ქართულ-სომხური მეგობრობის ხიდი
font-large font-small
ქართულ-სომხური მეგობრობის ხიდი
"ჩვენი თეატრი არ არის "სომხური", ეს გახლავთ საქართველოს თეატრი სომხურ ენაზე"

პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი, რომელიც თბილისში 1856 წელს დაარსდა, მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც სომხეთის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს. თბილისის კოლორიტულ უბანში, ავლაბარში თეატრის ჩამოყალიბების იდეა გევორქ ჩმშკიანს ეკუთვნის. თავდაპირველად თეატრი რევოლუციონერი გმირის, სტეფან შაუმიანის სახელს ატარებდა, 1991 წელს კი სომეხი მსახიობის, პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, პეტროს ადამიანის სახელი მიენიჭა. 1958 წლიდან აქ წარმოდგენები სომხურ ენაზე იმართება. თეატრში გამოჩენილ მსახიობთა რამდენიმე თაობა აღიზარდა.
163 წლის თეატრი, სადაც 104 ადამიანია (მათ შორის, 50 მსახიობი) დასაქმებული, ორ წელიწადში ახალ შენობაში განთავსდება და თეატრის გახსნასა და 165 წლის იუბილეს ერთად იზეიმებს. ჩვენ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, არმენ ბაინდურიანს ვესაუბრეთ.

GzaPress- როგორ მოხდა, რომ ერევნის გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის თეატრი 90 წლისაა მაშინ, როცა თბილისის სომხური თეატრი უკვე 163 წელს ზეიმობს?
- სომხური ინტელიგენციის, მწერლების, მხატვრებისა თუ პოეტებისთვის შემოქმედებითი ცენტრი ყოველთვის თბილისი იყო. თბილისიდანვე დაიწყო პროფესიული სომხური თეატრის ისტორიაც. არ არსებობს თუნდაც ერთი დიდი სომეხი რეჟისორი ან მსახიობი, ვინც ამ თეატრში არ მუშაობდა. ერევნის გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის თეატრი 1922 წელს გაიხსნა. უდიდესი დრამატურგი, სუნდუკიანი თბილისში დაიბადა და თავისი პირველი პიესა სწორედ აქ დადგა. თანამშრომლობდა ქუთაისის, მარჯანიშვილის, რუსთაველის თეატრებთან. ერევნის სუნდუკიანის სახელობის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური თეატრი, ჩვენი, თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობმა ისაკ ალიხანიანმა ჩამოაყალიბა. მან გაბრიელ სუნდუკიანის "პეპო" დადგა, სადაც პეპოს თავად თამაშობდა. მერე მსახიობი ისაკ ალიხანიანი თბილისში დაბრუნდა, თეატრმა კი არსებობა განაგრძო. სხვათა შორის, ერევნის მუსკომედიის თეატრში მალე ლაშა ბუღაძის "სტალინის" პრემიერა გაიმართება.
- თბილისის სომხური თეატრის რეპერტუარი ქართულ დრამატურგიასაც მოიცავს...
- აუცილებლად! ნოდარ დუმბაძე ახალგაზრდა იყო, როცა ჩვენს თეატრში "თეთრი ბაირაღები" ნახა. ეს სპექტაკლი რეპერტუარში ახლაც გვაქვს, ჩვენი მსახიობები როლებს ქართულ ენაზე თამაშობენ და ეს გამონაკლისი არ არის. სპექტაკლი გაიმართა ოზურგეთში, ახალციხეში, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში. მასში ჩვენს მსახიობებთან ერთად ხშირად რუსთაველის, მარჯანიშვილის, თელავის თეატრის არტისტებიც თამაშობენ. გაზაფხულზე წარმოდგენას გორისა და თელავის მაყურებელიც იხილავს. მახსოვს, დევდარიანის როლი ზურაბ ინგოროყვამ მოირგო. ჩვენთან თამაშობდა მსახიობი სოსო ლაღიძეც. სპექტაკლებს დგამდა გიგა ლორთქიფანიძე, დოდო ალექსიძე. თანამშრომლობს ახალგაზრდა რეჟისორი, დათო კობაიძე, მსახიობი ლეო ანთაძე. როცა ორ წელიწადში ახალი შენობა გვექნება, ჩვენს თეატრში სპექტაკლს რობერტ სტურუა დადგამს. დიდი ზეიმი გველის: ის ხომ ქვეყანაში პირველი თეატრალური რეჟისორია?! რობიკო ცოცხალი ლეგენდაა. ჩვენს მსახიობებს ხშირად უნდათ მასთან შეხვედრა და ის მათ ამაზე უარს არ ეუბნება. მასთან მსახიობის 5 წუთით შეხვედრა ინსტიტუტის 5-წლიან განათლებას უდრის.
GzaPress
- როგორც ჩანს, ქართულ თეატრებთან მჭიდრო მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა გაკავშირებთ...
