ადამიანი ორი ქვეყნის ცისფერი სისხლით - გზაპრესი

ადამიანი ორი ქვეყნის ცისფერი სისხლით

ბრიტანულ-ქართული ფესვების მქონე ინგლისელი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, რამდენიმე წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი, ჟურნალისტი, პოეტი, მთარგმნელი, პოლიგლოტი, იურისტი, ლექსიკოგრაფი, ქართველოლოგი და ასოცირებული პროფესორი უმცროსი სტივენ ლორდ ლოიდი ბრიტანული ცისფერი სისხლის გარდა, ბაგრატიონთა გენეტიკის მატარებელიცაა. უმცროსი სტივენი დაიბადა საქართველოში, მამის - სინიორ სტივენ უფროსის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ უფროსი სტივენ ლოიდის გარდაცვალება გამოწვეული იყო ხელოვნურად მოწყობილი ავტოავარიით. მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა ინგლისელი ქართველმა მამაკაცმა იშვილა, მამობა გაუწია და მეფე ერეკლე II-ის პატივსაცემად კახაბერი შეარქვა. უმცროსი სტივენ ლორდ ლოიდი მამისა და მამობილის შესახებ თამამად ამბობს, რომ ერთმა შექმნა, მეორემ კი გაზარდა, ამიტომაც ორი მამა ჰყავს და ორივე უყვარს. განსაკუთრებით კი მაშინ ამაყობს, როცა მას ქართველს ამსგავსებენ. სტივენს უცხო ენები ბავშვობიდანვე იტაცებდა. თურმე მამობილს არ სურდა, პატარა სტივენს ინგლისური ესწავლა, რათა კომუნიკაცია არ ჰქონოდა თავის ისტორიულ სამშობლოსთან, არ წასულიყო გაერთიანებულ სამეფოში. მამობილის დამოკიდებულება წარმოუდგენლად ეგოისტური იყო უმცროსი სტივენის მიმართ, მას შვილობილი ძალიან უყვარდა. მან სტივენი გერმანულ სკოლაში მიიყვანა, მაგრამ ბიჭმა ინგლისური ენა ფარულად მაინც აითვისა. რაც შეეხება ოსურს - ეს ენა დიდი ბებიისგან, თამარ ხეთაგუროვისგან შეუსწავლია. სხვათა შორის, ჯერ კიდევ პატარა სტივენს ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და მეგობრობის შესახებ ოსურ ენაზე პოემაც დაუწერია და 2007 წელს ოსური პოეზიის კონკურსზე გაიმარჯვა, თუმცა, პრიზად დაწესებული ლონდონის საგზური არ გამოუყენებია, რადგან ლონდონი მისი მშობლიური ქალაქია.

ბრიტანეთში იშვიათი არაა ორი გვარის შეერთება, თუმცა სტივენ-უმცროსის და მისი დის ქეითის გვარი გამორჩეულია, რადგან ორივე სამეფო გვარის მატარებლები არიან და იწოდებიან ლოიდ-ბაგრატიონებად.

GzaPressმამა სტივენ ლოიდი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი არისტოკრატი იყო. იგი ერთადერთი შვილი გახლდათ ოჯახში. მამამისი - ინგლისელი პერი ჰენრი ჯეიმს ლოიდი იყო, ხოლო დედა ასევე ინგლისელი პერი, მარია როზმერი ჰანოვერი-ლოიდი. ისინი დიდგვაროვანი ლორდები იყვნენ და სამეფო ოჯახებს წარმოადგენდნენ. ჰანოვერთა გვარის მემკვიდრეა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მეთაური დედოფალი ელისაბედ II და მისი სრული სახელი და გვარია - ელიზაბეთ ალექსანდრა მერი უინძორი (ყოფილი ჰანოვერი). თუმცა, ლორდ სტივენ ჰენრი ლოიდის დედამ არ მიიღო უინძორის გვარი და ქორწინების შემდეგ ქმრის გვარზე გადასვლისას, ორივე გვარი გააერთიანა - ჰანოვერი-ლოიდი.

