"ბედნიერება ყოფილა, როცა გენდობიან..." - გზაპრესი

"ბედნიერება ყოფილა, როცა გენდობიან..."

თუმცა საზოგადოებაში ამგვარი ძალადობის მიმართ მაინც სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არსებობს - ზოგი თვლის, რომ ცოლ-ქმრის ჩხუბი მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის საქმეა; ზოგს ჰგონია, რომ ცემის მაპროვოცირებელი აუცილებლად ქალია და ის ამას იმსახურებს; ზოგს კი მიაჩნია, რომ ამის გამო წარმოუდგენელია ოჯახის დანგრევა. ნია ვაშაკიძე 37 წლისაა. წლების წინ გამბედაობა ეყო, უარი ეთქვა ყოფილიყო ძალადობის მსხვერპლი და ბევრი ქალისგან განსხვავებით, არც დღეს უშინდება ამაზე საუბარს - სურს, მისი არჩევანი სხვებისთვის მაგალითი იყოს...

- საკუთარ სახლში შეურაცხყოფილი - ნაცემი, დალილავებული, მშიერი ვიყავი და მრცხვენოდა, სულ თავჩაქინდრული დავდიოდი და ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს ვიმსახურებდი. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ, რადგან ჩემ გარშემო ბევრი ფილოლოგი იყო, მათ შორის დედაც და ბაბუაც, მეც უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. 16-ის გავთხოვდი და 17 წლისას, მე თვითონ ბავშვს, უკვე შვილი მყავდა. ადრეულ ასაკში შექმნილმა ოჯახმა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გაამართლა და მალევე დავშორდით, მერე იყო მეორე ქორწინება.

ჩემი მეუღლე ჩემზე 4-5 წლით უფროსი იყო, შემიყვარდა და როდესაც მეუბნებოდნენ, შენი შესაფერისი არ არისო, ყური არავის დავუგდე. არადა, მისი მეგობრებიც კი მაფრთხილებდნენ, - პათოლოგია, იცოდე, თავს დაიღუპავ, ცოდო ხარო. თურმე მართლები ყოფილან. ისეთ დღეში ჩამაგდო, ახლა მიკვირს, როგორ გავუძელი ყველაფერს. 24 საათი იმას მიმტკიცებდა, რომ ცუდი ვიყავი და ახი იყო ჩემზე ძალადობა, რომ ვიმსახურებდი ცემას.

GzaPress- თუ შეუფერებლად გთვლიდა, შენზე რატომ დაქორწინდა?

- მაგას მეც ხშირად ვეკითხებოდი: თუ მართლა ასეთი ცუდი ვარ, რატომ მომიყვანე-მეთქი? ამაზე პასუხი არ ჰქონდა. რომ გავყევი, სამსახურს თავი მალევე დაანება - ან სახლში იყო, ან ქუჩაში, ხშირად სვამდა. ჩემს სახლში ვცხოვრობდით. თვეები ისე გავიდოდა, გარეთ არ გამოვდიოდი. ახლაც მგონია, რომ ამ ამბავს ჩემზე კი არა, სხვაზე ვყვები. წარმოიდგინე, საათობით ვიჯექი სამზარეულოში და დავყურებდი ტელეფონს. მესამე ზარზეც თუ არ ვუპასუხებდი, შეიძლებოდა ცემით მოვეკალი - ე.ი. რაღაც საეჭვოს ვაკეთებდი. არც მობილური, არც ვინმესთან მისვლა, არც სტუმრიანობა, ყველა ერიდებოდა ჩემთან ურთიერთობას. ერთი ეგ იყო, ტელეფონზე ველაპარაკებოდი ჩემს ერთ დაქალს და მეზობლის გოგოს. ფაქტობრივად, ციხეში ვიყავი, თუმცა ალბათ, იქ უფრო მეტი თავისუფლება აქვთ.

- მამასთანაც არ მიდიოდი ხოლმე?

- ესეც არ სიამოვნებდა, ამიტომ იშვიათად ვაკითხავდი მასაც. უფროსი ბიჭი სკოლაში დამყავდა, ამასთან გოგონა შემეძინა და მერე, როცა ისიც ბაღში მივიყვანე, მხოლოდ იმ მიზეზით თუ გავიდოდი სახლიდან, რომ სკოლიდან და ბაღიდან გამომეყვანა ბავშვები. მახსოვს, ერთი პერიოდი 4 თვე ისე გავიდა, სახლიდან გარეთ ცხვირიც არ გამიყვია.

- პრობლემები დაქორწინებიდან მალევე დაიწყო?

- შეყვარებულობის დროს ერთხელ უმნიშვნელო რამეზე გაბრაზდა და წიხლი მომარტყა. ის კი არ ვთქვი, - ეს როგორ გამიბედა-მეთქი, არამედ ვიფიქრე, რომ რაღაც დავაშავე, არ მოეწონა და ამიტომ დამსაჯა. მეორედაც მოხდა მსგავსი რამ და არც მაშინ მივაქციე ყურადღება. მერე უფრო მოუხშირა და როდესაც ბავშვები სახლში იყვნენ, მაშინაც აღარ ერიდებოდა, თუმცა მე მაქსიმალურად ვცდილობდი, ისინი ამერიდებინა ამ სიტუაციისთვის.

