"ქარიშხალი" "მოზარდში" - გზაპრესი

"ქარიშხალი" "მოზარდში"

მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა 2019 წლის დასაწყისში, სეზონის კიდევ ერთი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს - რეჟისორმა გიორგი თავაძემ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფიური და მისტიკური პიესა მოდერნისტულად "გაიაზრა" და თეატრის დიდ სცენაზე "ქარიშხალი" "მოაწყო".

ნაწარმოების სიუჟეტი ჯადოსნურ კუნძულზე ვითარდება. აქ ყველაფერი პირობითია, მათ შორის, ზღვა, რომელიც ავანსცენაზეა გაშლილი, წყლით სავსე აკვარიუმის სახით. დამდგმელი რეჟისორის ინტერპრეტაციაც ამ კუნძულის არსისა და ადამიანთა ბუნების გარშემო ტრიალებს, რომლებიც მაგიურ ადგილზე ტრანსფორმაციას განიცდიან.

შექსპირის მკვლევართა ნაწილი "ქარიშხალს" დრამატურგის უკანასკნელ პიესად მიიჩნევს. მათი აზრით, ეს ავტორის პოეტური, თეატრალური ანდერძია, სადაც შექსპირი გარკვეულწილად ემშვიდობება თეატრს, ხოლო პიესის მთავარი პერსონაჟი, ყველასაგან მოკვეთილი ჰერცოგი, ჯადოქარი პროსპერო ავტორის ერთგვარ ალტერ-ეგოდაც კი ითვლება.

"ქარიშხლის" დამდგმელი მხატვარი ანკა კალატოზიშვილია. მის მიერ შექმნილი ეპოქალურ-მისტიკური სცენოგრაფია და კოსტიუმები მაყურებელს საინტერესო შთაბეჭდილებას უქმნის; ქორეოგრაფი გია მარღანია გახლავთ, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი კი დავით თავაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მერაბ ბრეკაშვილი, დავით ხახიძე, ირაკლი გოგოლაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, არჩილ სულაქველიძე, გიორგი ჯიქურიძე, ნინო ანდრიაძე, გიორგი კაჭახიძე, პაატა კიკვაძე, დავით როსტომაშვილი, ვამეხ ჯანგიძე.

GzaPress გიორგი თავაძე, რეჟისორი: - შექსპირის არასაინტერესო ან ზედაპირული პიესა თითქმის არ არსებობს, ზოგი უფრო მეტად ღრმაა, ზოგან სიუჟეტი ლამის დეტექტივივით ვითარდება და მათში თხრობის მეტი დინამიკაა. "ქარიშხალი" არის შექსპირის ყველაზე ბუნდოვანი პიესა, გარკვეული სიმბოლისტური დინებებით, ნახევრად მითოლოგიური, რაც აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რომ ამ პიესაზე შევაჩერე არჩევანი. მიყვარს, როდესაც ნაწარმოებში ფანტასტიკის ელემენტებია, ზღაპრული, ჯადოსნური, მაგიური, მისტიკური და რადგან მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვდგამდი, ამან კიდევ უფრო გადამაწყვეტინა ამ პიესაზე მუშაობა. ეს საბავშვო სპექტაკლი არ არის, დიდებისთვისაა განკუთვნილი.

შექსპირის ნაწარმოებები გარკვეულწილად რელიგიურ, საკრარულ ტექსტებს ჰგავს და როგორც რომელიმე წმინდა წერილის ინტერპრეტაცია შეიძლება ყველა მიმართულებით, შექსპირის ტექსტებსაც აქვს ეს მასშტაბი. ამ დრამატურგმა ეპოქალური კონკრეტიკა დაკარგა, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ბევრნაირადაა ინტერპრეტირებული. ის, რომ შექსპირის პიესის ერთგვარი ეპოქალური რეანიმაცია მოხდეს, გასაკვირი არაა. გლობუსის სცენაზე ამას თავისი გეომეტრია ჰქონდა, თავისი მიზანსცენები, რომლებიც არც იცვლებოდა, თან ლექსად ლაპარაკობდნენ. ეს უკვე პირობითობის ძალიან მაღალი ხარისხია. ამაზე დაყრდნობით, თანამედროვე თეატრი რაღაცას ცდილობს და ფაფხურობს. ასე რომ, ეპოქის შესაბამისად, შექსპირი უბრალოდ ვეღარ დაიდგმება, პრაქტიკულად შეუძლებელია, თანაც, თანამედროვე თეატრი თავის ტენდენციებს ატარებს, რომელსაც ყველა რეჟისორი ანგარიშს უწევს.

GzaPress

- როგორი იყო თქვენი მოლოდინი და თუ მიიღეთ ის შედეგი, რაც ჩაფიქრებული გქონდათ? - რთული სათქმელია... აქამდე მეტ-ნაკლებად ვხვდებოდი, რა იმუშავებდა მაყურებელზე, ეს კი ის შემთხვევა იყო, როდესაც ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებდი. ორდღიანი პრემიერების შედეგად ვნახე ხალხი, რომლებსაც საოცრად მოსწონთ სპექტაკლი და მონუსხულები არიან; ვნახე ისეთებიც, რომლებიც ვერ ხვდებიან, უნდა მოეწონოთ თუ არა და ა.შ. ასე რომ, შედეგზე ერთაზროვნად და ცალსახად ვერაფერს ვიტყვი. შედეგი იდეალური არასდროსაა, ეს შეუძლებელია. წარმოსახვაში, ფიქრის დროს, სულ სხვა სურათ-ხატები ჩნდება, რეალიზებისას სხვაგვარად ხდება, რადგან ცოცხალ ადამიანებთან გვაქვს საქმე და ყველა მსახიობი ინდივიდია, ვიღაცას რაღაც სხვა მიმართულებით მიჰყავს. კმაყოფილი ვარ ერთი რამით, რომ ამჯერად ცოტა ნაკლებად გავითვალისწინე მაყურებელი, სხვა დროს უფრო ვუწევ ანგარიშს. ეტყობა, ამ სიბერეში ცოტა გამბედაობა მომემატა (იღიმის).

