"ისეთ გოგოებს ვაკეთებ, ანგელოზთ დანაფერასა" - გზაპრესი

"ისეთ გოგოებს ვაკეთებ, ანგელოზთ დანაფერასა"

კაფია და გალექსებები, რომლითაც ფშავ-ხევსურეთია ცნობილი, თითქოს დავიწყებას მიეცა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, გასულ წელს გიორგი შავგულიძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პუბლიცისტმა გუჯა შვანგირაძემ ითავა კაფიის საღამოს ორგანიზება, თუმცა ამას სისტემატური ხასიათი ვერ მიეცა. ახალგაზრდა თაობისა და ბევრი ჩვენგანისთვისაც რამდენიმე კლასიკური ნიმუშის გარდა, კაფია და ხალხური სიტყვიერების ნიმუშები უცნობია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რამდენიმე მათგანი ჩვენი ჟურნალის საშუალებით გაგაცნოთ.

შოთა ქუმსიაშვილი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია, სოფელ ქვემო ქედში ცხოვრობს. აღარც ახსოვს, როდიდან წერს კაფიებს. სიტყვა უჭრის, თუმცა, ამის მიუხედავად, მთხოვა, ბევრი არაფერი დაწეროთ ჩემზე, დიდი მოლექსე არ ვარო:

GzaPress- მოკაფიავეს, პირველ რიგში, საღი და სხარტი გონება სჭირდება და რა თქმა უნდა, რითმის გრძნობა. ფშავლების ისტორიას არ ახსოვს უტვინო მოლექსე, ასეთი კაცის ნათქვამი მისივე მსგავსი გამოდიოდა და მალევე ივიწყებდა ხალხი. დაუწერელი წესია, რომ დამარცხება არ უნდა გეწყინოს და თუ გაიმარჯვებ, არც სიხარული უნდა შეიმჩნიო, დამარცხებულს პატივი უნდა სცე, გაამხნევო და შეაქო კიდეც. რითმა არ უნდა გაიმეორო, არც შენი და არც მეტოქის, სარითმო სიტყვას ჩვენ ყუვს (ნაწარმოებია სიტყვიდან "ყუა") ვუწოდებთ. ერთხელ რომ ითქმება, მეორედ ვერც ერთი ვეღარ იტყვის, თუ იტყვის - დამარცხებულად ითვლება. იმ შემთხვევაში, როცა მეტოქეზე უკეთესს ვერაფერს ამბობ, მაშინ სხვები გეტყვიან, თითი მოკაკვეო, ანუ დამარცხება აღიარეო. ამ კაფიაში, რომელსაც ახლა გეტყვით, წესებიც დაცულია და მოლექსეების ეთიკაც კარგად ჩანს. ამას წინათ სოციალურ ქსელში წავიკითხე, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ევოლუციური ნეიროქირურგიის კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ რობინ დანბარის განცხადებით, მამაკაცთათვის კვირაში სულ მცირე ორჯერ მაინც, 4 მეგობარ მამაკაცთან ერთად დათრობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და ჯანმრთელობისთვის ერთობ სასარგებლოაო. ამ ინფორმაციას ქალების გასაგონად თან კომენტარიც მივაყოლე: აჰა, ესეც მე ვარ? ახლა ხომ გაიგეთ, რომ სასმელს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ვსვამთ კაცები, თორემ რისი თრობა, რა თრობა-მეთქი? მიშა ღანიშაშვილმა მაშინვე კაფია დამიწერა, რაზედაც პასუხი მიიღო და დამარცხებაც აღიარა, თუმცა თვითონაც არაერთხელ უჯობნია ჩემთვის კაფიაობაში. მოკლედ, აი, ეს კაფიაც: "ლოთებს ადვოკატ გაუჩნდა,/ ინგლისელ რობინ დანბარი./ ოქსფორდის პროფესორია,/ სუ მოვლილი აქ მთა-ბარი./ კვლევები ჩაუტარებავ/ და ახლა როგორ მაგარი,/ ამტკიცებს: ორგანიზმისთვის/ ალკოჰოლია მთავარი!/ კაცებმ ჯგუფებად უნდა სვან,/ სიმრთელის არის წამალი,/ რეცეპტ ქალებზე არა სჭრის,/ ისეც არიან ფრთამალი./ გახარდა ქუმსიაშვილი,/ უცხონა პაპა-მამანი,/ ლოთს ლოთის რჩევა ურჩევნავ/ ჩაიქირქილებს მავანი". მე ვუპასუხე: "სადაც კი ბრტყელი ქვა ნახე,/ გაშალე ღვინო-ქადანი,/ შენ და თეთრაულს გიყურეთ,/ კარგი კი გიჩანთ მადანი,/ ილტოს ხეობით დაძრულებს,/ არ მიგიციათ "ზადნანი"./ შენ ვის ლოთობა რა გიკვირს,/ რად რა ასტეხე კაკანი,/ ერთ ჭიქას არ აიცილებ,/ შუბლზედ რო გედვას ნაგანი!" მიშამ თქვა, შოთას პასუხი, ქვას რომ გახეთქავს, ისეთი იყო, ფინალური სტრიქონებით მართლაც მოსწრებულად მომიჭრა სიტყვა და წაგებას მყისიერად ვაღიარებო: "დავმარცხდი, ვეღარას ვიტყვი,/ მამწონ პასუხი ამგვარი,/ აჰა, კაფია! ლექსობის/ ა, სიღრმე, ძმაო, ა, განი!"