- რაზე შეეძლო ეცემე?

- აი, ვთქვათ, მოვიდა და დავხვდი სახლში, ყველაფერი დალაგებული მაქვს, სადილი - მომზადებული. ყველაფერს შეამოწმებდა და მიზეზს რომ ვერ ნახავდა, მომიბრუნდებოდა: აი, ახლა მაინც უნდა გირტყაო. რატომ-მეთქი? - არ ჭრიდა ის, რომ კარგი დიასახლისი ვიყავი, ვზრდიდი შვილებს, არაფერს ვაშავებდი. მახსოვს, ერთხელ ვერაფერი რომ ვერ მოიმიზეზა, ბუზები რატომ არიან ოთახშიო და ამის გამო მცემა. ახლა ვიცი, რომ ავადმყოფი იყო და მის საქციელს გამართლება არ ჰქონდა, მაგრამ მაშინ გამართლებას ვუძებნიდი. არადა, ძალიან კარგ ოჯახში გაიზარდა, კარგი მშობლები და დები ჰყავს, დღემდე ვმეგობრობ მის დასთან; არ ვიცი, თვითონ რატომ იყო ასეთი უხასიათო. კვირაში ორჯერ გამოწერილი მქონდა ცემა... გვერდით ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, ჩემი ტოლი შვილიშვილი ჰყავდა და ერთხელ მითხრა, - რა კარგი იქნებოდა, ჩემს შვილიშვილს შენნაირი გოგო რომ მოეყვანა ცოლად, როგორ მომწონხარო. - რას ამბობთ ქალბატონო, გეშლებათ, სულაც არ ვარ კარგი გოგო-მეთქი, ვუმტკიცებდი იმ ქალს, იმდენად უარყოფითი წარმოდგენა მქონდა საკუთარ თავზე. ალბათ ამიტომაც არ მიჩნდებოდა პროტესტი, მეგონა, ამას ვიმსახურებდი...

ერთხელ მეზობელი შემოვიდა, პატრულს გამოვუძახოთო. მაგისიც კი მეშინოდა... ერთხელ ჩემს მეზობელს თავისი ძმის ტანსაცმელი, რასაც აღარ ხმარობდნენ, პარკში ჩაუდვია და სადარბაზოში, ბუნკერთან დაუდვია, ვინმე გაჭირვებული წაიღებსო. იქ რაღას ეძებდა, არ ვიცი, მაგრამ შემოვარდა გაგიჟებული და ცემა დამიწყო, - ეს ვისი ტანსაცმელია, რას მიმალავო?

- ახლა როგორ გგონია, რატომ ითმენდი ან რატომ გეგონა, რომ ცუდი იყავი და დაიმსახურე?

- 11 წლის ვიყავი, დედა ლოგინად რომ ჩავარდა, 13-ის ვხდებოდი, რომ გარდაიცვალა და უდედოდ გავიზარდე. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მაქებარი. სულ მესმოდა, დედა არ გყავს და აბა, შენ იცი, ცუდად არ მოიქცეო. ალბათ ამან იმოქმედა ჩემზე, ამიტომ მეგონა საკუთარი თავი ცუდი - მირტყამდა, მაშიმშილებდა და მე ხმას არ ვიღებდი.

- ჭამას გიკრძალავდა?

- აღარ მუშაობდა და ძალიან გვიჭირდა. მამას რაც შეეძლო, მეხმარებოდა, მაგრამ იმდენი რა ჰქონდა, 4 ადამიანი რომ შეენახა? ბავშვებს რომ ვაჭმევდი, მე ბევრჯერ მშიერი ვრჩებოდი. 2007-2008 წლებში მამაჩემსაც გაუჭირდა, სასწაული მოხდა და ერთ-ერთი პარტიის კოორდინატორად გამიშვა ჩემს მეგობართან ერთად. ალბათ, ფული რომ შემოაკლდა, სხვა გზა არ ჰქონდა. ერთ დღეს მიტინგზე ვიყავი და რეკვა დაიწყო. როდესაც მირეკავდა, უნდა ამეხსნა, რომ ვიყავი აქა და აქ, ვაკეთებდი ამას, ჩემ გვერდით იყო ესა და ეს... მიყვიროდა: სად ხარ, მოგკლავ, რომ მოხვალ სახლშიო. მეც ყვირილით ვეუბნებოდი, - მიტინგზე ვარ, ცუდს არაფერს ვაკეთებ, რატომ უნდა მომკლა და ა.შ. უცებ მივხვდი, რომ ყველა მე მიყურებდა. მეორე შემთხვევა იყო, როცა მაღაზიაში შესულს დამირეკა და თავის მართლება დავიწყე: ამა და ამ მაღაზიაში ვარ, აქ ეს დგას, იქ - ის და როცა ხალხმა ისე დამიწყო ყურება, როგორც გიჟს, ძალიან შემრცხვა. ეს იყო ბოლო წვეთი, რამაც დამაფიქრა ჩემს ცხოვრებაზე და მივხვდი, ყელში ამომივიდა ყველაფერი და ძველებურად ვეღარ გავაგრძელებდი. ერთხელაც, სახლიდან რომ გავიდა, ვუთხარი, - აღარ დაბრუნდე-მეთქი. ეგონა ვხუმრობდი, მაინც მოვიდა, მე კი პატრული გამოვიძახე. ყოველ მოსვლაზე პატრულს ვიძახებდი. გაგიჟდა. მანქანა, რომელიც მამამ მიყიდა, დააზიანა. დანით დადიოდა და მოგკლავო, მემუქრებოდა. ერთხელ ბუნკერში მტენიდა... პატრულმა კრიმინალურს გადასცა საქმე. სკეპტიკურად უყურებდნენ ამ სიტუაციას, მაინც ოჯახის საქმედ თვლიდნენ. ბოლოს თვითონაც რომ მიხვდა, გაჩერებას არ ვაპირებდი, თავი დამანება. კიდევ კარგი, თორემ ალბათ ან ის მომკლავდა, ან მე მოვკლავდი ბოლოს და ბოლოს.