- ამის გარეშე წარმოუდგენელია. არ არსებობს პრემიერა რუსთაველის, მარჯანიშვილის თუ სხვა თეატრებში, რომელსაც ჩვენი დასის წევრები არ დაესწრებიან, იმავენაიარად ვმასპინძლობთ თავადაც. 25 წლის წინ თეატრალურ ინსტიტუტში სპეციალურად სომეხი მსახიობებისთვის კურსი გახსნეს. ოცმა კურსდამთავრებულმა მუშაობა ჩვენთან დაიწყო. იგივე მოხდა 15 წლის წინ. თეატრის დასს, ძირითადად, აქვე არსებული თეატრალური სტუდიის კურსდამთავრებულები ავსებენ. მჭიდრო კავშირი გვაქვს თეატრალურ საზოგადოებასთან. მინდა აღვნიშნო: ჩვენი თეატრი არ არის "სომხური", ეს გახლავთ საქართველოს თეატრი სომხურ ენაზე და ასე წარვადგენთ მას გასტროლებზეც. ჩვენი ყველა სპექტაკლი ქართულადაა დუბლირებული. როცა სომხეთში ჩავდივართ, ამბობენ, ქართველები მოვიდნენო. ეს არის საქართველოს კულტურის ერთ-ერთი ნაწილი და მე ამით ვამაყობ. თეატრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ-სომხურ ურთიერთობებში, ის მეგობრობის ხიდია. საბერძნეთში გამართულ ერთ-ერთ ფესტივალზე, სადაც საქართველოდან ჩვენ და ოზურგეთის თეატრი ვიყავით, სამ ნომინაციაში - საუკეთესო დრამატურგია, რეჟისორი და სპექტაკლი - პირველი ადგილი დავიკავეთ. შენობის არქონის გამო, თითქმის სულ გასვლითი სპექტაკლები გვაქვს. წარმოდგენებს ხშირად ვმართავთ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ვიყავით პარიზში, ირანში, რუსეთსა და საბერძნეთში.
- თბილისელი სომხებისა და ქართველების თბილი ურთიერთობის შესახებ ოდითგანვე ცნობილია. ორი ერის წარმომადგენლებს შორის გულისხმიერი დამოკიდებულება ბოლო დროს ხომ არ გაუფერულდა?
- ამ ორი ერის თბილი ურთიერთდამოკიდებულება დღეს არ დაწყებულა. ქართველი და სომეხი მწერლები, პოეტები, მხატვრები თუ მსახიობები დღესაც მეგობრობენ. არაჯანსაღი წარმოდგენების ადამიანები ორივე მხარეს არსებობს, თუმცა, ისინი ზოგად კურსს ვერასოდეს შეცვლიან...
GzaPress- ხომ არ გამოირჩევა თქვენი თეატრის მუშაობა სხვა ქართული თეატრების მუშაობის სპეციფიკისგან?
- როცა გასტროლებზე ვართ, ხშირად გვეუბნებიან, თქვენი სპექტაკლები ქართული თეატრების სპექტაკლებს ჰგავსო. ასეც უნდა იყოს. ჩვენი წარმოდგენები არა ქართული, არამედ სომხური თეატრების ნამუშევრებისგან განსხვავდება.
- 2010 წელს სეისმოლოგიურმა კომისიამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც თქვენი თეატრის შენობის ავარიულობის გამო, იქ სპექტაკლების გამართვა და მაყურებლის შესვლა აიკრძალა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც თეატრის აღდგენა გადაწყდა, ფასადთან დაკავშირებით არაერთი აზრი გამოითქვა. საზოგადოების ნაწილი შენობის სრულ რეაბილიტაციას ეწინააღმდეგებოდა. მოეწყო აქციებიც... საბოლოოდ, როგორი იქნება აღდგენილი თეატრი?
- მაშინ თეატრის ყველა თანამშრომელს მიეცა რეკომენდაცია, შეეწყვიტა მუშაობა, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. შენობის საძირკველი მთლიანად წყალში იყო. თითქმის ყველგან ჩამოინგრა ჭერი და დაბზარული კედლები ყოველ წუთს შეიძლებოდა ჩამოშლილიყო. შენობის შემდგომი რეკონსტრუქციის საკითხით სომხეთის ხელისუფლება და საზოგადოებაც დაინტერესდა. თბილისში სომხეთის კულტურის მინისტრიც კი ჩამოვიდა და ქართველ კოლეგასთან ერთად, შენობა დაათვალიერა. დარწმუნდა, რომ შეთავაზებული ვარიანტი ორივე მხარისთვის მომგებიანი იყო. ახალი პროექტის თანახმად, თეატრის შენობის (რომელიც თეატრს საკუთრებაში 1936 წელს გადაეცა. - ავტ.) ძველი ფასადი შენარჩუნდება. იგივე დარჩება დარბაზიც და სცენაც. იცვლება მხოლოდ ფოიე, განათებითა და ხმით უზრუნველყოფა. ხშირად რეკონსტრუქცია უფრო რთულია, ვიდრე ახლის მშენებლობა. თუკი ნაწილობრივი რემონტი სამ წელს ითხოვდა, ახალი შენობის აგება ორ წელიწადშია შესაძლებელი. მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ორი წლის შემდეგ ახალი და ტექნიკის ბოლო მიღწევებით მოწყობილი თეატრის შენობა გვექნება.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ქალს მხოლოდ შვილებისთვის შეუძლია დიდი შეცდომების ბოლომდე პატიება"
"ბევრი შვილი დიდი ჯაფა და დარდია, მაგრამ დიდი სიხარულიცაა"
ბავშვობაში გამოვლილი ჯოჯოხეთი და ნატვრა პატარა სახლზე
პოეტი მიხეილ ზანდუკელი წინაპრებსა და საკუთარ საინტერესო თავგადასავალზე
მუზნათელა - ქალი, რომელსაც სახელი მიხეილ ჭიაურელმა "შეუცვალა"
"აბორიგენთა წმინდა მთას ყოველწლიურად 50 000 ტურისტი სტუმრობს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი