დამარცხებული უიმედობა
font-large font-small
დამარცხებული უიმედობა
"16 წლისამ გავიგე პირველად სამყაროს ხმაური"

ზამთრის სვანეთი გამორჩეულია, წარმოუდგენლად თეთრი და ცივი, მაგრამ საოცრად ლამაზი. აქაური უმტვერო სითეთრე თვალს არ ჰბეზრდება, არც ღლის. ენგურის ხეობა თავისი განშტოებებით თითქოს მხოლოდ იანვრის სისპეტაკისთვის შეუქმნია განგებას და არსად ისე არ ჩანს ზამთრის სიდიადე, როგორც სვანეთის კავკასიონზე.


მესტიისკენ მიმავალი ეცერს გადასცდები თუ არა, თავდაღმა უნდა დაეშვა. გზის პირას ბეტონის პატარა სვეტები ლითონის ბაგირებით მოფერხულეებივით გადასკვნია ერთმანეთს და მოცურებისაც აღარ გეშინია. აი, ეგ ბაგირები რომ არა, შიშუჭმელი ვერ ჩააღწევდი დოლრას ხეობამდე. დოლრას გადაკვეთისას უკვე ორი არჩევანია, ან მესტიისკენ უნდა გაეშურო და მსოფლიო მთათა დედოფალ თეთნულდს მიაპყრო მზერა, ან დოლრას აჰყვე ბეჩოს თემისკენ, სადაც ორწვერა უშბა მედიდურად გაგრძნობინებს, რამდენად პატარა ხარ...
ბეჩოს თემში პატარა სოფლები ერთმანეთს გადაჰბმია, ნათოვლ ტრასას გაფაციცებით ადევნებ თვალს, რადგან აქაც არანაკლები სიფრთხილეა საჭირო, როგორც დანარჩენ სვანეთში. თუ წვრილი ფიფქები გასროლილი ტყვიასავით ეშვება მიწაზე, ეს ნიშნავს, რომ თოვლის საფარი არ იქნება პატარა, თუ ფანტელები ბარდნის, იცოდეთ, ეს არაა "სათოვარი" და უბრალოდ, მილიმეტრები დაემატება თოვლის საფარს.
GzaPressუშხვანარამდე სანამ მიხვალ, კენტი კოშკი მოჩანს. არავინ იცის, რამ გადაარჩინა საუკუნეებს შერკინებული ქვის ჰარმონია, როგორ გაუძლო გასული საუკუნის ბოლოს მოსულ სტიქიას, რომლის დაუნდობლობამ ბევრი კვიციანი სამუდამოდ აყარა სამკვიდროდან... უშხვანარის გზაზე გადაბრუნებულ მანქანას თუ ნახავთ, არ გაგიკვირდეთ. არც ის გაგიკვირდეთ, თუ მანქანა დაულეწავი იქნება. აქ, ფაფუკ თოვლს ისე უყვარს ყველაფრის გულში ჩაკვრა, როგორც შვილმონატრებულ ქალს შეუძლია ნანატრი ძე მიიბჯინოს მკერდზე. გასაოცრად ნურც იმას ჩათვლით, თუ მანქანიდან მკვირცხლად გამოვიდეს მძღოლი და მოქოთქოთე მეზობლებს მშვიდად ჰკითხოს: "რა უნდა ვქნათ ახლა?" პასუხიც მშვიდი იქნება, ძალიან მშვიდი და სოლიდარობის გამომხატველი - "უნდა ამოვაბრუნოთ!" მერე ბაწარს ჩაებღაუჭება ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეტი მაშველი. ბაწარზე ხელის მოსაკიდებელი ადგილი ვიდრე აქვს, ემატება კაცი კაცს, როცა აღარ დაეტევა მაშველი ბაწრის სიმოკლის გამო, "მოცელქილები" გვერდზე დგებიან და ადგილზე ბუბუნებენ, იმდენივე ენერგიას ხარჯავენ ოხვრისას, რამდენიც მანქანის ამობრუნებისას უნდა დაეხარჯათ...
