მადლიერების დღეს დაწერილი სტატია - გზაპრესი

მადლიერების დღეს დაწერილი სტატია

როცა საკუთარი უპირატესობის მტკიცებას იწყებ, იქ უკვე მთავრდება შენი ადამიანობა. ასევე, როცა შენზე ხელმოცარულს ეხმარები და აყვედრი, იქ უკვე აღარ არსებობს ქველმოქმედება. მე სხვაგვარ ადამიანებზე ვწერ ახლა. უკვე რამდენი წელია, ქართველთა ორ ემიგრაციულ გაერთიანებასთან ვთანამშრომლობ: "თვისტომი" და "ექსპრომტი" ამერიკაში შექმნეს ქართველებმა. ისინი წელიწადში რამდენჯერმე ცდილობენ, მცირე თანხის შეკრებით ოკეანის გადმოღმელი თანამემამულეები გაახარონ. თავადაც აღარ მახსოვს, რამდენ ხელმოკლე სტუდენტს, ხელოვანს, სოციალურად დაუცველს თუ მოხუცს გავუხარე გული მათი თანადგომით. უკვე მუდმივი მოლოდინი მაქვს, რომ შობას, აღდგომას, ბავშვთა დაცვის დღეს "ჩემს ამერიკელებს" დავახვედრო მზა სოციალური პროექტი, რომელიც ფულისა და ნერვების ხარჯვას ერთად იწვევს, მაგრამ სადარდებელი არც ერთია, რადგან პროექტის დასასრულს უფრო თბილი ხდება სამყარო...

რატომ უნდა გახდეს უფრო თბილი სამყარო? რატომაა საჭირო სიკეთე? - ამ კითხვებს პასუხები არ ესაჭიროება. ყველაზე მეტი ყურადღება ბავშვებისა და მოხუცებისთვის უნდა გავიმეტოთ, თუმცა, ყურადღება არც ზრდასრულებს სწყენთ.

35-ოდე წლის წინ აჭარაში ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგად მანანა მასწავლებელი გაანაწილეს. მანანა ახლა მონაზონი ანაა, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სკოლის დირექტორმა მას ერთხელ უთხრა, რომ მის სადამრიგებლო კლასში სწავლის ოთხწლიანი წყვეტის მერე, ბერიძე ემატებოდა მოსწავლეთა სიას. ასაკში შესულმა დირექტორმა მანანა მასწავლებელს ინსტრუქტაჟიც მისცა: ამ ბავშვს ჩვენ ქიმია-ბიოლოგიას ვერ ვასწავლით ისე, შენ რომ გინდა. მაქსიმუმ, ბედნიერად ვიგრძნობთ თავს, თუ ადამიანობას ვასწავლითო...

GzaPressნოდარი კლასში ავი მზერით და გომურის სუნით შევიდა. გამოყოფილ ადგილას მოწყვეტით დაებერტყა სკამზე და ხელები მოსხეპილი ტოტებივით დაუშვა დაბლა. წიგნი, რვეული და პასტა მისთვის უცხო და არასაჭირო ნივთები იყო. ასაკით ბევრად დიდი, თანაკლასელებს მგლურად ათვალიერებდა. გაკვეთილების მერე მგლური ნაბიჯებით მიძუნძულებდა სახლში: ძროხებისთვის უნდა მიეხედა, ეჭმია და მოეწველა. მერე, დილით, ექვს საათზე ისევ ბოსელში უნდა ყოფილიყო, სანეხველა აევსო ნაკელით, გაეზიდა, რძეც უნდა ჩამოეწველა... თუ ოდესმე საქმეს ვერ დაასრულებდა დროულად, მამა დასჯიდა. დასჯის ყველაზე იოლი ფორმა ქამრით ცემა იყო, ყველაზე უარესი - ორივე ხელის მაჯაზე თოკჩაბმულს, ბაგაზე მიბმულს უნდა მოეთმინა დილის ექვსამდე. მერე მამა ორივე ხელს გაუთავისუფლებდა მხოლოდ იმისთვის, რომ ნაკელი გაეტანა და ძროხები მოეწველა. ნოდარი სკოლაში თუ ვინმეს დაჩაგრავდა, ბედნიერად გრძნობდა თავს. ზოგჯერ მასწავლებლებსაც ისე გააღიზიანებდა, სრულიად არაადეკვატურს ხდიდა და სიამოვნებისგან თვალებს მილულავდა, ეს რა კარგად გამომივიდაო.

