თათია კობალაძის თავს გადახდენილი სასწაული და დაძლეული სირთულეები - გზაპრესი

თათია კობალაძის თავს გადახდენილი სასწაული და დაძლეული სირთულეები

მომღერალი თათია კობალაძე საზოგადოებამ სხვადასხვა პროექტიდან გაიცნო. ყველაზე დიდი წარმატება მას ქართულმა და უკრაინულმა "X ფაქტორმა" მოუტანა; ნანობს, რომ უარი თქვა "ამერიკული ოცნების" ახდენაზე, თუმცა, სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს და კვლავ უცხოურ კონკურსებთან დაკავშირებით. ამჟამად, ის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს, ახალ სიმღერებს კი ბენდთან ერთად ამუშავებს. თათია თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე გვიამბობს: თუ რა ტკივილი მიაყენა მამამ, რომელსაც მისი წარმატების არასოდეს სჯეროდა და როგორ იხსნეს ხატებმა რეანიმაციაში მყოფი ფეხმძიმე გოგონა ნაყოფის დაკარგვისგან...

"7 წლის ასაკში პირველი გრან-პრი ავიღე"

- ჩემმა ქალაქმა - ბათუმმა მომცა პირველი ბიძგი მუსიკალური მიმართულებით და პირველი ნაბიჯებიც სწორედ იქ გადავდგი. 7-8 წლამდე იქ ვცხოვრობდი. ბევრი დარტყმა მიმიღია ცხოვრებაში, თუმცა, ბათუმი მაინც ძალიან კარგ მოგონებებთან ასოცირდება. მუსიკასთან შეხება 3 წლიდან მაქვს, ბებოსა და ბაბუსთან ერთად ვიჯექი ხოლმე და მამღერებდნენ - ჰამლეტ გონაშვილის სიმღერას სამ ხმაში ვშლიდით, ბებო პირველ ხმას გვაძლევდა, მე - მეორეს, ბაბუ - ბანს და თან ფანდურზე უკრავდა. მუსიკალურები იყვნენ და ალბათ, მათი ნიჭი გამომყვა რაღაც დოზით. დიდ სცენაზე წარმატება 7 წლის ასაკში მეწვია - პირველი გრან-პრი ავიღე.

ბათუმის კონსერვატორიაში დავდიოდი და თბილისში გადმოსვლის შემდეგ, 21-ე სამუსიკო სკოლა დავამთავრე. ასევე, კონსერვატორიასთან არსებული "ნიჭიერთა ათწლედი", ვოკალურ-საესტრადოს განხრით. მოკლედ, ცხოვრებაში თუკი რაიმე მაქვს გაკეთებული, ყველაფერი მუსიკის მიმართულებით და სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. უცხოეთში კონკურსებზე გამოვდიოდი, უკრაინაში წავედი - გრან-პრი ჩამოვიტანე, ბულგარეთიდან - პირველი ადგილი.

GzaPress"მამა თვლიდა, რომ ვინცსცენაზე დგას და მღერის, ყველა ცუდი ყოფაქცევისაა..." - პატარა რომ ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რა იყო შოუბიზნესი. მამა იყო წინააღმდეგი, არ უნდოდა, სცენაზე ვმდგარიყავი. თვლიდა, რომ ვინც სცენაზე დგას და მღერის, ყველა ცუდი ყოფაქცევისაა. მისი სიტყვებიც, წასვლის წინ, სწორედ ეს იყო: თქვა, რომ ჩემგან არასოდეს დადგებოდა ნამდვილი მომღერალი და დედაჩემის ის ნაბიჯი, რომ სულ უკან დამყვებოდა, ფუჭი იქნებოდა, ამას ინანებდა. თუმცა, ვფიქრობ, დღეს სანანებელი მას უფრო აქვს. მე მასთან ამის შემდეგ არანაირი კონტაქტი არ მაქვს. ალბათ, არც მას უნდოდა და რომც მოენდომებინა, მისი ეს სიტყვები იმდენად კარგად მახსოვს, მაინც არ მივიღებდი.

- როგორ ფიქრობ, ნანობს თავის საქციელს?

- ალბათ, არ ნანობს. ჩემთან არასოდეს დაურეკავს და არ უთქვამს, - ბოდიში, მე შევცდიო. უკრაინის "X ფაქტორში" რომ გამოვედი, ბათუმში ჩემმა დამ დაინახა, ფოტოებიდან იცნო და დედას ჰკითხა, - ის ხომ რამაზიაო?! ძმაკაცებთან ერთად მდგარა, გამოუხედავს, დედაჩემი და ჩემი და უცნია, მაგრამ წასულა. ჩემი და ტირილით მივიდა იმ ადგილას და იკითხა, ეს რამაზ კობალაძე იყოო? დაუდასტურეს, კიო. ჰოდა, შვილებისგან მოკითხვა გადაეცითო... გაუკვირდათ, რა შვილები და რომელი მეუღლეო? მას ახლა მეორე მეუღლე ჰყავს, შვილებიც. მერე იმ ბიჭებს ჩემი ფოტო უჩვენეს, დროშა რომ მიჭირავს და გაჰკვირვებიათ, - კადრებს რომ ვუყურებდით, ამ გოგონაზე სულ ვლაპარაკობდით, - რამაზ, ნახე, შენი მოგვარეა, რა მაგარი გოგოაო და ერთხელ არ დასცდენია, რომ შვილიაო... რომ ნანობდეს, ალბათ სხვაგვარად მოიქცეოდა... თუმცა, ზუსტად ვიცი, ამას ინანებს. ზოგადად, სიბერე ყველას მიადგება კარს.

- აპატიებთ?

- არა. თვითონაც მშობელი ვარ და ძალიან მიკვირს, ჯერ საერთოდ შვილზე როგორ უნდა თქვა უარი და მით უმეტეს, ასეთი რამ უთხრა. ჩემი და პატარა იყო და არაფერი ახსოვს. აქ რომ ჩამოვედით, ერთხელ დარეკა სახლის ტელეფონზე, 9 წლის ვიქნებოდი. რამაზი ვარო, მითხრა. შენთან საუბარი არ მინდა-მეთქი, - და გავუთიშე. ჩემი ეს რეაქცია გასაგები იყო. იმდენი წლის განმავლობაში მცდელობა მაინც უნდა ჰქონოდა ნახვის, მაგრამ არც კი უცდია. მისმა ახლანდელმა მეუღლემ ძალიან კარგად იცოდა, რომ მას ოჯახი ჰყავდა.

13 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ზაფხულში ბათუმში ჩავდიოდით დასასვენებლად და ჩემი მომავალი მეუღლე იქ გავიცანი. 13 წლის ვიყავი და რატომ გადავწყვიტე გავყოლოდი, არ ვიცი. 5 წლით უკრაინაში მიშვებდნენ სასწავლებლად, იქ უნდა მესწავლა, უფასო სასწავლებელში ჩამრიცხეს - კიევის კონსერვატორიაში. 5 წლის შემდეგ სრულწლოვანი ვიქნებოდი და რომელიმე ფაკულტეტსაც ავირჩევდი. ეს რომ ავთოს ვუთხარი, გადავწყვიტეთ, არ წავსულიყავი. დაახლოებით 3 თვის გაცნობილი გვყავდა ერთმანეთი. ავთო 18-ის იყო და შესაძლოა, ის უფრო აცნობიერებდა რაღაცებს, მაგრამ არც ერთს არ გვიფიქრია, რა მოჰყვებოდა ამ ნაბიჯს. ძალიან მიყვარდა და დღემდე ასეა! დედაჩემი 16 წლის ასაკში გათხოვდა და ყველა ამბობდა, - თათიასაც ისე დაენგრევა ოჯახი, როგორც დედამისს და მერე რა ეშველებათო. 13 წელია, ერთად ვართ მე და ავთო, ორი შვილი გვყავს - 9 წლის ლევანი და 5 წლის ნინი.

