მიზანი, რომლისთვისაც ქართველი მოფარიკავეები იბრძვიან - გზაპრესი

მიზანი, რომლისთვისაც ქართველი მოფარიკავეები იბრძვიან

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მოფარიკავე სპორტსმენები უმნიშვნელოვანეს წარმატებებს აღწევენ მსოფლიო მასშტაბით. სპორტის ამ სახეობის განვითარებაში არაერთი ადამიანია ჩართული, თუმცა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის მერაბ ბაზაძის დამსახურება. წლების განმავლობაში მივიწყებული სპორტის ამ სახეობის განვითარებას სწორედ მას მიაწერენ. ბატონ მერაბს სასაუბროდ ფედერაციაში შევხვდი.

- ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოში ეს საქმე ნულიდან დაიწყეთ. როდის და რამ გამოიწვია დაინტერესება ფარიკაობით?

- ჩემი ბავშვობა ფეხბურთით დაიწყო. ამ სპორტზე მეექვსე კლასამდე დავდიოდი. ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს, მხოლოდ ახლა არა ყურება, არამედ თამაში. ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში ვსწავლობდი, როცა იქ ჩემი პედაგოგი და აწ გარდაცვლილი ჯუმბერ კვანტალიანი მოვიდა და ფარიკაობის შესწავლა შემოგვთავაზა. ჩემთვის უცხო იყო ეს სპორტი, მხოლოდ ფილმებიდან ვიცოდი, "სამი მუშკეტერიდან" და ა.შ. მაგრამ გამიტაცა ამ სპორტმა. ორ წელიწადში, ანუ მერვე კლასიდან საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოვხვდი და გადამიყვანეს მოსკოვის სპორტულ სკოლაში. იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი სპორტული სკოლა მთელ საბჭოთა კავშირში, რომელშიც 17 რესპუბლიკიდან ყველა წარმატებული სპორტსმენი იყრიდა თავს. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ, დიდხანს მომიწია მოსკოვში ცხოვრებამ, ვფარიკაობდი, იქვე ჩავაბარე ინსტიტუტში, თუმცა, 1985 წელს საბუთები თბილისში სპორტის აკადემიაში გადმოვიტანე. ეს ის პერიოდი იყო, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ჩემი ოჯახისა და მეგობრების დაჟინებული თხოვნითა და ჩემი გადაწყვეტილებით, სამშობლოში ყოფნა და საქართველოს სახელით ასპარეზობა ვარჩიე. მოსკოვის ხელმძღვანელობა ჩემმა გადაწყვეტილებამ ცოტა გააბრაზა, ყველაფერი ჩვენ გასწავლეთ, შენ მაინც სამშობლოში ბრუნდებიო და ჩემს სპორტულ კარიერას წერტილი დაესვა. ისე გამოვიდა, რომ ფარიკაობას თავი ადრეულ ასაკში დავანებე. როცა მაღალი შედეგების ჩვენება უნდა დამეწყო, საბჭოთა კავშირი დაიშალა. თან, იმ პერიოდში დავოჯახდი, ოჯახი სარჩენი იყო, ფარიკაობისთვის არ მეცალა და 10-12 წელი ჩამოვშორდი ამ სპორტს. ძალიან მწყდებოდა გული, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია... 2 ბიჭი შემეძინა. ბექამ და სანდრომ ანალოგიურად, ფეხბურთით დაიწყეს და შემდეგ ფარიკაობით დაინტერესდნენ.

- თქვენი ვაჟებიც ფარიკაობის მიმართულებით რომ წასულიყვნენ, ეს თქვენი განუხორციელებელი სურვილების ანაზღაურება ხომ არ იყო?

- არა, მათ თავად აირჩიეს ფეხბურთი და შემდეგ ფარიკაობა. ვაკეში, აუზთან სხვა დარბაზი იყო, ახლა არსებული ყოფილმა ვეტერანმა მოფარიკავეებმა ააგეს. ჩვენ აქვე ვცხოვრობდით და ერთ-ერთი სეირნობის დროს დარბაზში შემოვიყვანე ჯერ ერთი, მერე მეორე შვილი. ბექა და სანდრო პერსპექტიულ ფეხბურთელებად ითვლებოდნენ, მაგრამ მოეწონათ ფარიკაობა და მიჰყვნენ. უფროსმა შვილმა - ბექამ ცოტა გვიან დაიწყო ვარჯიში, მაგრამ საკმარისს მიაღწია და იმედია, მეტსაც მიაღწევს. უმცროსი სანდრო კი ერთ-ერთ უძლიერეს სპორტსმენად ითვლება მსოფლიოში. რომ ვკითხე, გული ხომ არ გწყდება, ფეხბურთს თავი რომ დაანებე-მეთქი, სანდრომ მიპასუხა, - არა, იქ ხომ ხუთჯერ ევროპის ჩემპიონი ვერ გავხდებოდიო (იღიმის).