მანანა მასწავლებელმა შეუძლებელი შეძლო. ითმენდა და დროს უთმობდა. ახალგაზრდა თანამშრომელთან, ეთერი მასწავლებელთან ერთად ცდილობდა, ბავშვის ყველაზე ბნელ კუნჭულებში სინათლე მიეტანა. ნოდარის მშობლები განქორწინებული იყვნენ. წესისამებრ, ცოლ-ქმრის დაცილებისას შვილი რჩებოდა მამასთან. მამამ მეორე ცოლი შეირთო. მასთან კიდევ ჰყავდა სამი შვილი, მაგრამ "შავი საქმეებისთვის" მხოლოდ ნოდარი იყო გამწესებული. ზოგჯერ ჩაის ფაბრიკაში "ლევადაც" მუშაობდა ნოდარი, მაგრამ ფულს მამა იღებდა და შვილს თვალითაც არ აჩვენებდა ხელფასს. მის სკოლაში სწავლის დასრულების აღნიშვნას ყველა ბიჭი შარვალ-კოსტიუმით აპირებდა, ნოდარიც შეუთანხმდა მკერავს და საგულდაგულოდ გადამალულ ფულს, კაპიკებად მოგროვებულს, დღეში სამჯერ მაინც ამოწმებდა. ერთხელაც, მორიგი გადამოწმებისას ფული ვეღარ იპოვა, - მამამ მიაგნო და ჩაიჯიბა ალბათო. გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა. თუ დააპირებდა, მაშინ მინიმუმ, სამხედრო ქამრით ზურგის აჭრელებას მიიღებდა, უარეს შემთხვევაში - ბოსელში ხელებით ბაგაზე მიკოჭვას...

მანანა მასწავლებელმა უფრო მეტად გაბოროტება შეამჩნია ნოდარს. გაკვეთილების მერე ჩამოუჯდა მერხთან და დაეკითხა. მამამ ფული მომპარა, უნდა მოვკლა, მკერავთან როგორ მივიდე, რა ვუთხრა, შევაკერვინე და ახლა რა მოვახერხო. ტანსაცმელს არ ვდარდობ, სირცხვილს რა ვუყოო... მანანა მასწავლებელმა, დიდად დალხენილის ხმით უთხრა, - ხელფასი ახალი აღებული მაქვს, გასესხებ და მერე გინდა ერთბაშად გამისტუმრე, გინდაც - ნაწილ-ნაწილო. ნოდარი უარობდა, მაგრამ კეთილი შუქი იღვრებოდა მანანა მასწავლებლის თვალებიდან, მოკრძალებით გაუწოდა ხელი და ჩამოართვა ფული, თითქმის მთელი თვის ხელფასი. იმ ფულის დაბრუნება ვერ მოასწრო ნოდარმა, მანანა მასწავლებელი მალე მონასტერში წავიდა და ის ფული არც ახსოვდა, რომ არა ერთი ფაქტი...

ქობულეთი-ბათუმის "მარშრუტკაში" ნოდარმა ჭაღარაშერეული ეთერი მასწავლებელი თვალებით იცნო. ისევ იმ თბილი თვალებით, ადრე ნოდარი რომ მარცხდებოდა ავკაცობის ჩადენისას! ნოდარი დაკაცებულიყო, ეთერი მასწავლებელი კი სხვა სკოლაში აგრძელებდა თავის პროფესიულ საქმიანობას. გულგრილი არ დარჩენილა მგზავრთაგან არც ერთი, რადგან ნოდარი ხმამაღლა, დაუფარავად ყვიროდა, - ეთერი მასწავლებელო, შენ და მანანამ მე ადამიანობა მასწავლეთო... მერე შინაც მიიწვია, - წამო, ჭიათურელი ცოლი მოვიყვანე, ოთხი შვილი მყავს, ოთხივე ქრისტიანად მოინათლა დედის სურვილით, რადგან მე არც ჩემი რწმენისა ვიცი რამე და არც თქვენიო. ეთერი მასწავლებელი უდროობის გამო ვერ გაჰყვა, ნოდარს კი ეგონა, რომ ისლამის რწმენა იყო მიზეზი... მანანა მასწავლებელი მაინც მომიკითხე, ჩემი გამაადამიანებელიო, - შევედრებია ნოდარი ეთერს და ეთერსაც მონასტრამდე მიუტანია ეს ამბავი, დედა ანას კი სიხარულის ცრემლები გადმოსცვენია... მარტო ადამიანობა კი არა, მადლიერებაც უსწავლიაო, უფიქრია ღვთის მსახურს და გახსენებია იგავი სახარებიდან ათ განკურნებულ კეთროვანზე, რომელთაგან ღმერთთან მხოლოდ ერთი დაბრუნებულა მადლობის სათქმელად!