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად გაიგებს მთავარ არსს ის მაყურებელი, რომელსაც პიესა არ აქვს წაკითხული და დასკვნები მხოლოდ ამ სპექტაკლის ყურებისას უნდა გამოიტანოს? თუნდაც, მოზარდი თაობა.

- ვფიქრობ, გაიგებენ. თუმცა, პიესა თუ წაკითხული ექნებათ და სპექტაკლზე ისე მოვლენ, ეს ბევრად უფრო საინტერესო შედეგს მოგვცემს. ისინი დაინახავენ ჩვენეულ პრიზმაში განხორციელებულ ინტერპრეტაციას. ჩემი აზრით, სანამ ადამიანი თეატრში მოვა, გარკვეული სამუშაო ჩატარებული უნდა ჰქონდეს, ანუ იცოდეს, სად მოდის, რა ნაწარმოებია. თეატრი ხომ გარკვეული ენაა, რომელზეც მაყურებელი და მსახიობი, სცენა და დარბაზი შეთანხმებული უნდა იყოს. ზოგი ამბობს, თეატრში მივდივარ იმისთვის, რომ დავისვენოო. თეატრი სანატორიუმი არ არის. დასასვენებლად და გასართობად სხვა ადგილას უნდა წავიდნენ. სპექტაკლის ყურება გარკვეულ შრომას მოითხოვს. შესაძლოა "ქარიშხალი" არ ჰქონდეთ წაკითხული, მაგრამ შექსპირის სურნელი სხვა პიესით ჰქონდეთ შეგრძნებული. ყველას მოვუწოდებ და ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, სპექტაკლებზე წასვლის წინ, მოემზადონ ხოლმე.

GzaPressმერაბ ბრეკაშვილი, პროსპეროს როლის შემსრულებელი: - ყველაზე საინტერესო პროცესი რეპეტიციებია ხოლმე და შედეგი თუ ჩანაფიქრთან მიახლოებული იქნება, ხომ მთლად უკეთესი. პრემიერაზე ძნელია დასკვნების გაკეთება, რადგან გინდა თუ არა, ამას თავისი მღელვარება ახლავს, უძილო ღამეები და ა.შ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ისეთ დრამატურგს ეხება, როგორიც შექსპირია. ჩემი პერსონაჟი კი ისეთია, რომელიც მისნობით გამოწვეულ შურისძიებას ეძებს, თუმცა, მერე ამას თმობს, რადგან საკუთარი თავის, ძალის თვითონვე შეეშინდება.

- მირანდასთვის როგორი მამაა პროსპერო?

- მგონი, ძალიან კარგი, რადგან როგორც მარტოხელა მამა, რომელიც შვილს მარტო ზრდის (და ასეთი ბევრი მაგალითია ცხოვრებაში), მას ყველაფერს უკეთებს.

- თქვენი აზრით, მაყურებლისთვის რა მხრივ იქნება ეს სპექტაკლი გამორჩეული?

- ვფიქრობ, ადამიანის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული, ვინ რას დაინახავს ამა თუ იმ ნაწარმოებში, ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს.

დავით ხახიძე: - ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, შექსპირის ნებისმიერი პიესა, როლი, ეპიზოდიც კი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. დიდ გენიასთან გვაქვს საქმე. ისეთი უნიჭიერესი ადამიანი, როგორიც უილიამ შექსპირი იყო, სხვა არ მეგულება. მისი გენია ალბათ კიდევ ათ ცივილიზაციას ეყოფა. "ქარიშხალი" მისი ბოლო პიესაა. ეს არის კაცობრიობის პირველი ნაბიჯები, როდესაც ადამიანები არა გონით, არამედ უფრო ემოციებით მოქმედებენ.

GzaPressარჩილ სულაქველიძე: - ჩემი პერსონაჟი - ფერდინანდი ნეაპოლის პრინცია, რომლის მამამაც კუნძულის მეპატრონე პროსპერო შვილთან ერთად მილანიდან გააძევა. ფერდინანდმა მამის საქმეები არ იცის, იგი სიყვარულისკენ მიილტვის, ეძებს და იპოვის კიდეც მირანდაში, რომელიც სასწაულად მოევლინება.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო გიორგი თავაძესა და ამ კოლექტივთან მუშაობა, შედარებით განსხვავებული იმისგან, რაც უნივერსიტეტში გამოვიარე, პრემიერა კი ემოციურად დატვირთულიც გახლდათ. სხვა სპექტაკლებშიც მითამაშია, მაგრამ დიდ სცენაზე ეს ჩემი დებიუტი იყო... ბატონი გიორგი თავაძე ძალიან კარგი რეჟისორია. მასთან მუშაობამ ბევრი რამ მომცა, მოკლე დროში ბევრი რამ მასწავლა, რადგან მთხოვდა და იმედია, დავაკმაყოფილე მისი მოთხოვნები.

თამთა დადეშელი