ბეჩოს თემში კაკლის, ტყემლისა და ვაშლის ხეებს ეზოებიდან ისე გადმოუწვდიათ ტოტები, თითქოს გეპატიჟებიან, ამ ეზოს მეპატრონე კეთილი მასპინძელია, ეწვიეთო. თუ ეწვევით, არც წააგებთ. სად ნახავ მეტ სითბოს, სიყვარულს, გემრიელ სუფრას და ერთგულებას, რამდენსაც სვანი მასპინძლისას? თითქოს უშბის უსტუმრობის საწინააღმდეგოდ აქაურ სვანებს მეტი სტუმართმოყვარეობა დაჰბედებიათ, სახლის და გულის კარს ბოლომდე გიღებენ, გულწრფელად გმასპინძლობენ, თან წუხილს გამოხატავენ გზის სიშორის, სიცივის თუ კომფორტის ნაკლებობის გამო...
უშხვანარში კვიციანები ცხოვრობენ. ის ერთადერთი კოშკიც კვიციანებისაა. კოშკს უძველესი, ათ საუკუნეზე მეტი ხნის სახლი უმშვენებს გვერდს. ამ სახლში ახლა არავინ ცხოვრობს. უძველეს შენობაში მხოლოდ ბეკეკა ცხვრები აპარპალებენ მშიშარა თვალებს, იცოხნებიან ფურები, ხარები, პატარა ბოჩოლები აუმღვრეველი სიმშვიდით. რატომ არ იქნებიან მშვიდად? კედლების სიგანე ციხეზე მეტი აქვს ამ სახლს, ჭერხო უზარმაზარ მორების თავხეებს ეყრდნობა, ზამთარში თბილია და ზაფხულში გრილი... პირუტყვის ბაგის ფიცრები ამოჩუქურთმებულია. ჩანს, ზამთრის ღამეებში ფანტაზიით მდიდარ ხელმარჯვე რომელიღაც კვიციანს ფიჭვის (საოცრად ლამაზი სახელი აქვს ფიჭვს სვანურად - გრგდიბ) ფიცარზე ალესილი საჭრეთლით უტვიფრია ორნამენტები... ადრე პირუტყვის გვერდით ცხოვრობდნენ ადამიანები. ან კი რატომ იტყვი უარს იმ ცხოველის გვერდით არსებობაზე, რომლებიც მუდამ კაცის მსახურებაშია?..
ახლა კი კვიციანებს ევროპული ყაიდის სახლი აქვთ, იმდენად დიდი, რომ შეიძლება მეგზურის გარეშე დაიკარგო... 23 მეტრის სიგრძე აქვს სახლს და 60 წლის ვეება, ზედაპირმოპრიალებული ღუმელი ათბობს რამდენიმე ოთახს. ეს ყველაფერი კოშკიანი კვიციანების კუთვნილებაა, სამი საჯიშე ვაჟკაცის ზიარი. კოშკიანების ქვემოთ უკოშკო კვიციანები ცხოვრობენ, მათ შორის ერთი სულხან კვიციანია, მშრომელი და გაუტეხელი კაცი. მის ცოლსა და შვილს თითქოს მზის სილამაზე მიუთვისებიათ, ანათებენ და ალამაზებენ უშხვანარს ისე, როგორც მოწმენდილ ღამის ცარგვალს ბადრი მთვარე.
სილამაზის, შრომისმოყვარეობისა და სტუმართმოყვარეობის გარდა, საგულისხმო სხვა რამეცაა კვიციანების ოჯახში. მათი ერთადერთი შვილი მარიამი ახლა 19 წლისაა და მხოლოდ სამი წელია, ხმა გაიგონა. მედიცინის ძვირად ღირებული მიღწევა აღმოჩნდა მარიამის ცხოვრებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი. წარმოსადგენადაც ძნელია 16 წელი სმენისა და მეტყველების გარეშე, ახლა კი მარიამისთვის სმენაცაა და მარტივი კონსტრუქციებით საუბრის შესაძლებლობაც!