ახლა კი ისევ ემიგრანტების დაფინანსებულ აქციაზე მინდა გითხრათ: ახალი წლის წინა დღეებში სოლიდური თანხა დამირიცხა "თეთრ ირინად" წოდებულმა ემიგრანტმა. "თეთრი" მისი ხასიათის გამო შევარქვით მეგობრებმა. ირინა ორი შვილის დედაა და ბრუკლინშიც ქართველებად "შემოეზარდა" შვილები. უფროსი ნამდვილი რაჭველია, უმცროსმა კი ამერიკაში სწავლის გაგრძელებას ქართული განათლება ამჯობინა... აქცია უკვე გამიზნული იყო სოციალური სახლის ბენეფიციარებისთვის. გურიის ერთ სოფელში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის დაგეგმილი იყო ყველაფერი, რაც მათ გაუხარდებოდათ. "საქართველოს რკინიგზამ" ორმხრივი ბილეთები გვაჩუქა, ბავშვებს რკინიგზით მგზავრობა უნდოდათ, რადგან უმეტესობას არასდროს უსარგებლია მატარებლით. დილის 7 საათზე ოზურგეთი-თბილისის მატარებლის თბილი, კომფორტული კუპეებიდან გადმოლაგდნენ ბიჭები, ფრთხილად და ინტერესით. ქერა, ცისფერთვალება ბიჭი ამბობდა, საშიში სულაც არ ყოფილა მატარებლით მგზავრობაო, ახლა მეტროშიც ეგებ არ შემეშინდესო... ესკალატორზე მოკრძალებით შეადგეს ფეხი და სამი "უფროსი" ვინაწილებთ პასუხისმგებლობას. პირველები მე და ყველაზე მშიშარა ბიჭი მივექანებით მიწისქვეშეთისკენ, შუაში ლადო მასწავლებელია, სულ ბოლოს "მთასავით კაცი", 19 წლის ავთანდილია (ასე დაარქვეს ავთანდილს ბიჭებმა). ის ძიუდოისტიცაა, ამიტომ არიერგადიც მას გადავაბარეთ. ძალაც მეტი აქვს და თუ დასჭირდა, სამ ბიჭს ერთად აიტაცებს ხელში... მიწის ქვეშ მატარებელში შევლაგდით და მშიშარას ვაკვირდები, რომელსაც შიშის ნამცეცები ისევ შერჩენია თვალებში! რუსთაველზე ისევ კაშკაშებდა საახალწლო განათება, სოფლის სახლებთან შედარებით ცათამბჯენებად მოჩანდა მაღალი კორპუსები, ჩახრიალა ნაკადულ-მდინარეებთან შედარებით მტკვარი უსაზღვროება იყო, მერე იყო რესტორნის მენიუ და ეს უკანასკნელი თავად შეაშინეს პატარებმა. განსაკუთრებით ქალაქური ხინკალი მოეწონათ, - ასეთ კარგს გურიაში ვერ ამზადებენო... მერე ბაგირგზით გასეირნების ინტერესმა დასძლია სიმაღლის შიში და ნარიყალადან გადმოხედეს თბილისს. თითქმის ურწმუნობით, მაგრამ ბავშვური გულწრფელობით აანთეს სანთლები სამების საკათედრო ტაძარში, მეტეხსა და სიონში. მერე რუსთაველის თეატრში საშობაო წარმოდგენასაც დაესწრნენ. მართალია, ჯერ ვერ ითავისებენ უპირველესი თეატრის ხიბლს, ვერც სტურუას რეჟისურას, მაგრამ ვიცი, აუცილებლად იამაყებენ დიდობისას, როგორი პატარები იყვნენ დედა-თეატრში! უკან დაბრუნებამდე კიდევ ერთხელ კარგად დანაყრდნენ, მერე თეთრ ირინას შეხვდნენ და ჩაეხუტნენ ქალს, რომელიც იქით დარჩა მადლობელი პატარების... "თუ გინდა, ზამთრის ყინვაში გათბე, ადამიანი სიყვარულით უნდა ჩაგეხუტოს. ეს იყო ზამთრის ერთი თბილი საღამო უსაყვარლეს და უჭკვიანეს ბავშვებთან ერთად. ყველას სათითაოდ ჩავეხუტე და ხელს ვერ ვუშვებდი, ისეთი საყვარელები იყვნენ. დამპირდნენ, როცა დიდი კაცები დადგებიან, არ დამივიწყებენ და ჩემს ქვეყანაში დამაბრუნებენ", - თქვა ირინამ და ღიმილით შენიღბული დანანებით დაგვცილდა.

ოზურგეთისკენ მიმავალმა მატარებელმა რვავე ბავშვი კუპეებში ჩაათბუნა, გაგვიყოლა მე, ლადო მასწავლებელი და მთასავით კაცი ავთანდილი, რომელმაც შობას ბევრი უმღერა პატარებს, განსაკუთრებით კი გოჩას - ბიჭს, რომელსაც ზუსტად 7 იანვარს შეუსრულდა 15 წელი...