კიევში საცხოვრებლად ვეღარ წავედი, თუმცა, ჩემს გათხოვებას კარიერაში ხელი არ შეუშლია. პირიქით, ავთო ეძებს, ჩემი კარიერისთვის რა არის უკეთესი, კონკურსებს იძიებს, მეხმარება - ანკეტების შევსებაში, გაგზავნაში. ერთად წასვლის საშუალება არ გვაქვს და კასტინგზე მარტო მიშვებს, ნდობის ამბავია ყველაფერი.

"X ფაქტორიდან" თამთამ გამიშვა" - უკრაინაში "X ფაქტორში" რომ გამოვედი - 2015 წლის 25 სექტემბერს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს. იქ თითქმის ფინალამდე მივედი. მერე ჩამოვედი საქართველოში და მეგონა, აქ გზა გამეხსნებოდა, მაგრამ... ისევ არაფერი. ჩემს ქვეყანაში ისევ არავის ვჭირდები... ოთხი სკამის ტურზე ჩემი მაქსიმუმი "დავდე", არც ერთი ნოტი და ბგერა არ შემშლია, ზუსტად იმ ემოციით ვიმღერე, რა ემოციაც სჭირდებოდა, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, უცებ თამთამ ამაყენა და გამიშვა. მართლა შოკში ვიყავი...

რა თქმა უნდა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, ძალიან დამეხმარნენ, განსაკუთრებით, სოფო ტოროშელიძე, მანანა მორჩილაძე. უმაგრესი ადამიანები არიან და ყველანაირად ხელს გიწყობენ, რომ შენი სტილის სიმღერა შეგირჩიონ, თავი კომფორტულად იგრძნო. მათი დიდი დამსახურებაცაა, რომ მე სხვა ჟანრსაც მოვკიდე ხელი.

GzaPress "კალიფორნიიდან მქონდა შემოთავაზება და ვნანობ, რომ უარი ვთქვი" - კალიფორნიიდან მქონდა შემოთავაზება და რატომღაც, თავი შევიკავე. ერთწლიან კონტრაქტს მიფორმებდნენ, ოჯახიც თან მიმყავდა, მაგრამ ვერ გავრისკე, შემეშინდა, ბავშვებს სკოლაში არ გასჭირვებოდათ. იქ ბენდთან უნდა მემუშავა და შტატიდან შტატში კონცერტები ჩაგვეტარებინა, ცოცხალი შესრულებით. ბინის ქირას, ყოველთვიურ ხელფასს, სკოლის საფასურს გადამიხდიდნენ. არ ვიცი, რამ შემაკავა. ახლა ვნანობ, რომ უარი ვთქვი. მაშინ ცოტა უფრო მეტად მაღალანაზღაურებად რესტორანში ვმუშაობდი და მეგონა, სულ ასე იქნებოდა. თურმე, სად ვარ. შეკვეთით მუშაობა ძალიან არ გვსიამოვნებს, იმის მღერა გვიწევს, რაც არ მოგვწონს. ამ დროს მინდება, ქვეყნიდან გავიქცე.

