იცოცხლე, ზაირა! - გზაპრესი

იცოცხლე, ზაირა!

მაშინ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟზე, როცა ოცი წლის ზაირა მიქატაძემ სადახლოში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე გაბედული ნაბიჯი არ აღმოჩნდებოდა. მთების გადადგმას კი არ აპირებდა, უბრალოდ თავისუფალ, ბედნიერ ქვეყანაში უნდოდა ცხოვრება; ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ენაზე ყველა მისი მოქალაქე თავისუფლად ისაუბრებდა, ამიტომაც ყოველ ალიონს სახლიდან გადიოდა და მატარებლისკენ მიიჩქაროდა. იმ მატარებელში ნახა პირველად როგორია ერთა შორის ზიზღი. ამ ზიზღით ნასროლი ქვების სიმწარეც იგრძნო საკუთარ თავზე. მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეული იწყებოდა, ყარაბაღის საუკუნის დასაწყისში მიჩუმათებული პრობლემა კი აქტიურობის ფაზაში უკვე შესული იყო. ჰოდა, რა გასაკვირია, აზერბაიჯანელი მოსახლეობა მატარებლებს ქვებს რომ ზიზღით უშენდა, რაკი იქ სომხები ეგულებოდა? თუმცა, ეს ზაირას ომი არ იყო, მისი მისია აზერბაიჯანელებისთვის ქართულის სწავლება გახლდათ. ძმებისთვის ქართულის სწავლება ეროვნული მოძრაობის ლიდერების მოწოდება იყო, ამიტომ სამ წელიწადს იარა ამ გზაზე. ყოველ დილას იქით, თავისი პატარა აზერბაიჯანელებისკენ და ყოველ საღამოს უკან, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ, სადაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საღამოს განყოფილების სტუდენტი გახლდათ...

GzaPressამ პერიოდში მძიმდებოდა გარემოც დედაქალაქში: მიტინგები, მღელვარება, 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედია, ნანატრი თავისუფლების ეიფორია და ე.წ. თბილისის ომი, სამოქალაქო ომი, რომელიც ზაირასთვის ტრაგიკული აღმოჩნდა...

როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, ზაირა იძულებული გახდა პატარა აზერბაიჯანელების სწავლებაზე უარი ეთქვა და ხელში უფრო მძლავრი იარაღი, კალამი აეღო. ასე გახდა ომის ჟურნალისტი ზურგში.

ზურგი ანუ დედაქალაქი და დანარჩენი საქართველო მაშინ სულაც არ ჰგავდა დედაქალაქს და ქვეყანას, რომელიც ომში იყო ჩართული. დედაქალაქს თუ დააკვირდებოდი, ზედაპირულად ვერც კი იგრძნობდი, რომ მისი რჩეული ბიჭები მკერდს სამშობლოსთვის უშვერდნენ ტყვიას. ჩვეულებრივ თბილისურ, თუმცა უკვე შეჭირვებულ ყოფას, მხოლოდ გადამწვარი დედაქალაქის გული "ყიდდა". ეს დამწვარი გული იყო ის ჭეშმარიტი სახე, რომელიც მერე, ომის დაწყებიდან ერთი წლის და ცამეტი დღის შემდეგ, სოხუმის გადამწვარმა, დანგრეულმა გულმა დაასრულა და მეოცე საუკუნის საქართველოს ტრაგიკული ბეჭედი შეკრა.

ზაირამ კი ომში წასვლაზე დაიწყო ფიქრი. რაკი ისევ სტუდენტი იყო, აფხაზეთში ჩასასვლელი გზა რთულად იპოვა. იმხანად ახალდაარსებულ გაზეთში მუშაობდა და რადგან ომის გარდა არაფერზე შეეძლო ფიქრი, მისი წერილებიც ამ თემას ეძღვნებოდა. ბუნებრივია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აფხაზეთში დაჭრილ ჩვენს ჯარისკაცებს ხშირად აკითხავდა. ყოველ მისვლაზე ახალ მეგობრებს იჩენდა ჯარისკაცებს შორის, ახალ საგმირო ამბებს ისმენდა, აშუქებდა და კიდევ უფრო უმძაფრდებოდა ფრონტის ხაზზე წასვლის სურვილი. ერთხელ საავადმყოფოში სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის შტაბის უფროსი, გოჩა ხიზამბარელი გაიცნო, რომელსაც გაუმხილა თავისი სურვილი. მისდა გასაკვირად, ბატონმა გოჩამ ასპროცენტიანი ნდობა მაშინვე გამოუცხადა ამ პატარა გოგოს და მისი თავი ამავე ბატალიონის მეომარს, გია ქარუმიძეს ჩააბარა. რამდენიმე დღეში გიას, ამ ორმეტრიანი ვაჟკაცის თანხლებით, ზაირა ბაბუშერის აეროპორტში დაფრინდა. ქალი იმ თვითმფრინავში მხოლოდ თავად იყო, ეკიპაჟიც და მგზავრებიც მხოლოდ მამაკაცები, უფრო სწორად, უწვერული მეომრები, ახალდავაჟკაცებული ბიჭები, სახენათელი ახალგაზრდა კაცები იყვნენ, რომლებმაც თავიანთი ავტომატები გვერდზე გასწიეს, ჩაიჩოჩნენ და საუკეთესო ადგილას დასვეს. ან იქნებ ის ადგილიც ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ზაირას მაშინ ასე მოეჩვენა, მას ხომ სიკვდილის თვალებში ჩასახედად წასული ბიჭები უღიმოდნენ.