GzaPressსადღაც გამქრალიყო ქერა ბიჭის ცისფერი თვალებიდან შიში და უიმედობა, ყურსაცვამებიც მოეხსნათ ბიჭებს და უფროსებს გვიგდებდნენ ყურს ინტერესით, თუნდაც იმაზე, როგორ დაერქვა ქაშუეთი ერთ ტაძარს, როგორ მოარღვიეს დიდი ხნის წინ სიონს გუმბათი, როგორ ამზადებენ სნოელი მონაზვნები ტიხრულ მინანქარს...

ერთსაც დავამატებ: საუზმის მერე ის ქერა, მშიშარა მოვიდა პირველი, ჩამეხუტა და მადლობაო, მითხრა. ცოტა ხანს გატრუნული იყო, მერე სხვებს დაუთმო ჩემი თავი, ყველამ მადლობა თქვა და მივხვდი, რომ ეს ბიჭები რამდენად სჯობდნენ ათი კეთროვანის იგავის ცხრა უმადურ განკურნებულს. თბილისიდან წასვლამდე ისევ ქერამ მოახერხა და უშიშრად ჩამომითვალა, რა ნახა, როდის ეშინოდა ყველაზე მეტად და თან, სრულიად ტყუილად! ახლა მარტო იმის მეშინია, ჩვენ რომ დაგვივიწყო და არ ჩამოხვიდე ჩვენთანო და თვალებით უსაზღვრო ლაჟვარდი მტყორცნა გულში. ლაჟვარდს უხილავი, უმტკიცესი ძაფი გამოაყოლა და საბოლოოდ მიმამაგრა რვა ბიჭზე, რომლებსაც თითქოს არაფერი აკლიათ, მაგრამ მაინც უწევთ სტიგმის ქვეშ ცხოვრება, რადგან მათ არ ებოძათ მოსიყვარულე მშობლები და მწვანედ გადაღებილ სახლში ჭერს იყოფენ წიგნით თუ უწიგნოდ, სიხარულით თუ მოწყენით, ხან თამაშით და ხანაც უსაზღვრო ნაღველით...

როდის მოხვალ კიდევ ჩვენთან? - საკონტროლო კითხვა დამახალა ყველაზე უფროსმა, საულვაშეზე ღინღლაშლილმა ბიჭმა. ირინა დეიდას ვეტყვი, ეგებ პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს წაგიყვანოთ სვანეთში-მეთქი. რამდენი ხნითო? - გამოგვეხმაურა უკრაინული გვარის ვასიკო, რომელიც ცოცხალი თავით არ აღიარებს უკრაინელობას და გურულობას ამჯობინებს... ორი დღე მოგვიწევს, იქ დიდი მთებია, ლამაზი და ღრიალა მდინარეები, კოშკები, კეთილი ადამიანები და მზის ამოსვლა თეთნულდზე-მეთქი! იქ რით წავალთო? - იკითხა სათვალიანმა, ყველაზე პატარამ, ცოტნემ. უტვინო, იქ რით წახვალ, თუ არა მანქანით, მატარებელი არ დადის მთებშიო. განაწყენებულმა შემომჩივლა, - მე ჯერ სვანეთი არ მისწავლია და რა უნდათ ჩემგანო? მეც ვანუგეშე, - თავად არ იციან, მანქანის გარდა, თვითმფრინავითაც შეიძლება, მაგრამ ცოტა ძვირია-მეთქი. - ოდესმე მაინც გავფრინდებიო, - გამოცრა ღიმილი სათვალის სიღრმიდან და დაუკითხავად კალთაში მოხერხებულად ჩამისკუპდა. მერე მითხრა ჩუმად, ძლივს გასაგონად, ძალიან მიყვარხარო. სადღაც გაქრა ორი დღის უძილობა, დაღლილობა და უსაშველო ფიქრები. არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა ამ პატარების წაყვანას სვანეთში, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც მოვიკითხავ ბიჭებს, რომლებიც თვლიან, რომ მე ვარ მთავარი და არა ემიგრანტები, რომლებიც სამშობლოს მონატრებას ასეთი მხარდაჭერით იქარვებენ...

P.S. ეს წერილი მადლიერების დღეს დამიწერია. 11 იანვარი მადლიერების დღეაო. ნეტავ, ვინ მოიფიქრა და ასე დაარქვა? არ სჯობს, ყველა დღე მადლის გაცემისა და მადლის მიღების იყოს? მგონი, სჯობს. ასე უფრო თბილი იქნება სამყარო...

როლანდ ხოჯანაშვილი