საბანკე ძროხა გურიაში - გზაპრესი

საბანკე ძროხა გურიაში

ნინო კვაჭანტირაძე პროფესიით ჟურნალისტია. საინტერესო ამბებს გურული იუმორითა და სიხალასით მოგვითხრობს და სოციალურ ქსელში არაერთი მკითხველიც ჰყავს.

დედის ლოცვა

"დღეს ვნახე, საავადმყოფოს პალატაში მაღალ საწოლზე მოხუცი ქალი იჯდა, გამჭკნარი ფეხები ნაჭრის თოჯინასავით ჩამოეყარა. ექიმს ელოდა. წუხდა, ღამდება და სახლში წასვლა როგორღა შევძლოო. ერთი კვირის წინ ფილტვების ანთებით სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემოუყვანია. სახლიდან არც მაშინ მოჰყოლია ვინმე და არც მერე მოუკითხავთ, საჭმელს ექიმი და ავადმყოფები აწვდიდნენ. შვილები მყვანან, შვილიშვილებიც, ჩემს აშენებულ სახლშიც ცხოვრობენ მეორე სართულზე, მე ქვევით ვარ, მაგრამ არ მკითხულობენ, ეგრე ვაგდივარ, ეგრე შემატოვეს ამ სოფელ-ქვეყანასო, - თქვა და დააყოლა, - ნეტა, პენსიები ხო ჩაირიცხა? ჰოოო, ახლაც რო მივალ, დავწვები, ხვალ მეზობლის ბიჭს ვთხოვ, სადმე შეშა მაყიდვინოს. უჯიგრო თუ ხარ, გინდ შვილი იყოს და გინდ შვილიშვილიო... მერე იქვე გადაფენილ მოსაცმელს დასწვდა, ჯიბეში "სალფეთქში" გახვეული ლობიანის ნაჭერი შეამოწმა, გაქექილი საფულე ამოიღო, პატარა წიგნი ამოაყოლა, გადაშალა, თვალებთან ახლო მიიტანა, თითქოს პირველად ხედავსო და კითხვა დაიწყო. წიგნს მარიამ ღვთისმშობელი ეხატა და ეწერა "დედის ლოცვა"...

გურული იუმორი "იძულებული ვარ გაგიმხილოთ, სახლში მყავს ოთხი პირწავარდნილი გურული - დედამთილი - ლამარა გოგიბერიძე, მამა - ვასიკო კვაჭანტირაძე, დედა - დარუხანა ცინცაძე და შვილი - ვაკო ახალაძე. არც ერთი უჩივის იუმორის უქონლობას, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ თვითონაც არ იციან, მე კი დროდადრო ვიწერ მაგათ "მარგალიტებს". ჰოდა, უკვე იმდენმა "აბდლობამ" მოიყარა თავი, რომ რომანი უნდა დავწერო - "მე, ვასო, დარო, ლამრო და ვაკო". ეს ამბები ბოლო ორი დღისაა და კი მიხვდებით, რა გაუსაძლისიც მჭირს.

დედაჩემმა ტელევიზორში ყური მოჰკრა - ქვეყანაში 600 ათასი ჭარბვალიანი იყოო და გაკვირვებულმა გამოაცხადა: დედა, რამდენი ყოფილან და არც გამიგონია აგი გვარიო. რაის გვარი? - ჰკითხა მამაჩემმა. რაის გვარი და, ჭარბვალიანიო..."

რატომ დაუჭირეს გურულებმა მხარი სალომე ზურაბიშვილს "გურიაში აგიტატორმა ნოდარიას უსაყვედურა - ბიჯო, სალომე ზურაბიშვილს რეიზა მიეცი ხმაიო? რეიზა და, პრეზიდენტიც სალომე იქნება, პირველი ლედიც და მხედართმთავარიც, აბა, ვაშაძიზა რომ დემეჭირა მხარი, პრეზიდენტი მაი იქნებოდა, პირველი ლედი მისი ცოლი, მხედართმთავარი მიშა და ამდენი სული ჩვენი შესანახი იქნებოდა, შენ აბდალაო..."