- თუ არსებობს სტანდარტები, რა ასაკში შეიძლება ფარიკაობაში ვარჯიშის დაწყება და რომელ წლამდე შეგიძლია ასპარეზობა?

- სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკით რომ ვინტერესდები, ვარჯიშს 6-7 წლიდან იწყებენ. თუმცა, არსებობს მაგალითებიც, ვინც გვიან იწყებენ ვარჯიშს, კარგ შედეგებს აჩვენებდნენ. ვთვლი, რომ ფარიკაობა ყველაზე კარგად განვითარებული იტალიაშია. მსოფლიოში მოწინავე ადგილი უკავია ამერიკასაც. ცნობილი იტალიელი 40 წლის მოფარიკავე ალდო მონტანო კვლავაც მოფარიკავეა. თუ ფიზიკურად ძლიერი ხარ და ვარჯიშობ, ამ ასაკამდე დარჩები აქტიურ სპორტში და გამოადგები შენს ქვეყანას.

GzaPress

- ბოლო წლებში ქართველ მოფარიკავეებსაც კარგი შედეგები ჰქონდათ... - სანამ აქამდე მოვიდოდით, ძალიან რთული გზა გამოვიარე. რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვი, თორემ ახლა უფრო მაღალ დონეზე ვიქნებოდით. სწავლების, მწვრთნელის გამოცდილება არ მქონდა, თუმცა რუსეთში კარგი სკოლა გავიარე. ფარიკაობა უმაღლეს მაესტროებთან შევისწავლე. იქ მსოფლიო ელიტაა და რუსეთი ფარიკაობაში დღესაც წამყვანი ქვეყანაა. ის გამოცდილება ძალიან გამომადგა და პლუს დაუღალავი შრომა. აქ ნიჭი არაფერს წყვეტს. ომი იყო თუ მშვიდობა, სულ ვშრომობდი, ქვეყანამ და სახელმწიფომ კი ეს დაინახა. ეტაპობრივად სულ მედგნენ გვერდში. წელს ოლიმპიური წელია, კარგად დაგვაფინანსეს და ვფიქრობ, იმედებს გავამართლებთ. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია ტოკიოში 2020 წელს ოლიმპიურ თამაშებზე გუნდით წარვდგეთ, რაც პირველი პრეცედენტი იქნება. თუმცა მანამდე უნდა მოვიპოვოთ ლიცენზია. რთული გზა გვაქვს გასავლელი. ახლა მსოფლიოში რეიტინგით ჩვენი გუნდი მე-8 ადგილზეა და უნდა მოვხვდეთ ხუთეულში ან ოთხეულში. მადრიდში, მაისში დაიწყება პირველი შესარჩევი ტურნირი, რომელიც 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება. 10 ტურნირზე ფარიკაობა გვიწევს და შედეგების მიხედვით, ჯამში უნდა მოვხვდეთ მსოფლიო რეიტინგის პირველ ხუთეულში. უკან უნდა ჩამოვიტოვოთ: იტალია, რუსეთი, საფრანგეთი, უნგრეთი და ა.შ. სხვა შედეგს არ განვიხილავ. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში, რომელიც შარშან ჩინეთში გაიმართა, ბიჭებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს და წამყვან სპორტსმენთა რიგებში მოხვდნენ. ეს იყო ისტორიული შედეგი, სადაც ოთხმა ქართველმა: ბექა და სანდრო ბაზაძეებმა, მიხეილ მარდალეიშვილმა და ვაჟა რეჭიამ ყველა გააოცა. ვფიქრობ, წელს ისინი შედეგს გააუმჯობესებენ და ოლიმპიურ ლიცენზიას მოვიპოვებთ.

- კიდევ ვინ ცდის ბედს გუნდში მოსახვედრად?

- გუნდში 4 კაცი უნდა მოხვდეს და კანდიდატები არიან: ბექა და სანდრო ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია და საბა სულამანიძე. ეს ექვსეული იბრძოლებს ოთხეულისთვის. გოგონებში გვყავს ევროპის ჩემპიონი თეოდორა კახიანი და 18 წლის ლიკა ჯიჯეიშვილი. გოგონებიც ცდიან ბედს. მათ დიდი შანსი აქვთ მოხვდნენ ოლიმპიადაზე. რაპირით ფარიკაობაში მყავს ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი. რუსეთიდან მყავს გადმოყვანილი მაია გუჩმაზოვა. ჯამში 11 კანდიდატია და იმედი მაქვს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მინიმუმ 5 ლიცენზია გვექნება.

