"უშრომლობა ყველაზე დიდი ავადმყოფობაა..."
font-large font-small
"უშრომლობა ყველაზე დიდი ავადმყოფობაა..."
უსინათლო ქალის აქტიური ცხოვრება

სოციალური სიზარმაცე ქვეყნის დეგრადაციის ერთ-ერთი საფუძველია. სამწუხაროდ, მოქალაქეთა დიდი რაოდენობა არ თვლის, რომ მან რამე უნდა შექმნას, გადასახადები გადაიხადოს, იყოს საკუთარი თავის მიმართაც პრეტენზიული და მხოლოდ ხელისუფლების წინაშე არ ჰქონდეს მოთხოვნები. ხელისუფლების დადანაშაულება ბევრი ასპექტით შეიძლება, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ ნაკლებად ახალისებენ წარმატებულ და მოტივირებულ ადამიანებს.
სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტად თუ გამოცხადდება შრომის წახალისება, მაშინ ქვეყანაში უკან დაიხევს სოციალური სიზარმაცის მომაკვდინებელი ტენდენცია. ბევრ ადამიანს, ბედად, სახელმწიფო პოლიტიკის მიუხედავად, შეუძლია იყოს აქტიური და "ცოცხალი მკვდარსა არა ემსგავსოს".
თუ ვინმე დასაქმებულია, ან თვითდასაქმებული, ეს მისთვისვეა ხელსაყრელი, მაგრამ ამჯერად ისეთ შემთხვევაზე უნდა გესაუბროთ, რომელიც ნამუსზე შეაგდებს იმ ადამიანებს, რომლებიც არ ქმნიან, მაგრამ ითხოვენ სხვადასხვა ტიპის შემწეობებს.
ნანა ექსეულიძე უსინათლოა. ის იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს სხვის სახლში. ნანას აქვს პატარა ბინა ზესტაფონში, მაგრამ იქ ვერაფერს აკეთებდა, ამიტომ სოფელს მიაშურა. პენსია, სოციალური შემწეობა და მუნიციპალური სუბსიდია - 320 ლარია ჯამში. საკმარისია თუ არა ეს თანხა მისთვის, პასუხი ქართულ ანდაზაშია: საწოლში ფეხს ვშლით იმხელაზე, რამდენადაც საბანი გადაგვწვდებაო. ნანას შეუძლია ქსოვა, ბრაილის შრიფტით კითხვა, სპეციალური პროგრამით აღჭურვილი კომპიუტერის გამოყენება, ფრინველის და ცხოველების მოვლა, ბოსტნის მოწყობა.
1971 წელს დაიბადა ზესტაფონის სოფელ შროშაში. მშობლებს სახლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საზღვარზე ჰქონდათ. უბანს, რომელსაც ღორმანაულს ეძახიან, ახლა თითქმის დაცლილია. აღარ არსებობს მშობლიური სახლიც, არსებობს მხოლოდ მშობლების საფლავები, რის გამოც მიდის ხოლმე ნანა ზოგჯერ შროშაში, უსიხარულოდ, მაგრამ მაინც, რადგან მშობლების ხსოვნას პატივის მიგება ესაჭიროება, მიტოვებულ კაკლებს დაბერტყვა და აკრეფა, ჯონჯოლიც უნდა დაკრიფოს გაზაფხულზე. სამიოდე ტომარა კაკალს და რამდენიმე კილოგრამ ჯონჯოლს იმიტომ წამოიღებს შროშიდან, რომ ესეც ნუგეში და სიყვარულია მისთვის, თითქოს მშობლებისგან დატოვებული!
შვიდი წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. ყივანახველას გართულების გამო სასკოლოდ გამზადებული ჩანთა და რვეულები გვერდზე დარჩა, დარჩა მოგონებაში უსაყვარლესი ორი ფერი: ვარდისა და ცისა... მერე იყო თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატის 12-კლასიანი სწავლება, სადაც საუკეთესო მასწავლებლები ჰყავდათ ბავშვებს. მათი სითბო და დამოკიდებულება ახლაც ახსოვს. თუ გაკვეთილი გაგვიცდებოდა, აუცილებლად დამატებით, პერსონალურად გვამეცადინებდნენო...