დედ-მამის შეხუმრებები "თქვენ რთული ავადმყოფი ბრძანდებით, - უთხრა მამაჩემს ექიმმა. მეორე დღეს დედაჩემს რაღაცის გამო უსაყვედურა - ჯინიანი ხარ, ჯინიანიო. დედაჩემს საამისო პასუხი უკვე მომზადებული ჰქონდა: ჯინიანი კი არა, რთული და ავადმყოფი კაცი რომ ხარ, ექიმიც 5 წუთში მიხვდა და მე 58 წელია ვიცი მაგი ამბავიო...

ვხედავ, დედაჩემი ხალათს წვალებით იხდის. რას შვები, დედა, წვები? არა, არ ვწვები, ვძვრები. სად ძვრები, ადამიანო? ხალათში შევძვერი და ახლა უკან უნდა გამოვძვრე, ნამეტანი დამცხაო.

დედაჩემი კვების განსაკუთრებულ რეჟიმზეა დიაბეტის გამო. სადილზე დიდი ულუფა გადმოიღო და მამაჩემმა შეახსენა: რას შვები, აგი სულ შენ უნდა შეჭამოო? არა, ვასიკო, ხომ იცი, მხედველობა აღარ მივარგა და თვალი მატყუებს. - თვალი კი გატყუებს, მარა პირიც ხომ არ გატყუებს? - დეიღუპა საცხა შენი თავი, აწი მე ყველაფერი მატყუებს, მარა შენ არ შეიმჩნიო, აგერ არ მყავხარ კონტოლიორი?.."

- უუუფ, მოვკტი კაცი, სული ამომაძვრეს ამ კოღოებმა, თქვა მამაჩემმა და ბეჭზე ნაკბენის ფხანა განაგრძო. შენ სული სხვა არაფერმა ამოგაძროს და მაი კი იფხანე, მეტი რა გაქ საქმე, - დაამშვიდა დედამ.

- ვასიკოო, იცოდე, ჯერ მე არ ვკტები, - ეუბნება დედა მამას. სიზმარი ნახე? - ეკითხება მამა. სიზმარი არ ვნახე, მარა, შენ სანამ აქით ხარ, მე იქით ვერ წავალ, ვერ დაგტიებ...

მთელ სოფელში 3 ძროხა დეიარება და ხან ერთის ბაგაშია დამბული და ხან მეორისაში, ბანკიდან სესხის გამოტანა რომ უნდათ, კრედიტების ოფიცერი თუ პოლკოვნიკი რომ მუა შემოწმებაზე, იმას უნდა დაახვედრონო. ჰოდა, კაცმა არ იცის, რამდენი ვალი აქ წამოკიდებული ამ გაჭირვებულ, ნათხუარ ძროხებს - ჭკუადაბნეული დეიარებიენ, ვეღარ გეიგეს, ვისები არიან და თავი ვის მოაწველიონო. ა, ამისთანა აბდლური ამბავი გევიგონე გურიაში და ასე გაჩნდა ახალი ტერმინი - საბანკო ძროხა..."

ტრაგედია, რომელსაც ახლა ბევრი გმირი ჰყავს "ჩემს" ბაზარში ერთი კარგი ქალი დადიოდა - მაია, ლამაზი, მხიარული და მოწესრიგებული. თავიდან ყურადღება იმით მიიქცია, რომ მითხრა, - გოგო, წამო ჩემსა და ნახე, რძეს როგორ ვუვლი, რძის ქვაბში წყალსაც კი არ ვადუღებ. ბოთლები კიდევ მეჯავრება, სხვადასხვა თავსახურს რო აფარებენ, არადა, ყველას ხომ თავის "კრიშკა" აქვსო. მესამე შაბათია, მაია ბაზარში არ გამოჩენილა, მოვიკითხე და მითხრეს, - ოოოო, მაია იტალიაში წავიდა სამუშაოდო. იტალიაშიოოო? უფ, ეგეც მილანში არ მიიწვიონ სათამაშოდო, ვითომ იხუმრა ნაქსოვქუდიანმა კბილებდაღრეჯილმა კაცმა გვერდით დახლიდან. მე მეწყინა მაიას წასვლა და უფრო დაწვრილებით მოვიკითხე. შვილები წამოზრდილები არიან, სახლში მოხუცი დედა ჰყავს, მწოლიარე, მაია კიდევ სულ წვალობდა და დარდობდა, ბავშვებს სწავლის ფული უნდა მოვუქუჩოო, ჰოდა, საქონელი გაყიდა და წავიდა. ნეტაი დაგენახა, რა "სტილნათ" შეეჭრა თმა, შეეღება და ერთი ჩანთა აეკიდებინა. მეზობლებისთვინ უთქვამს, ქალებო დამლოცეთ და თუკი კარგა მოვეწყვე, მერე თქვენც უნდა წაგიყვანოთო. თვითონაც ეგრეა წასული, დეიდაშვილმა დაუძახა, ეგ აქეთ დამბრუნებელი აღარაა, ისეთი ყოჩაღია, იქ ყველას მაეწონებაო. მე კიდევ როგორ მიწყდება გულის ძარღვი, როგორ მინდა იქ კი არა და, ქართველები აქ, ამ ქვეყანაში ეწყობოდნენ კარგად და აღარსად გარბოდნენ. რაც მოვედი, სულ მაიაზე მეფიქრება, როგორ იწყებენ ცხოვრებას უოჯახოდ, უშვილებოდ, უსამშობლოოდ..."