GzaPressფშაველი ილია იარაჯული პროფესიით ელექტრიკოსია, გვიან ასაკში დაუწყია ლექსებისა და კაფიების წერა. მისი შაირობა მურმან ცოცხალაშვილთან ძალზე სახალისოა. მურმანიც ფშაველია, ამჟამად თიანეთში ცხოვრობს:

"სად რა ხარ, ცოცხალაშვილო,/ სად რა დანაყე გონია,/ ოთხ ათეულ წელს რო ითვლი,/ ბალღობა ხო არ გგონია,/ ისე გაგირბენს ე წლები,/ რაკეტა მონაგონია,/ მერე დაჯე და იტირე,/ ნეტა, რა ჭირად მქონია!/ შენფერა ბერბიჭეები,/ ათ თეთრად ასაწონია,/ დრო აღარ იცდის, იხილე,/ ზესტაფონი და ხონია,/ თიანეთიდან რო გაგყვეს,/ ქალი, მე არა მგონია".

მურმანი:

"შენ რო გყავ,/ სახლშია გიზის?/ ვითომაც არა მგონია,/ აქედან იტალიამდე,/ რო მიწვდე, არა მგონია,/ დააყე ერთი ადგილი,/ შენთვი აქ რაღაც მქონია,/ იქნებ და ენა ჩაგიგდო,/ წკმუოდე, როგორც ბროლია".

ილია:

"მყავდა და ისევაცა მყავ,/ ჩემი ძვირფასი ცოლია,/ თავს მამაბეზრებს, გავუშვებ,/ ვითომც და არა მყოლია,/ არ ვათქმევინებ არც ვისა,/ იმპოტენტი და ყროლია,/ შენ თავს მიხედე, ბეჩაო,/ ბერდები როგორც გნოლია,/ მუდამ აქა-იქ ძრომამა,/ უნდა შაგჩაროს სოლია./ დაგღუპავს ეგეთ ფიქრები,/ ყვავად იქცევი თოლია,/ რათ არ გბეზრდება, ნეტაი,/ სუ მუდამ სუფთა სტოლია,/ როდამდე უნდა გპურ-წყლავდეს,/ შენ მეზობელი კოლია.../ იტყვიან, იყო ერთ კაცი,/ არ იღირსაო ცოლია,/ მარტო იქითკენ იწევდა,/ საცა ჩქამობდა დოლია./ ქვეყანამ იცის, საბრალოვ,/ რად არ გინდა ცოლია,/ ჩემ კბენას თავი ანებე,/ შხამი ნუ შამოგწოლია,/ ტლიკინს გერჩიოს იშოვნო,/ ლოგინში ჩასაწოლია".

მურმანი:

"ნეტაი გააგებინა,/ ქმარად როგორი ჰყოლია,/ მერე გაიგებ, ბეჩაო,/ ვის გაერჭობა სოლია,/ გნახავ, რო შემომჩიოდე,/ რად მოვიყვანე ცოლია./ მისმინე, გონჯი ენისავ,/ ჩემ ნათქვამ გაიგონია,/ შენ ე "ზადნიცის" თამაში/ სპორტი ხო არა გგონია?/ ვისაც ლოგინში ჩაიწვენ,/ ყველა თუ გახდა ცოლია,/ მერე იქნება ამბები,/ საცირკოდ მოსაყოლია".

ილია:

"ნეტაი, წყალს რათა ვნაყავ,/ ყროლს რისთვინ უნდა ცოლია,/ პირველი მისახედავი,/ შენთვი ბატკნების დოლია,/ შენფერა სულელი კაცი,/ ყოველთვის ჩასაქოლია".

GzaPressმურმანი:

"ნეტაი, მამცა დუქარდი,/ საქმე ვქნა გასაგონია,/ ეგ მწკლარტე ენა მოგაჭრა,/ კუჭამდე ჩასაყოლია,/ დაგირჩებოდა უქმადა,/ ჯამ-ჭურჭელი და "სტოლია",/ სტუმარი მაინც არ გიყვარს,/ წყალსა ხარ გასაყოლია".