მანამდე სოხუმში მხოლოდ ორი დღით იყო ნამყოფი, ამიტომ აფხაზეთი რეალურად, პირველად მან საომარ ვითარებაში დაინახა და შეიყვარა. შეიყვარა პირველსავე ღამეს, როცა ჯერ კიდევ მისთვის უცნობ ბიჭებთან ერთად, შეძრწუნებული უსმენდა "გრადების" გრუხუნს, ბიჭები კი უხსნიდნენ - ეს ახლოს ჩამოვარდა, ეს შორს დაეცა, ეს ზღვისკენ ჩამოვარდა, ეს მინისტრთა საბჭოსკენ ჩამოვარდა... მერე თავადაც ისწავლა ამ საზარელი იარაღის დაცემის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხმით და შიშის მართვაც. დიახ, ეშინოდა. ეშინოდა და ამას არც მალავს. მისთვის გმირობა ის არის, ადამიანს სიცოცხლე რომ უყვარს, მისი დაკარგვის ეშინია და ეფიქრება, მაგრამ მაინც სწირავს თავს, რადგან ამ შიშზე მეტი და დიადი საკუთარი ქვეყნის სიყვარულია.

როგორც თავად ამბობს, ძლიერი კაცების გვერდით მოხვდა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ფილმის გმირად შეიძლებოდა გექცია. ფილმის ვერა, მაგრამ ერთ-ერთი, ნუგზარ კახნიაშვილი მისი ცხოვრების ჯარისკაცი, მისი გმირი გახდა.

ნუგზარი იმ "გრადებით" დასეტყვილი ღამის შემდეგ ნახა პირველად. ის და მზე ერთად მოვიდნენ შტაბში. მაღალი, ათლეტური, ქერა, მწვანეთვალება, ოქროსფერი ნამზეურითა და ღიმილით... თითქოს აქაც არაფერი, თითქოს წუხანდელი ღამე ბაბუშერაში განთავსებულ ყაზარმაში კი არა, კარგ სასტუმროში ჰქონდა გათენებული. ისე ძალიან მოეწონა, რომ შემდეგი სამი თვე ერთხელაც არ უფიქრია, რომ ამ მზესავით ბიჭს მისნაირი გოგო მოეწონებოდა. მეგობრობდნენ, სხვანაირად არც შეიძლებოდა. ყველა საომარი მოქმედების წინ მღელვარებით აცილებდა თითოეულს, მერე ყველასთვის ლოცულობდა, მერე სიხარულით ხვდებოდა დაბრუნებულებს; უხაროდა დაღლილები, ჭუჭყიანები, სველები, მშივრები, დამტვრეულები როცა ბრუნდებოდნენ. მთავარი იყო მოსულიყვნენ, მთავარი იყო ეცოცხლათ.

წინა ხაზზე გასვლის უფლება დიდხანს ვერ მოიპოვა. ალბათ მართლები იყვნენ ბიჭები, ამის უფლებას რომ არ აძლევდნენ, რადგან გამოუცდელი, უიარაღო გოგონას ფრონტის ხაზზე გაყვანა, მისი დაცვა დამატებით პრობლემებს შეუქმნიდათ. სამაგიეროდ, ისიც და სხვა ბატალიონების ბიჭებიც სიამოვნებით აწვდიდნენ მასალებს, რომელთაც ზაირა გაზეთ "თბილისში" ბეჭდავდა. მის მოწოდებულ წერილებზე, მადლობა ღმერთს, დიდი მოთხოვნილება იყო, თან ის - შტატგარეშე კორესპონდენტი ამაში არაფერს ითხოვდა. მისი იყო შრომაც, პასუხისმგებლობაც საკუთარ სიცოცხლეზე, მასალაც და სიმართლეც...