ოჯახის თავდაუზოგავმა მისწრაფებამ, მარიამი გამხდარიყო უფრო ბედნიერი, შედეგი გამოიღო. როგორც ზოგადად ვიზუალისტებს, მარიამსაც წერითა და ხატვით უფრო ეხერხება აზრების გადმოცემა, თან შეუცდომლად წერს და ფურცელზე ყველა ასოს ხატავს თითქოს. ვთხოვე, მოეთხრო ან მოეწერა თავის თავზე. მოწერა ამჯობინა და ლამაზი კალიგრაფიის ფოტოპირი გადმომიგზავნა...
GzaPress"მე ძალიან მიყვარდა სკოლა. 12 წელი ვისწავლე. მიყვარდა მასწავლებლები, განსაკუთრებით ხატვის მასწავლებელი რაია. ძალიან ბევრს ვხატავდი. ვხატავდი უშბას, ეკლესიებს, თოვლის ბაბუას, ადამიანებს, ცხოველებს, ყვავილებს, ხეებს, ეზოებს, სახლებს. როცა ვხატავ, ძალიან ბედნიერი ვარ. თან ჩემი ნახატები მოსწონთ და ეს კიდევ უფრო მახარებს. ჩემი სოფელია ბეჩო, რომელიც უშბის ძირასაა. უშბა განსაკუთრებულია, ამიტომ მისი დახატვა მიყვარს. წელიწადის ოთხივე დროს ეს მთა საოცრად ლამაზია. ზამთრობით უშბა სულ თეთრია, ზოგჯერ ნაცრისფერიც, მზის ჩასვლისას ალისფერიც დაჰკრავს. მიხარია, ბეჩოში რომ დავიბადე, ზაფხულობით ეზოში ჰამაკს გამიმართავს ხოლმე მამა და ახალგაზრდებთან ერთად ვერთობი. ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს. ზაფხულობით მთასა და ტყეში დავდივარ, ვიღებ ლამაზ ფოტოებს და ვაქვეყნებ კიდეც. მინდა, ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს სილამაზე. გვაქვს გემრიელი და სასარგებლო მჟავე წყლებიც. ყოველ წელს უამრავი ტურისტი მოდის ბეჩოში, შიხრაში ულამაზესი ჩანჩქერიცაა, რომელიც ძლიერი და ხმაურიანია, ამიტომ ახლოს არ ვეკარები, მაგრამ თანატოლებთან ერთად ხშირად იქ პიკნიკს ვმართავ. ვმღერით და ვცეკვავთ იქ, ვიცინით და ვმხიარულობთ... ჩვენთან, მთებში ერთ ადგილს ჰქვია გული, ამ ადგილას არის ეკლესია, რომელსაც გულათახაშს ვეძახით. ამ ეკლესიაში მხოლოდ ერთხელ ტარდება წირვა, ისიც მაისის სამშაბათს. ამ დღეს მიგვაქვს სანთლები და კვერი ეკლესიაში. კვერს ყოველთვის დედა აცხობს, მისი ცომი ნაკურთხი წყლით იზილება. თავად ტაძარში მხოლოდ კაცები შედიან, ლოცვას გოშუანის გვარი ასრულებს. ლოცვის მერე კლავენ საკლავს და სუფრას შლიან.
16 წლამდე სულ სიჩუმე იყო. ძალიან მინდოდა სამყაროს ხმის გაგონება. როცა ოპერაცია გავიკეთე, ექიმმა მკითხა, - მარი, გესმისო? ვუპასუხე, - კი, მესმის-მეთქი. მაგარი გოგო ხარო, - მითხრა ექიმმა და ეს წუთები იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი! მერე ისიც დასძინა, - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ სიტყვებს ვერ ვივიწყებ და ვარ დაიმედებული. მაქვს ოცნებები, ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მინდა, ვისწავლო სტილისტობა, ხატვა, ფარმაცია... ყველაფერი წინაა. სიტყვები კარგად მესმის, ვიგებ ყველაფერს, ვლაპარაკობ ცოტ-ცოტას, მაგრამ საუბარსაც გავაუმჯობესებ. ზოგჯერ ტუჩების მოძრაობას ვაკვირდები და ისე ვხვდები, რას მეუბნებიან. ჰობიც მაქვს, ცეკვა და ფილმების ყურება..."