დაბოლოს, კარგ განწყობაზე დაგაყენებთ გუჯა ბიძიას, შორენა ხორნაულისა და ილია იარაჯულის ერთმანეთში კაფიაობაც. შორენა ხორნაული პროფესიით ჟურნალისტი და ეკონომისტი გახლავთ, თუმცა ამჟამად ტურისტულ სფეროშია დასაქმებული. 17-18 ასაკიდან წერს. ხევსურია და როგორც ამბობს, ფშავლებს სიტყვა-პასუხში არ ჩამოუვარდება.

გუჯა ბიძია:

"რაზედა კარგავთ დროსა და,/ რაზედ იქაფავთ ენასა,/ კაფია გეთქვათ, გერჩივნათ,/ ურითმო სიტყვის დევნასა".

შორენა:

"ამათ ნადევნი სად ნახე,/ მარტო იფხანენ ენასა,/ ღუმელთან კოტრიალობენ,/ გადაჰყვნენ მუცლის გვრემასა".

ილია:

"ნეტაი, გასჩუმდებოდე,/ არ ასწავლიდე ყველასა,/ ჩვენ საქმეს თავად მოვუვლით,/ არ ვსაჭიროებთ სმენასა./ სუყველგან ნუ წაეჩრები,/ სწლაპავ ორტოტა ენასა,/ ვიცი, შენ რაც არ გასვენებს,/ რაც გაწყებინებს ღრენასა".

შორენა:

"შენნაირ მწარე ლუკმები,/ მაწყებინებენ ხველასა./ ვიცი, რო მარტსა ჰგულისხმობ,/ შენ კი არ შეგთხოვ შველასა./ არც ისე გასაჭირი მაქვ,/ კალთებს ვახევდე ყველასა".

გუჯა ბიძია:

"ილია, ვხედავ, კი დაფრთხი,/ ფენა დაადე ფენასა,/ ტყვია გერჩივნა, გეტყობა,/ შორენას გამოჩენასა".

შორენა:

"დაფეთდა ილო ბატონი,/ ადგილებს ეძებს ბნელასა./ მოკუნტულ პირჯვარს დაიწერს,/ შველას გამოსთხოვს ზენასა".

გუჯა ბიძია:

"მე სხვებსაც მივულოცავდი,/ მშვიდობით გადარჩენასა".

ილია:

"შორენას მოსვლა მალაღებს,/ უნდა გაუწყოთ ყველასა,/ ამდენ ხან ნამარხულევსა,/ მარტო ეგ მომგვრის ლხენასა,/ ჩემთან მშვიდობას ვურჩევდი,/ განა თუ კბენა-ბწკენასა,/ ისეთ გოგოებს ვაკეთებ,/ ანგელოზთ დანაფერასა".

შორენა:

"სიზმრადაც ვერა რას დამკვლევ,/ ტოტებს ნუ იქნევ ხმელასა./ ისევე მიწას ვეჭმიო,/ გარყვნილ ბებერის ცქერასა".

ილია:

"მე მაინც ჩემსას ვეცდები,/ ღამეს დავუცდი ბნელასა,/ ისეთა საქმეს ვაპირებთ,/ ნუ ვაგებინებთ ყველასა,/ შენი ვალია "არა" სთქვა,/ "ჰო" თუ აგიწევს წნევასა,/ უსურვაზივით დაგიხვევ,/ საქმეს ჩავიდენ ძნელასა".

შორენა:

"ამყაყებული ბებერი,/ სხვა ვერა ფიქრობს ვერასა".

ილია:

"ეხლა ისეთა ვიდზე ვარ,/ მოვეწონები ყველასა,/ შთამომავლობას დაგირჩენ,/ არვინ დამიწყებს წყევლასა,/ ცხოვრებას სხვას რას გამოვრჩე,/ მადლი ჩემ ბედისწერასა".

შორენა:

"რო წაგიგდია მყრალ ენა/ და არ გვაშორებ მზერასა,/ თურმე ზიხარ და მარხულობ,/ ლამის იხვეწნი შველასა./ ნეტაი, შენ ვინ განახებს,/ ხუთ-ხუთ რო ებას ყველასა".

ილია:

"მაგას თუ მე მეუბნები,/ პასუხს არ გაგცემ გრძელასა,/ ათიც რო ებას არ მინდა,/ ვასწავლი გასასვლელასა".

შორენა:

"გრძელი სიტყვები არ უნდა,/ ისეც ეტყობა მქნელასა".

ილია:

"გული არ დაგწყდეს ამ ჯერზე,/ თუ გაეწიე ვერასა".

შორენა:

"აგრემც უთქვიათ ძველებსა,/ უბეს რა უნდა გველასა".

ნინო ჯავახიშვილი