ნანა ექსეულიძე:
"12 წელი არ არსებობდა ჩემთვის აღდგომა, რთველი, შემოდგომის ბარაქა და მხოლოდ ახალ წელს ვატარებდი დედასთან ერთად... კიდევ, ზაფხულის არდადეგებზე ჩავყავდი დედას თბილისიდან სახლში. მე მას ინტერნატის ჭიშკართან ვუცდიდი და მისი მოსვლა ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული იყო. კისერზე დავეკიდებოდი და მიხაროდა უსაშველოდ... როცა უკან მაბრუნებდა, ვცდილობდი, გულგრილი გამოვჩენილიყავი. არ მინდოდა, დედას გული უფრო მეტად სტკენოდა, ის მაინც ტიროდა... მასწავლებლები მეუბნებოდნენ, დედას ნუ ატირებო. მე არ ვატირებდი, თავადაც ვითმენდი, რამდენადაც შემეძლო, თორემ ერთი გულიანი ატირება ჩემთვისაც დიდი შეღავათი იქნებოდა... როგორც კი წავიდოდა დედა, მარტო დარჩენილი ჩუმად ვტიროდი და ვიცოდი, რომ ცხოვრებისთვის უნდა შევმზადებულიყავი. სკოლაში საგნების გარდა, ტანსაცმლის ჯაგრისების აწყობას გვასწავლიდნენ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამაზე ვმუშაობდით მე და ჩემი ჯგუფელები. ბოლო ზარზე გადმოგვცეს ოთხი წლის განმავლობაში დაგროვებული ჰონორარი, არც ისე დიდი თანხა, მაგრამ ეს პირველი და ყველაზე დიდი შემოსავალი იყო ჩემს ცხოვრებაში. შვიდი ვიყავით ჯგუფში და ოთხთან ახლაც მაქვს ურთიერთობა ტელეფონით. არაფერია ისეთი საამაყო, როგორც შენი გამომუშავებული თანხით თავის რჩენა. ვერ ვხვდები, როგორ უნდა იყო არაფრის შემოქმედი, როგორ უნდა გაატარო მთელი დღე ტყუილად...
1991 წელს ზესტაფონის უსინათლოთა წარმოებაში დავიწყე მუშაობა. წონით გვატანდნენ ბამბის ძაფს და მასრებით ვქსოვდი სახლში ხელჩანთებს, "სეტკებს" რომ ეძახდნენ. მერე წონითვე ვაბარებდი უკან, 5 თუ 6 წელი ვიმუშავე, დღეში 11-12 ცალს ვამზადებდი. ხელფასი არც ისე დიდი იყო, მაგრამ დასაქმებული ვიყავი. დედა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, დიდად ნაშრომი და ცხოვრებისგან გატანჯული. ჯერ საოჯახო საქმეები, მერე შვილების მოვლა-პატრონობა, თიხის ჭურჭლის დამზადება, რომელიც მამას ზურგით გაჰქონდა სოფლებში და ყიდდა! დედამ მასწავლა ქსოვა. ჩხირებით ახლაც ვქსოვ ფაჩუჩებს, წინდებს, შარფებს, სვიტრებს. ხელის შეხებით ვიმახსოვრებ ზომას და ძალიან სწრაფად, უხარვეზოდ ვქსოვ. შეკვეთები რომ მქონდეს, აუცილებლად მოვქსოვდი ძალიან ბევრს... სხვა საქმეებიც შემიძლია ვაკეთო. ბევრს უკვირს, უსინათლო როგორ აჭმევს ფრინველს და ღორებსო. ორი უზარმაზარი ბაგირი მაქვს გაბმული საქათმისა და საღორისკენ, ყოველი შემთხვევისთვის, მაგას მივყვები ხოლმე; კი აღარ მეშლება გზა და გუმანით ვაგნებ, მაგრამ მაინც. ახლა სამი ღორი მყავს, სალაფავს ვუდუღებ შეშის ღუმელზე, გავუტან და დავუსხამ ტაშტზე. ეს ძალიან ადვილია. არც ფრინველისთვისაა რთული საკენკის დაყრა. ვყიდულობ მარცვლეულს და მიწაზე დაყრილს ხელად აკენკავენ. ქათმები კვერცხს დებენ, იხვებიც ალბათ, მაგრამ ეგენი საბუდარში არ დებენ და ალბათ მერე ძაღლები ჭამენ, მე მაგას ვერ ვხედავ...