მარიამი მხოლოდ ქართული და ინგლისური სიტყვების წარმოთქმაზე ვარჯიშობს, სვანური წარმოსათქმელად რთულია თანხმოვნების სიმრავლის გამო, ამიტომ კვიციანების ოჯახში მხოლოდ ქართულად საუბრობენ, ისე კი კარგად იციან, რამდენად ღირებულია სვანური ენა!
როცა სულხან კვიციანთან სტუმრად ხვდება ადამიანი, ჭიშკრიდანვე გრძნობ ოჯახის დაუღალაობას. უზარმაზარი ბოსელი სავსეა პირუტყვით, საკუჭნაო - სასუქის გარეშე მოყვანილი კარტოფილითა და სანოვაგით, საბძელი - თივით, ხალმები - ყველით, მასპინძლის გული - სიყვარულით. ელზა კვიციანს არ უყვარს წარსულის გახსენება, რადგან ბევრი ტკივილი გადაიტანა, მაგრამ წინ მიდიოდა იმედით, შვილის სიყვარულით და შრომით! მეტი ბედნიერება ალბათ არც შეიძლება, რადგან მარიამი ყოველდღე წინ დგამს ნაბიჯებს, ხდება უფრო დამოუკიდებელი, მეტ ადამიანს ემეგობრება, მეტს სწავლობს და საკუთარ თავში არ იკეტება!
დილით, როცა თეთნულდს ამოსცდება მზის პირველი სხივები და უშბის შუბლს მიებჯინება სინათლე, კვიციანების სოფლიდან კვამლი სვეტებად წავა ცისკენ, მესამედ იყივლებენ მამლები, დაიზმუვლებენ ბოჩოლები ბოსლებში ახალი დღის დაბადების სიხარულით და მარიამი იღვიძებს ბედნიერი, რადგან ყველაზე ჩუმი ბგერებიც კი აღწევს მასთან...
მარიამს საოცრად უხდება ღიმილი. საოჯახო საქმის კეთება, თოვლზე სრიალი, ხატვა, წერა თუ ფოტოების გადაღება - ყველაფერი კარგად გამოსდის და კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რადგან მან საბოლოოდ დაამარცხა უიმედობა...
მართლაც და რატომ არ უნდა გაიღიმოს, განა ყველას გაუმართლა უიმედობასთან ბრძოლაში? და რატომ უნდა გაიცნონ მარიამი ადამიანებმა? თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნდეს კაცობრიობა, მიუღწეველი არაფერია!
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყველა ადამიანი უნიკალურია, თუმცა ამჯერად მრავალმხრივად გამორჩეული პერსონის შესახებ უნდა გიამბოთ.
პიროტექნიკოსი, რომელიც ფილმში მძიმე კადრების რეალურთან მიახლოებაზე ზრუნავს
მე ვმღერი, ანდრეა აკომპანიატორობას მიწევს
"ყველაფრის გამო შეეძლოთ ადამიანები გაეციმბირებინათ ან დაეხვრიტათ..."
ნამდვილი სტიქია თუ წარმოსახვითი ქარაშოტი?
სირთულეების გადალახვა თავისებურ სიამოვნებას განიჭებს
ქალზე ძალადობა ოჯახის ფარგლებს სცდება და ეს სოციალური პრობლემაა.
უსინათლო ქალის აქტიური ცხოვრება
რატომ შეინიღბა მწერალი ფესევდონიმით
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1202 კომენტარი