მისი სამხედრო ნათლობის დრო 2 ივლისს დადგა. ზაირა მიქატაძეა ის ჟურნალისტი, რომელმაც პირველმა ნახა ტამიშში რუსული დესანტის მიერ ვერაგულად ყელებდაჭრილი დუშეთის ბატალიონის ბიჭები, ჩახოცილი ავაზელები, გადაბუგული სოფელი და სახლების სარდაფებში სიკვდილის შიშს შეფარებული, გადარჩენილი მოსახლეობა. თავის ბიჭებთან ერთად, თანამებრძოლის მიერ ხელში შეჩეჩებული ავტომატით იარა კარდაკარ, რომ გადარჩენილი მოსახლეობა როგორმე სამშვიდობოს გაეყვანა. ბავშვებს შიშით ფეხები ჰქონდათ მოკვეთილი, ამიტომ ხელში ატატებული გამოჰყავდათ ბიჭებს სამშვიდობოს, ტყვიების წვიმის ქვეშ... 7 კილომეტრი, კინდღამდე... ზაირა იყო პირველი ჟურნალისტი, რომელმაც შეურაცხყოფილი, გაშიშვლებული ქართველი დედა-შვილის (ქებურიების) ყელებდაჭრილი გვამები ნახა, მაგრამ დიდი ტკივილის მიუხედავად, მათი გაპატიოსნება ვერ შეძლო... ზაირა იყო ის ჟურნალისტი ქალი, რომლისთვისაც არავის ჩაუტარებია ტრენინგი ომის ჟურნალისტიკაში, მაგრამ ისევე, როგორც იმ ომის სხვა ჟურნალისტმა ქალებმა, შემდეგ თავისი კალმით ყველაფერი გააკეთა, რომ ის დღეები სამუდამოდ შესულიყო საქართველოს ისტორიაში. არც არაფერს ნანობს... ერთის გარდა - ეს ერთადერთი სინანული მის სიყვარულის ეხება...

იმ დღეს ნუგზარი და ზაირა მცირე ხნით დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ. ზაირამ გაიგო, რომ ის ბიჭი, რომელზე ფიქრსაც ვერ ბედავდა, მასზე იყო შეყვარებული და მიხვდა, რომ უბედნიერესი ქალი იყო მსოფლიოში. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ მის გვერდით დარჩენილიყო, საქმე მოიმიზეზა და თბილისში გამოიქცა... ალბათ დაბრუნდებოდა უკან, საქმე, ვალი მაინც გადასძლევდა სიყვარულის შიშს, მაგრამ სულ მალე, საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად მოღალატურ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ზაირა თბილისში დარჩა, თანაც იმედი გაუჩნდა, რომ მისი გამოქცევის გამო ტელეფონით გაგრძელებულ მათ რომანს შესაძლოა, ბედნიერი დასასრულიც ჰქონოდა. თუმცა, ომის პირობებში კაცი ბჭობს, ტყვიები კი დასცინიან.

ნუგზარ კახნიაშვილი, 23 წლის მწვანეთვალება ბიჭი, რომელსაც აფხაზეთში სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ასეულის მეთაურობა ებარა, ზუსტად 25 წლის წინ, 6 ნოემბერს, სამეგრელოში, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა... ამბობენ, რომ ქართველებმა მოკლეს, მაგრამ მას, ვინც ამას ამტკიცებს, ვერ ენდობა, რადგან ის ჩასაფრებიდან რამდენიმე წამში მანქანიდან გადახტა და მეორე დილამდე ტყეში იმალებოდა, გენერალი დავით თევზაძე კი, ვისაც ეს ორი ბიჭი აცილებდა, ბევრს არაფერს ჰყვება. არადა, სიმართლის გაგებას ორი ქალი, ნუგზარის და და ზაირა უკვე ძალიან დიდი ხანია, ელოდება.

ეს დღე, ზაირას უბედურების დღე, საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც სამოქალაქო ომის სხვა ეპიზოდები, რომელიც სამეგრელოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, სირცხვილის დიადი დღეა, რადგან გადატრიალების წყალობით, ქართველების ხელით ქართველების სისხლის დაღვრით ხელისუფლებაში მოსულმა შევარდნაძის მთავრობამ, რომელმაც აფხაზეთი ჩააბარა რუსეთს, საკუთარი ტახტის საბოლოოდ გასამყარებლად სამეგრელოში ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის შეიარაღება და ჯარი გამოიყენა და ამის საფასურად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაშიც (ÑÍÃ) შევიდა. საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომლის სიცოცხლეც მოსვენებას არ აძლევდა რუსეთს და შევარდნაძეს, უკვე ზემო სამეგრელოსთვის ჰქონდა თავი შეფარებული. ხიბულამდე ორი თვეღა იყო დარჩენილი... მაგრამ ეს აღარ აწუხებდა შევარდნაძეს, მან იცოდა, რა ბედიც ელოდა ნამდვილ პრეზიდენტს...