GzaPress ფერდებჩაცვენილი ოდა "ჩოხატაურში, სოფელი მეწიეთი ჩემი დედის დედულეთია, ბარნაბა ლომთათიძე მაგარი "კაძახი" ყოფილა, შეძლებულ გლეხს ცხრაი შვილი ჰყოლია, ფოთში დეიარებოდა და ღვინოს ყიდდა, ყანები ჰქონდა, კალაშაზე - წისქვილი, საყოლი - ძროხა და ფრინველი და იმ მხარეში ყველა იცნობდა, ვაგლახად ვერავინ ვერაფერს უბედავდა, ამაყი და თავმომწონე კაცი იყო. მისი უფროსი შვილი, ბებიაჩემი ლოლია ულამაზესი ქალი ყოფილა. ბარნაბას შვილებს და მის ნაგრამს კარგა ხანს ისეთი სიყვარული ჰქონდათ, რომ ერთმანეთის შვილებს პატრონობდნენ და ერთმანეთს იფიცებდნენ, გამორჩეული კი ბათუმში ვახტანგ ლომთათიძის სახლი იყო და ოზურგეთში, ექადიაზე ნინუცა ლომთათიძის და პლატონა კონტრიძის, სადაც უპირობოდ და უპრობლემოდ მიდიოდნენ, სწავლობდნენ, საიდანაც ქორწინდებოდნენ...

ეს შავ-თეთრი ფოტოები ამ 35 წლის წინ, ბარნაბას ფუძეზე, მეწიეთშია გადაღებული, ფერიცვალობა დღეს, სადაც ამ ეზოში ბავშვობის ზაფხულგატარებულები და მათი შვილები შევკრიბე. იყო დიდი სიყვარული და მოფერება, მოგონებები და ხალისი. ვთქვით, რომ ეს შეხვედრა ტრადიციული იქნებოდა ყოველ წელს, 19 აგვისტოს. ეს დანაპირები მხოლოდ მე და ისიც, 35 წლის მერე შევასრულე, 19 აგვისტოს მეწიეთში წავედი. მივდივარ აღმართ-დაღმართებში და ვიცი, დიდი ნაძვი რომ გამოჩნდება, ისაა ორიენტირი, ისაა ჩემების ეზო. გზადაგზა ბარნაბას სახლს ვკითხულობ და მიკვირს, ყველას ახსოვს ეს სახელი. მაქანე გზაი რომ იყოფა, მარჯვნივ წაი და ზეით უნდა წახვიდე, მარა არ ვიცი თუ ახვალ, გზაზე ხეია წაქცეული და თუ გაძრობი, მერე კი მიხვალ, - მითხრა შემხვედრმა ქალმა. სახლი არავის აქვს ჩაბარებული? - ვეკითხები. სადაა ან მიმბარებელი და ან ჩამბარებელი. დიდუუ, მაგ სახლში ამბავი იყო, ჯარი ხალხი ტრიალობდა, მიდიოდნენ და მოდიოდნენ, 15 წელია, კაციშვილიც არ გამოჩენილაო.