GzaPress- მანამდე ამ ამბავს არავის უმჟღავნებდი?

- მამას არ ვეუბნებოდი, მისმა დებმა კი იცოდნენ. ნია, რა გიყოთ, რით გიშველოთო, მეუბნებოდნენ. ერთხელ ჩემმა მულმა დამირეკა, - თავს უშველე, დანით მოდისო. მან და ერთმა ძმაკაცმა მოასწრეს სახლში მოსვლა და იმათ შეაკავეს. მოკლედ, პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა.

- ერთია, რომ იპოვე ძალა და გაშორდი, მაგრამ მეორეა, როცა ამ ყველაფერზე ხმამაღლა განაცხადე. ასეთი გამბედაობა ცოტას თუ აქვს.

- როცა გავიგე, რომ ამდენი ქალი იტანდა ცემა-ტყეპას, მომინდა, ჩემი ამბავი ყველას გაეგო, რომ სხვას აღარ მოეთმინა, სხვა აღარ გამხდარიყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, პროტესტი გასჩენოდა. სხვათა შორის, ბევრმა მითხრა, რომ გაჩუმებას ამჯობინებენ და უკვირთ, მე როგორ გავბედე ამის ხმამაღლა თქმა. ბევრმა დამადანაშაულა, არ უნდა გასცილებოდი, რთული პერიოდი ჰქონდა და უნდა თანაგეგრძნოო. ერთმა კაცმა კი ბრალი დამდო, - შენ თუ კარგი დიასახლისი ხარ, ერთ კვერცხს შეწვავ კიდეც, მოხარშავ კიდეც და ოჯახს მაინც არ დაანგრევო, ანუ კარგმა ქალმა ყველაფერი უნდა აიტანოსო... კი არ უნდა დავმალოთ, უნდა ვილაპარაკოთ პრობლემაზე, მაგრამ ამის გამბედაობა ბევრს არ აქვს.

- ახლა რომ წაიკითხოს ყოფილმა მეუღლემ, არ გეშინია?

- ახლა რაღას გამიბედავს, პირიქით, ჩემი ეშინია. გული მწყდება იმ წლებზე, იმდენი ხანი შიშსა და უბედურებაში რომ გავატარე, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, ზოგი სიცოცხლის ბოლომდე ეგუება ამ სიტუაციას და კიდევ კარგი, მეც მათ შორის არ ვარ; კიდევ კარგი, მეყო ძალა, უარი მეთქვა ასეთ ცხოვრებაზე. სანამ არ შეიყვარებ საკუთარ თავს, მანამდე არაფერი გეშველება.

- ახლა როგორ ცხოვრობ, რას საქმიანობ?

- კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ფილოლოგობა ვერაფერში გამოვიყენე, რადგან ჩემი არ იყო, არც მაინტერესებდა. თავიდანვე სამედიცინოზე ან ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარებაზე ვოცნებობდი, ახლა კი იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს. ლიცენზია ავიღე და ფიტნესინსტრუქტორი გავხდი. ჩემს საქმეში წარმატებული ვარ. არავის დავაჩაგვრინებ თავს, ვიცი ჩემი უფლებებიც და თვითშეფასებამაც აიწია, რაშიც სპორტი ძალიან დამეხმარა. 30 წლისამ მივიღე გადაწყვეტილება, რომელსაც არ ვნანობ - მყავს მეუღლე, 3 შვილი, მიყვარს, ვუყვარვარ და ბედნიერი ვარ. თურმე რა კარგი ყოფილა, როცა არავინ გაკონტროლებს, როცა უყვარხარ და როცა გენდობიან!

ნინო ჯავახიშვილი