საინტერესოა ქართველი და ინგლისელი დიდგვაროვანის დაქორწინების ისტორია. ინგლისელი ლორდი ქეთი ბაგრატიონს მოსკოვში შეხვედრია. უკითხავს: თქვენ არ ჰგავხართ რუსს და რა ეროვნების ხართო? ქეთიმ მიუგო "ჯორჯია". სტივენმა ხუმრობით მიიღო პატარა არისტოკრატიული თოჯინას პასუხი და მანაც ხუმრობით უპასუხა, - მართლაც, ტიპურ ამერიკელს ჰგავხართო. ქეთის ეწყინა მისი პასუხი: მე არ მითქვამს ამერიკა, მე ვთქვი "ჯორჯია" და სახელწოდება მშობლიურ ენაზე წარმოუთქვამს იმისათვის, რომ განესხვავებინა უცხოელს ამერიკის შტატი და კავკასიური ქვეყანა. ინგლისელმა ლორდმა პირველად ქეთისგან შეიტყო, რომ საბჭოთა კავშირში არსებობს ერთი პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია. ახალგაზრდა პროფესორს ქართველი გოგონას მშობლიური ქვეყნის მოსაძებნად ჩანთიდან მსოფლიო რუკა ამოუღია, მაგრამ რუკაზე არც ფერი ჰქონდა საქართველოს და არც გეოგრაფიული მდებარეობა, მთლიანად წითელი იყო. შემდეგ ქეთის მიმართა: შეგიძლიათ რუკაზე მაჩვენოთ, სად არის თქვენი "ჯორჯია"? ქართველ დიდგვაროვანს არ სურდა რუსეთზე დაედო ხელი; იფიქრა, სხვა ფორმით ვეტყვიო და განუმარტა: მე იმ "ვეფხისტყაოსნის" ქვეყნიდან ვარ, რომელიც ინგლისელმა და-ძმამ - ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა ინგლისურად თარგმნესო. სამწუხაროდ, ახალგაზრდა პროფესორმა არ იცოდა რას ნიშნავდა "ვეფხისტყაოსანი" და ვინ იყვნენ უორდროპები, ინფორმაცია მოიძია და ქეთი ბაგრატიონის უზომო სიყვარულით ზეპირად ისწავლა რუსთაველის აფორიზმები.

დიდგვაროვანი ინგლისელი ძალიან მოიხიბლა ქართველი ქალის არისტოკრატიული სილამაზით, დაინტერესდა საქართველოთი, ქართული კულტურით და ქეთისთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ბატონ სტივენს პატარა ქართველ გოგონაზე საკმაოდ საინტერესო მოგონებები ჰქონდა და უდიდესი გრძნობებით შეპყრობილი, ხშირად საუბრობდა მეგობრებთან უმშვენიერეს მანდილოსანზე, რომელიც მისი მეუღლე გახდა. მანამდე ბრიტანელი ნათესავები ეწინააღმდეგებოდნენ ლორდის არჩევანს, რადგან მათ ეგონათ, რომ ალკოჰოლის მოყვარული ერის შვილი მოჰყავდა ლოიდს ცოლად. მათ საკმაოდ გვიან გაარკვიეს, რომ რძალს ეთნიკურად არაფერი ჰქონდა საერთოდ რუსეთთან. სამწუხაროდ, მათი ქორწინება არ აღმოჩნდა ხანგრძლივი, რადგან ავტოავარიამ შეიწირა ბრიტანელი არისტოკრატის სიცოცხლე...

უმცროსი ლოიდი თავანკარა ქართულით საუბრობს, თუმცა, ინგლისური კონსერვატორიზმი, ლაკონიურობა და აზრის სიცხადის გამოხატვა მაინც აშკარაა მის მეტყველებაში. მასთან გასაუბრებისას ეს აუცილებლად იგრძნობა.

უმცროსი სტივენ ლორდ ლოიდი:

- ბრიტანეთი და საქართველო ჩემი მშობლიური ქვეყნებია, რომელსაც სხვაგვარად მამულეთი და დედულეთი ჰქვია. ძალიან რთულია ერთი ტვირთის ტარება და ორმაგად უფრო რთულია ორი ტვირთი: ორი სამშობლო, ორი ქვეყანა, ორი ენა, ორი სარწმუნოება, ორი სიყვარული, ორი ადათ-წესები, ორი პასუხისმგებლობა და ყველაფერში ორად ვარ გაყოფილი. ალბათ, ამ ქვეყნიდანაც ორად წავალ (იცინის). ბევრი პარალელის გავლება შეიძლება საქართველოსა და ბრიტანეთს შორის. უპირველესად დავასახელებ ამ ორი ქვეყნის სახელწოდებას: ქართული "იბერია" და ბრიტანული "აიბირია". ბრიტანეთი მონარქისტული ქვეყანაა, საქართველოც ოდითგანვე მონარქისტული ქვეყანა იყო და მას ბრწყინვალე მეფეები მართავდნენ. საერთო გვაქვს სახელმწიფო სიმბოლოებიც, კერძოდ ჰერალდიკა. საქართველო - მეხუთე საუკუნის ქართველთა სამეფო დროშა, წითელი ჯვარი თეთრ ფონზე; ბრიტანეთი, ინგლისი - წმინდა გიორგის დროშა, წითელი ჯვარი თეთრ ფონზე. ზოგადად, მონარქიზმი სტაბილურ გარემოს ქმნის სახელმწიფოში, პრეზიდენტები კი იცვლებიან და ხშირად ქაოსს იწვევენ. მონარქი სახელმწიფოს გარანტია და მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ქვეყნის ისტორიაში. იგი ქვეყნის აღმავლობისა და გამდიდრების საუკეთესო საშუალებაა, ფართო ასპარეზზე გაჰყავს სახელმწიფო.