GzaPressახლოსაა გაზაფხული და აუცილებლად უნდა გავაკეთო ბოსტანი. ჩემი საყვარელი მწვანილი ქინძი და ოხრახუშია, საჭმლის მოსამზადებლად სულ მჭირდება და რამდენი უნდა იყიდო ადამიანმა? თან გავიგე, რომ ამ ეზოში კარგი ბოსტანი ჰქონდა ადრე დიასახლისს. მაქვს მავთულბადე, ვთხოვ ახალ მეზობლებს და შემომიღობავენ საბოსტნეს, თორემ ქათმები და იხვები ამომიჭამენ ყველა ნათესს. მწვანილი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს სოფელში. ძროხასაც კი მოვუვლიდი, რომ მყავდეს, მაგრამ ეგ მიუწვდომელი ოცნებაა. ღორის მომრავლება და გაზრდა უფრო იოლია, ქათმისაც. გაზაფხულზე ასი წიწილი უნდა მოვიყვანო და გავზარდო, ზოგი მე დამრჩება, ზოგიც ქორს, მაგრამ უსაქმოდ ვერ გავჩერდები! ინდაურების მოშენებაც უნდა მოვსინჯო...
ამ სახლსაც ხელის შევლება ესაჭიროება, დედის შორეულმა ნათესავმა დამითმო, მას მეორე სახლიც აქვს და აქ ყოველგვარი ქირის და ვალდებულების გარეშე შემომიშვა. მამის სოფლისკენ გახედვაც არ მინდა, აქ კი მიყვარს ხალხი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანები არიან. სოფლის გამგებელია, ვინც ეს სახლი დამითმო და თითქმის ყოველდღიურად მაკითხავს თავისი ოჯახის წევრებთან ერთად. მყავს საუცხოო მეზობლები, მარინა და ნანული. მართალია, ცოტა შორს ცხოვრობენ, მაგრამ არ იზარებენ ჩემთან მოსვლას. ზოგჯერ საქმეს მოვიგონებ, რომ გადმოვიტყუო ჩემთან, ხან ვითომც ღორებს ვერ დავუკეტე კარი, ხან - ქათმები მრჩება თითქოს გარეთ და როცა მოვლენ ხოლმე, მეტყვიან, ნანა, შენ გაქრიო და ვიწყებთ მერე შეშის "ფეჩთან" საუბარს. მარინა ხმამაღლა მოლაპარაკეა, ნანული უფრო დაბალი ხმით ლაპარაკობს, მხოლოდ ესაა მათ შორის განსხვავება, ისე კი ორივეს ოქროს გული აქვს, მაგათი იმედი მაქვს. საიმედო მეზობელს რა სჯობს? ყავის მომზადებაშიც მეხმარებიან, შეშასაც შემომიტანენ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შემიძლია თავად ვაკეთო. აქ ყველა ცდილობს ჩემს გამხნევებას, თანადგომას, მეც არ ვჩერდები, სულ ვაკეთებ რაღაცას.
შესაძლოა, ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ პურსაც თავად ვაცხობ, ხაჭაპურსაც. დედა მეუბნებოდა, სხვისი ხელის შემყურე არ უნდა იყო, ასე უფრო კარგია და საინტერესო ცხოვრებაო... დედამ მასწავლა საზამთროდ კონსერვების მომზადება. ხილისგან მურაბებს, კომპოტებს და ჯემებსაც ვაკეთებ, მთელი ზამთარი მყოფნის მერე ეგ ჩემი ნამზადი. მაქვს კიტრის, ჯონჯოლის და ეკალას მარინადები. ძალიან მიყვარს ზამთრისთვის თადარიგის დაჭერა. რა ვიცი, რამდენს ჩამოთოვს? კი მეუბნება სოფლის გამგებელი, - არ შეგეშინდეს, ტრაქტორი და საწვავი მზადააო, მაგრამ მე მაინც ასე მირჩევნია. როცა წამოთოვს, პირველი მე მირეკავს და მამხნევებს, არ შეშინდეო. ხმაურიანი და ხუმარა კაცია, სამი შვილის მამა. ქონებით არაა გამორჩეული, გულკეთილობით კი!