გზა გავაგრძელე, ხის ქვეშაც გავძვერი, აბალახებული უკაცრიელი გზაც გავიარე, ბარდებგადავლილი ჭიშკარიც გავაღე და დამხვდა ფერდებჩაცვენილი ოდა... აღარ მოვყვები, დამხვდა ყველაფერი ისე, როგორც იცის მიტოვებულმა და უადამიანო ეზო-კარმა. სიცოცხლის ნიშანწყალი ერთადერთი, დაუმწიფებელი ყურძნის მტევანს ეტყობოდა, მერე ბოსელში შეპარულმა მეზობლის ძროხამ რომ გამომხედა და მომაბღავლა, ყველა ძარღვი ერთნაირად დამიწყდა. აივანზე ფრთხილად შევედი, ფანჯარაში შევიხედე და ერთადერთი, რაც გავარჩიე, კედელზე ჩამოკიდებული ბარნაბას, მისი ცოლი ტერეზა სიხარულიძისა და სტალინის სურათები იყო. ყველაფერს ბოქლომი ედო. ალბათ დროს თუ დაუკეტეს აქაურობა, თორემ ადამიანი აქ აღარ მოდის...

მივიარ-მოვიარე იქაურობა, დავტოვე ბარნაბასავით მხრებგაშლილი, გოლიათი ამაყი ნაძვი, რომელმაც ისევ უნდა მომაგნებინოს აქაურობა, დავეშვი შარაზე და დედას გეფიცები, მართლა ვხედავდი, როგორ მომაცილებდნენ, ხელს მიქნევდნენ ეზოს სიმაღლიდან ჩემები და ხან წინ იარეო, მომძახოდნენ და ხან - უკან მეიხედეო...

მე ფეხით ვიარე მეწიეთიდან ხიდისთავამდე და ეს 3-4-კილომეტრიანი, ამ ცხოვრებასავით ოღრო-ჩოღრო მარათონი იმათ მივუძღვენი, ვინც ამ გზაზე დადიოდა, ვინც ბარნაბა ბაბუას ეზოში დაიზარდა და დაიარებოდა. მე ახლა მარტო ვიყავი, მაგრამ მჯერა, ოდესმე აღარ ვიქნები მარტო და ბევრნი ამოვალთ აქ საფერისცვალებოდ..."

ჯარისკაცის წერილი "ეს წერილი ჯარისკაცს ოჯახისთვის ამ 10 წლის წინ მოუწერია, თუმცა ცხინვალიდან წამომსვლელი ვერავინ ნახა და გულის ჯიბეში შეინახა, თუ დაიღუპებოდა, იქნებ მერე მაინც მისულიყო ადრესატამდე. "ნინო, მაპატიე სამშობლო რომ შენზე და მათეზე მეტად მიყვარს... ახლა ალბათ ცოტას ბრაზობ კიდეც ჩემზე, პატარა შვილთან ერთად რომ მიგატოვე და აქ წამოვედი. ისიც მაპატიე, ზოგჯერ რომ არ მახსოვხართ... გუშინ ღამე წამით თვალი მოვატყუე და შენ და მათე დამესიზმრეთ. მეტი ნატვრა არ მაქვს, ერთხელ კიდევ გნახოთ. შენ რომ აქ იყო და ამდენ დაღუპულს ხედავდე, არც ჩემს სიკვდილზე დაგწყდებოდა გული. თუ ვეღარ დავბრუნდე, მაპატიე სამშობლოს სიყვარული. მიყვარხართ შენ და მათე... რამაზი". ის დაბრუნდა, ჯალათებმა კი რამდენ ბიჭს არ აპატიეს სამშობლოს სიყვარული. ნათელში იყოს სამაჩაბლოს მიწაზე დარჩენილი 170 ქართველი. 170 დედის ბედნიერება დასრულდა, მაგრამ გმირების დედებად გააგრძელეს სიცოცხლე (ბევრმა ვერ შეძლო და შვილებთან ყოფნა არჩიეს). ომი ბევრ გმირს ბადებს, მაგრამ გაცილებით ბევრ გმირს სპობსო. ომი მოღალატეებსაც ბადებს თურმე. ამ დღეების ტკივილის ნუგეში გიორგი ანწუხელიძეა, ჩემი დროის ხილული ლეგენდა, ქართული სიამაყის გამართლება! დედებო, მოუყევით თქვენს შვილებს დამარცხებული ომის დაუმარცხებელ ბიჭებზე!"

ნინო ჯავახიშვილი