"შავებში ჩაცმულმა ქალმა ხატები ბალიშის ქვეშ დამილაგა" - მეორე შვილზე ფეხმძიმობისას ამებიაზი დამემართა, ყველაზე რთული ფორმა. 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი. ეს კუჭის სიმსივნის მსგავსია, თითქმის ანალოგიური პროცედურები ჩამიტარეს, რასაც სიმსივნის დროს უტარებენ - ქიმიები და ა.შ. კუჭის საშინელი ტკივილები მაწუხებდა, ოღონდ ყურადღებას არ ვაქცევდი, ჩვეულებრივი რამ მეგონა და უკვე გაუსაძლისად რომ ამტკივდა, ექიმთან წავედით. მეუღლემ კლინიკაში მიმიყვანა და მომენტალურად ვიგრძენი გაბუჟება, გავითიშე. გადარჩენის შანსი 10 პროცენტიც არ იყო, არც ჩემი, არც - ბავშვის. დამაჩქარებლები უნდა გაეკეთებინათ, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე, - არაფერი მოგვივა-მეთქი. ბოლოს, თირკმელი გამეთიშა და ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ მერე რაც მოხდა, შესაძლოა, ახლა ვინმემ არ დაიჯეროს. ვთვლი, რომ ნინი მართლაც ღმერთის საჩუქარია და გეტყვით, რატომ: რეანიმაციაში ვიწექი. უცებ ვიღაცამ კარი გააღო და შემოვიდა შავებში ჩაცმული მოხუცი ქალი... არადა, ვიცოდი, იქ ყველას არ უშვებდნენ. მკითხა, ხატები ხომ არ გინდაო, მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი, ვერ ვპასუხობდი. მოვიდა, ბალიშის ქვეშ რაღაცები დამილაგა და წავიდა. ხატები უჩუქებია. ამის მერე, დაავადებამ უკან დაიხია და ჩემი მდგომარეობა წინ-წინ წავიდა. სასწაული მოხდა. ექიმები ბავშვზე მეუბნებოდნენ, რაიმე დეფექტი აუცილებლად ექნება, ამდენი გადასხმის, წამლების, ამ დაავადების მერე, ჯანმრთელი ვერ დაიბადებაო. ის ხატები დღესაც სახლში მაქვს, ერთ-ერთი ხატი მანანა მორჩილაძეს ვაჩუქე. ერთი წმინდა ნიკოლოზის ხატი იყო, მეორე - ღვთისმშობლის. ვთვლი, რომ ზუსტად იმ ხატებმა გადამარჩინა. ყველას ვეკითხებოდი, ვინ იყო ის ქალი, რანაირად შემოაღწია-მეთქი იქ, როცა არავის უშვებდნენ, ოჯახის წევრების გარდა. არავინ არაფერი იცოდა. ვთვლი, რომ ღმერთმა გამომიგზავნა ანგელოზად. ეს ალბათ, გამოცდა იყო ჩემთვის - ჩავიდენდი თუ არა იმ ცოდვას, რისკენაც ექიმები მიბიძგებდნენ. ნინი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ზუსტად ვიცოდი, არაფერი დაემართებოდა!

- როგორ გააგრძელეთ ცხოვრება ამის შემდეგ?

- ჯერ კატასტროფულად გავხდი და მერე კატასტროფულად გავსუქდი. წამლების სმა შევწყვიტე. ვთქვი, უფალი ჩემთანაა და არაფერი მომივა-მეთქი - ღმერთს ცუდი რომ ნდომოდა, მანამდე წამიყვანდა. ახლა ყველანაირ მედიკამენტს შევეშვი და თავს მშვენივრად ვგრძნობ! რეაბილიტაციაც კი არ ჩამიტარებია. ყველაფერი კარგადაა, მადლობა ღმერთს.

მუშაობა ბენდთან ერთად - ახლა ბენდთან ერთად, ახალ რეპერტუარზე ვმუშაობ. ბენდი "ფოლკა" - ფოლკლორსაც უკრავენ, მაგრამ ქავერებს - სასწაულად. რესტორანში ყოველ საღამოს ვმუშაობ. ვთვლი, რომ მომღერალი მხოლოდ რესტორნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და სწორედ ამიტომ ვცდილობ, ბევრი რამ ვაკეთო. ოღონდ, ჩემს ქვეყანაში აღარ. უფრო უცხოეთის კონკურსებზე ვაპირებ წასვლას.

თამთა დადეშელი