მეგრულ-იტალიური წყვილის სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

მეგრულ-იტალიური წყვილის სიყვარულის ამბავი

იულია ჯალაღონია და ანდრეა ვივანეტიმ დაქორწინება გაცნობიდან 3 თვეში გადაწყვიტეს. იულია მეუღლეს საფრანგეთში, პარიზში გაჰყვა საცხოვრებლად. როგორია მეგრულ-იტალიური წყვილის სიყვარულის ამბავი და პარიზული ცხოვრება, ამის შესახებ იულიას ვესაუბრეთ.

- 2 წლის წინ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალური განხრით, ანიკო ჩიხლაძის კლასი. მანამდე კი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში ვსწავლობდი, ფორტეპიანოს განხრით. დედაჩემმაც კონსერვატორია დაამთავრა, სოპრანოა, მამაც მუსიკოსი გახლავთ - ვახტანგ კახიძის სიმფონიურ ორკესტრში უკრავს. მშობლების პროფესიამ განსაზღვრა ჩემი მომავალი ცხოვრება - პატარა ასაკიდან ვიცოდი, რომ მეც მუსიკოსი ვიქნებოდი. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მალევე გავთხოვდი და საქართველოდან საფრანგეთში გადმოვედით საცხოვრებლად.

- ვინ არის თქვენი იტალიელი რჩეული, გაგვაცანით.

- ანდრეა პიანისტია, იტალიაში დაიბადა, მაგრამ კარგა ხანია პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. მისი მშობლები და ორი ძმა იტალიაში ცხოვრობს. ყველანი თბილად შემხვდნენ, ტრადიციული ოჯახი აქვთ.

ბუდაპეშტში ლისტის აკადემია დაამთავრა, პარიზის ერთ-ერთ კონსერვატორიაში აკომპანიატორად მუშაობს. თავდაპირველად სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანით ერთმანეთი. გაცნობიდან ერთ წელში საქართველოში ჩამოვიდა კონსერვატორიაში მასტერკლასისა და კონცერტის ჩასატარებლად. მერე სოციალური ქსელის საშუალებით გვქონდა მიმოწერა, რამაც უფრო დაგვაახლოვა და შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე დავთანხმდი. თავიდან გამიჭირდა აქ ყოფნა, ენაც არ ვიცოდი, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე აქაურობას. ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკვე ბევრი კონცერტი გვქონდა - მე ვმღერი, ანდრეა აკომპანიატორობას მიწევს.

- რას ამბობს ანდრეა, რატომ ამოგირჩიეო?

- როგორც თვითონ აღნიშნავს, ქართველები ძალიან თბილები ვართ. მითხრა, რომ ჩემთან საუბარი და ურთიერთობა საინტერესო იყო. ალბათ მუსიკამაც გაგვაერთიანა. საქართველოს შესახებ მანამდეც იცოდა რაღაც-რაღაცები, ბევრ ქართველ პიანისტს იცნობდა და იცოდა, რომ ხელოვნება, კულტურა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ საქართველოს დათვალიერება, ანდრეას დიდი სურვილის მიუხედავად. წელს ვგეგმავთ და ვნახოთ, როგორ შევძლებთ. სხვათა შორის, მეგრულ კერძებს ვუმზადებ, ვაჩვევ ნელ-ნელა (იცინის), უფრო ხშირად ღომს ვაკეთებ და მოსწონს.

- შენ თვითონ რით მოგხიბლა ანდრეამ, როგორები არიან იტალიელი კაცები?

- ამბობენ, რომ იტალიელები ტემპერამენტიანი, აქტიური ხალხია და ასეცაა. არაერთხელ ითქვა, რომ იტალიელებსა და ქართველებს ბევრი საერთო აქვთ ხასიათში. პირველ რიგში, მომხიბლა ქალის მიმართ მისმა დამოკიდებულებამ, რაც მართლაც იშვიათია.

- მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას? როგორ მოეწონათ იტალიელი სიძე?

- მე დედისერთა ვარ და ამიტომაც, განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა დედაჩემისთვის ჩემი ასე შორს გადმოხვეწა, მაგრამ ვცდილობ, ხშირად ჩამოვიდე საქართველოში და უჩემობა არ ვაგრძნობინო მშობლებს. ანდრიას გაიცნობთ თუ არა, მაშინვე მიხვდებით, როგორი კეთილშობილი ადამიანია. არაჩვეულებრივად კარგი მეუღლეა. ეს ქალის საქმეა და ეს კაცის, ჩვენს ოჯახში არ არსებობს, ყველაფერში მეხმარება.

- საქართველოში ცხოვრება თუ გაქვთ სამომავლო გეგმებში?

- აპრილში მზად იქნება ანდრეას სიდის რელიზი ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის მიერ, ეტაპობრივად უკვე მუშაობს მეორეზეც. ვფიქრობ, მეც მზად ვარ ძალების მოსასინჯად და აქტიურად ვაპირებ მოსმენებსა და ვოკალურ კონკურსებზე გასვლას. დეკემბერში მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კონკურსში "სიმღერის მეტრები", რომელიც პარიზში ჩატარდა და სწორედ წინა დღეებში გავიგე, რომ ლაურეატი გავმხდარვარ. გარდა ამისა, საქართველოდან, ბრიტანულ-ქართული მუსიკის აკადემიიდან ანდრეამ მიიღო შემოთავაზება, რომ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს მოსწავლეებს, რამაც ძალიან გაახარა. ალბათ ითანამშრომლებს ეტაპობრივად, მაგრამ ასე უცებ აქაურობის მიტოვება და საქართველოში გადმოსახლება ადვილი არ არის.

ნინო ჯავახიშვილი