- პარაოლიმპიელებზეც მინდა გკითხოთ, რეკორდული შედეგები აქვთ სპორტსმენებს ბოლო 5 წელიწადში. ამ მიმართულებით მუშაობა როგორ გადაწყვიტეთ?

- ჩემი მეგობარი მალხაზ მესხი კინოსტუდიაში მუშაობდა. ის უდიდესი მოფარიკავის, ტრიფონ მესხის შვილია. სტრასბურგში ვიყავით, სადაც პარაოლიმპიელთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მე და მალხაზი დავინტერესდით და შევხვდით სხვადასხვა ადამიანს, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში ამ სპორტის განვითარებაზე ზრუნავს. ჩამოვედით თბილისში და ვიპოვეთ ირმა ხეცურიანი. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, ირმა საბურთალოს სახლიდან კიბეზე ხელში აყვანილი ჩამოგვყავდა და ვაკის დარბაზამდე მოგვყავდა. აქ სკამზე ვავარჯიშებდით, რადგან ადაპტირებული არაფერი იყო. გაჭირვებაში გავიარეთ ის დრო. ამდენმა შრომამ შედეგი გამოიღო და 1 წლის თავზე ირმამ კანადაში მასშტაბურ ტურნირზე მესამე ადგილი აიღო. შემდეგ თბილისის მერიამ გამოგვიყო თანხები და დიღომში ავაშენეთ საოცარი პარაცენტრი, სადაც დღესდღეობით 15 სპორტის სახეობის პარასპორტსმენები გვყავს. ყოველდღიურად იქ სხვადასხვა სპორტში 100-150 კაცი ვარჯიშობს და ამ მხრივ ძალიან მაგარი საქმე გააკეთა ქვეყანამ. მეორე და არანაკლები ვარსკვლავი გვყავს ნინი თიბილაშვილი. ამ გოგონებმა დაუღალავი შრომით მიაღწიეს კარგ შედეგებს და დავიპყარით პარაფარიკაობის მწვერვალები.

- ირმას დაყოლიება არ იყო რთული? ამ შემთხვევაში ალბათ, უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია უმთავრესი...

- ირმა ძალიან მებრძოლი გოგონაა. თავისი ცხოვრებისა და ტრავმების გამო, გულჩათხრობილი იყო. ყოველდღიურად ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, როგორ ეცვლებოდა განწყობა. ძალიან მოგვეჩვია. ნელ-ნელა ჩაითრია ფარიკაობამ. ჩემზე და მალხაზზე ამბობს, ჩემთვის მამებივით ხართ. არ ვიცი, თქვენ რომ არა, რას ვიზამდიო. ირმას ვეუბნებოდით, რომ ამ მიმართულებით დიდი პერსპექტივები იყო, მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა და ა.შ. მართალია, ფსიქოლოგია არ შემისწავლია, მაგრამ ადამიანში მოტივაციის გაღვიძება შემიძლია. ზოგჯერ, თუ ირმასთან სახლში მიკითხვა გვაგვიანდებოდა, გვირეკავდა, რატომ აგვიანებთო? ჩვენი შრომით პირობები ნელ-ნელა გავიუმჯობესეთ და დღეს ირმა მსოფლიო ჩემპიონია. ახლა ჩვენი ოცნებაა, ის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდეს. მას თითქმის გარანტირებული აქვს ლიცენზია, რადგან 2018 წელს ორჯერ გახდა სალიცენზიო ტურნირის ჩემპიონი. ის აუცილებლად იქნება ოლიმპიადის გამარჯვებული.

- თქვენს ხელში გაიზარდნენ ეს ახალგაზრდები და დარწმუნებული ვარ, მათი გამარჯვებაც შვილების - სანდროს და ბექას გამარჯვებასავით გიხარიათ. რა გრძნობაა ეს?

- ეს არის სიტყვით აუხსნელი განცდა და ჩემთვის დიდი ადრენალინი. დაძაბული შეხვედრის დროს მე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი და არც მაშინ, ქართული ჰიმნი რომ ჟღერს (იღიმის). ჩემი ორგანიზმი ისე იშლება, რომ შემდეგ 3 დღე ვუნდები აღდგენა-რეაბილიტაციას.

ანა კალანდაძე