ახლახან მითხრეს, ზესტაფონში 25 კაცს უნდა ასწავლო ბრაილის შრიფტიო. 5-5 კაციან ჯგუფებს ჩავუტარებ პარასკეობით გაკვეთილებს. დილას წავყვები "მარშუტკას", საღამოს მოვყვები. ათთვიანი კურსი უნდა იყოსო, სამას ლარზე ნაკლები ანაზღაურება იქნებაო, მაგრამ ხელფასი იმდენად არაფერია, რამდენადაც სხვისი თანადგომა. ბრაილის შრიფტით კითხვას რომ შეძლებენ, ეს ცოტა არ არის! კომპიუტერსაც კარგად ვფლობ და ტელეფონსაც, მაქვს ადაპტირებული პროგრამები და ვიყენებ ტექნოლოგიებს! ასეულობით აუდიოწიგნი მაქვს ჩაწერილი და მარტო ყოფნის დროს ვუსმენ.
სასიამოვნო ბევრი არაფერი მაქვს მოსაგონებელი, განსაკუთრებით ის დრო მახსოვს მწარედ, როცა ჯერ დედას ვუვლიდი და ერთი აბი წამალიც რომ არავის მოუწვდია ჩემთვის, მერე მამაც გარდაიცვალა. მადლობა მინდა დედას ახლაც ვუთხრა, რომ მასწავლა დამოუკიდებლობა. მქონდა დიდი პრობლემები, დიდი ტკივილები, იმედგაცრუებები, მაგრამ ხელი არ ჩავიქნიე. ნათქვამია, კაცი კაცითაო, ღობე ქაცვითაო, მეც კეთილი ადამიანების იმედად გახლავართ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი წამალი არ მჭირდება. თავად ვიცავ ჰიგიენას, არც რეცხვა მიჭირს და ბოსტანშიც შემიძლია სარეველა ხელით ამოვიცნო. რატომ არ გავაკეთებ იმას, რაც შემიძლია? აუცილებლად გავაკეთებ! ცხოვრებას არ უყვარს ზარმაცი ადამიანი. თუ ხარ ცოცხალი, უნდა იშრომო და ამით გაბედნიერდე. უშრომლობა ყველაზე დიდი ავადმყოფობაა. ვუსურვებ ადამიანებს ჯანმრთელობას და შრომისმოყვარეობას, სხვა ყველაფერი თავისთავად მოვა..."

P.S. სოციალურ ქსელში ნანას ორი ფოტო დავდე, გამოხმაურება დიდი იყო. ერთმა ადამიანმა ქიზიყიდან 5 ტომარა საკვები უნდა გამოვუგზავნო ნანას ღორებისთვისო და მართლაც გამოგზავნა. ბექა გონაშვილის ამ საჩუქარმა ნანა გააკვირვა და გაახარა, ცოტა ხნის მერე დაურეკავს და ეტყვის თავად მადლობას, დარწმუნებული ვარ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, როცა მეზობლების საღამოსეული ვიზიტის მერე მარტო დარჩება ნანა სახლში, გულში მაინც იტირებს ისე, როგორც ამას დედასთან განშორებისას აკეთებდა სკოლა-ინტერნატის კედლებში, თუმცა, ცრემლებიც ამ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და უცრემლოდ არც სიხარულს ექნებოდა შნო და ლაზათი...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების კვალს ეძებს"
"ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ ასეთ წარმატებაზე ვერც ვიფიქრებდი"
"თუ ბავშვი მასაჟის დროს ტირის, აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომა"
რა ბედი ელით თავშესაფარში მოხვედრილ ცხოველებს
ორი ნამდვილი ამბავი და ერთიც - უცნობი ავტორის მოთხრობა
თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ
"იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი