჟის ხასიათის ხაზი შეცვალოს, მით უმეტეს, როცა ნამდვილი კონსტრუქცია გაქვს მორგებული. პრობლემა იყო ისიც, რომ სცენაზე არავის დავჯახებოდი. თანდათან, მოძრაობის ეს ფორმა სიარულის მანერის თავისებურებებს თავად გთავაზობს და ირგებ კიდეც. ასეთი გზა განვლო ჩემი და ჩემი კოსტიუმის თანამშრომლობის პროცესმა (იცინის). ამ სპექტაკლმა სამი არც ისე მარტივი კომპონენტი - სიმღერის ჩაწერა, ქორეოგრაფიული და დრამატურგიული მხარე გააერთიანა. ეს სამი კომპონენტი ერთად მანამდე ჩემთვის უცხო იყო. თითოეული როლის შემსრულებლის შესახებ გამოხატულმა შეფასებებმა, საბედნიეროდ, მოლოდინს ბევრად გადააჭარბა...

რატი ნავაძე, მსახიობი: - უხეში და მოუხერხებელი კოსტიუმები, ბუნებრივია, თავდაპირველად დისკომფორტს ქმნიდა. თუმცა, მსახიობის ოსტატობა როლის რთულ პირობებში მორგებას და მაყურებლისთვის მის სრულყოფილად წარდგენასაც გულისხმობს. ამ სპექტაკლით თეატრმა კარი ახალ ჟანრს გაუღო და ვფიქრობ, კარგი "მასპინძლობაც" გასწია. ეს იქნება სპექტაკლი, რომელიც მაყურებლის მოწონებას ხანგრძლივად დაიმსახურებს, წლები ვერ გაახუნებს და მსახიობს ვერ დაღლის საიმისოდ, რომ როლი გულგრილად შეასრულოს... საერთოდ, მსახიობები სპექტაკლის შეფასებისას ყველაზე კრიტიკულები ვართ. მიუხედავად ამისა, დასმა ერთხმად აღიარა, რომ სპექტაკლი შედგა. ჩემმა შვილებმა სპექტაკლი უკვე მერვედ ნახეს... ეს კი, დამეთანხმებით, სპექტაკლის შესაფასებლად კიდევ ერთი საკმაოდ სერიოზული საზომია...

GzaPressშალვა ანთელავა, მსახიობი: - ურჩხულის როლზე ჩემი შერჩევა გამიკვირდა, რადგან ვიცოდი, რომ მიუზიკლი იდგმებოდა, ჩემი ვოკალური მონაცემები კი, მიუზიკლის დატვირთვას არ შეესაბამება. შემოთავაზება ძალიან გამიხარდა, რადგან ურჩხულის თამაში საინტერესოა. უნდა გახსნა და სწორად გამოამჟღავნო მისი ასეთი რთული შინაგანი სამყარო, მით უმეტეს, რომ სახეც კი არ უჩანს. ამის გამო ვნერვიულობდი, თუმცა, მაყურებელმა სპექტაკლი სწორად, ემოციურად აღიქვა. ურჩხული სიყვარულმა გადაარჩინა, გარდაქმნა, მოათვინიერა. სიყვარული ხომ ნებისმიერ ადამიანს სასიკეთოდ ცვლის, ბევრად უფრო გულთბილს, კეთილს, ჰარმონიულს, გულისხმიერს ხდის!

თამარ ტყემალაძე, მსახიობი: - ჩემი კოსტიუმი, გარდერობი ზუსტად ისე მოვირგე, როგორც ეტლი ეტლით მოსარგებლემ. სცენაზე დაჯახების რისკი ნაკლები იყო, რადგან გარდერობი იმდენად დიდია, ყველა მერიდება და ცდილობს გზა დამითმოს... მიუზიკლზე პირველად ვიმუშავე. ვფიქრობ, თუ ამ ჟანრში კიდევ მომიწევს მუშაობა, თავს ბევრად უკეთ გავართმევ.

შორენა ლაბაძე