რას ვიცავდით სამეგრელოში, შევარდნაძის ტახტს?! - აინტერესებს ზაირას. მეც სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ, მესმის უმძიმესი სიტყვები მოკლული ჯარისკაცის შეყვარებულისგან, რომელიც უკვე ორჯერ უფროსია თავის რაინდზე - თუ სიკვდილი ეწერა, ნეტავ აფხაზეთში მოეკლათო ნუგზარი...

GzaPress

ნუგზარის ნეშთი მათმა საერთო მეგობარმა, გია ქარუმიძემ გადმოასვენა თბილისში და ზღვაზე, სხვა ჯარისკაცების გვერდით დაკრძალა. ზაირას კი ხელ-ფეხი წაერთვა და მეტყველების უნარი დაკარგა. მერე თვეების განმავლობაში უვლიდნენ მეგობრები. მას არც ომს გადარჩენილი ბიჭები ტოვებდნენ...

საბედნიეროდ, ახალგაზრდობამ მაინც გაიმარჯვა და ზაირამ თვეების შემდეგ, ახალფეხადგმული ბავშვივით დაიწყო სიარული. სახლი სასაფლაოსთან ახლოს იქირავა და შავ სამოსში გამოწყობილმა, გაუთხოვარმა ქვრივმა, ჟურნალისტური მოღვაწეობა გააგრძელა...

დილით სასაფლაოზე გარბოდა, ავიდოდა, დაელაპარაკებოდა ნუგზარს, მერე სამსახურში მიდიოდა, მასალებს აგროვებდა, წერდა, ადამიანებს უსმენდა... სამი წლის თავზე, როცა მიხვდა, რომ სამგლოვიარო ტანსაცმლით გარშემო მყოფებს აწუხებდა, მისი გახდაც მოახერხა, მაგრამ ფიქრი, რომ თავად სუნთქავდა, ჭამდა, ზოგჯერ იცინოდა, ვიღაცები ყურადღებასაც იჩენდნენ მის მიმართ, ნუგზარის სხეული კი მიწაში ქრებოდა, თავს დამნაშავედ, მოღალატედ აგრძნობინებდა... არა, ზაირას არჩევანი მაშინ სიცოცხლე არ იყო. სიცოცხლე მის თვალში აბსოლუტურად გაფერმკრთალდა და შიშის გრძნობა, რომელიც ტყვიების ზუზუნში გულს აატკივებდა ხოლმე, საერთოდაც დაკარგა. ნუგზარის სიკვდილიდან 4 წლის თავზე მოიწამლა თავი...

ზაირა მიქატაძე რამდენჯერმე დაიბადა. ერთ-ერთი დაბადება ნევროლოგიური საავადმყოფოს რეანიმაციაში მოხდა. სასუნთქ აპარატზე მიერთებულმა თვითმკვლელმა გოგონამ თვალები გაახილა და მიხვდა, რომ გადარჩა. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მისი ფიქრი. იმ დღეს, იმ ხელახლა დაბადებისას, ზაირამ გადაწყვიტა, რომ რაკი გადარჩა და არც ტყვიამ, არც მწუხარებამ და არც საწამლავმა არ მოკლეს, რაღაც დიდი მისია აქვს დაკისრებული, რომლის გამოც უნდა იცხოვროს. იქნებ ეს მისია დედობა იყო?..