როგორც პოლიგლოტი, გეტყვით, რომ მსოფლიოში ყველაზე რთული ენა ქართულია. იგი ღმერთების ენად მიიჩნევა. ლადო ასათიანს დავესესხები: "საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!" დარწმუნებული ვარ, ქართული კიდევ ბევრ მეცნიერს დააინტერესებს სამომავლოდ, რადგან ამ ენაში ბევრი სიღრმისეული, საენათმეცნიერო საკითხია დაფარული. მაქვს ბევრი მიზანი, მათ შორის ისიც, რომ ვიმუშაო ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებაზე, აუცილებელია გაცვლითი პროგრამების დანერგვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში... ჩემთვის ქართველი და საქართველო დედასთან ასოცირდება. როდესაც გიყვარს დედა, მისგან გამომდინარე ყველაფერი გიყვარს. ქართული სტუმართმოყვარეობა, ერთგულება და თავდადება განსაკუთრებულია მსოფლიოში. ქართველი დედა და ქართული დედაშვილობა უნიკალური ცნებაა დედამიწაზე, რადგან მხოლოდ ქართულში იწყება კომპოზიტები დედით: დედაენა, დედამიწა, დედაბოძი, დედასამშობლო... ვურჩევდი ჩემს ქართველებს ერთმანეთისადმი სიყვარულს და პატივისცემას. ვხედავდი, საპრეზიდენტო არჩევნებისას საქართველო ორ ნაწილად დაიყო, მოყვარე მტრად იქცა და ძმები მეტოქეებად აღიმართნენ. საქართველო ტრადიციებისა და ადათ-წესების მოყვარული ქვეყანაა და ვთხოვ ყველას, მტკიცედ დაიცვან ტრადიციები და მონარქიის აღდგენაზე იზრუნონ. ვისურვებდი, რომ მეც მოვესწო საქართველოში მონარქიზმის აღდგენას და მერგოს ის უდიდესი პატივი, რასაც მეფის ერთგული მსახურება ჰქვია.

GzaPress- ახლახან საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. თქვენი სანაცნობო წრე ევროპაში, როგორ პერსონად აფასებს ქალბატონ სალომეს?

- საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა და ასპარეზი ქალბატონს დაუთმო. ეს თანამედროვე საქართველოს პროგრესულ სახელმწიფოდ წარმოაჩენს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩემს "ფეისბუკ"-გვერდზე პოსტი გამოვაქვეყნე, სადაც წინასწარ მივულოცე ქართველ საზოგადოებას საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის გამარჯვება, რადგან ვიცოდი, შოთას სამშობლოში ქალს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამ ფაქტის ბრწყინვალე დასტურია თვით ქართული ენა, სადაც სიტყვებიც კი ჯერ მდედრობითი სქესით იწყება: დედ-მამა და არა მამ-დედა; და-ძმა და არა ძმა-და; ქალ-ვაჟი და არა ვაჟ-ქალი; ცოლ-ქმარი და არა ქმარ-ცოლი... დედამ მასწავლა, რომ ძველად, როდესაც მამაკაცი მოდიოდა ცხენით, შემხვედრ გზაზე ქალბატონი მობრძანდებოდა ფეხით, მამაკაცი ცხენიდან ჩამოვიდოდა, ქალბატონს მიესალმებოდა და ვიდრე ქალბატონი თვალს არ მიეფარებოდა, მამაკაცი ცხენზე არ შეჯდებოდა. სწორედ ამიტომაც მჯეროდა ქართული დიდსულოვნების და წინასწარ მქონდა იმედი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მამაკაცები გამოიჩენდნენ უდიდეს პატივისცემას ქალბატონის მისამართით...

როლანდ ხოჯანაშვილი