იფიქრა, რომ ბიჭი, რომელიც წლების განმავლობაში აწონებდა თავს და ნუგზარის გლოვის წლებშიც თანაუგრძნობდა, შესაფერისი იქნებოდა ოჯახის შესაქმნელად, ჰოდა, დიდი სიყვარულით ვერა, მაგრამ დიდი სიმპათიითა და იმედით, რომ კარგ ქართულ ოჯახს შექმნიდა, გათხოვდა. ახლა, როცა მისი ოჯახი მხოლოდ თავად და მისი გოგო-ბიჭია, ყოფილი ქმარი კი თავის ცხოვრებას დამოუკიდებლად იწყობს, ზაირა მაინც არ ფიქრობს, რომ შეცდა, რადგან მარტო აღარ არის, ორი თანამოაზრე ჰყავს შვილების სახით; ორი მეგობარი, რომლებიც ისევე ამაყობენ ზაირას ტრაგიკული სიყვარულით, როგორც თავად ზაირა. - ის კაცები, რომლებიც იმ დროს, როდესაც უნდა ეომათ, მხარ-თეძოზე კოტრიალობდნენ, კაცები არ არიან, - ფიქრობს ზაირა. ამიტომაც ვერ გადახარშა ზაირას მეუღლემ მისი რომანტიკული, ტრაგიკული წარსული, ამიტომაც გაუნადგურა ყველა სურათი თუ ჩანაწერი, ამიტომაც გაიმეტა, რომ ხელი აეწია მასზე...

თუმცა ერთი ფოტოსურათი მაინც გადარჩა... ეს ფოტო, სადაც ზაირას იოლად ამოიცნობთ, რადგან აქ ის ერთადერთი გოგოა, ნუგზარი კი წინა რიგშია ჩაცუცქული, მარცხნიდან მეორე... ის ნუგზარის დამ გადმოსცა ზაირას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ეს ფოტო ნუგზარის დედობილს, ქალბატონ თინა ავალიანს ედო ხელჩანთაში როცა ერედვში მათ მანქანას ჭურვი მოხვდა... მერე, როცა ქალბატონი თინას ძლივს შეგროვებული ნაწილები დაკრძალეს, გაირკვა, რომ მისი ხელჩანთა, რომელშიც შვილმოკლულმა დედამ ყველაზე საკრალური ნივთები ჩაალაგა სახლიდან გამოქცევამდე, გადარჩა...

გადარჩა ზაირას დღიურების ერთი ნაწილიც, რომელიც ქმარს დაუმალა...

ქმარს გავშორდი თუ არა, ჯარს დავუბრუნდიო, - იცინის თავად და ამით საოცრად ბედნიერია. ახლა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. ორი წლის წინ ოცნება აისრულა და ავღანეთშიც ჩააკითხა ჩვენს ბიჭებს. საქართველოშიც არავის ტოვებს უყურადღებოდ.

აფხაზეთში წასვლაზე დიდხანს იფიქრა. დაგეგმა და ჩავიდა კიდეც. ეღიმება, მაგრამ აღიარებს, რომ ჯავშნიანია და მიზნისკენ მტკიცედ მიისწრაფვის. რა თქმა უნდა, ეშინოდა წართმეულ მიწაზე დაბრუნების, ეფიქრებოდა, როგორ გაუძლებდა ნანახს, როგორ მოირგებდა სიმშვიდის ნიღაბს, მაგრამ მოახერხა. ენგურს გაღმა ფეხით გადავიდა...

ზაირამ იცის, საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება რომ მიეცეთ, ამ ვითარებაშიც უამრავი დევნილი დაბრუნდება აფხაზეთში და ამ გავერანებულ მიწას თავის გამრჯე ხელს დაატყობს, ისევ ააყვავებს, მაგრამ ამის ხომ ყველაზე მეტად ეშინიათ ოკუპანტებს?! ეს შიში აიძულებთ მათ აფხაზეთში ფოტოგადაღებები აკრძალონ. მაინც მოახერხა: ორ საათს უარა ირგვლივ მინისტრთა საბჭოს დამწვარ შენობას და ფოტო მაინც გადაიღო. პრინციპის საქმე იყო, თორემ ინტერნეტში ამ შენობის უამრავი ფოტოა...

დაგამშვიდა-მეთქი ამ მოგზაურობამ? ვეკითხები ზაირას, რომელმაც "აფხაზური დღიურები" უკვე დაწერა და გამოსაქვეყნებლად ამზადებს. არა, რა თქმა უნდა, ვერ დამშვიდდა, მაგრამ ამ მოგზაურობით პატარა ბედნიერება გამოსტყუა ოკუპანტებს. ფეხი იქ დადგა სადაც ეკუთვნოდა, მაგრამ აუკრძალეს ყოფნა, სადაც ოდესღაც ბედნიერი იყო, რადგან გამარჯვების სჯეროდა.

კარგად იცის ზაირამ, რომ მარტო ქალი ბევრს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ თუ თავის სათქმელს იტყვის თითოეული პატრიოტი, იმ დიდ ყინულსაც გაარღვევს, აფხაზეთის დაკონსერვებული პრობლემა რომ ჰქვია და "ჩამოაბამს კარს", რომელიც სახლში დააბრუნებს ქართველებს.

დეა ცუცქირიძე